ადამიანები სამუშაოს საძებნელად საქართველოდან გარბიან… ღირსეული სამუშაოს!

    როდის დადგება უმუშევრობის პრობლემის რეალურად აღმოფხვრის საკითხი, არა ისე, ფურცელზე რომ წერენ ხოლმე არნახულ ეკონომიკურ წინსვლას?

    დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება გვპირდებოდა საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ ეს არ იყო არც ერთი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, რადგან, ასე რომ ყოფილიყო,  საკმარისი დრო ჰქონდა ყველას  სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემის მოსაგვარებლად. თუ დავაკვირდებით, ყველა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სათავეში რაც შეიძლება  დიდხანს დარჩენა იყო და ეს „დიდხანს“ ხშირად  ნებისმიერ ფასად უნდა გაგრძელებულიყო. ვის როგორ გამოუვიდა,  კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

    ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 14 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან ცოტაა. ამ ტემპით რომ ვიაროთ (და რატომ უნდა მოუმატოს ვინმემ?), ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლამდე მისასვლელად დაახლოებით 19-20 წელი დაგვჭირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გასაწევრებლად მზად, წესითა და რიგით, 2030 წელს უნდა ვიყოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში მიგრაცია ყოველწლიურად იზრდება და,  რაც დრო გადის, უფრო მეტი ადგილობრივი ტოვებს ქვეყანას,  უცხოელი  კი მეტი შემოდის. ამ ტემპით  საქართველოს დაახლოებით 35 წელი დასჭირდება ევროკავშირის დასაქმებისა და თვითდასაქმების საშუალო მაჩვენებლებამდე  მისაღწევად, ხოლო 63 წელი იმისთვის, რომ დაასაქმოს ყველა  ემიგრანტი, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით არიან   ქვეყნიდან გასულნი.

      რა გამოდის? ემიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ  არიან და მუშაობენ, სამშობლოში რომ დაბრუნდნენ და მხოლოდ მათ დასაქმებაზე ვიზრუნოთ, ყველას სრულად დასაკმაყოფილებლად  63 წელი იქნება საჭირო. ალბათ, უფრო ნაკლებიც, რადგან დაბრუნებული ემიგრანტების დიდი ნაწილი 63 წელს ფიზიკურად ვერ დაელოდება. გამოდის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  საქართველომ, სადაც დასაქმების პრობლემა არასდროს იყო, იმ ტემპით დაიხია უკან,  რომ საბჭოთა კავშირის პერიოდის მაჩვენებლებამდე  დაბრუნებასა და იმდენივე სამუშაო ადგილი შექმნას, რამდენიც იმხანად იყო,  ნახევარ საუკუნეზე მეტი სჭირდება. ჰოდა, „საგინებელ“ და „საზიზღარ“ საბჭოთა კავშირს კი ჩამოვრჩით ნახევარი საუკუნით და კიდევ იტყვიან, რომ იმხანად ცუდი იყო და განვითარება ჭირდაო. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ  საბჭოთა კავშირის პერიოდში უმუშევრობა იდევნებოდა და ისჯებოდა, ანუ, თუ იყავი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი, უნდა გემუშავა და სამსახურის პოვნა რთული არ იყო. არც ჩაწყობა და დარეკვები გჭირდებოდა;  არც იმას გეკითხებოდნენ, რომელი პარტიის წევრი იყავი და ვის უჭერდი მხარს. თუ პროფესია არ გქონდა, შეგასწავლიდნენ და ჯამაგირიც იმდენი გექნებოდა, თავსაც  გაიტანდი და ოჯახსაც  არჩენდი. ახლა კი…

    როცა ვამბობთ, რომ სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემის მოგვარება უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე წელიწადში საშუალოდ 14 ათასი ახალი ადგილია ან არ სჯერათ, ან არ სურთ, რომ დაიჯერონ და აღიარონ. უფრო ზუსტად, აუტკივარი თავის ატკივება არავის სურს, მაგრამ,  ვინც აიტკივა, შედეგსაც მიაღწია. მოდი, ბელარუსის მაგალითზე ვიმსჯელოთ და, სანამ ალექსანდრე ლუკაშენკოს გინებას დაიწყებთ, სანამ დიქტატორად მოიხსენიებთ, ის ვთქვათ, რაც მან საბჭოთა კაავშირის დანგრევის შემდეგ გააკეთა და ისიც, როგორ შეინარჩუნა არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ  საბჭოთა   სტრუქტურები. დავიწყოთ იმით, რომ ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბელარუსში შობადობა გაზრდილიყო, რომ ქვეყანას სამხედრო დაპირისპირება არც ერთ ქვეყანასთან  არ ჰქონოდა,  რომ პრიორიტეტი ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა. შედეგიც არის – ბელარუსის მოსახლეობის  85%-ს ადგილობრივები შეადგენენ. მათ ქვყნიდან წასვლის დიდი სურვილი არ აქვთ და არც ბელარუსშია სოფლებიისე ცარიელი, როგორც საქართველოში. მიზეზი მარტივია:  პრაქტიკულად, ყველა რაიონულ ცენტრში არის დიდი მეურნეობა. ლუკაშენკომ ყოფილი კოლექტივები  სახელმწიფო საწარმოებად აქცია. მათ დღემდე ამუშავებს და, რაც მთავარია, იქ ის ადამიანები არიან დასაქმებულნი, რომლებმაც საქმე იციან; სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდობასაც გათავისებული აქვს, რომ, თუ  უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარებს, სამსახურის შოვნა სოფლადაც  არ გაუჭირდება. ვიღაცას გაეცინება,  რა მიიღო ამით ბელარუსმაო?   თუნდაც ის, რომ მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 18 600 დოლარია. შესადარებლად: იგივე მაჩვენებელი პოლონეთში 15 988 დოლარია, საქართველოში – 10 747 დოლარი.

