ახლა ის პერიოდია, როცა საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტები იაფი უნდა ღირდეს. სოფლებში უმრავლესობას (სამწუხაროდ, ყველას არა) აქვს პატარა ბოსტანი და ბაზარში არ ყიდულობს მწვანილს, კიტრს, პომიდორს… ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასები ისეთი არ არის, როგორიც მოლოდინი იყო, და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი და მთავარი მიზეზი ჩვენი გაზარმაცებაა, ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი…
მიმდინარე წლის საწყის ხუთ თვეში საქართველომ 13,139 მილიონი დოლარის პომიდორი იყიდა. 12, 248 მილიონი დოლარის პომიდორი, ანუ მთლიანი რაოდენობის 93% თურქეთისგან შევიძინეთ, დანარჩენი კი აზერბაიჯანიდან და ირანიდან შემოვიტანეთ. ადრე საქართველოში იმდენი პომიდორი მოჰყავდათ, რომ პირველი მოსავლის აღების შემდეგ მეორე მოსავალი საკონსერვო ქარხნებში მიდიოდა ტომატის გასაკეთებლად, შემდეგ კი მოსახლეობას ემუდარებოდნენ, დაკრიფეთ, მიწა ხელახლა უნდა დავამუშავოთო. რაც მთავარია, ბოლოს იკრიფებოდა არა მხოლოდ მწიფე, არამედ მკვახე პომიდორიც მწნილისთვის. ეს პროდუქტი საქართველოდან დიდი რაოდენობით გადიოდა, ახლა კი მხოლოდ საწყის 5 თვეში საქართველოს მოსახლეობამ 13 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა უცხოური პომიდვრის საყიდლად. სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა, სეზონზეც კი, პომიდორი იაფი არ ღირს. მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
დაახოებით 4-5 წლის წინათ საქართველოში პომიდორს დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ, შემოტანილის წილი კი მინიმალური იყო (2 მილიონ დოლარსაც ვერ აღწევდა). ჰოდა, თურქეთმა და ირანმა ფასები არარეალურად დასწიეს – ლამის თესლისა და ჩითილის ფასად ყიდდნენ პომიდორს და მიიღეს ის, რომ მომდევნო წელს უფრო ნაკლებმა დათესა და დარგო პომიდორი, შემდეგ – უფრო ნაკლებმა და ახლა პომიდვრის ფასი ყოველწიურად 10-12 ცენტით იმატებს. შესადარებლად: თუ შარშან 1 კგ თურქული პომიდვრის საბითუმო ფასი 60 ცენტი იყო, წელს 71 ცენტია და გვერწმუნეთ, გაისად უფრო ძვირი იქნება, შემდეგ – უფრო ძვირი და საბოლოო ჯამში, თურქული მხარე 400 და 500%-იან მოგებას ნახავს ჩვენს ხარჯზე. ანალოგიური რამ მოხდა მწვანილზეც და ახლა, როცა სეზონია, გადით ბაზარში და ნახავთ, რომ მწვანილის ფასი არარეალურად მაღალია. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ისიც შემოგვაქვს, აქ აღარ ვაწარმოებთ და გაზარმაცებული ქართველების ხარჯზე თურქები და ირანელები მდიდრდებიან.
კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 4-5 წლის წინათ თურქული მხარე მზად იყო, საქართველოში, ბათუმამდე, 1 კგ ბროწეული, სულ რაღაც, 38 თეთრად მოეტანა. იმხანად ეს არარეალური ფასი იყო და ბევრმა, ვისაც ბროწეული ჰქონდა დარგული, გაჩეხა და ზოგმა თხილი დარგო, ზოგმაც – შავი მოცვი. თურქებმა აქაც სწორად გათვალეს და დღეს ბაზარში კილოგრამი ბროწეულის ფასი 20 ლარზე მეტია. რაც შეეხება საბითუმო ფასს, ის 13-14 ლარია და ახლა თავად განსაჯეთ, რა მოგებაზეა საუბარი. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ: მთავარი შეტევა ნესვსა და საზამთროზეა დაწყებული და იქით მივდივართ, რომ ძალიან მალე ამ ბრძოლასაც წავაგებთ და ქართული ნესვი და საზამთრო სანატრელი გაგვიხდება. შარშანდელთან შედარებით წელს ნაკლები დავთესეთ და ნაკლები მოვიყვანეთ, ბაზარი კი საკმარისზე მეტად გაჯერდა თურქული თუ ირანული პროდუქტით; გაისად უფრო ნაკლებს მოვიყვანთ და მესამე წელს უკვე ქართულსა და შემოტანილს შორის სხვაობა ისეთი იქნება, როგორიც ახლაა, ოღონდ პირიქით – 30% ადგილობრივი და 70% შემოტანილი…
