არჩევანიდან არჩევანამდე

    მე-18 საუკუნე. უმძიმესი ხანა ჩვენი ისტორიისა. საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობს. დაქუცმაცებული ფეოდალური ქვეყანა კუთხეთა შორის შუღლსა და დაპირისპირებაში ჩაძირ. გარეშე მტრებმა საბოლოოდ დაუკარგეს მოსვენება ისტორიულად განაწამებ ხალხს. აღმოსავლეთიდან წამოსული ორი უზარმაზარი იმპერიის სათარეშოდ ქცეული, დაშლილი საქართველო ფიზიკური თვალსაზრისით დადგა ყოფნაარყოფნის ზღვართან.

     ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II  ისტორიული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ისლამური სამყარო თუ ქრისტიანული (მართლმადიდებელი) რუსეთი? ამას ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უწოდეს, მაგრამ მუდმივად კარსმომდგარ და ხახადაფჩენილ ისლამთან შედარებით რუსეთი ხსნას ნიშნავდა, ფიზიკური და სულიერი განადგურებისგან ხსნას. არჩევანი ისტორიის მიერ იყო შემოთავაზებული. ერეკლე II არ შეცდა. ისტორიული არჩევანის ფილოსოფიას იგი ბოლომდე ჩასწვდა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.

    მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა. თითქმის საუკუნე-ნახევრის გასვლის შემდეგ ისტორიამ ერთხელ კიდევ დაგვაყენა მძიმე არჩევანის წინაშე: დასავლეთს ამაოდ და უიმედოდ შემყურე მენშევიკური საქართველო თუ სრულიად ახალი გზით მიმავალ რუსეთთან კავშირში შესვლა, ერთიანობისა და უსაფრთხოების სრული გარანტიებითა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული პროგრესული იდეალებით. აქაც ისტორიული არჩევანი გაკეთდა, ისევ რუსეთის სასარგებლოდ, ოღონდ ეს უკვე ახალი, სოციალისტური რუსეთი იყო, რომლის საპირწონედ,  რომელიმე აღმოსავლური იმპერია კი არა, ყიდვა-გაყიდვის ინსტინქტებით გაჟღენთილი ბურჟუაზიული დასავლეთი გამოდიოდა, რომელიც ყველას და ყველაფერს მხოლოდ ერთი პრინციპით უყურებდა – მოგება და სარგებელი. რუსეთის სასარგებლოდ პირველი არჩევანი ერეკლე მეორემ თუ გააკეთა, რომელიც ქართლ-კახეთის მეფე იყო, მეორე არჩევანის გაკეთება ჩვენს უდიდეს თანამემამულე სტალინს მოუწია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორ წელიწადში კაცობრიობის ისტორიაში პირველი, უზარმაზარი და უკიდეგანო სოციალისტური სახელმწიფოს სათავეში აღმოჩნდა.

    სამოცდაათი წლის გასვლის შემდეგ   საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულმა კაპიტალისტურმა დასავლეთმა ისტორიული ღალატის წაქეზებითა და გამოყენებით შეძლო მისი დამარცხება. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველო დამოუკიდებელი აღმოჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ფორმალური თავისუფლებისა, კვლავ ისტორიული არჩევანის წინაშე დადგა: დასავლეთისკენ გეზის აღება ანუ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა თუ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა? რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობას (ქვეცნობიერის დონეზე) ისტორიული მეხსიერება თუ საზოგადოებრივი ინსტინქტი გვკარნახობდა. ოფიციალურად კი დასაკლავი ხარივით მიგვათრევდნენ დასავლეთის მიმართულებით. ამ არჩევანის გაკეთებაზე პასუხისმგებლობა ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძეს დააკისრეს. პირველი ჯერ საბჭოთა დისიდენტის, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან, მეორე კი საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან იბრძოდა დასავლური მიმართულებისთვის. ორივეს ერთი პატრონი ჰყავდა, მაგრამ ერთმანეთის მტრობასა და შუღლში ეს ხელს არ უშლიდათ. დასავლეთის სპეცსამსახურებმა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვეში დაამხეს და  საბჭოთა სახელმწიფოს ოფიციალურად დაშლის შემდეგ  დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს სათავეში ედუარდ შევარდნაძე მოიყვანეს. შევარდნაძეს  ისე ეხმარებოდნენ, რომ ჯერ კიდევ მისი არალეგიტიმურობის პერიოდში (სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე) სამოქალაქო ომში ჩაძირული ქვეყანა დასავლეთის ყველა სახელმწიფოს აღიარებინეს და გაეროს შემადგენლობაშიც (1992 წ.) შეიყვანეს. ისტორიული არჩევანი ერთხელ კიდევ გაკეთდა დასავლეთის სახელმწიფოებთან (პირველ რიგში, მერიკის შეერთებულ შტატებთან ) სტრატეგიული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრობა.

