Home რუბრიკები საზოგადოება გიგა ბუკია: უმრავლესობა მხარს არ უჭერს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს, ეს ცალკეული დეპუტატების...

გიგა ბუკია: უმრავლესობა მხარს არ უჭერს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს, ეს ცალკეული დეპუტატების ინიციატივაა

1071
გიგა ბუკია

“273- მუხლით, მძიმე ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დღეს სასჯელს იხდის მხოლოდ ოთხი ადამიანი და ისინიც დღედღეზე გათავისუფლდებიან

საკონსტიტუციო სასამართლომ, პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო უგუნური, ვიტყოდი, მოღალატეობრივი გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარებაზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ უნდა მოხდეს”, – განუცხადასაქართველო და მსოფლიოსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქციაქართული ოცნებაკონსერვატორებისთავმჯდომარე გიგა ბუკიამ და დასძინა, რომ საქართველოში მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობამ კატასტროფულად მოიმატა.

_ ბატონო გიგა, რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვა, რაც ზოგიერთმა პოლიტიკურ პროცესებში საპატრიარქოს უხეშ ჩარევად შეაფასა…

_ ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია “თეთრი ხმაური”, ასე ვთქვათ, ნარკომომხმარებლების ასოციაცია, რომელიც გვიკიჟინებს, _ თუ ამ კანონპროექტს არ მიიღებთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთო. სხვა რადიკალური ქმედებებითაც იმუქრებიან. თურმეთეთრ ხმაურს”, მარიხუანით გაბრუებულ ახალგაზრდებს, უფლება აქვთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩაერიონ, საპატრიარქოს კი არ ჰქონია უფლება; თურმე არასამთავრობოებსა და ნარკოლოგებს, რომელთა დიდი ნაწილიც დაინტერესებული მხარეა, აქვთ უფლება, ჭკუა გვასწავლონ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, საპატრიარქოს კი არ ჰქონია თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება. ვინ არიან საერთოდ, საიდან მოვიდნენ, რას ემსახურებიან, რა გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის?! ამ ადამიანების წლოვანების რომ ვიყავი, მე და ბევრი ჩემი მეგობარი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, მაგათი ბრძოლის ხაზი კი იმაზე გადის, რომ როგორმე მარიხუანა მოწიონ. სჯობს, ენერგია ქვეყნის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში დახარჯონ და არა იმაში, რომ დაბინდული გონებით უფრო მეტ ახალგაზრდას მოუწოდონ გონების დაბინდვისკენ. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს მიერ საკუთარი პოზიციის გამოხატვას მივესალმები და მეტსაც გეტყვით, ცოტა მიკვირდა, როგორც საზოგადოების, ისე საპატრიარქოს მხრიდან აქამდე პასიურ პოზიციაში ყოფნა. სამწუხაროდ, მინახავს, რა შედეგით სრულდება მარიხუანის მოხმარება. ჩემმა ბევრმა მეგობარმა ახალგაზრდობაში მარიხუანით დაიწყო, მერე მძიმე ნარკოტიკით განაგრძო და გაინადგურა ცხოვრება, ოჯახი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, ეს რა მძიმე შედეგის მომტანიც არის. ასევე, კარგად ვიცი ნარკომომხმარებლების დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ, რომ არ შეიძლება ამ საკითხის პოპულარიზაცია. სამწუხაროდ, მასმედიაც ძალიან ტენდენციურია ამ საკითხის გაშუქებისას. ვმონაწილეობდი ამ საკითხისადმი მიძღვნილ გადაცემებში და ამ თემებზე საუბრისას კანონს ვუჩვენებდი, კონკრეტულ მუხლებზე ვსაუბრობდი, მაგრამ არ აქცევდნენ ყურადღებას და განაგრძობდნენ ამოჩემებული ტერმინებით საუბარს _ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და ა.შ. მედიის წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რადგან ამ ყველაფრის უკან ჩვენი შვილები დგანან და ნურავის ეგონება, რომ მათ ეს არ შეეხება.

_ მეცნიერებათა აკადემიაში გამართული შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, თუ ამ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება, ქუჩაში გავლენთუ საქმე აქამდე მივიდა, როგორ მოიქცევით თქვენ _ დეპუტატი გიგა ბუკია?

_ არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში, რადგან ვიცი, უმრავლესობაში უმრავლეოსობა მხარს არ უჭერს ამ კანონპროექტს. ეს არ არის უმრავლესობის ინიციატივა, ეს ცალკეული დეპუტატების ინიციატივაა.

_ მაშინ რატომ მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება? რატომ წინასწარ არ იმსჯელეთ ამ საკითხზე?

_ არაერთხელ გავიარეთ ეს საკითხი, მაგრამ კანონპროექტის ინიციატორებმა რატომღაც ჯიუტად განაგრძეს თავიანთი პოზიციის დაცვა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში კანონპროექტს ამ ფორმით მხარდაჭერა არ ექნება. არც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი უჭერს მხარს ამ კანონპროექტს. ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ბევრი შენიშვნა. გაცხადდა კიდეც ჩემი კოლეგების მიერ, რომ კანონპროექტის განხილვა მანამდე არ გაგრძელდება, სანამ საზოგადოების დაინტერესებულ მხარეებთან და უმრავლესობის შიგნით არ მოხდება შეთანხმება იმ საკითხზე, რომელსაც, საზოგადოდ, ნარკოპოლიტიკა ჰქვია. ყოველ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ თქვა: თუ დავინახავთ საჭიროებას, კანონპროექტს გავიწვევთო. ამიტომ მუხლობრივ განხილვაზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ პუნქტობრივ განხილვას დღეს აზრი დაეკარგა. როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციატორებმა გაითავისეს ის წუხილი, რომელიც როგორც საზოგადოებაში, ისე უმრავლესობაშია და პროცედურის გაგრძელებისგან თავის შეკავების სურვილი გამოთქვეს. “ქართულმა ოცნებამ” ისედაც განახორციელა ცვლილებები და ხელისუფლებამ ნარკომომხმარებლების მიმართ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა შეცვალა. მოგეხსენებათ, 2012 წლამდე ქვეყანაში რეპრესიული, ნულოვან ტოლერანტობაზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავდა. მაგალითად, ზედოზირებით მომაკვდავი პაციენტი ექიმს არ მიმართავდა იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებული იყო, პოლიცია გამოეძახებინა და ავტომატურად ხდებოდა ამ პირის პასუხისგებაში მიცემა. ჩვენ, პირველ რიგში, ეს არაადამიანური მიდგომა გავაუქმეთ, რადგან არ შეიძლება ავადმყოფ ადამიანს, თუნდაც დამნაშავეს, ექიმთან მისვლაში ბარიერები შეექმნას. მომხმარებელი რეალიზატორისგან გავმიჯნეთ, მოკლედ, სხვადასხვა ცვლილება განხორციელდა. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ, პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო უგუნური და მოღალატეობრივი გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ უნდა მოხდეს და 70 გრამი მარიხუანის ქონა გახდა ლეგალური. ამან ძალიან ცუდ პროცესებს დაუდო სათავე.

_ რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, ჰოლანდიაში 5 გრამი მარიხუანის ქონაა დაშვებული, პორტუგალიაში _ 25 გრამის და ეს ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ რაოდენობად, თუმცა ჩვენ ყველა უკან მოვიტოვეთ და დასაშვებ რაოდენობად დავადგინეთ 70 გრამი, რაც 150-დან 200-მდე მოსაწევად გამზადებული ღერია. სამწუხაროდ, ამან შედეგი მყისვე მოგვცა და საქართელოში კატასტროფულად გაიზარდა მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა. სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდების დიდ ნაწილში მარიხუანის მოხმარება ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც თამბაქოს მოწევა. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ საფრთხეს უქადის საქართველოს მომავალს. მარიხუანას აქვს ძალიან ვერაგი თვისება _ აბნელებს გონებას, დროებითია მისგან მიღებული სიამოვნების განცდა და კარიბჭეა მძიმე ნარკოტიკისკენ მიმავალი გზის. როგორც ჩანს, არ ეყოთ მარიხუანის ბურანში ყოფნა და იმავე ხალხმა, არასამთავრობოებმა და სხვებმა, მძიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოითხოვა. კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, რადგან, როგორც მარიხუანაა ლეგალიზებული და ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვის, ისე არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მძიმე ნარკოტიკი, მათ შორის, ჰეროინი, სუბოტექსი და სხვა უბედურება.

