Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკული იმედების გაცრუების სამიტი

ამერიკული იმედების გაცრუების სამიტი

87
ამერიკული იმედების გაცრუების სამიტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველმა გაუწოდა ხელი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს ჟენევის სამიტის დაწყების წინ და ამით მსოფლიოს უთხრა, რომ მოსკოვის გარეშე სერიოზული საკითხების მოგვარება შეუძლებელია. 16 ივნისს ჟენევაში, ულამაზეს ვილა “ლა გრანჟში” გამართული რუსულ-ამერიკული უმაღლესი დონის შეხვედრა პირველი იყო 2018 წლის შემდეგ. მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.

“ვიწრო წრეში” მოლაპარაკებებმა დაახლოებით 2 საათს გასტანა _ დაგეგმილზე ნახევარი საათით მეტხანს. ხანმოკლე შესვენების შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით. რუსეთის მხრიდან მასში ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გარდა მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, სახელმწიფო მეთაურის თანაშემწე იური უშაკოვი, გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, სირიის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლავრენტიევი და აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი.

ამერიკული იმედების გაცრუების სამიტი

ამერიკის მხრიდან ჯო ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ: მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის საკითხების დეპარტამენტის უფროსი დირექტორი ერიკ გრინი, ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის საკითხების დეპარტამენტის დირექტორი სტერგოს კალუდისი.

შეხვედრა ჟენევაში ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო: პუტინმა და ბაიდენმა ერთმანეთს მოუსმინეს, მერე თავიანთი თვალსაზრისი გამოთქვეს და მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდეს. მნიშვნელოვანზე არაფერზე შეთანხმულან _ ელჩები დაბრუნდებიან, შესაძლოა, გაიცვალოს პატიმრები, და მოილაპარაკეს, რომ დაიწყება მოლაპარაკებები შეიარაღების საკითხებზე. “უახლოეს ხანში დაიწყება კომპლექსური დიალოგი სტრატეგიულ სტაბილურობაზე, რომელიც იქება საგნობრივი და ენერგიული” და მორჩა? დიახ, მაგრამ მეტს არც არავინ ელოდა. თუ მაინც ელოდნენ?

ორი პრეზიდენტის პრესკონფერენციებიდან გამომდინარე, იმედგაცრუებული ამერიკელები არიან. ოკეანისგაღმელი ჟურნალისტების კითხვებმა ამ საკითხზე ეჭვები გაფანტა: აშშ-ში რუსეთის პოლიტიკის შეცვლას ელოდნენ.

ამერიკული იმედების გაცრუების სამიტი

გასაგებია, რომ ამ იმედით იკვებებოდა არა ვაშინგტონის ადმინისტრაცია, არამედ საზოგადოების ნაწილი, უფრო ზუსტად _ მასმედია, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის. ეს მკაფიოდ გამოსჭვივოდა კითხვებში, რომლებიც ამერიკელმა ჟურნალისტებმა პუტინს დაუსვეს: “დაიკისრეთ პასუხისმგებლობა (კიბერშეტევებზე, უკრაინაზე და ა.შ.)?”

ბაიდენს კი, რომელიც პრესკონფერენციიდან გადიოდა, პრაქტიკულად, ზურგში მიაძახეს: “თქვენ ხომ თქვით, რომ პუტინი შეცვლიდა თავის საქციელს, ის კი კვლავ ყველაფერს უარყოფს და თავის გზას მიჰყვება!” ბაიდენი იძულებული შეიქნა, დაბრუნებულიყო და ეპასუხა, რომ მას ყურადებით არ უსმენენ, ასეთი დაპირება არ გაუცია და თქვა მხოლოდ ის, რომ ეს შეიძლება მოხდეს, თუკი რუსეთს სრულიად მსოფლიო მოაქცევს წნეხში.

საიდან გაჩნდა ასეთი მოლოდინი? ეს მოლოდინი შედეგია მსოფლიოს დამახინჯებული რუკისა, რომელიც ამერიკის ელიტის წარმომადგენელთა თავშია, თანაც ეს რუკა ორჯერ არის დამახინჯებული: პირველი _ აშშ-ის ისტებლიშმენტს სჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უწინდებურად ყველას კარნახობს თამაშის წესებს; მეორე _ ტრამპთან ბრძოლისას მან ირწმუნა თავისივე გამოგონილი (იარაღად გამოიყენა მისთვის მიუღებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ), რომ რუსეთი ერევა ამერიკის საქმეებში და ახლა ელოდება რუსეთის დასჯას და მისი პოლიტიკის შეცვლას. და ამას რა უნდა მოუხერხონ, გაუგებარია არა პუტინისთვის, არამედ ბაიდენისთვის, რომელმაც თვითონ მოისურვა შეხვედრა _ ეს, ძირითადად, განპირობებული იყო საშინაო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რათა წარმოეჩინა თავისი განსხვავება ტრამპისგან, რომ აქვს თავისი წინამორბედის “შეცდომების”, “ჩაფლავებებისა” და “დათმობების” გამოსწორების უნარი. დაუჯერა მრჩევლებს და თითქოს კარგად მოემზადა “სასტიკ ვლადიმერთან” მოლაპარაკებებისთვის. შეაქო კიდეც ჰილარი კლინტონმა.

