რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათაშორის ურთიერთობათა საბჭოს წევრი დავით ცეცხლაძე ითხოვს, რომ ყველა ეთნიკურად ქართველს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად მიანიჭოს გამარტივებული “იდენტიფიკაციის პროცედურის“ საფუძველზე.
ცეცხლაძის თქმით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები საქართველოს მოქალაქეობის მიღების მცდელობისას დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს აწყდებიან. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მისი აზრით დისკრიმინაციული პრაქტიკა და გაამარტივოს პროცესი.
“ვიდრე საქართველოს სახელმწიფო, მთავრობა და პოლიტიკური სპექტრი არ გამოავლენს ინტერესს ეთნიკური ქართველების დაბრუნებისა და ინტეგრაციის მიმართ, ჩვენ ვწყვეტთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას“, – განაცხადა მან.
ცეცხლაძემ დაამატა, რომ გაუქმდა მისი დაგეგმილი სამუშაო ვიზიტი თბილისში:
“ჩვენ უარი ვთქვით ვიზიტზე. სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ქართველები და საქართველო ერთიანი ორგანიზმია. არავის – არც კომისიას, არც მთავრობას, არც პრეზიდენტს – არ აქვს უფლება უარი თქვას ქართველზე, რომელსაც სურს თავისი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება“.
მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნით ოფიციალური მიმართვა ეგზავნება რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს მამუკა მერკვილაძეს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან 2024 წლის მარტამდე მერკვილაძე ცეცხლაძის მოადგილე იყო აღნიშნულ ორგანიზაციაში.
“წერილში ჩამოვაყალიბებთ ყველა იმ პრობლემას, რომელსაც რუსეთში მცხოვრები ქართველები აწყდებიან მოქალაქეობის მიღების მცდელობისას. ეს, შესაძლოა, მთავრობამდე საკითხის აქტუალურობის მიტანის ბოლო მცდელობაა“, – განაცხადა ცეცხლაძემ.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უცხოელებს, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს, შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზით – ქვეყანაში ცხოვრების, ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნის პირობით. საქართველოს მოქალაქეების მეუღლეებს შეუძლიათ ისარგებლონ გამარტივებული პროცედურით. ასევე, მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს წარმოშობითაც – თუ განმცხადებელი დაადასტურებს ქართულ ფესვებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მოქალაქეობის მინიჭება გამონაკლისის სახით – გამოცდებისა და ბინადრობის მოთხოვნის გარეშე.