არ გვინდა, მაგრამ რა გვინდა?!

    რუსული ბუნებრივი აირი  არ გვინდა! – გაჰყვირიან ევროპელები.

    – რუსული ბუნებრივი აირი   არ გვინდა! – გავყვირით ჩვენ!

    –  რატომ? – ჰკითხავენ ევროპასაც და გვკითხავენ ჩვენც, – სუნი აქვს? არა, აირი უსუნო და უფეროა. მაშ, რატომ არ უნდათ (არ გვინდა) რუსული ბუნებრივი აირი? გერმანელებმა სპეციალური მილებით („ჩრდილოეთის ნაკადი 1” და „ჩრდილოეთის ნაკადი 2”) სახლში მიყვანილ რუსულ ბუნებრივ აირზე   თქვეს უარი, მაგრამ,  ეს უარი რომ ვერ დაასაბუთეს, ადგნენ და მილსადენები ზღვის ფსკერზე ააფეთქეს, რათა თავიანთი ეკონომიკის მაცოცხლებელი ეს ენერგომატარებელი იქამდე შეეფერხებინათ, სანამ  გერმანულ ტერიტორიაზე  შეაღწევდა. შედეგი? გერმანული გიგანტური საწარმოები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. ეს ანგრევს გერმანულ ეკონომიკას, მაგრამ, ალბათ, გააცოცხლებს გერმანულ „პატრიოტულ” სულს, რომელიც ჰიტლერის შემდეგ ჩამკვდარია.

    ქართველებს ახლა ახალი საყვირალი გაგვიჩნდა, რადგან თავზე ზვავივით დაგვასკდა უზარმაზარი მოცულობის არაბული ინვესტიცია. მიძინებულმა პატრიოტიზმმა სამსიტყვიანი ლოზუნგის სახით ამოხეთქა:

    – არა არაბულ ინვესტიციას!

    – არა არაბულ ინვესტიციას! – ექო გამოსცა საქართველოს მთა-ბარმა…

    რა არის ინვესტიცია? „ინვესტიცია (ლათ. Investire – შემოსვლა) – კაპიტალის დაბანდება ეკონომიკურ საქმიანობაში მოგებისა და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით”. ასეა ეს ცნება განმარტებული უცხო სიტყვათა ლექსიკონში. კაპიტალის შემოსვლა და მისი დაბანდებაო. ეს არის კაპიტალისტური ცხოვრების წესი. კაპიტალისტურ სისტემაში ეკონომიკას სახელმწიფო არ განაგებს, იგი თვითრეგულირებადია, ანუ საბაზროა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკა თავის თავს თვითონ მართავს კაპიტალისა და ბაზრის ბერკეტებით. მარქსმა თავის დროზე შექმნა ეკონომიკური ფორმულა: „საქონელი – ფული – საქონელი” –  საქონლის შექმნა, მისი გაყიდვა და კვლავ ახალი საქონლის შექმნა. ეს არის პროცესი, რომელშიც ორი ეშმაკია ჩასაფრებული, უფრო სწორად ერთი ეშმაკი, რომელიც წარმოშობს მეორე ეშმაკს. ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლოატაცია (პირველი ეშმაკი), რომელიც იძლევა მოგებას (მეორე ეშმაკი). კაპიტალისტური სახელმწიფო (სოციალისტურისგან განსხვავებით) ვერაფერს ააშენებს, რადგან ის არ ქმნის ეკონომიკას და, შესაბამისად, მას არ აქვს ფული. ფული, რომელსაც სახელმწიფო გადასახადების სახით იღებს და ბიუჯეტის სახით გააჩნია, არის ძირითადად სახელმწიფო აპარატის შენახვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და კიდევ რამდენიმე ფუნქციის განსახორციელებლად აუცილებელი თანხა,  ამიტომ კაპიტალისტური სახელმწიფო დიდ პროექტებს ვერ დააფინანსებს, მას ამისთვის ინვესტიციების (შიგნით ან გარეთ) მოძიება და მოზიდვა უწევს. სხვა საქმეა სოციალისტური სახელმწიფო, რომელშიც ეკონომიკას სახელმწიფო განაგებს და თანხებსაც თვითონ მართავს. სოციალისტურ სახელმწიფოს ყოველგვარი საგარეო ინვესტიციის მოზიდვის გარეშე შეეძლო აეშენებინა ისეთი გიგანტური ინფრასტრუქტურა, როგორიც იყო საქართველოში მეტალურგიული, ქიმიური, ფეროშენადნობთა, ჩარხმშენებელი, ელმავალმშენებელი, მანქანათმშენებელი, გემთმშენებელი, ავიამშენებელი და სხვა გიგანტური ქარხნები; ზაჰესი, რიონჰესი, ენგურჰესი; შეექმნა კოლხეთის დაბლობზე ჭაობის დაშრობისა და გვალვიანი აღმოსავლეთის მიწების გასარწყავების მეგაპროექტები და ა.შ. კაპიტალიზმის ვითარებაში ეკონომიკა მოგებას ემსახურება, სოციალიზმის ვითარებაში კი ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ეს არის ის უმთავრესი, რაც ამ სისტემებს ერთმანეთისგან განასხვავებს. განსხვავება კი, როგორც ხედავთ, კოლოსალურია.

    საქართველოში როდესაც გაჰყვირიან, არაბული ინვესტიცია არ გვინდაო, აქ ხაზგასმა კეთდება სიტყვა არაბულზე. ისინი არ ამბობენ, რომ ჩვენ ინვესტიცია არ გვინდა. ისინი ამბობენ, ჩვენ არაბული ინვესტიცია არ გვინდაო, ანუ იმეორებენ იმას, რასაც წლების წინათ აკეთებდნენ, როდესაც გაჰყვიროდნენ რუსული ბუნებრივი აირი არ გვინდაო. ბუნებრივი აირი გვინდოდა, მაგრამ რუსული არ უნდა ყოფილიყო. ინვესტიცია გვინდა, მაგრამ არაბული არ უნდა იყოს.   იმეორებენ იმას, რასაც ევროპელები აკეთებენ: ბუნებრივი აირი უნდათ, მაგრამ რუსული არ უნდა იყოს. ევროპელები, ამ უგუნური პრინციპიდან გამომდინარე, იმავე რუსულ ბუნებრივ აირსგადამყიდველებისგან ყიდულობენ თითქმის ათმაგ ფასად ან აშშ-დან ტანკერებით ეზიდებიან სამმაგ ფასად და, რაც მთავარია, სამჯერ უხარისხოს.

    არაბულ ინვესტიციას არაბები შემოჰყვებიან და დემოგრაფიულ პრობლემებს შეგვიქმნიანო, – ამბობენ. თანაც არაბები ჩვენი ისტორიული მტრები არიანო. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ საქართველომ უნდა შექმნას ჩამონათვალი, რომელი ქვეყნებიდან არის (ან არ არის) ნებადართული ინვესტიციის მოზიდვა, თუმცა ეს სრული აბსურდია იმის გამო, რომ ინვესტიცია შესაძლებელია ჩინური იყოს და რომელიმე ამერიკული კომპანიის სახელით შემოდიოდეს  ან პირიქით. სად არის გარანტია, რომ არაბული სახელმწიფოდან შემოსული ინვესტიციის უკან, რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია, რუსული კაპიტალი არ დგას? ინვესტიციას (კაპიტალს) ეთნიკური და კონფესიური შემადგენელი არ გააჩნია. იგი მთლიანად ფულისა და ფინანსური ინტერესისგან შედგება. არაბმა შეიხმა, რომელიც აქ კაპიტალს აბანდებს, დიდი ალბათობით, არც იცის, რომ ათასი წლის წინათ ქართველები არაბებს ჰყავდათ დაპყრობილი და ოთხი საუკუნის განმავლობაში სისხლს სწოვდნენ. ამ ამბავში საფუძვლიანად რომ ჩაახედო კიდეც, იმასაც ვერ მიხვდება, ის არაბები, რომლებიც თბილისში ამირებად ისხდნენ, რომელი არაბული სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ალბათ, იმაშიც ვერ გაერკვევა, უნდა ჩათვალოს თუ არა საკუთარ წინაპრად თბილისის რომელიღაც ამირა. ამგვარი მიდგომით გაკვირვებული და ღრმად დაბნეული ბოლოს, ალბათ, იმის გარკვევას დაიწყებს, აქ მსხვილი ინვესტიციის განსახორციელებლად მოვიწვიეთ თუ ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტად.