გასულ კვირას სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში რძის ოთხი არალეგალური საწარმო დახურეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად ამოიღეს ირანული რძის ფხვნილი, რომლითაც რძე და შემდეგ ყველი მზადდება. ჰოდა, რამდენიმეჯერ დავწერეთ, რომ, თუ ამ ჩიხიდან გამოსვლა გვინდა, სწორედ ამ ირანული რძის ფხვნილის შემოტანა უნდა აიკრძალოს საქართველოში, რადგან ის ჩვეულებრივი ქიმიური ნაერთია. თავად განსაჯეთ – ამ რძის ფხვნილისგან მიღებული ერთი ლიტრი რძის ღირებულება 50 თეთრზე ნაკლები გამოდის და ამის მიუხედავად, მწარმოებლები ყველს (უფრო სწორად, იმას, რაც ამ ქიმიური ნაერთისგან მზადდება) მაინც კატასტროფულ ფასად ყიდიან. გასაგებია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ხელს მარტივად დაიბანს, ვმუშაობთო, მაგრამ ეგებ ის ქსელური მაღაზიებიც დააჯარიმონ, რომლებიც ამ პროდუქციას ყიდიან. ჰო, დააჯარიმონ, რადგან სინამდვილეში ეტიკეტზე დაწერილ შემადგენლობას საერთო არაფერი აქვს პროდუქტის რეალურ შემადგენლობასთან. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და სწორედ ამ სამინისტროს ხელეწიფება, ერთ სისტემაში მოაქციოს ეს ყველაფერი და უმკურნალოს იმ „ჭირს“, რომელმაც ყველა მიმართულებით იჩინა თავი. ყველაზე მეტად სწორედ ამ სამინისტროს ხელმძღვანელობამ იცის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ინიციატივების აშკარა ნაკლებობა გვაქვს, თითქოს ყველას ეშინია ხმამაღლა იმის თქმისა, რომ კატასტროფის წინაშე ვართ და ძალიან მალე მომხმარებელ ერად გადავიქცევით და ჩვენი წარმოების არაფერი გვექნება. ერთადერთი, რისი მცდელობაც იყო და ბაზარი, ვერ ჩაანაცვლეს კი არა, ვერც კი შეარყიეს, სასმელი წყლის მიმართულებაა. ჰო, ქართული სასმელი, მინერალური, გაზიანი თუ უგაზო წყლის ჩანაცვლება სურდათ ჯერ თურქული წყლით (რაც ჩანასახშივე მოკვდა), შემდეგ ქართული ბაზარი ფრანგული წყლით გაჯერდა, მაგრამ შედეგი ვერც ამან გამოიღო. არ დავასახელებთ იმ ბიზნესმენის სახელს (ღმერთმა აცხონოს), რომელიც საქართველოს დახლებზე ფრანგულ წყალს ლობირებდა და საკუთარი ჯიბისთვის იმას იმეტებდა, რაზეც წლებია, ვდგავართ. იმასაც ვიტყვით, რომ დღეს ბაზარზე არსებული ქართული წყლის ხარისხის გაუმჯობესება მარტივად შეიძლება, მაგრამ, რაც არის, ესეც კარგია, ესეც იყიდება და თავს არავინ იწუხებს.
ისევ იმ პროდუქტებს დავუბრუნდეთ, რომელთა შემოტანასაც მივეჩვიეთ. იცით, აბსურდამდე როდის მივედით? აი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ სფეროს განვითარებაში ასეულობით მილიონი ლარის ჩადება რომ დაიწყო, ეს შავი ხვრელი ვერაფრით რომ ვერ ამოავსო და, რამდენი ასეული მილიონი ლარიც ჩაასხა, იმდენი ასეული მილიონით გაიზარდა შემოტანილი პროდუქტის რაოდენობა. ვთქვათ, გვინდა, რომ მოეწყოს სასათბურე მეურნეობები და სახელმწიფო ამისთვის იხდის 5 მილიონ ლარს. იმ სათბურებში მოსაყვანი მწვანილის თუ პომიდვრის სამმაგი ოდენობა შემოგვაქვს. წესით, პირიქით უნდა იყოს, მაგრამ არ გამოდის ეს პირიქით, იმიტომ, რომ კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, იმიტომ, რომ სათბურს რომ ააშენებენ სახელმწიფოს დაფინანსებით, ერთ წელს რომ მოჰყავთ პროდუქტი, მეორე წელს სოციალურ ქსელში დევს განცხადება, რომ იყიდება სასათბურე მეორადი მასალა. სწორედ ეს ხალხი ყიდის და მომავალ წელს ისევ ახალ პროგრამაში ერთვება, სულ არ აინტერესებს, რა პრობლემები აქვს ქვეყანას, იმ კონკრეტულ მომენტში ფულს აკეთებს და ზუსტად იცის, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს. აი, სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ, საკუთარი თავის გარდა, ქვეყანაზე და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ბევრი სწორედ უპერსპექტივობისა და ზოგიერთის უპასუხისმგებლობის გამო გარბის ქვეყნიდან და სხვაგან ქმნის დოვლათს, სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგას.
სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ძნელია, არა მხოლოდ კონკრეტულ სამინისტროში, არამედ მთლიანად ქვეყანაში და ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო უკეთესის იმედი გვექნეს. არადა, სოფლის მეურნეობა ისეთია, შედეგი შეგიძლია 1-2 წელიწადში მიიღო, მაგრამ ამისთვის მონდომებაა საჭირო. არ კმარა მხოლოდ სოფელ-სოფელ სიარული და თავის ქნევა: უი, ეს რა დაგვმართნიაო. არც ის კმარა, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებს მცირე ზომის ტრაქტორს იაფად რომ მივყიდით. ამ ტრაქტორის მფლობელს მიწის მიღების (თუ არ აქვს) შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს და მისი დამუშავების სურვილიც. მერე სოფელშიც დაბრუნდება ადამიანი და აღარც დიდი ქალაქები დაემსგავსება თავკომბალას. არ შეიძლება, ისეთი პატარა ქვეყნის (როგორიც ჩვენ ვართ) მოსახლეობის ერთი მესამედი დედაქალაქში ცხოვრობდეს და თავს სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყიდვა-გაყიდვით (და არა მოყვანით) ირჩენდეს.
ბესო ბარბაქაძე