    მას შემდეგ ოცდაცამეტი წელიწადი გავიდა.  ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით არჩევანი თითქოს გაკეთებული ჰქონდა, ქართველი ხალხი მაინც მუდმივად არჩევანის წინაშე იდგა – რუსეთი თუ დასავლეთი? ასე იმიტომ იყო, რომ გაკეთებული არჩევანის საბოლოო გაფორმება ვერ ხერხდებოდა. დასავლეთი მუდმივად ფეხს ითრევდა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტას აჭიანურებდა. დრო გადიოდა. საქართველო ფეხქვეშ მყარ პოლიტიკურ ნიადაგს ვერ გრძნობდა და თითქოს ჰაერში გამოკიდებული რჩებოდა, რის გამოც საზოგადოებრივი ცნობიერება ეპოქალური ძვრების მოლოდინში იყო და პოლიტიკურად კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორის იხლიჩებოდა.

    2003 წელს დასავლეთის სპეცსამსახურებმა საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების გზით ედუარდ შევარდნაძე (ზვიად გამსახურდიას მსგავსად) თავიდან მოიცილეს და მის ადგილზე მიხეილ სააკაშვილის არჩევა უზრუნველყვეს. კურსი, ბუნებრივია, უცვლელი (პროდასავლური) დარჩა, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის საქმე ბოლომდე მაინც ვერ მივიდა. დასავლეთი საკითხის დაგვირგვინებას ანუ ოფიციალურად გაფორმებას რაკი აჯანჯლებდა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში მუდმივად განიხილებოდა რუსეთი, როგორც ალტერნატივა, როგორც არჩევანის მეორე მიმართულება.

    2012  წელს მიხეილ სააკაშვილის პარტია („ნაციონალური მოძრაობა”) პოლიტიკაში მოულოდნელად გამოჩენილი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის, პარტიამ („ქართული ოცნება”) საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა, მაგრამ საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია არათუ შეიცვალა, პირიქით – კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა, რომ საქართველოს მიზანს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა საქართველოს შემხვედრი ხელი არ გამოუწოდა, რის გამოც საკითხი კვლავ ღია დარჩა. ეს ვითარება დღემდე (2025 წ) გრძელდება. ავტომატურად  ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცნობიერება რუსულ მიმართულებას, როგორც უკვე გაკეთებული ისტორიული არჩევანის ალტერნატივას, კვლავაც განიხილავს.

