მას შემდეგ, რაც UFC-ში (Ultimate Fighting Championship – ულტიმატური საბრძოლო ჩემპიონატი) ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა, მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეწვია. მასთან ჩამოვიდა ცნობილი ტიკ-ტოკერი ნინა დრამა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს და საქართველოში მის მოგზაურობას ასიათასობით ნახვა აქვს. ეს კი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ეგებ ტურისტულ სეზონზე კარგი გავლენაც იქონიოს. რამდენიმე ათეული ადამიანი ნინა დრამას ბედნიერი სახის ხილვის შემდეგ რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ესეც საქმეა.
აშკარაა, რომ მერაბიც და ნინაც კარგად ერთობიან, პოზიტიურ ვიდეოებსაც ავრცელებენ სოციალურ ქსელში და მოსახლეობაც დიდ ჩემპიონსა და მის სტუმარს პატივისცემითა და სიყვარულით ხვდება.
დვალიშვილი გულშემატივრების შემდეგ მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა და ალალად გეტყვით, არ გვეგონა, თუ ვინმეს აზრად მოუვიდოდა, დვალიშვილისთვის სასამართლო პროცესზე მისვლა არათუ ეთხოვა, კატეგორიული ტონით მოეთხოვა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დვალიშვილს ჰკითხა, „სინდისის პატიმრების“ სასამართლო პროცესზე მისვლას თუ აპირებდა და, როცა მის გაოცებულ სახეს შეხედა, „აუხსნა“: „ერთ-ერთ პატიმარს სასამართლო სხდომაზე მაისური ეცვა, რომელზეც თქვენი ფოტო იყო გამოსახული. ის თქვენი გულშემატკივარია და კარგი იქნება, რომ მიხვიდეთ მომდევნო სხდომაზე, თქვენი იქ ყოფნით მხარდაჭერა გამოუცხადოთ სინდისის პატიმრებს და ამით საკუთარი პოზიცია გამოხატოთ რუსული რეჟიმის მიმართ…“
ჟურნალისტმა მოურიდებლად უთხრა მერაბს, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს, რატომ უნდა გააკეთოს და, რაც მთავარია, მას არჩევანის უფლება არ დაუტოვა

– რასაც გეუბნები, ის უნდა გააკეთოო. დვალიშვილი აშკარად დაიბნა ასეთი თავხედობით, მაგრამ მშვიდად უპასუხა – მე სპორტსმენი ვარ, ჩემი საქმე მაქვს, საქართველოშიც სტუმართან ერთად იმიტომ ჩამოვედი, ჩემს ქვეყანას პოპულარიზაცია გავუწიო, მსოფლიოს გავაცნო, სასამართლოებზე სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ, ისე კი, ყველა პატიმარს თავისუფლებას ვუსურვებო. ჟურნალისტს ასეთი პასუხი აშკარად არ მოეწონა და კიდევ რამდენიმეჯერ სცადა დვალიშვილის გადარწმუნება, მააგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა. ჰოდა, ამ ამბიდან მალევე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა (რომელიც, სხვათა შორის, ადრე ნაციონალების ოპოზიციონერად გვაჩვენებდა თავს) სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: „მერაბ დვალიშვილის და სხვა ე.წ. წარმატებული ქართველი სპორტსმენების საქციელი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გმირები, რინგზე და ტატამზე მებრძოლებისგან კი არა, თავისუფლებისთვის მებრძოლებისგან უნდა შექმნათ…“ რაღა თქმა უნდა, მას მიშამადიდებლები და სხვა ოპოზიციონერები დაეთანხმნენ და არავის გახსენებია „გმირი“, რომელიც სწორედ “თავისუფლებისთვის მებრძოლისგან“ შექმნეს. ლაზარე გრიგორიადისზე ვამბობთ, ბიჭზე, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უკანალში ამოისვა ჯერ ოპოზიციამ, მერე – არასამთავრობოებმა და ბოლოს, პრეზიდენტყოფილმა სალომე ზურაბიშვილმა. ისინი ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად ცდილობდნენ, გრიგორიადისისგან თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი შექმნათ. მერე რა, რომ მან პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა – „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, ცეცხლი წაუკიდა სამართალდამცველებს და მხოლოდ იღბლისა და, რაც მთავარია, პოლიციელთა პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა ტრაგედიის თავიდან აცილება.
ცნობისთვის: პოლიციელის მკვლელობისთვის აშშ-ში სამუდამო პატიმრობაა და ეს საუკეთესო შემთხვევაში, ძირითადად კი, დამნაშავეს ელექტროსკამი ელოდება. ჰოდა, ეს გმირი ლაზარე მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვიდა, ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ კეთროვანივით მოიცილა, ყველა არასამთავრობომ მასთან კავშირი გაწყვიტა და ეს იმიტომ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა გასაგებად აუხსნეს, – ასე არ ხდება, პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი, საბოლოო ჯამში, გმირი ვერასდროს გახდებაო.
მოწოდება, რომ წარმატებული სპორტსმენებისგან არ უნდა შეიქმნას გმირები და ისინი არ უნდა იყვნენ ახალგაზრდებისთვის მისაბაძი, გამაოგნებელია. მერე რა, რომ ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია; მერე რა, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ძალოსანია; მერე რა, რომ საქართველოს ჰიმნს აჟღერებდა და ზედიზედ სახელდებოდა პლანეტის საუკეთესო ძალოსნად, რადგან ის მიშას მხარეს არ არის, მტერია; მერე რა, რომ გენო პეტრიაშვილს ყველა სინჯის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის მედალი აქვს; მერე რა, რომ ვარლამ ლიპარტელიანი წლების განმავლობაში ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი იყო და ამაყად დაჰქონდა საქართველოს დროშა… არ არის აუცილებელი ცხოვრების ჯანსაღი წესი, მთავარია, თმა ცისარტყელის ფერებში შეიღებო, ყურზე, ცხვირზე, ყელსა თუ ენაზე ზანზალაკები შეიბა, ხელისუფლებასა და ქართულ ტრადიციებს აგინო და გმირი ხარ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციისა და არასამთავრობოების, ისე ევროკავშირის ელჩებისა და ჯო უილსონის თვალში.
ისიც გემახსოვრებათ, გურამ კაშიამ ლგბტ ფერებიანი სამკლავური რომ გაიკეთა მკლავზე, როგორ კბილებით დაიცვეს და როგორ ათრიეს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, რომელმაც თქვა, რომ ასეთ სამკლავურს არ შეიბამდა, როგორ ათრიეს ხვიჩა კვარაცხელია, აქაოდა, ჩვენს ევროპულ მომავალს გვერდით არ უდგას და ყოველდღიურად ჩვენს მხარდამჭერ სტატუსებს არ აქვეყნებსო. ჰოდა, მათ მიერ გმირად შერაცხილი კაშია კარიერის დასასრულისკენ მიდის, ხვიჩამ კი წელს მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, და ახლა ბოლო ბასტიონს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, უტევს. არ უხარიათ ამ მანქურთებს არც ერთი ქართველის წარმატება, თუ ისინი მათ მხარეს არ არიან და შეგვიძლია, სანაძლეოც დავდოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოწოდებაც იქნება, ხვიჩა და მისნაირები ნაკრებს არ გავაკაროთო, რადგან ნაკრები ცისარტყელის ფერებში შეიმოსება და ჯო უილსონი თუ ემანუელ მაკრონი ბედნიერი სახით მინაბავენ თვალებს.
