რამდენიმე დღის წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს არის ევროკავშირის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებისა და, შესაბამისად, ახალი პარლამენტისა და მთავრობის აღიარება, – განაცხადეს ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი სულ ტლინკები ყარეს. მაგალითად, საქართველოს ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მეორე დღეს თვითონაც შეხვდა ელჩ პაველ ჰერჩინსკის, სოციალურ ქსელებში ასეთი განცხადება გაავრცელა: ”შეხვედრა დავიწყე ევროკავშირის ელჩისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის მწვავე კრიტიკით”.
ჰერჩინსკის აუდიენციას მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც: „გრცხვენოდეთ! თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ – ასე მიმართა პლატფორმა X-ზე ევროკავშირის ელჩსა და წარმომადგენლობას ჟიგიმანტას პავიოლიონისმა, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. „სირცხვილია. სხვა არაფერია სათქმელი. ევროკავშირო, გაიღვიძე!“ – დაწერა ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიხელსონმა. „ხალხი თითქმის ორი კვირა ქუჩაშია იმ რწმენით, რომ ევროპა გვერდით დაუდგება საქართველოს თავისუფლებისათვის ამ უსამართლო ბრძოლაში. ელჩმა ჰერჩინსკიმ ეს სათვალავშიც არ მიიღო. ეს შეხვედრა შეთანხმებული იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურთან?” – შეკითხვა დასვა საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში გიგი გიგიაძემ. იყო ასეთი მძაფრი გამოხმაურება ამ საკითხზე, მაგრამ თვითონ ფაქტი ხომ შედგა? გიგიაძე ისე სვამს შეკითხვას, რომ პასუხიც იქვე იკითხება, – რა თქმა უნდა, არა! კარგად თუ გავაანალიზებთ ამ კონკრეტულ ფაქტს, მარტივად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ევროკავშირის ელჩი ზემდგომებთან შეთანხმების გარეშე ამ სარისკო ნაბიჯს არ გადადგამდა, ანუ რა? ანუ ის, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა მიჩოჩავს 26 ოქტომბრის აღიარებისკენ. ამ შეხვედრის შესახებ საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამ პათოსითაა გაჟღენთილი:
* ”სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს”;
* ”ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას”;
* ”აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა, იმუშაოს იმისთვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის”;
* ”ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრისა და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას”.
ამ მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოშია. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში. მანამდე ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, აგრეთვე, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს. გეკითხებით: ამ მიდგომებში ვერ ხედავთ, როგორ მიდის ევროპა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებისკენ და როგორ იწყებს დიალოგს ახალ ხელისუფლებასა და მთავრობასთან? ხედავთ, ალბათ, მაგრამ იტყვით: მერე რა არის ამაში ცუდი? ცუდი ის იყო, ევროპა არჩევნების შედეგებს რომ არ აღიარებდა, თორემ, თუკი ევროპა ჩვენი არჩევნების შედეგებს აღიარებს, ამაში საგანგაშოს რას ხედავ?- მკითხავთ თქვენ.
სანამ შეკითხვას ვუპასუხებ და დასკვნებსაც გავაკეთებ, ერთი საკითხიც განვიხილოთ. ეს საკითხი დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთანაა დაკავშირებული, რაც მომდევნო წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ერთ ნათქვამს: „როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიჰყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა”.
ახლა მამუკა მდინარაძესაც მოვუსმინოთ: ”მათი სურვილია, ქვეყანა 20 იანვრამდე ჩაერთოს გაუგებარ მოქმედებებში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რთულად დასალაგებელი მძიმე მემკვიდრეობა დახვდეს, მოსწრებაზე არიან, ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს და მეორე ფრონტად გადაიქცეს”.