    ამიტომ ვამბობ: აბსურდულია ეს მიდგომა! ამით იმის თქმა კი არ მსურს, რომ არაბული ინვესტიციის მიღმა საფრთხეს ვერ ვხედავ, ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ, ოღონდ არა იმის გამო, რომ ეს ინვესტიცია არაბულია, არამედ იმის გამო, რომ იგი ინვესტიციაა, კაპიტალისტური ინვესტიცია. იქ, სადაც სხვებს სიტყვა „არაბული” აშინებთ, მე სიტყვა „ინვესტიცია” მაშინებს. სამწუხაროდ, ინვესტიციებზე უარს ვერ ვიტყვით, სანამ კაპიტალისტური სისტემა გვექნება. კაპიტალიზმი და ინვესტიცია ისეთივე განუყოფელი ცნებებია, როგორც კაპიტალიზმი და ყიდვა-გაყიდვა, როგორც კაპიტალიზმი და მოგება, ამიტომ უნდა შევთანხმდეთ: კაპიტალიზმი თუ გინდათ ინვესტიციაც უნდა გინდოდეთ, ინვესტიცია თუ არ გინდათ სოციალიზმი უნდა გინდოდეთ! სიგიჟეა, როდესაც ერთ შემთხვევაში პრინციპს ირჩევ, მის თვისებებს კი უარს ეუბნები, მეორე შემთხვევაში კი იმ თვისებებისკენ ისწრაფვი, რომელთა დამამკვიდრებელი პრინციპისთვის უკვე უარი  თქვი. ასე როდესაც ვიქცევით, საკუთარ თავსა და  არჩევანს ვეწინააღმდეგებით.

    სწორედ დღეს, როდესაც ამ სტატიაზე ვმუშაობდი, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოში ექვსმილიარდიანი არაბული ინვესტიციისა და „მომავლის ქალაქების“ მშენებლობის შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან ერთად შავიზღვისპირა გონიოსა და თბილისის მიმდებარედ, კრწანისში, გეგმავს. პრემიერმინისტრი შეეხო არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში აგორებულ კამპანიას. „კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოტომელებს გადასცემს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას კრძალავს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა , – განაცხადა მან.

    ძალიან კარგი, თუ ასეა, მაგრამ იმ მიწაზე და იმ სახლებში უცხოტომელები (არაბები, ან სხვები) თუ ჩასახლდებიან, ეს ისედაც უმძიმეს დღეში მყოფ დემოგრაფიულ სურათს არ დაამძიმებს? წელს არაბები შემოვიდნენ, გაისად ევროპელები შემოვლენ, შემდეგ – ამერიკელები, რუსები, ჩინელები და ა.შ. სად მიდის ეს მიმართულება? მომსახურე პერსონალად საზღვარგარეთ გადახვეწილი ქართველები რომელ უცხოელს გაუწევენ კონკურენციას აქ ძვირად ღირებული ბინების შეძენაში?! ხომ აქსიომაა, რომ საქართველოში საცხოვრებელი ფართობის მშენებლობა არ არის ქართველებზე გათვლილი?!  უკვე ამუშავებულია საბაზრო (კაპიტალისტური) პრინციპი, რომლის პირობებშიც მთელი საბინაო ფონდი უცხოელებზე გაიყიდება. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ეს დაღუპავს ქართველ ერს. არ არის ეს ისე მისაფუჩეჩებელი საკითხი, როგორც კობახიძემ გააკეთა. ქართველი ერი სულს ღაფავს. მისი მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება. ჩვენ ვხედავთ საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილ და საზღვარგარეთ გადახვეწილ ქართველობას, რომლებსაც უკან მოსაბრუნებელ გზებს საგულდაგულოდ უკეტავენ. დღეს საქართველოში დაბალფასიანი ბინების მშენებლობა უნდა იყოს გაჩაღებული, რომლებიც მიზნობრივად იქნება განკუთვნილი შრომითი ემიგრანტებისთვის, დაუძლეველი სოციალური პრობლემების გამო საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეებისთვის. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ არაბი შეიხები აშენებენ ძვირადღირებულ აპარტამენტებს დიდი მოგების მისაღებად ისევ და ისევ მდიდარი უცხოელებისთვის. ეს არის პრობლემა, რომელიც არაბული ინვესტიციის შემოსვლამდე არ დაიყვანება. ეს არის უსამართლო სისტემის ჩამოყალიბებისა და საზოგადოების ანტაგონისტურ კლასებად დაყოფის პრობლემა, რომელიც სოციალურ ჯგუფებს შორის უფსკრულს აჩენს.

