აპოკალიფსის მეხუთე მხედარი

    ადამიანის მისწრაფება თავისუფლებისკენ სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი მოვლენაა და მისი საწინააღმდეგო არავის არაფერი უნდა ჰქონდეს, მაგრამ…

    მაგრამ, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაზე, თავისუფლებაც წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. აქედანვე ჩამესმის აღშფოთებულთა ხმები:

    * როგორ თუ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს?

    * თავისუფლება წესებით თუ შეზღუდე, რაღა თავისუფლებაა?

    * თავისუფლება სრული და შეუზღუდავი უნდა იყოს!

    ამ წამოძახილებში თითქოს არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი და თანაც ზედაპირული შეხედვით. წესების გარეშე არ არსებობს არაფერი, გარდა ქაოსისა. წესების გარეშე არც სიყვარული არსებობს, არც სიკეთე, არც ჭეშმარიტება. ღმერთიც კი არ არსებობს წესების გარეშე, რამეთუ ღმერთი თავად არის უმაღლესი წესრიგი და ჰარმონია, რომელიც ჩვენგანაც წესების მიხედვით ცხოვრებას მოითხოვს: გიყვარდეს ღმერთი შენი; პატივი ეც დედასა და მამასა შენსა; არა კაც კლა; არ იპარო; არ იმრუშო და ა.შ.

    რა არის ასეთი ეს წესი, რომ მის გარეშე ღმერთიც კი არ არსებობს? თავად არსებობასაც კი წესები განაპირობებს. წესებით ხორციელდება ადამიანის მოვლინებაც და გასვლაც წუთისოფლიდან. ამ გაგებით შესაძლებელია ისიც კი ითქვას, რომ, რაც (ვინც) წესებს არ ემორჩულება, პრაქტიკულად არც არსებობს, რადგან არაფერს არ მიეკუთვნება, არაფრის ნაწილი არ არის და არანაირ სისტემაში არ შედის. მკითხავთ: განა მარტოსულები არ არსებობენ  ან აჯანყებულთა და რევოლუციონერთა არსებობა ეჭვქვეშ დგება? არა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მარტოსულობასაც წესები აქვს, ამბოხსაც და რევოლუციებსაც. ომსაც წესები აქვს და მშვიდობასაც. წესის დარღვევასაც კი წესები აქვს. დიდებულად თქვა გენიალურმა ჭაბუა ამირეჯიბმა: „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!”

    ჩვენი ეპოქის მოკლე დახასიათებას თუ ვცდით, ალბათ, ასე უნდა ვთქვათ: უწესო ეპოქა ან ეპოქა წესების გარეშე. ეს მძიმე დიაგნოზია. უწესოდ ვცხოვრობთ, ე.ი.  უაზროდ ვცხოვრობთ. უწესოდ ცხოვრება ზოგჯერ უზნეოდ ცხოვრების სინონიმად გვევლინება, მაგრამ ამჯერად მასში სხვა შინაარსს ვდებ –  წესების უარყოფას, წესებიდან გასვლას, წესების გარეშე ცხოვრებას. ფილოსოფოსებს თუ დავესესხებით, საზრისი გვაქვს დაკარგული. ეს უზნეო ცხოვრებაზე უარესია, რადგან იგი უზნეობასაც მოიცავს და აჭარბებს კიდეც მას. ეს თითქმის იმას ნიშნავს, რაც ზემოთ ვთქვით, რაკიღა უწესოდ ვარსებობთ, ე.ი. არც ვარსებობთ. ასეთი არსებობა არარსებობამდე დაიყვანება. აქაც წამოაყრანტალებს ვიღაცა:

    * როგორ თუ არ ვარსებობთ, ფიზიკურდ ხომ ვართ?!

    ფიზიკურად   ვართ, მაგრამ შინაარსისგან დავიცალეთ და განვიძარცვეთ.  ამ მოვლენის ქართული ტრადიციული შეფასება ასეთი იყო: გინდ ყოფილხარ და გინდ არა! კი ხარ, მაგრამ ასეთ ყოფნას ყოფნა არ ჰქვიაო, ამას ნიშნავს ეს ნათქვამი.

