ამოუვსები სიცარიელე

    ორი რამ სძულდა კაპიტალისტურ დასავლეთს: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) და მართლმადიდებლობა. საბჭოთა კავშირი ე.წ. ცივ ომში დაამარცხეს საკუთარი აგენტების ხელით და ისიც  მოახერხეს,  რომ ამ ქვეყნის სათავეში ეს აგენტები მოეყვანათ. მას შემდეგ ოცდათხუთმეტი წელიწადი გავიდა.  ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი რუსეთს ებრძვის და ეს ბრძოლა წუთითაც არ შეუჩერებია. ამ ბრძოლასაც ორი მიზეზი აქვს: 1. რუსეთი ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც კოლექტიური დასავლეთისა და სამხედრო ბლოკ ნატოს ბაირახტარ სახელმწიფო აშშ-ს არ აძლევს მსოფლიო ჰეგემონად ჩამოყალიბების საშუალებას; 2. რუსეთი მართლმადიდებლობის ფორპოსტად და დასაყრდენად ჩამოყალიბდა, ანუ ახდა შუა საუკუნეების ის წინასწარმეტყველება, რომ „პირველი რომი იყო რომი, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, მესამე რომი არის მოსკოვი და მეოთხე რომი აღარ იქნება!”

    გასაგებია,  რატომ შეიძლება სძულდეს დასავლეთს ბირთვული რუსეთი. ეს ის ზესახელმწიფოა, რომელიც დასასვლეთისთვის ალტერნატივაა, საპირწონეა, ხელისშემშლელი ფაქტორია. ეს მიზეზი, რა თქმა უნდა, საკმარისზე მეტია მტრობისა და სიძულვილისთვის, მაგრამ სიძულვილის განმაპირობებელი უმთავრესი მიზეზი მაინც მართლმადიდებლობაა. რით არის დასავლეთისთვის ასე მიუღებელი და საძულველი მართლმადიდებლობა? საქმე ის არის, რომ დასავლეთის იდეოლოგია ცრუ თავისუფლებაზე, ფასადურ დემოკრატიასა და დეზინფორმაციაზეა აგებული. ე.წ. ლიბერალური დემოკრატია, რომელიც საბოლოოდ გაბატონდა დასავლეთში, მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელ მოაზროვნე ჯონ ლოკის სახელს უკავშირდება. ჯონ ლოკის პოლიტიკურ ფილოსოფიაში იმ ეპოქისთვის, როდესაც მონარქია მმართველობის ერთადერთი ფორმა იყო, შეიძლება ბევრი რამ მართლაც პროგრესული ჩანდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მასში რევოლუციური არაფერი ყიფილა. ამ განცხადებას როდესაც ვაკეთებ, მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ჯონ ლოკს აზრადაც არ მოსვლია შრომის გათავისუფლება ექსპლუატაციისგან. მისი პროგრესულობა ფეოდალური სისტემიდან კაპიტალისტურ სისტემაში ანუ მონარქიიდან სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლაში მდგომარეობდა, მაგრამ იგი საზოგადოებას  ვერ ათავისუფლებდა სოციალური უთანასწორობისგან, ქონებრივი დიფერენციაციისა და დაქირავებული შრომისგან ანუ ადამიანის მიერ ადამიანის დაქირავების აუცილებლობისა და ნებადართულობისგან. პოლიტიკურ ფილოსოფიაში ნამდვილი რევოლუციური მიდგომით კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი გამოირჩეოდნენ, რომლებმაც კაცობრიობას თავიდან ბოლომდე გამართული და მწყობრი სისტემა შესთავაზეს, რომელშიც წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება კატეგორიულად იკრძალებოდა და  ავტომატურ რეჟიმში გამორიცხავდა ადამიანის მიერ ადამიანის დაქირავებას, მაშასადამე, ექსპლუატაციას. მათ შექმნეს ჯონ ლოკისგან სრულიად განსხვავებული თეორია, რომელიც კომუნისტური პარტიის მანიფესტში ჩამოაყალიბეს. დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგია კატეგორიულად ემიჯნება მარქსიზმს. შესაძლებელია, ერთი შეხედვით  უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დასავლეთში მარქსიზმი იმიტომ სძულთ, რომ იგი ძალიან ახლოს დგას ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) დოგმებსა და სენტენციებთან. ებრძვიან რა მართლმადიდებლობას, ებრძვიან სოციალიზმს და, ებრძვიან რა სოციალიზმს, ებრძვიან მართლმადიდებლობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ებრძვიან სამართლიანობას, განსაკუთრებით კი მის ერთ კონკრეტულ ფორმას – სოციალურ სამართლიანობას. ესაა ფორმულა, რომლითაც დასავლეთი მოქმედებს. ასე იმიტომ ხდება, რომ სამართლიანობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაგება ანუ სოციალური სამართლიანობა ანგრევს იმ ფუნდამენტს, რომელზეც კაპიტალიზმის საფუძველთა საფუძველი დგას – ადამიანთა შრომის ექსპლუატაცია და აქედან მიღებული კოლოსალური მოგება. ჩემი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ თქმა იმისა, რომ მარქსისტული ფილოსოფია ათეიზმს ქადაგებდა და იგი ქრისტიანობასთან კავშირში ვერ იქნებოდა, უსუსური არგუმენტია. მარქსიზმი ისტორიისა და მატერიის კანონზომიერებებს ეფუძნებოდა და იდეალისტურ მსოფლმხედველობას უპირისპირდებოდა, მაგრამ ის არასოდეს დაპირისპირებია რელიგიური მოძღვრებების მიერ ნაქადაგებ ზნეობას, სიყვარულს, სიკეთესა და ჭეშმარიტების შეცნობის სურვილს. ასე რომ, იდეალისტური მსოფლმხედველობის ნაცვლად მატერიალისტური მსოფლმხედველობის აღიარება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იდეალისტური მსოფლმხედველობის მიერ აღიარებული და ნაქადაგები მიმართულებების უარყოფას.

