Home რუბრიკები საზოგადოება ბათუმის ახალი მეჩეთის პრობლემის წამალი პლებისციტია

ბათუმის ახალი მეჩეთის პრობლემის წამალი პლებისციტია

1455
ბათუმი აქცია

მეჩეთის თემაზე ქვემოთ წარმოდგენილი წერილი უკვე დაწერილი მქონდა, როდესაც ბათუმში მოულოდნელად დაიწყო არეულობა. ამ მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ქვემოთ ჩამოყალიბებული მოსაზრებების მართებულობაში _ თუ ხელისუფლება ხალხს არ ჰკითხავს აზრს, მაშინ პროვოკატორებს თვითონ ხალხი გამიჯნავს. საქართველოს ძირძველ კუთხეში _ აჭარაში თუ სხვა რომელიმე მხარეში ვერავინ გაბედავს, საქართველოსა და ქართველებს დედა აგინოს. ბათუმის მოვლენები იყო ნაზავი ობიექტურად არსებული სახალხო უკმაყოფილებისა, ნაციონალების პროვოკაციულ-გამყიდველური ქმედებებისა, კუთხურ-ტრაიბალისტური გრძნობებისა და, რაც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ გამგები გაიგებს _ ბათუმის არეულობა არის წინასწარი(!) შედეგი იმ გარე ძალების იდეოლოგიური მუშაობისა, რომლებიც აჭარაში ქრისტიანობის შესუსტებასა და ამ გზით აჭარის საქართველოსგან ჩამოცილებაზე მუშაობენ.

და, მართლაც, პრობლემად იქცა ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი. აქტივისტთა ჯგუფი ცდილობს, ქართველ საზოგადოებას თავს მოახვიოს აზრი, რომ ბათუმში ამჟამად არსებული და მოქმედი ისტორიული მეჩეთის პარალელურად აუცილებელია კიდევ ერთი მეჩეთის აშენება. ეს იწვევს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პროტესტს, მათ შორის ბათუმელთა. მიუხედავად ამისა, აქტივისტები არ ამბობენ უარს თავიანთ ჩანაფიქრზე. ქალაქში მეჩეთის ასაშენებლად მათ უკვე შეიძინეს მიწის ნაკვეთი, გახსნეს საბანკო ანგარიში შემოწირულობებისთვის და გააჩაღეს ფართომასშტაბიანი სარეკლამოპროპაგანდისტური კამპანია.

მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც ბათუმის ახალი მეჩეთის აშენება “თურქეთის ფულით” არ უნდა. მათთვის ასევე მიუღებელია, რომ მეჩეთს დაერქვას ოსმალეთის სულთნის _ აბდულაზიზის სახელი, რომელმაც 1860-იან წლებში მეჩეთი ბათუმის თურქული გარნიზონისთვის ააგო და მას სულთნის პატივსაცემად აზიზიეს მეჩეთი ეწოდა. მაგრამ, თუკი საქართველო დააფინანსებს მშენებლობას და, თუკი მეჩეთს აზიზიეს სახელს არ დაუკავშირებენ, მაშინ მათ მშენებლობის საწინააღმდეგო არაფერი ექნებათ.

ცხადია, ასეთი არგუმენტაცია ძირშივე არასწორია და საფრთხესაც შეიცავს. ჯერ ერთი, ახალი მეჩეთის მომხრე მუსლიმმა აქტივისტებმა (საქართველოს მოქალაქეებმა), რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ დასავლური სახელმწიფოების სტრუქტურებთან, კარგა ხანია, იმ ფულის წარმომავლობა შენიღბეს, რომლითაც მეჩეთის მშენებლობისთვის 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფიპროპაგანდისტური ვიდეოკლიპების საშუალებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ეს ფული ქართველი (აჭარელი) მუსლიმების შემოწირულია და საერთოდ არ ახსენებს თურქულ და არაბულენოვან პლაკატებს შემოწირულობის მოწოდებით. არც აზიზიეს სახელს ახსენებენ.

ასე და ამრიგად, ახალი მეჩეთის მოწინააღმდეგეების არგუმენტები, რომ მშენებლობა უცხოური დაფინანსებით განხორციელდება და მას არაქართული დასახელება ექნება, გაბათილებულია.

მაგრამ არის სხვა, უფრო პრინციპული მიზეზი, რატომ არ უნდა აშენდეს ბათუმში ახალი მეჩეთი.

ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობას არ სურს კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობა (ამას ასაბუთებს სხვადასხვა გამოკითხვა), რადგან ის საქართველოში და არამხოლოდ აჭარაში, დაძაბულობის ახალ ტალღას გამოიწვევს, ამჯერად _ რელიგიურ ნიადაგზე, ამიტომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი მშენებლობა დაუშვებელია.

ჩემი აზრით, ამ ვითარებიდან ერთადერთ დემოკრატიული გამოსავალი არის ბათუმელთა შორის პლებისციტის ჩატარება. დაე, მათ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა თავიანთ ქალაქში ახალი მეჩეთი იხილონ. იდეოლოგიზებული არგუმენტაცია, რომ მეჩეთის მშენებლობა რელიგიის თავისუფლების გამოხატვას წარმოადგენს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს განეკუთვნება, მართებული არ არის, რადგან იკრძალება არა მეჩეთი, არამედ კონკრეტული მშენებლობა კონკრეტულ ადგილზე. ბათუმში ამჟამად მოქმედი ისტორიული მეჩეთი სრულიად აკმაყოფილებს მცირერიცხოვანი ბათუმელი მუსლიმების მოთხოვნებს; ხოლო მუსლიმები, რომლებიც აჭარის სხვა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ, ნამდვილად არ განიცდიან მეჩეთების ნაკლებობას.

რაც შეეხება ბათუმის სტუმრებს, რომლებსაც მეჩეთში ლოცვა სურთ, კეთილი და პატიოსანი, ილოცონ. თუ ვერ ეტევიან ერთ მეჩეთში, მაშინ გარეთ, მეჩეთის კედლებთან ილოცონ. ქართული ანდაზა ამბობს: თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო… და კიდევ, ასეთი მხიარული რუსული გამონათქვამიც არსებობს: თავი იგრძენი ისე, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ სტუმარი ხარ!

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here