    ვიცი, ვგრძნობ, კონკრეტულ მსჯელობაზე გადასვლას რომ ელოდებით, მაგრამ რა დაკონკრეტება გნებავთ, საითაც გაიხედავ, ჩვენი ცხოვრების რომელ უბანსაც შეხედავ, ყველგან წესების იგნორირებას წააწყდები, დაწყებული პოლიტიკით, საერთაშორისო ურთიერთობებით, ეკონომიკით, დემოგრაფიით, მიგრაციით,  ემიგრაციით,  არჩევნებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით… გნებავთ, ამ უკანასკნელიდან დავიწყოთ – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით.

    რა არის, საერთოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალება, პრესა, ტელევიზია, ახლა უკვე სოციალური ქსელები? ერთი მხრივ, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების, მეორე მხრივ კი, თითოეული ადამიანის მიერ საჯაროდ (დიდი აუდიტორიისთვის) აზრის გაზიარების საშუალება. ადამიანი მოაზროვნე არსებაა და, რაკი ეს ასეა, სხვისთვის აზრის გაზიარება და საკუთარი პოზიციის გამოხატვა მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. სანამ  ინტერნეტი და სოციალური ქსელები გაჩნდებოდა, აზრის გამოთქმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (გაზეთი, რადიო, ტელევიზია) იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს საშუალებები მასობრიობისა და ოპერატიულობის თვალსაზრისით ვერც კი შეედრებოდა სოციალურ ქსელებს. საბჭოთა კავშირში ერთი კატეგორიული წესი არსებობდა. მას „ორმოცი სამოცთან” ერქვა და ინფორმაციის ნებისმიერი საშუალებისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. „ორმოცი სამოცთან” იმას ნიშნავდა, რომ ამა თუ იმ საშუალების მიერ გამოქვეყნებულ მასალათა მხოლოდ ორმოცი პროცენტი შეიძლებოდა პროფესიონალი ჟურნალისტების (თანამშრომლების) ყოფილიყო,  დანარჩენი სამოცი პროცენტი ხალხის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლების იყო. აი, ასე მიიღწეოდა ის, რასაც საჯაროობა და გამოხატვის თავისუფლება ეწოდება. ეს, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმასთან, რასაც დღეს სოციალური ქსელები ეწოდება. სოციალური ქსელები ყველასთვის (ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით) ხელმისაწვდომია და, რაც მთავარია, იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ წამს. გარდა ამისა, მისი გავრცელების არეალი ერთი სახელმწიფოთი ან სახელმწიფოთა ჯგუფით არ არის შემოსაზღვრული. იგი მოიცავს მთელ დედამიწას, თანაც, მართლაც რომ თვალის დახამხამებაში და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თითქმის ცენზურის გარეშე, აბსოლუტურად თავისუფლად. ერთი შეხედვით, შესანიშნავია, არავინ არ გზღუდავს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე შეგიძლია აზრის გამოთქმა. ერთი შეხედვით-მეთქი, ვამბობ, რადგან სინამდვილეში საშინელებაა, აბსურდია, სრული სიგიჟეა. მეტიც შემიძლია ვთქვა: თუ არ დარეგულირდა, ეს ვითარება კაცობრიობას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს. ეს ნათქვამი არ ეხება საზოგადოების იმ გონიერ ნაწილს, რომელიც სოციალურ ქსელებს ისე უყურებს და ისე იყენებს, როგორც მასობრივი ინფორმაციის დანარჩენ საშუალებებს, მაგრამ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია ასეთი. უდიდესი ნაწილისთვის კი სოციალურ ქსელებს ნარკოტიკული თრობის ყველაზე მაღალი ხარისხი აღმოაჩნდა. მათთვის საზოგადოებრივი ყოფიერების ეს უბანი, აზრის გამოთქმის საშუალებად კი არა, სიძულვილის ნთხევის, პირადი ანგარიშსწორებისა და