Home რუბრიკები სამართალი ადვოკატი გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე – პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო...

ადვოკატი გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე – პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო – ეს იყო დაგვიანებული შეწყალება

17659
ირაკლი ჩომახაშვილი

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის პრეზიდენტის მიერ შეწყალებას, ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სამართლიანს უწოდებს. როგორცინტერპრესნიუსთანსაუბარში ჩომახაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაგვიანებული, თუმცა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველმა და მეორე ინსტანციამ ასლან ბეჟანიძე სრულიად უდანაშაულოდ სცნო, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაწერა საგამონაკლისო განაჩენი, რომელიც არის არამხოლოდ ადვოკატებისთვის ტრაგედია, არამედ საზოგადოებისთვის, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დარღვეულია ევროპის კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ასლან ბეჟანიძეს ჩადენილი არ აქვს დანაშაული და ნინო გვენეტაძემ დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ნინო გვენეტაძემ საერთოდ არ იცოდა სისხლის სამართლის საქმე, განაჩენი ფაქტობრივად სამარცხვინოა, რაც უზენაესი სასამართლოს საიტზე დევს. ამ საქმეზე ნამდვილად არსებობდა პოლიტიკური და თუნდაც, პირადი დაინტერესება წარსულში მაღალჩინოსნების. ეს იყო დაგვიანებული შეწყალების ქრონიკა. მიუხედავად ამისა, ბრძოლას არ ვწყვეტთ, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ევროპულ სასამართლოში, დარწმუნებული ვარ, დარღვევა დადგინდება”, -განაცხადა ჩომახაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალებით ადვოკატებმა მიმართეს და სალომე ზურაბიშვილთან სხვა პირს არ უშუამდგომლია.

“ეს მოხდა ადვოკატების საერთო კონსულტაციის შედეგად და გამზადდა შეწყალების განცხადება. ოჯახმა, თავად მსჯავრდებულმა და ჩვენ ერთობლიობაში მივმართეთ პრეზიდენტს, არამხოლოდ ამ პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტსაც მივმართეთ. ვიმეორებ, პრეზიდენტმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც დაგვიანებული იყო, თუმცა, სამართლიანი, ვინაიდან არც ერთი უდანაშაულო ადამიანი უკანონოდ არ უნდა იხდიდეს სასჯელს, მითუმეტეს, მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა”, – განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გამართლდა. ხოლო, უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ბეჟანიძემ პენიტენციური დაწესებულება 28 აგვისტოს დატოვა.

https://www.interpressnews.ge   

1 COMMENT

  1. ჩომახაშვილი ნაღდად აჩმახებს – უდანაშაულო კაცი 12 წლის განმავლობაში რატომ იმალებოდა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here