ამერიკული იმედების გაცრუების სამიტი

“ის, რაც ამჯერად იყო დადგმული: ხელის სწრაფი ჩამორთმევა, ფოტოების გადაღებაზე უარი, ოთახში სწრაფად შესვლა, არანაირი ერთობლივი პრესკონფერენცია _ ეს ყველაფერი მართლაც ძლიერი დიპლომატიური სიგნალია იმაზე, რასაც ველოდებით. ჩვენ ველოდებით ღია პირდაპირ საუბარს… “ვლადიმერ, მოდი, ვისაუბროთ, როგორ ვიმოქმედოთ ჩვენ სამომავლოდ. აშკარაა, რომ ჩვენ კვლავ დაგიწესებთ სანქციებს, და, თუ ეს არ შეგაჩერებს, შედეგები უფრო სერიოზული იქნება”.

და აი ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “მსოფლიოში მცირდება პუტინისადმი ნდობა” და, საერთოდ, რუსეთს არ შეუძლია, მსოფლიოს უკარნახოს თავისი პირობები; არ შეუძლია, უკარნახოს მისთვის სავალალო შედეგების გარეშე”.

და ეს არის ზესახელმწიფოს ძლიერი პოზიცია? ბაიდენმა თავისი დღის წესრიგი მოახვია თავს პუტინს?

როგორც ბაიდენმა თქვა, პუტინს განუცხადა, რომ ის ვერ გაამართლებს რუსი ხალხის იმედს, თუ არ დაიცავს ადამიანის უფლებებს, ამიტომ აშშ ყოველთვის წამოწევს წინ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნავალნის საქმე. აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას კვლავ გაიმეორა, რომ “ნავალნის სიკვდილს ციხეში, სერიოზული შედეგი მოჰყვება”. ამ თემაზე ამერიკელმა ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს პუტინს. შეტევითი სტილია?

პირიქით _ ბაიდენმა დაუჯერა მრჩევლებს და სრულიად უაზრო ტაქტიკა აირჩია: ელაპარაკა პუტინთან ნავალნიზე, იმიტომ, რომ რუსეთი ამას ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს თავის საშინაო საქმეებში ჩარევად.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა ბაიდენის პრესკონფერენციაზე არ დაუშვეს არც ერთი რუსი ჟურნალისტი პროამერიკული, “სვობოდნაია პრესას” წარმომადგენლის გარდა. “ავტოკრატი” პუტინის პრესკონფერენციაზე კი, რუსი ჟურნალისტების გარდა, იყვნენ CNN-ის, BBC-ისა და დასავლეთის სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

პუტინმა ნავალნიზე კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა: “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი თავის მტრად გამოაცხადა, კონგრესმა ეს 2017 წელს გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში შეტანილია დებულებები იმის შესახებ, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ მმართველებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კანონმდებლობაში ამერიკაში. ახლა ასეთი კითხვა დავსვათ: თუ რუსეთი მტერია, მაშინ რომელ ორგანიზაციებს დაუჭერს მხარს ამერიკა რუსეთში? ვფიქრობ, არა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც განამტკიცებს რუსეთის ფედერაციას, არამედ მათ, რომლებიც ამუხრუჭებენ მის განვითარებას _ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საჯაროდ გაცხადებული მიზანი.

ასე რომ, ეს არიან ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ აშშ-ის პოლიტიკის რეალიზებას რუსეთის მიმართულებით. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენ? ვფიქრობ, გასაგებია _ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ”.

ბაიდენის მხრიდან უაზრობა იყო პუტინთან ნავალნიზე მსჯელობა: რუსეთზე ზემოქმედების ინსტრუმენტის რანგში ეს თემა უსარგებლოა, კონტრპროდუქტიულიც კი, თუ ურთიერთგაგების მიღწევა გსურს. მოსკოვი აქ არაფერს დათმობს, მაგრამ შეიძლება, ეს საკითხი ბაიდენისთვის არის სასარგებლო შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით?

