ბატონებო, საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარს არ აჭარბებს!

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა  11,7%-ით მოიმატა და 2170,1 ლარი შეადგინა. საშუალო ხელფასის მიხედვით,   თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობენ…

    არაერთხელ გვითქვამს, რომ საშუალო ხელფასის დაანგარიშების სისტემა ისეთი აბსურდულია, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამას არ ეთამხმება მმართველი ძალის არც ერთი წარმომადგენელი. როგორც აგვიხსნეს, მსოფლიოში საშუალო ხელფასს იმ სისტემით ანგარიშობენ, რომლითაც  საქართველოში. თუ ასეა, გამოდის, რომ ეს სისტემა   მსოფლიოში მუშაობს,  საქართველოში კი – არა. სავარაუდოდ, მხოლოდ საქართველოში (ან მსგავს ქვეყნებში) არის ხელფასებში ისეთი სხვაობა, რომ საბოლოოდ სასაცილო ციფრებს ვიღებთ.  კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ:

    შარშან მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად საქსტატმა, არც მეტი, არც  ნაკლები, 12 300 თანამშრომელი დაიქირავა. მათ ხელფასებზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა პარლამენტში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, როცა დეპუტატებს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

    გამოდის, რომ საქსტატმა შარშან დროებით დაასაქმა 12 300 ადამიანი და მათ  8 მილიონი ლარი გადაუხადა. ზოგადად, როცა დასაქმებაზეა საუბარი, ყოველთვის სასიხარულოა, რადგან უმუშევრობა ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. მით უმეტეს, სასიხარულოა, როცა სახელმწიფო უწყება  ამდენ ხალხს ასაქმებს, მაგრამ…

    მოდი, ეს 8 მილიონი 12 300 ადამიანზე გადავანაწილოთ და ვნახავთ, რომ თითოეულმა 650 ლარი აიღო; უფრო ზუსტად, ამაზე ნაკლები, რადგან ამ 650 ლარს თუ გამოაკლდება 20% საშემოსავლო, 2% – საპენსიო,  გამოვა, რომ დასაქმებულებმა 500 ლარზე ცოტა მეტი მიიღეს. საქსტატი გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2000 ლარს სცდება,  მის მიერ გამოქვეყნებულ  სტატისტიკას კი ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის შედეგი.   ბატონებო, ახლა მაინც ხვდებით, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარს არ აჭარბებს და რეალობა სხვაგვარი და მწარეა? მეტსაც გეტყვით – სოციალურ ქსელებში ჩატარდა  გამოკითხვა, თუ რა რაოდენობის ჯამაგირია საჭირო 4-სულიანი ოჯახის გამოსაკვებად. გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა დაწერა,  რომ 4-სულიანი ოჯახის სრულფასოვნად გამოსაკვებად თვეში 2000 ლარია საჭირო, მაგრამ სად არისო?! რა გამოდის? ოჯახებში  ორი წევრი თუ არ მუშაობს, რაღაცას მაინც „ჩალიჩობს“ და 2 ათას ლარს ან გამოიმუშავებს, ან ვერა. რა, ისინი სულელები არიან, თვლა არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში ეს ციფრები, რომლებსაც კვარტალში ერთხელ გვაწვდის საქსტატი, მხოლოდ თვალის მოსატყუებელი და გულის მოსაფხანი რომ არის? თურმე ჩვენზე მაღალი საშუალო ხელფასი არც სომხეთშია და არც აზერბაიჯანში, მაგრამ რატომღაც შორიდან ისე ჩანს, რომ შეძლებით სომხეთის მოსახლეობაც გვჯობნის და აზერბაიჯანისაც. რატომღაც საქართველოს ზღვის კურორტებზე სწორედ სომეხი ტურისტების სიმრავლეა ხოლმე და ისინი იმდენს ხარჯავენ, რამდენსაც საქართველოს რიგითი მოქალაქე ვერ ახერხებს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენთან ბევრია დასაქმებული, მაგრამ ხელფასი არ აქვს იმ ოდენობის, რომ ოჯახის სრულფასოვანი გამოკვება შეძლოს, მეზობელ ქვეყნებში კი… ჩვენი მეზობლები საკუთარ თავს მიხედავენ, ჩვენ კი  ჩვენი გასაჭირი ვთქვათ.