    ამასობაში  დიდ პოლიტიკაში დიდი ძვრები მიმდინარეობს. ერთპოლუსიანობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, მრავალპოლუსიანობით შეიცვალა. ამერიკული მსოფლიო ჰეგემონიზმი ვერ შედგა. წინა პლანზე რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორი წამოვიდა. ინდოეთი (ჩინეთისა და აშშის შემდეგ) მესამე ეკონომიკად ჩამოყალიბდა, რუსეთმა კი (გადაასწრო რა იაპონიასა და ევროკავშირს) მეშვიდე ადგილიდან მეოთხეზე აიწია. პლანეტაზე სტაბილურობის სამი დიდი გარანტი (ბირთვული ბალანსი, მსოფლიო წესრიგი, საეთაშორისო სამართალი), რომელიც სულს ღაფავდა, ხელახლა ყალიბდება, რასაც ხელს უწყობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დე ფაქტო აღიარება. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, სანქციებისა და ძირგამომთხრელი საქმიანობისა, დონალდ ტრამპი ჩინეთსა  და რუსეთთან (როგორც ზესახელმწიფოებთან) მაინც თანამშრომლობს, ვინაიდან აცნობიერებს სხვაგვარი მიდგომის სრულ უპერსპექტივობას. ეს კი სერიოზული ნაბიჯია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მიმართულებით. ამ ფონზე უკრაინის საკითხი დასავლეთისთვის არასახარბიელოდ ვითარდება. რუსეთმა ყველა ის ტერიტორია, რომლებზეც უკრაინელი ფაშისტები რუსი ეროვნების მოსახლეობის გენოციდს აწყობდნენ, უკვე გაათავისუფლა. უკრაინული არმია, დასავლეთიდან არნახული დახმარების მიუხედავად, დემორალიზებულია, უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება თავიდან ფეხებამდე კორუფციაშია ჩაფლული და ერთი საზრუნავიღა აქვს დარჩენილიომის გაგრძელება. ეს ნიშნავს არჩევნებისგან თავის არიდებას, არალეგიტიმურად თანამდებობის შენარჩუნებას, პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას და კიდევ დიდი ოდენობით თანხების მითვისებას. მაგრამ ეს ყველაფერი საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე კი არის ის, რომ ტრამპის გეგმაში აღარ შედის უკრაინაში ომის გაგრძელება. ტრამპი არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ ევროპულ შეშლილობასაც ემიჯნება და გაცილებით მეტ რაციონალურ ხედვებს ამჟღავნებს, ვიდრე ევროკავშირის „ჩინოვნიკობა“, ერთად აღებული. ევროპას სისხლი სწყურიადიდი სისხლი, ზესახელმწიფოთა ლიდერები კი ძნელად, მაგრამ ახალი მსოფლიო წესრიგის, საერთაშორისო სამართლის გააქტიურებისა და ბირთვული ბალანსის შენარჩუნების მიმართულებით მოძრაობენ, რაც ახალი მსოფლიო გადანაწილების გარეშე შეუძლებელია. იალტის კონფერენციის შედეგები აღარ მუშაობს, მსოფლიოს ახალი გადანაწილება გარდაუვალია და მიმდინარეობს კიდეც. ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ აშშ და რუსეთი ამიერკავკასიაზე საბოლოოდ გარიგებულები არიან, მაგრამ მათი ურთიერთობის ეპიზოდებიდან ჩანს, რომ რუსეთის გავლენის სფროთა კონტურები გამოკვეთილია. როგორ ფიქრობთ, რუსეთი თითქმის ოთხი წელიწადის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ნატოსთან და მთელ დასავლეთთან იმისთვის ომობდა, რომ ამიერკავკასია სხვას მიუგდოს და მის შემადგენლობაში მყოფი კავკასიური ნაწილი ისე მოაშიშვლოს და ისევე გადააქციოს საერთაშორისო ტერორისტების სათარეშოდ, როგორც გორბაჩოვმა და ელცინმა გააკეთეს? რა სისულელეა?! ტრამპის მიერ მომზადებულ უკრაინულ პროექტში ერთი არსებითი მომენტია: არამხოლოდ უკრაინა ამბობს ნატოს წევრობაზე უარს, არამედ ნატოს შეაქვს მის წესდებაში პუნქტი იმის შესახებ, რომ უკრაინას არასდროს  მიიღებს მის შემადგენლობაში. განა ეს საქართველოსაც არ ეხება? ნატოს მიერ უკრაინაზე უარის თქმა ხომ პირდაპირ ღაღადებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უარია ნათქვამი, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მიერ! ამასაც რომ თავი დავანებოთ, განა ევროკავშირისა და აშშ-ის სრულიად არასახარბიელო და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება საქართველოსთან ამის პირდაპირი დასტური არ არის? რა თქმა უნდა, არის!