არა. იმიტომ, რომ პუტინმა ბურთი მყისვე დააბრუნა ბაიდენის ტერიტორიაზე, როცა მას აშშ-ში აგორებულ საპროტესტო ტალღასა და არეულობებზე შეახსენა, თანაც ეს გააკეთა მაშინ, როცა ამერიკელი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

“თქვენ როგორ მოეპყარით მათ, ვინც პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდა კონგრესზე შტურმისას იანვარში? თანაც, ტრამპს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე ნავალნის რუსეთში, რაც, სხვათა შორის, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რეალურად ვინ ვისი “გავლენის აგენტია”.

ასე რომ, ნავალნის თემის წამოწევით ბაიდენი თავის თავს ვერ დაეხმარა პუტინთან მოლაპარაკებებში _ პირიქით, მან გაუიოლა კიდეც რუსეთის პრეზიდენტს ამოცანა სამიტზე: უკეთესად შეიტყო, ვინ არის ბაიდენი. პუტინმა დაინახა, რომ მის წინაშეა ისევ ის ადამიანი, რომელიც 10 წლის წინათ უყვებოდა ამერიკული დემოკრატიის ტრადიციების სასიკეთო გავლენაზე რუსეთისთვის, ე.ი., ადამიანი წარსულიდან, ყველა თვალსაზრისით. ეს არ ნიშნავს, რომ მასთან არ შეიძლება ლაპარაკი. ეს ნიშნავს, რომ მისი წარმოდგენა ამერიკის შესაძლებლობებზე წარღვნამდელ, ტრამპამდელ დონეზე დარჩა.

შეხვედრის შედეგების მიხედვით არანაირი ახალი ილუზია არ გაჩენილა, “მე არც ძველი ილუზიები მქონია. ილუზიები არანაიარი არ არის და არც იქნება” _ თქვა პუტინმა.

ამ შეხვედრაზე ერთმანეთისთვის წითელი ხაზები არ გაუვლიათ, მაგრამ რუსეთის არაპროგნოზირებულობაზე პუტინმა ჟურნალისტებს მკვეთრად მოუჭრა: “ჩვენ აბსოლუტურად ადეკვატურად ვიქცევით წარმოქმნილი საფრთხეების წინაშე”. და დასძინა: “აუცილებელია, მოვილაპარაკოთ ქცევის წესებზე”. მაგრამ როგორ უნდა მოელაპარაკო ქცევის წესებზე მას, ვინც თავს მიიჩნევს უფლებამოსილად, ასეთი წესები თვითონ დააწესოს და სხვებს თავისი ნება უკარნახოს? შეიძლება, მხოლოდ თავაზიანად აუხსნა, რომ ის მართალი არ არის, ამასთანავე, განაგრძო შენი გზით სიარული და საკუთარი ინტერესების დაცვა ყველა მეთოდით. ასე მოახლოვდება დრო, როცა ჩვენ თვალწინ (და ჩვენი მონაწილეობით) მიმდინარე ცვლილება ეპოქებისა “კაზინოს ყოფილ მეპატრონეებს” აიძულებს, მიიღოს ძალთა ახალი ბალანსი და მსოფლიო მოწყობის ახალი წესები.

რეზიუმე

* სამიტის პირველივე წამებიდან ცხადი შეიქნა, რისთვის ჩავიდა პუტინი ჟენევაში _ გამარჯვებისთვის. როცა ბაიდენმა პირველმა გაუწოდა ხელი, ამით მიანიშნა, რომ ენდობა პრეზიდენტს ქვეყნისა, რომლის დემონიზებასა და “იზოლირებასაც” აშშ ცდილობს, ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ აშშ კურსის შესაცვლელად ემზადება.

* მეორე _ რუსეთმა დაადასტურა ზესახელმწიფოს სტატუსი _ პოლიტიკური და სამხედრო, რადგან ასეთ სამიტებს აშშ არავისთან მართავს.

* მესამე _ რუსეთმა თავისი დელეგაციის სახით, ჟენევაში მოლაპარაკებების გამართვის მანერით, მსოფლიოს აჩვენა თავდაჯერებულობა თავის ძალებსა და შესაძლებლობაში. ეს განსაკუთრებით ჩანდა აშშ-ის პრეზიდენტის ფონზე, რომელსაც გარემოცვამ პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარების უფლება არ მისცა. და არც რუსი ჟურნალისტები დაუშვეს მისთვის კითხვების დასასმელად.

* მეოთხე _ მსოფლიოსთვის ნათელი შეიქნა, რომ რუსეთის გარიყვა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან არ გამოვა. ამის მაგალითი თვითონ აშშ-მა მისცა სხვა სახელმწიფოებს, როცა ეს სამიტი მოაწყო.

* მეხუთე _ ჟენევაში აშშ-მა თვითონ დაასამარა “ერთპოლუსიანი მსოფლიოს” ქიმერა, როცა აჩვენა, რომ არც ერთი გლობალური საკითხი რუსეთის გარეშე არ გადაწყდება.

ria.ru-სა და tsargrad.tv-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here