    ცალკე თემაა სიზარმაცე. თითქმის ყველა ცდილობს,  საქმიანობა საჯარო სამსახურში დაიწყოს თუნდაც დაბალ ხელფასზე, მაგრამ მაინც საჯაროში. იცით, რატომ? საჯარო სამსახურების  უმრავლესობაში ხელფასს არაფრის კეთებაში იხდიან, ანუ, ერთ ადგილზე ათი სპეციალისტი  რომ არის დასაქმებული, რეალურად მუშაობს ერთი (საუკეთესო შემთხვევაში – ორი), დანარჩენები კი უსაქმოდ არიან. ჰოდა, ამ უსაქმურობაში აღებული მცირე თანხა ურჩევნიათ  ფიზიკურად მუშაობას და ორმაგ, სამმაგ ხელფასსაც კი. კონკრეტულ მაგალითსაც გეტყვით – სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია, მაგრამ ხელის გასვრა არავის სურს.   რამდენიმე დღის წინათ ზესტაფონელი ფერმერი ჩიოდა, მთელი დღის განმავლობაში სოფლის ბირჟაზე დგომა ურჩევნიათ ჩემთან 2000 ლარზე მუშაობასო. რა სამუშაოა-მეთქი, რომ ვკითხე, ძროხებს საკვებს რომ დაუყრის ტექნიკა, რაც მოშორებით იქნება, ფიწლითა და ნიჩბით უნდა მისწიოს საქონლის თავთან, მაგრამ დღეში 3-4 კილომეტრის გავლა უწევთ და  ეზარებათო. კერძო სტრუქტურებში, ძალიან ბევრ ადგილას იხდიან დღეში 80-100 ლარს, მაგრამ ფიზიკურად მუშაობა არავის სურს. ეს მოიტანა იმან, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ „აბეზალოვკაა“ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და დიპლომის აღება. ჰოდა, გვყავს ძალიან ბევრი დიპლომიანი,  ბევრი ძლიერი კადრი, ოღონდ თეორიულად, გამოცდილება კი ნოლი აქვთ და პრაქტიკის გარეშე, მხოლოდ თეორიით სადამდეც მივედით, ყველა ვხედავთ.

    სხვა თემაა ხელფასებში უზარმაზარი სხვაობა. გასაგებია, რომ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, მაგრამ, როცა დეპუტატი, მინისტრი, დეპარტამენტის შეფი და ა.შ. იღებს 10 ათას ლარს და მეტს თვეში, ქვედა რგოლს ამ ხელფასის 20% მაინც უნდა ჰქონდეს, მაგრამ  გვერწმუნეთ, ეს 20%  არსად  არის და მოსახლეობას ამიტომ უჭირს. როგორც მაღალჩინოსნებსა  და მათი ოჯახის წევრებს სჭირდებათ კვება, ზუსტად ისე სჭირდებათ დანარჩენებსაც;  როგორც მათ სჭირდებათ გადაადგილება, ისე სჭირდებათ რიგით ადამიანებსაც, ამიტომ თქმა იმისა, რომ ხელფასები იმატებს და უმუშევრობის დონე იკლებს, რომ საშუალო ხელფასი რიგითი მოქალაქისთვის ასტრონომიულია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი ფურცელზე ჩანს ლამაზად, ცხოვრებაში კი სულ სხვა სურათი გვაქვს.

    სამწუხაროდ, აგერ უკვე მეოთხე ათეული წელი გადის, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ვერაფრით მოვახერხეთ,  დანგრეული აგვეშენებინა, ფაბრიკა-ქარხნები ისევ „დაგვექოქა“, სახელმწიფოს აეღო პასუხისმგებლობა დიდ კოლმეურნეობებზე. ერთი ამბავი რომ ატყდა, სახელმწიფო მიწაზე არაფერი მოიმოქმედოთო, არის ლოგიკასთან ახლოს – იქ მშენებლობა არ შეიძლება, მაგრამ ამდენი სახნავ-სათესი მიწა რომ არის უპატრონოდ, სახელმწიფო მოსახლეობას რომ არ უფორმებს და არც ყიდის, მაგას რა მოვუხერხოთ? ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და კახეთი – ეს სამი რეგიონი საკმარისია იმისთვის, რომ იქ არსებული მიწების ათვისების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქტებით სრულიად საქართველო მოვამარაგოთ, მაგრამ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, გლეხი კი  სწორედ სახელმწიფო სანქციების შიშით ვერ ეკარება. მეგობარმა ნახა ვაკე ადგილი, დაახლოებით 100 ჰექტარი და სახელმწიფომ მიყიდვაზე უარი უთხრა, ათწლიან იჯარაზე დათანხმდა და წლიურად ერთ ჰექტარზე 700 ლარი მოითხოვა. ანუ, ფერმერმა ყოველ წელს მიწის  დამუშავება 70 ათასი ლარით უნდა დაიწყოს, ამას ემატება ჰექტარზე წყლის გადასახადი 75 ლარი, პლუს მიწის გადასახადი და თანხა წლიურად ას ჰექტარზე 90 ათასი ლარი გამოდის, ამიტომ შეშინებული ფერმერი მიწას ხელს არ ჰკიდებს, სახელმწიფო კი არ ამუშავებს და არის ასე უქმად. ბელარუსისკენ რომ იშვერს ხოლმე თითს ჩვენი ოპოზიცია, დიქტატორი მართავსო, იმ დიქტატორის მეცადინეობით ერთი გოჯი მიწა არ არის დაუმუშავებელი.  შედეგად  ბელარუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტები  მსოფლიოს მასშტაბით იყიდება და ხარისხზე პრეტენზია არავის აქვს. საკუთარ ბაღს უვლის ლუკაშენკო, ოჯახის წევრებიც ჰყავს ჩართული საქმიანობაში და მაგალითს აძლევს ყველას. არ ვამბობთ, გინდა თუ არა, პრეზიდენტმა და პრემიერმა მიწა ჩიჩქნონ, მაგრამ ხომ შეიძლება, ყველა რეგიონში ერთი დიდი საჩვენებელი მეურნეობა გაკეთდეს, სახელმწიფო მიწები ამისთვის საკმარისია, და მერე ეგებ სხვა რამესაც მიექცეს ყურადღება. ასე კი, რა გამოდის? –  ვამბობთ, დიდი ხელფასები გვაქვსო, სინამდვილეში კი… არც არაფერი გვაქვს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here