Home რუბრიკები საზოგადოება აზიური ფაროსანას შეგროვება _ ახალი ბიზნესი აფხაზეთში

აზიური ფაროსანას შეგროვება _ ახალი ბიზნესი აფხაზეთში

4243
ფაროსანა

როგორც გაირკვა, სასოფლოსამეურნეო მავნებლის მეშვეობით ფულის შოვნა შეიძლება _ აფხაზეთში სამეცნიერო კვლევებისთვის აზიური ფაროსანას შეგროვება დაიწყეს.

მას, ვინც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში 1კგ აზიურ ფაროსანას ჩააბარებს, ათას რუბლს (18 დოლარს) გადაუხდიან, _ განაცხადა სოხუმში გამართულ თათბირზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულატ ხატუოვმა. როგორც მედიაპლატფორმა JAMNEWS-ი იუწყება, თათბირი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში აფხაზი და რუსი სპეციალისტების კოორდინაციის საკითხებს ეძღვნებოდა.

“უახლოეს პერიოდში ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭიროა ფაროსანების დიდი მასა, და რუსული მხარე, მოსახლეობის დამატებითი სტიმულირების მიზნით, ფასს აცხადებს _ ათასი რუბლი ერთ კილოგრამ აზიურ ფაროსანაში, რომელიც უახლოეს ორ კვირაში შეგროვდება. ფაროსანა საჭიროა დამატებითი სამეცნიერო კვლევისთვის, რომელიც სწრაფად უნდა ჩატარდეს. კვლევა მანამდე უნდა ჩავატაროთ, ვიდრე ძალიან დათბება”, _ აღნიშნა ჯამბულატ ხატუოვმა. კვლევის შედეგებს აფხაზეთში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად გამოიყენებენ.

“ყველა რაიონში აღმოჩენილია ფაროსანა, რომელიც გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გააქტიურებას იწყებს. დასკვნა _ აფხაზეთის ტერიტორიაზე მავნებელი არსებობს და მასთან ბრძოლაა საჭირო, _ ამბობს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა მეურნეობის დეპარტამენტის დირექტორი პეტრე ჩეკმარიოვი.

აზიური ფაროსანა აფხაზეთში ოთხი წლის წინათ გამოჩნდა და ამ პერიოდში ადგილობრივი სოფლის მეურნეობა ძალიან დააზიანა. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში მანდარინის, თხილისა და ნიგვზის მოსავალი 70 %-ით შემცირდა. აფხაზეთის ბიუჯეტიდან 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 20 მილიონი რუბლი გამოიყო (დაახლოებით 400 ათასი დოლარი). აფხაზეთს მავნებელთან საბრძოლველად ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ, კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ მოსახლეობას მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ყველაფერი იქით მიდის, რომ, შესაძლოა, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის საზღვარი ჩაიკეტოს”.

“აპრილში აზიური ფაროსანა გამოიღვიძებს და ფრენას დაიწყებს. ჯერჯერობით მათი რაოდენობა დიდი არ იქნება. ძირითადი შემოტევა ივლისში დაიწყება”, _ განუცხადა JAM NEWS-ს ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა. ეკოლოგს მიაჩნია, რომ სხვადასხვა მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლისთვის აუცილებელია მცენარეთა დაცვის სისტემის მოდერნიზაცია.

“აუცილებელია კვალიფიციური კადრების, აგრონომების, ენტომოლოგების მომზადება, სპეციალიზებული ტექნიკის მოძველებული პარკის განახლება. “შედეგი მხოლოდ მაშინ გვექნება”, _ ამბობს დბარი.

სოციალურ ქსელში მოსახლეობისგან აზიური ფაროსანას შესყიდვის ინიციატივას იუმორით შეხვდნენ:

* რამდენს იწონის ერთი ფაროსანა? ვფიქრობ, ზამთრის შიმშილობის შემდეგ, ალბათ, 1 გრამზე ნაკლებს. 1000 ფაროსანაზე მეტი როგორ უნდა შევაგროვოთ? რომ გვცოდნოდა, ზამთარშივე დავიწყებდით შეგროვებას. აფსუს, რამდენი გავანადგურეთ და გადავყარეთ ტყუილად.

* ისე არ მოხდეს, რომ ამ კეთილშობილურმა ინიციატივამ ჩვენს ბიზნესმენებს ფაროსანების ფერმის შექმნისკენ უბიძგოს.

* სასწრაფოდ უნდა დაწესდეს მუხლი აზიური ფაროსანას კონტრაბანდაზე.

სოფო კაკაჩია

P.S. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს ამონტაჟებენ. რეგიონში 1300 ერთეული სპეციალური დამჭერი ხაფანგი განთავსდება. მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა, ხოლო შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. 2017 წელს აზიურ ფაროსანაზე მონიტორინგის მიზნით ქვეყანაში 21 ათასი ხაფანგი დამონტაჟდა.

1 COMMENT

  1. ფულს იქეთ მოგცემენ ოღ
    ონდ ეს შემოყვანილი მწერები მოაშორო.გუშინ სამი ვედრო ფაროსანა მოვწამლეთ.ოზურგეთი ჯუმათი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here