ვიღაცაზე ძალადობის საშუალებად ჩამოყალიბდა. სოციალური ქსელები მუქარის, შანტაჟისა და დაშინების არენად იქცა, სადაც საზოგადოების ყველაზე რეგვენი და დაცემული ნაწილი გაბატონდა. გაჩნდა სოციალური ქსელებზე (როგორც ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე) დამოკიდებულების სინდრომი. გაჩნდა ამ ქსელებს მიჯაჭვულთა მთელი არმია, რომლებიც ვერ გამოდიან ქსელიდან და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში კლავიატურაზე არიან მიბმულნი. მათგან ერთ ნაწილს გაუჩნდა ილუზია, რომ ამით პატრიოტულ ვალს იხდის, მეორე ნაწილი ცდილობს აქედან გადაჭრას და მოაგვაროს საკუთარი პრობლემები, მესამე ნაწილმა ირწმუნა, რომ ნებისმიერ საკითხზე კომპეტენტური აზრის გამოთქმა შეუძლია, მეოთხეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, გარდა იმისა, რომ საკუთარ ჭიას ახარებს, ეს ჭია კი რატომღაც სოციალურ ქსელებში აღმოაჩინა. ასე და ამრიგად, ხალხის დიდი ნაწილი მიეჯაჭვა სოციალურ ქსელებს, რადგან მიიზიდა უცენზურობამ, უონტროლობამ, განუკითხაობამ და უპასუხისმგებლობამ, რომელიც თაიგულის სახით შეკრული და შეფუთული სწორედ აქ დაიგულა. საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთი დიდი უწესობაა. სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულნი, იქიდან კაცის მოკვლას და მტერთან გასწორებას კი არა, მათთვის საძულველ სახელმწიფოთა დაშლასა და განადგურებასაც ახერხებენ. რა თქმა უნდა, ილუზიაა ეს ყველაფერი, მაგრამ გულს ხომ იოხებენ და იმ გრძელ ჭიასაც ხომ ახარებენ, ზემოთ რომ ვახსენეთ?!  ამით ერთობა ბინძური და სოციალური უსამართლობის დამღადასმული ეპოქის მიერ უმუშევარად და უსაქმურად დატოვებულთა მთელი კლასი. სოციალური ქსელები, ერთი შეხედვით თავისუფლების აკვნად რომ გვეჩვენებოდა, სინამდვილეში ჯოჯოხეთის კარიბჭე აღმოჩნდა, სადაც იმის ნაცვლად, რომ აზრის თავისუფლების მაცოცხლებელი სიო ქროდეს, უზნეობის, თახედობისა და სირეგვნის ქაიშხალი მძვინვარებს. წესით სხვა რამ უნდა მიგვეღო, მაგრამ მსოფლიოში გაბატონებულმა უწესობამ ის „სხვა რამ” საკუთარი თავის საპირისპიროში გადაზარდა და მახინჯი მონსტრი გვიბოძა, რომელიც წალეკვით გვემუქრება. დღეს სოციალური ქსელები აღვირახსნილობისა და უწესობის გენერატორია, რომელიც საოცრად შეერწყა მსოფლიო წესრიგის მოშლის, საერთაშორისო სამართლის რღვევის, ადამიანის, როგორც გონიერი და ზნეობრივი არსების, დეგრადაციისა და საყოველთაო ნიჰილიზმში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა სრული ნიველირების, ერთი მხრივ სამარცხვინო, მეორე მხრივ კი თავზარდამცემ პროცესს.

    არაფერი ისე საშიში არ არის კაცობრიობისთვის, როგორც დიალექტიკურ საპირისპიროს მოწყვეტილი ცნებების  გაფეტიშება. საკუთარ ბედნიერებას ვერ შეირგებს ადამიანი, რომელსაც სხვისი უბედურების განცდა და გააზრება არ შეუძლია. ჭეშმარიტად თავისუფალი ვერ იქნება იგი, ვინც მის მორგებას მოვალეობასა და პასუხისმგებლობასთან შეზავების გარეშე ცდილობს. უწესობაა ადამიანის დამღუპველი, საქვეყნო უწესობაა სახელმწიფოთა დამანგრეველი, გლობალურ უწესობას კი აპოკალიფსის ის ოთხი მხედარი მოჰყვება,  „გამოცხადებაში” რომ არის აღწერილი და ბიბლიის ინტერპრეტატორები ომის, ეპიდემიის, შიმშილისა და სიკვდილის სიმბოლოებად წარმოიდგენდნენ. თუ რამე შეიწირავს კაცობრიობას, ეს, პირველ რიგში, უწესობის (აპოკალიფსის მეხუთე მხედრის) გაბატონება იქნება. 

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here