    ვშიშობ, სათქმელი არ გამიგრძელდეს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი: დასავლურმა იდეოლოგიამ ერთნაირად აითვალისწუნა მარქსიზმიც და ქრისტიანული (განსაკუთრებით მართლმადიდებლური) მორალიც. ამასაც აქვს ახსნა. დასავლეთში გავრცელებული ქრისტიანული მიმდინარეობები მეტ-ნაკლებად მოერგო კაპიტალისტურ იდეოლოგიას, მართლმადიდებლობა კი უფრო მდგრადი და შეუვალი აღმოჩნდა.

    ამ მიმართულებით მსჯელობას აქ შევწყვეტ და ჩემს მთავარ სათქმელზე გადავალ.

    პატრიარქის რანგში ილია მეორის სამოღვაწეო პერიოდის პირველი ეტაპი (1977-1991წ.წ.) დაემთხვა დასავლეთის გააფთრებულ ბრძოლას საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ, მეორე ეტაპი კი (1992-2026 წ.წ) – დასავლეთის გააფთრებულ ბრძოლას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ილია მეორეს პატრიარქობის მთელი პერიოდი მასთან გაუთავებელი ბრძოლისა და დაპირისპირების პერიოდი იყო. მას გამკლავება უწევდა ქვეყნის გარეთ მოქმედ გლობალურ ძალებსა და ქვეყნის შიგნით მოქმედ აგენტურულ ქსელთან. მძიმე იყო მისი ჯვარი. მას ლავირების გზით უწევდა ბრძოლა და შრომა ქვეყანაში მართმადიდებელი სულის ასაღორძინებლად, ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის მთლიანობისთვის; განუზომელია მისი ღვაწლი, ისევე, როგორც განუზომელია მისი ავტორიტეტი და მის მიმართ საერთო-სახალხო ავტორიტეტი. იგი პატრიარქი იყო არამხოლოდ მართლმადიდებელი მრევლისთვის, არამედ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, რომელი კონფესიის ან რომელი მსოფლმხედველობის მატარებლები იყვნენ ისინი. ილია მეორე არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საერთო-სახალხო-საყოველთაო პატრიარქი იყო – ქვეყნის ნამდვილი წინამძღოლი. მეტსაც ვიტყვი: მასზეა ზედგამოჭრილი ცნობილი ქართული სენტენცია: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”, ოღონდ ასეთი პერიფრაზით: რასაც ხელისუფლების სხვადასხვა თაობა ანგრევდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშენებდა. ასე იყო კომუნისტების ბოლო პერიოდში და ასე გაგრძელდა დამოუკიდებელ საქართველოშიც: სამოქალაქო ომი; ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; მტრობის გაღვივება რუსეთთან; ყოვლად არაჯანსაღი (მონური) დამოკიდებულება დასავლეთთან და სხვა მრავალ მიუტევებელ შეცდომასა თუ დანაშაულს ილია მეორეს ბრძნული დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ანეიტრალებდა.

    აღესრულა ჭეშმარიტად უზარმაზარი პიროვნება, მოღვაწე, მოამაგე საქართველოს უახლესი ისტორიისა. დარჩა ამოუვსები სიცარიელე საეკლესიო და საერო ცხოვრებაში. გაცივება არ აცალეს ილია მეორეს სხეულს, ისე აკრიახდნენ, აქოთქოდნენ და აქოთდნენ ავი სულები, საქართველოს უბოროტესი მტრები, დასავლეთის ყველაზე ბნელი ძალების აგენტურის წარმომადგენლები. ეს შესავალია მხოლოდ. ისინი ძალას იკრებენ, ქართულ, სამოციქულო, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შტურმის განსახორციელებლად. მათი ერთ-ერთი  მიზნის, მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის, დრო დადგა, ისევე, როგორც უკრაინაში ჩაიდინეს. ახლა მთელ ძალისხმევას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სწორედ აქეთ მიმართავენ, ამიტომ ერსა და ბერს გაერთიანება გვმართებს. სრულიად ვიზიარებ იმ პათოსსა და სულისკვეთებას, რომელიც ამ საკითხზე  სამეგრელოს უხუცესთა საბჭომ გამოთქვა: „სამეგრელოს უხუცესთა საბჭო წმინდა სინოდის თითოეულ წევრს მოუწოდებს, რომ უმნიშვნელოვანესი საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცედ აღუდგნენ ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან განხორციელებულ იმ პოლიტიკურ შანტაჟსა და ზეწოლას, რომლის წინაშეც გარდაუვლად აღმოჩნდებიან. სამეგრლოს უხუცესთა საბჭო საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ წმინდა სინოდის წევრებისთვის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების პირობების შესაქმნელად, მათი უსაფრთხოების დასაცავად და მათზე გარედან ზეგავლენის მოხდენის გამოსარიცხად”.

    გამოვხატავ ჩემს უმძიმეს გულისტკივილს ქართველი ხალხის მიერ სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხილი პატრიარქისა და ერის სლიერი მამის ამა სოფლიდან განრიდების გამო!

    ვლოცულობ მისი სპეტაკი სულის ნათელსა და სიწმინდეში დასავანებლად!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here