    პოლონეთი ტყუილად არ გვისხენებია. ამ ქვეყანაში საქართველოს ბევრი მოქალაქეა –  ბოლო 2-3  წლის განმავლობაში  ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან სწორედ პოლონეთში წავიდა. ვიღაც იტყვის: პოლონეთი ევროპაა, ბელარუსი – არაო, მაგრამ, როგორ გგონიათ, ეს ხალხი იქ ევროპისთვის მიდის თუ ლუკმაპურის საშოვნელად? რამდენმა იცოდით, რომ ცხოვრების დონით ბელარუსი პოლონეთს აღემატება? სანამ სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე დაიწყებთ საუბარს, გაიხსენეთ, რომ საფრანგეთში მარინ ლე პენის პარტია გააუქმეს, გერმანიაში კი  ბოლო არჩევნებში  მეორე ადგილზე გასული პარტიის გაუქმებას აპირებენ, იმ პარტიის, რომლის ლიდერიც კანცლერობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იყო. ჰო, ეს ყველაფერი ახლა ხდება. ჩვენ შეგვიძლია თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვთქვათ, რომ ამას ვერ ვხედავთ…

    მითხარით, რომელი საწარმოა საქართველოში სახელმწიფოს დაქვემდებარებული,  რაც მთავარია, რომელს არ სჭირდება  დოტაცია და მოგებაზეა? ასეთს ვერ დაასახელებთ, ამიტომ გეტყვით:  სახელმწიფოს ბალანსზეა საქართველოს რკინიგზა, სახელმწიფო ელექტროსისტემა, მელიორაცია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, „საქართველოს ფოსტა“ და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიეროტექნიკური ცენტრიდელტა. მათგან მხოლოდ რკინიგზამ დაასრულა წელი მოგებით (ასე არ ყოფილიყო, სირცხვილი იქნებოდა), დანარჩენები კი წაგებაზე იყვნენ და ფულს მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ. საუბარია, ათეულობით კი არა, ასეულობით მილიონზე…

    ორიოდე კვირის წინათ არ იყო, კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებულ რძეზე  ხმაური რომ ატყდა, ქათმის სკორეს ურევდნენ ძროხების საკვებშიო? ჰოდა, ასეთი რამ ბელარუსში არასდროს მოხდება, რადგან დირექტორმა კარგად იცის, რომ მფლობელი სახელმწიფოა, ანუ ხალხის წინაშეც პასუხს არა კერძო პირი, არამედ სახელმწიფო აგებს და გადაცდომის შემთხვევაში სასჯელი სახელმწიფოსგან წამოვა, ამიტომ  ყველა ცდილობს, არა მხოლოდ კარგი პროდუქტი აწარმოოს, არამედ ადგილიც შეინარჩუნოს. სავარაუდოდ, ამასაც უნდა დავაბრალოთ ბოლო პერიოდში ქართულ მარკეტებში მომრავლებული ბელარუსული რძის პროდუქტები.  მათ ეტიკეტებზე წაიკითხეთ, ბატონებო, და ნახავთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს. ისე, თუ დაუკვირდებით, სამუშაო ადგილების შექმნა ყველა პარტიისთვის წინასაარჩევნოდ  კარგი სავაჭრო თემაა. მეტიც, უზარმაზარ პროგრამასაც წერენ, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები;   ყველა პარტიის ლიდერი ამტკიცებს, რომ აქვს ამის უნარი, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  ეს უნარი სადღაც ქრება.  არც ერთი პარტიის ლიდერს არ უთქვამს, რომ საქართველოს  დაცარიელებულ სოფლებში შექმნის რაიმე საწარმოს ან  დაუმუშავებელ ტერიტორიებს თუნდაც საძოვრებად აითვისებს. იცით, რომ იმ  დაცარიელებულ სოფლებში ათეულობით ტონა სოკო იკარგება ყოველწლიურად, არავინ ჩადის და  არავინ კრეფს?  ბევრ ქვეყანაში (მათ შორის ევროპულშიც) კი  სწორედ ველურ პირობებში მოსულ სოკოს აწარმოებენ და იმპორტზეც გააქვთ, უზარმაზარ თანხებს შოულობენ არაფრისგან, მაგრამ  სხვაობა ის არის, რომ იქ  სოკოს შემგროვებელ ადამიანებს ადამიანურ გასამრჯელოს უხდიან და არა იმდენს, მხოლოდ ერთი დღეს ეყოს საკვებად. აგერ, წვიმების  შემდეგ გაიარეთ ნებისმიერი ტყის პირას და ნახავთ, რომ უამრავი სოკოა ამოსული და… უბრალოდ ლპება, ფუჭდება…

    4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება და ბევრი პოლიტიკოსის  საჭიდაო თუ საჯილდაო ქვა ის კი არ არის, რეგიონებში ხალხის დასაქმების ვინ როგორ პროგრამას წარადგენს, არამედ იმაზე მსჯელობენ, ვინ მიიღებს ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. პოლიტიკური შოუ ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, შემდეგ კი იწყება ისევ გადარჩენისთვის ბრძოლა,  სამუშაო ადგილების ძებნა, კვლავ იმავე წრეზე სიარული და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს. ვერ გეტყვით,  დღის წესრიგში ოდესმე მართლა თუ დადგება უმუშევრობის პრობლემის რეალურად აღმოფხვრის საკითხი,  არა ისე, ფურცელზე რომ წერენ ხოლმე ეკონომიკურ ზრდასა და არნახულ წინსვლას.

    სიმართლე მწარეა – ადამიანები სამუშაოს საძებნელად  საქართველოდან გარბიან… ღირსეული სამუშაოს!

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here