_ ბატონო გიგა, თქვით, რომ არასამთავრობოებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემდეგ მადა გაეხსნათ და დაიწყეს ბრძოლა მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცისთვისო. არასამთავრობოების გავლენის ქვეშ ხომ არ მოექცნენ ის დეპუტატები, რომელთა მიერაც არის ინიცირებული აღნიშნული კანონპროექტი?

_ სამწუხაროდ, ხშირად არასწორ ინფორმაციას იჯერებს როგორც რიგითი მოქალაქე, ისე დეპუტატიც. მაგალითად, ამდენი ხანია, გაიძახიან, რომ 273- მუხლით სასჯელს ათასობით ადამიანი იხდის და ქართულ გენოფონდს ციხეში ვამყოფებთ. მოგეხსენებათ, ეს მუხლი სასჯელს ნარკოტიკის მოხმარებისთვის ითვალისწინებს. გავგზავნე წერილი სასჯელაღსრულების მინისტრის სახელზე და პასუხად მივიღე, რომ 273- მუხლით, მძიმე ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით, დღეს სასჯელს იხდის მხოლოდ ოთხი ადამიანი და ისინიც დღედღეზე გათავისუფლდებიან. ეს ოთხი ადამიანიც მრავალგზის არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ნარკოტიკების გამოყენებისთვის. კიდევ ვიმეორებ: 4 ადამიანი ზის 273-ე მუხლით ციხეში. არადა, გაიძახიან, ათასობით ადამიანია ამ მუხლით ციხეში გამოკეტილიო. უმატებენ მათ რიცხვს, ვინც ნარკოტიკის მოხმარებისას ჩადენილი დანაშაულის გამოა ციხეში, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები სასჯელს ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდიან და არა იმისთვის, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს?! არ ვიცი, ვინ რა მოსაზრებით საზრდოობს, როდესაც პოპულარიზაციას უწევს ნარკოტიკებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, 9-10 ტონა მხოლოდ ჰეროინი მოძრაობს, რაც უზარმაზარი რაოდენობაა. მსოფლიოში კი 700 მილიარდი დოლარის ნარკოტიკი ბრუნავს და ეს შავი ფულია, წარმოიდგინეთ, რაზეა საუბარი და რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი, კონსერვატორების, პოზიციაა, ვისაც ეს ჭირი უკვე შეეყარა, ციხეში არ ჩავსვათ, მაგრამ არსებობს შინაპატიმრობა და სხვა ღონისძიებები, რათა საზოგადოებას გავარიდოთ ეს ადამიანები. რას ვერჩით ახალგაზრდობას, რომლისთვისაც დღეს უკვე იოლი ხელმისაწვდომია მარიხუანა?! ახლა კი მძიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციისთვის იბრძვიან. ნარკოტიკების მომხმარებლებში არის ასეთი გინება _ ვინც მე პირველად გამასინჯა ნარკოტიკი, მისი… რატომ გვინდა განვახორციელოთ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომ მძიმე ნარკოტიკი ხელმისაწვდომი გახდეს?! ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ვშიშობ, დიდ თავის ტკივილად გადაიქცევა ქვეყნისთვის. მძიმე ნარკოტიკიც ხელმისაწვდომი რომ იყოს და მთლად დასაღუპად გავწიროთ ახალგაზრდა თაობა, მიუტევებელი შეცდომა იქნება. გეტყვით მძიმე შემთხვევებს, რომლებშიც დანაშაულის ჩადენისას მარიხუანით თრობა დადასტურებულია. ახალგაზრდა მამაკაცმა რუსთაველის გამზირზე გოგონა ტაქსში რომ ჩააკლა, ის მძღოლი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყო. თბილისში მანქანა რომ დაეჯახა ახალგაზრდა ქალბატონსა და მის 11 წლის შვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ის მძღოლიც მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. კიდევ შემიძლია ასეთი რამდენიმე ფაქტის ჩამოთვლა, სადაც ოფიციალურად არის დადასტურებული უმძიმესი დანაშაულის ჩადენა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ. და ეს ცოდვა ხომ იმ ადამიანების კისერზეა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მარიხუანა უვნებელია?! ეს არის შედეგი გადაწყვეტილებისა, რომელიც პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

ესაუბრა

მარიამ ბერიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here