    მოკლედ,  საგარეო ორიენტაციაში სერიოზული გარღვევა გვაქვს. დასავლეთის მიმართულება დავკარგეთ ანუ დასავლეთი ამოვარდა ჩვენი დღის წესრიგიდან, რადგან დასავლეთის დღის წესრიგში არც არასდროს ვყოფილვართ. დასავლეთი 35  წლის განმავლობაში გვატყუებდა. მას სურდა, რომ ჩვენ მთლიანად დასავლურ მიმართულებაზე ვყოფილიყავით მიბმული, რათა სხვა მიმართულებით (განსაკუთრებით რუსეთისკენ) არ გაგვეხედა, მაგრამ ამის გამო თვითონ მისხალი პასუხისმგებლობაც არ დაკისრებოდა. ახლა ამ სიცრუესა და სიყალბეს ყავლი გაუვიდა. დასავლეთის ამ თვალთმაქცობამ ამოწურა საკუთარი თავი და, როგორც სახარებაშია ნათქვამი, ყველაფერი გაცხადდა. ქართველი ხალხის უმრავლესობამ გააცნობიერა, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებმა საქართველოს ყველაფერი გააკეთებინეს, რუსეთთან ღრმა კონფრონტაციაში შესვლით დაწყებული და თავიანთ სამხედრო მისიებში მონაწილეობით დამთავრებული. ერთადერთი, რაც ვერ გაგვაკეთებინეს, ეს უკრაინის ომის პარალელურად რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის დავალება იყო, რის გამოც ისე გაგვიბრაზდნენ,  სახელმწიფო გადატრიალებას ღიად გეგმავენ და იმგვარ სიბინძურეზეც მიდიან, როგორიცაა ბი-ბი-სის მიერ გადაღებული ფილმი, რომელშიც  შეთითხნილია ბრალდება მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური მომწამლველი ნივთიერების გამოყენების შესახებ. სწორედ ამ ფილმის გადაღებითა და დემონსტრირებით, ამ უდიდესი უსინდისობით დაესვა წერტილი საქართველის დასავლურ ორიენტაციას და დასავლურ არჩევანს!

    ახლა რა მდგომარეობა ანუ რა საგარეო ორიენტაცია და არჩევანი გვაქვს? უფრო სწორად, რა შეგვრჩა ხელთ? ერთი მხრივ, ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შანსი, რომელიც ამიერკავკასიიდან არსად არ მიდის. მეორე მხრივ კი გამოიკვეთა საქართველოს ისლამიზაციის საშინელი პერსპექტივა, რომელიც საგანგაშო მასშტაბებს იძენს. თურქეთი, ირანი, არაბული სამყარო დაიძრა საქართველოსკენ. ცალკე თემაა ჩინეთი. შეუძლებელია არ შეგძრას პროცესმა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ჩვენი ქალაქების ქუჩებში, მომრავლებულ აღმოსავლურ დასახლებებში, იუსტიციის სახლებში, სადაც ყოველდღიურად ასობით და ათასობით უცხოელი ქონებას, მიწას, საცხოვრებელ ფართობს უპრობლემოდ იფორმებს და ბინადრობის უფლებას ან პირდაპირ მოქალაქეობას იღებს. რას შევადაროთ ეს ყველაფერი – ვულკანის ამოფრქვევას, მიწისძვრას, წყალდიდობას? იქნებ სარეველა გვედება ელვის სისწრაფით? იქნებ კალია შემოგვესია? ყველა ეს უბედურება ბიბლიაშია აღწერილი: როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა“; „თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს”; „ და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას”; „იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. რაღაც ამდაგვარს ჰგავს ის, რაც დემოგრაფიული პრობლემებით ისედაც დამძიმებულ საქართველოში ხდება. საქართველო ვერ გაუძლებს ამას. პრობლემები ევროპაშიც არის და ამერიკაშიც. ტრამპი ჯებირივით აღუდგა უკანონო მიგრაციას აშშ-ში. ევროპა კვნესის, ვიღუპებითო. სამოცდახუთმილიონიანი საფრანგეთი, ოთხმოცდახუთმილიონიანი გერმანია, მით უფრო სამასმილიონიანი აშშ, შესაძლებელია,  არ გადაშენდნენ მიგრაციის გამო, მაგრამ სამმილიონიანი საქართველო ვერ აიტანს იმ მასშტაბის მოწოლას, ახლა რომ გვაქვს.