ხედავთ, როგორი იმედით, ენთუზიაზმითა და მოუთმენლობით ელიან კოლექტიურ დასავლეთთან (როგორც ევროპასთან, ასევე აშშ-თან) ურთიერთობის ჰარმონიზაციას? ახლა მივუბრუნდები თქვენ მიერ ზემოთ დასმულ იმ შეკითხვას, რომელზე პასუხის გაცემა იქამდე გადავდეთ, სანამ იმის დამადასტურებელ ციტატებს არ მოვიყვანდი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ერთი სული აქვთ, დასავლეთთან ურთიერთობები მოაწესრიგონ და აღადგინონ. აქ ისევ გავიმეორებ თქვენ მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვას: მერე ამაში ცუდს რას ხედავ? გიპასუხებთ: – ტენდენციას! ცუდს კი არა, ძალიან ცუდს, შემაშფოთებლად ცუდს – ტრამპის ფაქტორის გამოყენებით დასავლეთთან ახალი სასიყვარულო ფლირტის წამოწყების საშინელ ტენდენციას ვხედავ. საშინელს იმიტომ, რომ ტრამპის კონსერვატიზმით მოხიბლულებმა, შესაძლებელია, თავი ახალ ყულფში გავყოთ. ამ ახალი ყულფის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, დასავლურ თამაშში ხელახლა ჩართულნი, რუსეთთან კვლავაც დაპირისპირებულნი აღმოვჩნდებით, რაც ბოლო პერიოდში გაჩენილ ტერიტორიული გამთლიანების სუსტ იმედს საფუძველშივე კლავს და, რაც კიდევ უფრო საშიშია, რუსეთთან საომარ მდგომარეობასაც ანუ საქართველოს უკრაინიზაციის საშიშროებასაც არ გამორიცხავს. თქვენ შემხვედრი შეკითხვა გაგიჩნდებათ: ასეთ შემთხვევაში რა აზრი ჰქონდა ხელისუფლების ამდენ ლაპარაკს მშვიდობის შენარჩუნებაზე? საქმე ისაა, რომ ტრამპის განცხადებები უკრაინის კრიზისის დაძლევასა და საომარი მოქმედებების შეჩერებაზე ”ქართული ოცნების” მესვეურთა მიერ, შესაძლებელია, ისე იყოს გაგებული, რომ, რაკი ტრამპი რუსეთთან ომის გაგრძელების წინააღმდეგ გამოდის, საქართველოს ხელისუფლებას კვლავ უჩნდება შანსი, რუსეთთან ომსაც ასცდეს და თან, ბოდიშს ვიხდი არაკორექტული გამოთქმისთვის, დასავლეთის ლოგინშიც იგორაოს. სხვა სახელი არ ჰქვია იმას, რასაც საქართველოს სხვადასხვა თაობის ხელისუფალნი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აკეთებდნენ. ეს ისეთივე ილუზიაა, როგორიც უკრაინაში ჰქონდათ: ჩვენ დასავლეთისკენ ვივლით, რუსეთი კი ვერ წავა იმაზე, რომ საკუთარი ინტერესები სამხედრო ძალით დაიცვას! ამ ილუზიამ უკრაინა სანამდეც მიიყვანა, ვხედავთ. ჩემს შეშფოთებას ის იწვევს, რომ უკრაინული ილუზიის საშიშროებას საქართველოშიც ვხედავ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა საყურადღებო განცხადება გააკეთა: ”კავკასიაში ჯერ კიდევ რთული სიტუაციაა. მოვლენათა განვითარებაზე დესტრუქციულ გავლენას არარეგიონული მოთამაშეები, პირველ რიგში, აშშ და ევროკავშირი ახდენენ. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ საქართველო, სომხეთი კი მოაქციონ თავიანთი გავლენის ორბიტაში. ამ მცდელობაში ჩანს სურვილი, ჩაითრიონ ქვეყნები ანტირუსულ მოქმედებებში უკრაინული სცენარის მიხედვით. დასავლეთის ამ დამანგრეველი ქმედებების საპირწონედ რეგიონში რუსეთი იღებს შემოქმედებით და მშვიდობიან ზომებს”.
დასავლეთსა და მის ”მეხუთე კოლონასაც” საქართველოში არ სძინავთ. ხომ ხედავთ, როგორი შესაშური ენერგიით შრომობს და იბრძვის 73 წლის ქალბატონი, რომელსაც ორი პარასკევი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) დარჩენია კოჭლი იხვის პოზიციაზე (გამოთქმა სათავეს ბრიტანეთში იღებს, მაგრამ აქტიურად გამოიყენება აშშ-ის პრეზიდენტების მიმართ, როდესაც ახალი პრეზიდენტი არჩეულია, მაგრამ ინაუგურაციამდე დარჩენილ დროის მონაკვეთში ძველი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს)? შრომობს და იბრძვის იმიტომ, რომ თვითონაც და მისი შეფებიც დასავლურ სპეცსამსახურებში ჯერ კიდევ ხედავენ ამ შრომისა და ბრძოლის აზრს. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის, ხოლო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ”ქართული ოცნების” გამარჯვების მიუხედავად, საერთო ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების მცდელობა საშინაო საქმეებში დასავლეთის ჩარევის შემცირებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება. ეს კი, თავს მხრივ, აჩენს საშიშროებას, რომ საქართველოს იძულებულს გახდიან, მიუბრუნდეს დასავლეთთან თამაშის ძველ წესებს (ამისთვის ხორციელდება ეს საშინელი წნეხი ხელისუფლებაზე), მაგრამ რა შედეგამდე მიგვიყვანს ეს? ამ ვითარებაში საქართველოს მიბრუნება დასავლეთისკენ და ძველი ბინძური რომანის გაგრძელება თუ ხელახლა წამოწყება გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენთვის, ვიდრე უკრაინისთვის იყო.
ჩემი ეს შეშფოთება, სამწუხაროდ, უსაფუძვლო არ არის.
ვალერი კვარაცხელია