28 ნოემბრის შემდეგ დედაქალაქის ცენტრში ყოველდღე ვუყურებთ გზააბნეული ე.წ. პროტესტანტების მარშებს, რომელთა მიზანიც ჯერჯერობით გაუგებარია საზოგადოების ნაწილისთვის. სწორედ ამ აქციების არსს ხსნის ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ,,ბრძოლა სკამებისთვის“ :
,,ბრძოლა ქვეყნისთვის თუ ბრძოლა საკუთარი კეთილდღეობისთვის? _
სულ უფრო აშკარად იკვეთება, რომ ოპოზიციად წოდებული დღევანდელი ლუზერი პოლიტიკოსებისთვის „სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ობიექტური არჩევნებისთვის“ ბრძოლა არის არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი სკამებისთვის ბრძოლა. ამ მიზნის მიღწევას კი ისინი ხედავენ მხოლოდ ნგრევის, საკუთარი სამშობლოს სანქცირების, ეკონომიკური მდგომარეობის ჩამოშლისა და არეულობის მიღწევაში. ისინი დაუფარავად ემუდარებიან ძლიერ ქვეყნებს, ამ საქმეში ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ. მოღალატე ქართველები სწორედ ასე აწონებდნენ თავს და ემუდარებოდნენ საუკუნეების წინათ მონღოლებს, არაბებს, სპარსებსა თუ თურქებს, რომ რჩეული ქართველი დიდებულები აერჩიათ ქვეშევრდომებად და დაესვათ საქართველოში მმართველებად; ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ამ დიდი სახელმწიფოების ერთგულები და ქართველების ინტერესების შელახვის ხარჯზე მათი ინტერესების გამტარებლები.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი თაობა ებრძოდა და ანგრევდა არა საკუთარ ქვეყანას, არამედ საბჭოთა სისტემას, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ჩვენ ვამხელდით ხელისუფლებების მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვას, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების გასხვისებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რასაც მტკიცებულებებით ვასაბუთებდით.
დღეს, როცა ცა და დედამიწასავითაა განსხვავდება მიდგომები წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, როცა დღევანდელ ხელისუფლებას ერთი გოჯი მიწაც არ დაუკარგავს, სწორედ დღეს „მედასავლეთეებად“ მონათლული ოპოზიციის მანტიამოსხმული მონები ძირს უთხრიან ამ ყველაფერს და ცდილობენ, დააბრუნონ ის ხელისუფლება, რომელიც აწამებდა, არეკეტებდა, აკულაკებდა, მიწებს ასხვისებდა. წინა რიგებში გამოჰყავთ მათ მიერვე ტვინგამორეცხილი და ტვინარეული ახალგაზრდები, ჟონგლიორობენ პატრიოტული გრძნობებით და მათი პირით აცხადებენ, _ თავისუფლება მონობაშიაო, პატრიოტიზმი კი ქაოსში, ყველაფრის ნგრევასა და ახალ არჩევნებშია და, რომ მხოლოდ ეს იქნება ქვეყნის წარმატების საწინდარი.
ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. 9 არჩევნებია, აგებენ და სულ გაიძახიან, _ გააყალბესო. ვერც ერთი გაყალბება ვერც ერთ დონეზე ვერ დაასაბუთეს, ხალხის უდიდეს ნაწილში ვერ შექმნეს გაყალბების აღქმა, რის გამოც ადამიანები მასობრივად ვერ გამოჰყავთ ქუჩაში. მათი საყრდენი არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხი, რომელიც კონსტიტუციით ძალაუფლების წყაროა. მათი საყრდენი ყოველთვის იყო და დღესაც არიან გარე ძალები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და ჩვენს ლუზერ ოპოზიციას მხოლოდ სასარგებლო იდიოტებად იყენებენ. ესენი სიამოვნებით უთანხმებენ ერთმანეთს მათ სახელმწიფოებრივ და საკუთარ ინტერესებს, ეს ინტერესი კი მხოლოდ ყველანაირი საშუალებით ძალაუფლების მოპოვების ავადმყოფურ მისწრაფებაში გამოიხატება. ამაში გვარწმუნებს ყველაფერი _ ყოველდღიური მარშების „კარწინკით“ დაწყებული და ევროპარლამენტში სალომეს ურცხვი გამოსვლით დასრულებული“.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა