„ადგილობრივი ნერგით გაშენებული ბაღების 90%, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა, გამხმარია“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას „ბიზნესპრესნიუსს“„მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება, რიგ შემთხვევებში არაეფექტურია, შედეგზე ვერ გადის და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას ემსახურება.
როგორც მანანა ანჯაფარიძე განმარტავს, პრობლემის სათავე კვალიფიკაციის ნაკლებობა, სათანადო სასწავლო პროგრამების არარსებობა და არასწორად შემუშავებული ფინანსური მოდელია.
„ბევრჯერ მქონდა შეხვედრა სამინისტროში ჩემი ინიციატივით, სადაც ვაყენებდი საკითხს, რომ მიმდინარე პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდება, საჭიროებდა შეჩერებას, გადახედვას და დახვეწას. საწყის ეტაპზე, პროგრამები შედარებით კარგად ჩაეშვა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დაწყებული ინიციატივების მნიშვნელოვანი ნაწილი კორექტირებას მოითხოვდა.
პროგრამები ამოქმედდა ისეთ პირობებში, როცა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს განვიცდით. ფაქტობრივად, საკმარისი აგრონომები არ გვყავს და შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება არ გვაქვს.
სამინისტროს მიერ შეთავაზებული თანადაფინანსების პროგრამებმა სექტორში ბევრი ახალი ადამიანი, პოტენციური ფერმერები შემოიყვანა. ძირითადად, დაინტერესდნენ ისინი, ვისაც მიწის ნაკვეთები ჰქონდათ, თანაც იმ ფონზე, როცა სამინისტრო ხელშეწყობის პირობას დებდა. სირთულე, რაც შემდგომში ამას მოჰყვა, იყო ის, რომ პოტენციურ ფერმერებს გამოცდილება არ ჰქონდათ.
პროცესში კი ჩაერთო ბევრი მსურველი, მაგრამ მათ ფერმერებად ჩამოყალიბებას დრო და ცოდნა სჭირდებოდა. რეალურად, როდესაც ეს პროგრამები დაიწყო, საქართველოში სექტორული ფერმერები, ჯერ კიდევ არ არსებობდნენ. ტრადიციული მიმართულებები, მაგალითად, მევენახეობა, ვიცით, მაგრამ ბევრი ახალი თემა, რომელიც ამ პროექტების მართვის სააგენტომ წამოიწყო, იყო სრულიად უცხო პოტენციური ფერმერებისთვის.
სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ სექტორში შესვლის პარალელურად, არ ამოქმედდა სათანადო სასწავლო პროგრამები ამ ადამიანებისთვის. მათ სექტორში შემოსვლას და ინტეგრაციას სახელმწიფომ ხელი სწორად არ შეუწყო. სწორედ ამ კომპონენტის არარსებობამ გამოიწვია ის სავალალო შედეგი, რასაც დღეს ვხედავთ. ბევრი პროექტი, ჩემი და არა მარტო ჩემი ხედვით, სახელმწიფოს მხრიდან ჰაერში გასროლილი ფული გამოდგა.
მაგალითად, ბაღების გაშენების კომპონენტში სახელმწიფო 70%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფდა. თუმცა, ეს თანხები ხშირად არაეფექტურად იხარჯებოდა, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა და დღესაც არ გვაქვს კვალიფიციური სანერგეები. შედეგად, ნერგების ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, რაც პირდაპირ აისახა პროცესზე. ბევრი ბაღი ვერ გაშენდა. ადგილობრივი ნერგით გაშენებული ბაღების 90%, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა, გამხმარია. ეს განსაკუთრებით შეეხო ისეთ კულტურებს, როგორიცაა მაყვალი და ჟოლო.“, – აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
“გაშენებული ბაღების 90%, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა, გამხმარია“ – სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეფასება
მისივე თქმით, აუცილებელი კომპონენტია, შეღავათიანი სესხის გაცემის პროცესში მსესხებლის შესაძლებლობების შეფასების ნაწილში სახელმწიფო ჩაერთოს, რასაც ამ ეტაპზე, სრულად საბანკო სექტორი აკეთებს.
„კიდევ ერთი შეცდომა იყო ის, რომ სახელმწიფომ პროცესში ბანკი დიდი დოზით შემოიყვანა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა პრაქტიკულად, სრულად საბანკო პროდუქტი გახდა. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს მხოლოდ პროცენტის სუბსიდირების ვალდებულებას, ხოლო ბენეფიციარის კვალიფიკაციის, სესხის ოდენობისა და ქონებით უზრუნველყოფის საკითხებს მთლიანად ბანკი განსაზღვრავს. ფერმერის კვალიფიკაციაში სახელმწიფო არ შედის. საწყისიდანვე ეს შეცდომა იყო და წლების განმავლობაში არ გამოსწორდა.
ეს მიდგომა პრობლემურია, რადგან ხშირ შემთხვევაში, ადამიანს საერთოდ არ უნდა მიეღო სესხი. ფაქტობრივად, ყველა ეს სესხი გადის სტარტაპის დაფინანსების ჭრილში. წარმოიდგინეთ, სტარტაპი სოფლის მეურნეობაში და თანაც, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ეს ბუნებრივია, მაღალი რისკის მატარებელია. არ შეიძლება ამის გაკეთება, შეღავათიანი აგროკრედიტი განკუთვნილი უნდა იყოს უკვე შედეგზე ორიენტირებული, უკვე წარმატებული ფერმერის ხელშეწყობისთვის.
შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ თუ რამე ახალი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, აუცილებელია, სახელმწიფომ დანერგოს სექტორებზე მორგებული, სისტემური სასწავლო პროგრამები. ამასთან, სესხის გაცემის პროცესში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს ბენეფიციარის კომპეტენციის შეფასების ნაწილში.
თუ მიზანია მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარება, აუცილებელია, სწორ ფინანსურ მოდელთან ერთად, შემუშავდეს ცოდნისა და უნარების განვითარების პროგრამებიც“, – აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აპრილიდან ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისობრივად ახალი მიმართულებები გამოცხადდება. მისივე შეფასებით, ახალი პროგრამები სრულად იქნება მორგებული ფერმერების საჭიროებებზე.