შეიძლება ბევრს არ ახსოვს რესპუბლიკური პარტიის ლიდერთა აღიარებაც – მზად იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დავაკანონებდითო და, 2012 წელი რომ არა, ეს პროექტი კანონის სახეს მიიღებდა. მისი ხელის შემშლელი კი არავინ იქნებოდა, რადგან 2012 წელს მიშას მაგიდაზე იდო დასაჭერთა სია და გვერწმუნეთ, ტოტალურ დაკავებებს დასავლეთი ხელს არ შეუშლიდა, ცალ თვალს დახუჭავდა, მეორეს – მილულავდა და საბოლოო ჯამში, მივიღებდით იმავეს, რაც მანამდე იყო – გადავსებულ ციხეებსა და წამებას.
ცივილიზებული სამყარო ახალგაზრდებს ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ მოუწოდებს. ეს განსაკუთრებით დღეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ნარკოტიკები ყველა ქვეყნისთვის უკვე მთავარი და მომაკვდინებელი გამოწვევაა. მომხმარებელთა წლოვანება ისე შემცირდა, რომ ბევრ ქვეყანაში 10 წელსაც კი ჩამოსცდა. აგერ, ჩვენთან 14-15 წლის გოგო-ბიჭები დადიან გაბრუებულები (იმედია, ეს ყველაფერი 1 ივლისიდან შეიცვლება, ანუ მას შემდეგ, რაც ნარკოლიბერალიზაციას დაესმება დიდი წერტილი) და ამ დროს აუცილებელია წარმატებული სპორტსმენების წინ წამოწევა, მოზარდებისთვის იმის დანახვება, რომ შრომას მოაქვს შედეგი, წარმატება, ფული და ბევრი სხვა სიკეთე. ამას აკეთებს ყველა, მეტიც, სამთავრობო დონეზეც კი არის ეს ყველაფერი აყვანილი და მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ლიონელ მესის ქვეყნის მთავრობამ რამდენჯერმე სთხოვა კონკრეტული მესიჯების გავრცელება, რაზეც ლეო დათანხმდა და ლეგენდის სიტყვებმა შედეგი მოიტანა – მოზარდებზე დადებითი გავლენა იქონია. დღეს კი გვიმტკიცებენ, წარმატებული სპორტსმენები კი არა, რუსთაველზე მდგარი გაურკვეველი წარმომავლობის არსებები გავაღმერთოთო.
იმას თუ უკვირდებით, რომ ყველა წარმატებულ სპორტსმენს ბევრი შვილი ჰყავს? ისინი ასე გაიზარდნენ, ასეთი სული აქვთ, ასეთი მენტალიტეტი და იციან, რომ ოჯახურ იდილიასა და ტრადიციებს არაფერი სჯობს, ამიტომაცაა, სპორტში რომ ცდილობენ ლიბერალები ხელების ფათურს და ბოლო ხანს არცთუ უშედეგოდ ახერხებენ კიდეც. ლიბერალთა მთავარი გამარჯვება, მათი მონდომებისა და მცდელობის პიკი პარიზის ოლიმპიადის გახსნა იყო, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი გააპროტესტა, მაგრამ არ იყო ეს პროტესტი ისეთ, როგორსაც ეს მოვლენა იმსახურებდა. უფრო კარგი იქნებოდა, ქვეყნების უმრავლესობას ბოიკოტი გამოეცხადებინა ამ უმსგავსობისთვის და ეჭვი გვაქვს, 2028 წლის ოლიმპიადისთვის, რომელიც ამერიკაში უნდა გაიმართოს, უფრო ცუდს მოიფიქრებენ, თუ ამ ყველაფერს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ შეუშლის ხელს და პირადად არ ჩაერევა.
მანამდე კი ჩვენ, მოსახლეობის უმრავლესობამ, ვიზეიმოთ ქართველი სპორტსმენების წარმატებები, ჩვენ დავუკრათ ტაში, ჩვენ დავუდგეთ ფეხზე. მათ კი, ვისაც უცხოეთში საქართველოს დროშის ფრიალი ნერვებს უშლის, შეუძლიათ, აქ დროშის ტარები იქნიონ.
ლევან გაბაშვილი