    დღეს სააკაშვილის სექტის წევრები გაჰკივიან, საქართველოში არაბიზაციის პროცესი დაიწყოო, მაგრამ ეს პროცესი (თუკი იგი მართლა არსებობს) დღეს დაიწყო? ვინ ააშენა თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობა? „იმელის” (ისტორიული და არქიტექტურული შედევრის) უკან აღმართული არქიტექტურული ურჩხულის მშენებლობა სააკაშვილის დროს არ დაიწყო? ვინ იყო ამ პროექტის ინვესტორი? ჩავიხედოთ საძიებო სისტემებში: „ბილთმორის გახსნის ცერემონიაზე ბიზნესისთვის შესანიშნავი გარემოს შექმნისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა.  მისი შეფასებით, ახალი სასტუმრო ქართველი ხალხისა და „დაბი ჯგუფის”, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია”. სასტუმრო ივანიშვილის დროს (2016 წ.) გაიხსნა, მაგრამ მისი მშენებლობა სააკაშვილმა დაიწყო, თანაც არაბული ინვესტიციით. როგორ შეიძლება იმ ბარბაროსობის დავიწყება, რომელიც სააკაშვილმა ბილთმორის ადგილზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსიდან ადამიანთა ძალადობრივი გამოსახლების დროს ჩაიდინა?! კორპუსი დაანგრიეს. ეს ყველაფერი არა მხოლოდ მმართველთა უგუნურებაზე, არამედ სისტემის არაადამიანურობაზე ღაღადებს, თუმცა… თუმცა ამ ვითრებაშიც (კაპიტალისტურ სისტემაშიც) შეიძლებოდა, ალბათ, იმ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა, რომ ჯერ კიდევ აქ დარჩენილი ქართველები კი არ ფიქრობდნენ სხვაგან გაქცევაზე, არამედ უკვე გაქცეულები იწყებდნენ ფიქრს (რეალურ ფიქრს) საქართველოში დაბრუნებაზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამისთვის არავის სცალია. ის ძალები, რომლებიც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას იჩენენ, სისტემის ლუსტრაციისთვის კი არა, ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, რათა მომავალში თვითონაც წარმატებით მოიზიდონ საქართველოში ევროპული ან ამერიკული ინვესტიციები,  თავი კი იმით იმართლონ, რომ მათი ჭკუით, ისტორიული მტრების ნაცვლად, ისტორიული მეგობრების კაპიტალი შემოუშვეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამერიკელებიც და ევროპელებიც ისევე შორს არიან საქართველოს ინტერესების დაცვისგან, როგორც არაბები.

    ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში მიდგომებია გასასწორებელი. უნდა გავიაზროთ, რომ,  არჩევანს როდესაც გავაკეთებთ, იმ არჩევანის მიხედვით ცხოვრება მოგვიწევს. ამიტომ, არჩევანს სანამ გავაკეთებთ, უნდა ავწონ-დავწონოთ, რამდენად ესადაგება იგი ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს, მის ისტორიას, კულტურას, ფსიქიკას და რამდენად მოერგება მის მომავალს, რომელიც წარსულთან შესაბამისობით უნდა ვაშენოთ.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here