    მეთვრამეტე საუკუნიდან სულ იმის არჩევაში ვართ, საით გავიხედოთ და ვის მივეკედლოთ. თავისთავად ცუდია ამგვარი არჩევანის პირობებში ყოფნა, მაგრამ, არასწორი არჩევანი როდესაც კეთდება, კატასტროფა გარდაუვალია. როგორც ხედავთ, დატრიალდა ბედის ბორბალი და კვლავ იმ არჩევანის პირისპირ აღმოვჩნდით, რომლითაც დავიწყეთ: საქართველოს ისლამიზაცია თუ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებისას  გაიყო საქართველო. ბევრს მოსჭრა თვალი ბრჭყვიალა დასავლეთმა, ბევრს დაუბნელა გონება დასავლურმა ფილოსოფიამ, ლიტერატურამ, ხელოვნებამ. ბევრი კარგ ცხოვრებას დახარბდა, რომლის შესახებაც გაზვიადებული წარმოდგენა შეუქმნეს, ამიტომ გაუჭირდა ქართველ ხალხს. დიდი იყო ცდუნება ევროპიზმისა, მაგრამ ამოვარდა საქართველოს დღის წესრიგიდან ევროპა და ამერიკა. დასავლურ ხიბლსა და რომანტიკაში გადაშვებულ ქართველებს ცივი წყალი გადაავლო ისლამიზაციის საფრთხემ. ქართველობამ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა შემზარავი რეალობა, რომ ისლამიზაცია მხოლოდ ისლამური სახელმწიფოებიდან როდი მოდის. ამერიკასა  და ევროპასთან ოცდათხუთმეტწლიან ურთიერთობასაც თურმე ამ მიმართულებით მივყავდით. თურმე იმ დროსაც, როდესაც ნატოს წევრობაზე ვაკეთებდით განცხადებას, ისლამს ვეპატიჟებოდით სამშობლოში და იმ დროსაც, როდესაც ევროკავშირში შესვლაზე ვოცნებობდით, თურმე თურქეთის, ირანისა და არაბული სამყაროს მიმართულებით ვექაჩებოდით მამულს.

    იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ხედავდნენ ამ საშიშროებას. ისინი წერდნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ამაზე, მაგრამ მათ ქვეყნის მოღალატეებად რაცხდნენ სწორედ ის ძალები, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს ისლამური არჩევანისკენ უბიძგებდნენ. მაინტერესებს, ახლა რა არჩევანს აკეთებთ,  დასავლეთის მირაჟს საბოლოოდ მოწყვეტილო ქართველებო? ახლა მაინც თუ ხვდებით, რომ ანგარიშში შეგაცდინეს, მოგატყუეს და, ჟარგონით რომ ვთქვათ, გადაგაგდეს? ჩვენი წინაპრებიც (განძიპარია მენშევიკები) ასევე მოატყუეს თავის დროზე, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, დასავლეთის შულერებმა და განგსტერებმა. ისიც მაინტერესებს, ამ ახალ არჩევანს (ისლამი თუ რუსეთი?) რას დაარქმევთ – ცუდსა და უარესს შორის, კარგსა და უკეთესს შორის თუ ცუდსა და კარგს შორის არჩევანს? ეჰ, ფეხის ხმას აყოლილო ჩემო თანამემამულენო, სანამ  ამას გაარკვევთ და ამ საკითხზე შეთანხმებას მოახერხებთ, მოსახდენი მოხდება. თავისთავად, უფრო სწორად, თქვენ დაუკითხავად მოხდება. ერთი რამ გაითვალისწინეთ: დასავლეთი გაიძურწება აქედან, ისლამი და რუსეთი კი ფეხსაც არ მოიცვლიან

    აბა, კარგად ბრძანდებოდეთ და ბედნიერ არჩევანს გისურვებთ!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here