Home რუბრიკები პოლიტიკა აბსურდის თეატრი

აბსურდის თეატრი

179

გემახსოვრებათ, რა ამბავი ატეხა ხელისუფლებამ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გადაღებული კადრები გაავრცელა. მაშინ ითქვა, რომ ეს ყველაფერი მონტაჟი იყო, რომ მიშა ვერ გაბედავდა ჩამოსვლას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შსს ყველაფერს აკონტროლებდა, რომრომრომდა ამ განცხადებებს აკეთებდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, შს სამინისტროშემდეგ კი, როცა მთელმა სანზონამ და ნახევარმა ნახალოვკამ გაიგო, რომ მიშა საქართველოში იყო, ჩატარდა სპეცოპერაცია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. ამის შემდეგ იმავე ადამიანებმა განაცხადეს, რომ ზუსტად იცოდნენ, სად რა ხდებოდა, იცოდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო, მაგრამ გამოძიებას ხელი არ შეუშალეს.

ეს არის ტყუილი, რომელიც ხმამაღლა თქვეს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა. სწორედ რომ ტყუილი, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სააკაშვილი მართლა შემოვიდა საქართველოში. შემდეგ გავრცელებული ჩანაწერები მოგვიანებით გადაახვიეს და მოგვიანებით ნახეს. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ თურმე სუსი უთვალთვალებდა მიშას, მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა, რომ ბათუმში ნაძვის უკან მეეზოვის ფორმაში გადაცმული თანამშრომელი იმალებოდა… სისულელეა და აბსურდი. საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი შემოეპარა ისევე მარტივად, როგორც შემოდიან და გადიან სხვები. საზოგადოდ, ზღვისპირა სახელმწიფოებს ეს პრობლემა მუდმივად უდგას და ახალი ამბავი არ არის, უბრალოდ, ხმამაღლა ამას არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს, მაგრამ არც ასეთმამალ ტყუილსეუბნებიან მოსახლეობას. კეთილი, დავუშვათ (დავუშვათ-მეთქი), რომ დავიჯერეთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი იცოდა. რას ელოდა სამი დღის განმავლობაში? ვის შეხვდებოდა მიშა და რა დავალებებს მისცემდა? ესეც მორიგი ტყუილი გამოვა და შევთანხმდეთ, რომ არავინ არაფერი იცოდა. საზოგადოდ, ამჟამინდელი ხელისუფლების ძალოვანები ძალიან უცნაურად მოქმედებენ. ისინი არასდროს (ვიმეორებთ _ არასდროს) სჯიან ოპოზიციის ლიდერებს და, ახლა თუ ვინმე ნიკა მელიას მაგალითს მოიყვანს, სჯობს გაჩუმდეს. ეს არ იყო დასჯა, კრიმინალად ციხეში შეყვანილი მელია გმირად გამოუშვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მისი რეალური დაჭერა რომ ნდომებოდათ, მიზეზი არაერთხელ ჰქონდათ და თუნდაც სამაჯურის დაზიანება, რომელიც მან სახალხოდ გააკეთა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. მისცეს სამართალში? არადა მე, თქვენ, სხვას რომ გაეკეთებინა იგივე, რას იზამდნენ? სწორია _ დაგვიჭერდნენ, პასუხისმგებლობასაც დაგვაკისრებდნენ და სამაჯურის ღირებულებას _ 1500 ლარსაც “აგვახევდნენ” მშვიდად. ახლა _ გავრცელებულ ჩანაწერებზე:

“სქემა რომ არ გაშიფრულიყო, მაშინ დღეს საქართველოში შეიძლება უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო. ეს ეპიზოდიც, სავარაუდოდ, შევა დიდ სქემაში, რასაც ჰქვია ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა. ჩვენ წინ გვაქვს საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება, რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა. საქმე აღძრულია სსკ-ის 315 მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას შეთქმულების გზით. მოპოვებული იქნა ინფორმაცია კონკრეტული ჯგუფის განზრახვის შესახებ, რაც ავტომატურად იწვევს გამოძიების დაწყებას. მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა, ნებსით თუ უნებლიედ, მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ. მათ შორის, არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც”. ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გააკეთა.

ძალიან მარტივი შეკითხვა გვაქვს _ თუ ეს ყველაფერი ასეა, თუ საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ეხებოდა, რატომ არ არის დაკავებული ჩანაწერის მთავარი გმირი ბესიკ წერედიანი?! გინდათ, გითხრათ, რატომ? იმიტომ, რომ ისნაციონალური მოძრაობისპოლიტსაბჭოს წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეუხებლობის გარანტია აქვს და ძალოვნები კიდევ იმიტომ ვერ აკავებენ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს მარტივად შეფუთავს პოლიტიკური ნიშნით, რის შემდეგაც ხმას დასავლეთიც აიმაღლებს და ხელისუფლება სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდება. იმას მაინც თუ ხვდებით, ბატონებო, რომ დასავლეთის კაპრიზების შესრულების გამო დანაშაულის თანამონაწილეები ხართ _ იცით, დამნაშავე ვინ არის და არ აკავებთ. ან რა გახდა 9 წლის განმავლობაში ამ დასავლეთთან ან ურთიერთობის მოგვარება, ან იმის ახსნა, რომ მათ რეკომენდაციებს აღარ ვითვალისწინებთ და რამდენიც სურთ, იმდენი აპროტესტონ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში დასავლეთიდან წამოსასვლელი გრანტები შეფერხდება და სწორედ იმ გრანტების გამოა, დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ომახიანად რომ საუბრობს, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა პარლამენტარის იმუნიტეტზე მაგრად რომ იცავს და მოსახლეობის უმრავლესობას უსამართლობის განცდა აქვს. მიმდინარე აბსურდის ახსნას იურისტი, ყოფილი ადვოკატი მამუკა მდინარაძე შეეცადა და ძალიან დიდი სისულელე თქვა:

“წინა გამოძიებები რატომ არ მივიდა ბოლომდე? რატომ არ დააკავეს ვიღაც? იმიტომ, რომ ყველა დანაშაული ჩანასახშივე, დაგეგმისთანავე იქნა აღკვეთილი. ახლა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში რომ იყოს, ეს ხალხი უკვე დაჭერილი იქნებოდა. მათთვის ერთი საუბარიც კი საკმარისია, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი უწყებებისთვის საჭიროა მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი. როდესაც საუბრობენ გეგმაზე, ეს გეგმა სისრულეში თუ არ მოვიდა, შესაძლებელია, მათი დაკავება ვერ მოხერხდეს და არ განხორციელდეს _ არშემდგარ დანაშაულზე, რომელზეც ჩანასახშივე შესაბამის უწყებებს შესაბამისი რეაგირება აქვს, შესაძლებელია, დაკავებები არ განხორციელდეს, მაგრამ ძალიან კარგია, რომ უსაფრთხოების სამსახურს დასაწყისშივე ჰქონდა ინფორმაცია და მოხდა შესაბამისი პრევენცია გამჟღავნებით და საზოგადოებისთვის გაცნობით”, _ აღნიშნა მდინარაძემ.

ბატონო?! ადამიანთა ჯგუფი ნიღბებითა და იარაღით რომ დააკავოთ, იმას იფიქრებთ, ომობანას სათამაშოდ მიდიან თუ საყაჩაღოდო? და არ დაიჭერთ, რადგან მოსალოდნელი დანაშაული ჩანასახშივე აღკვეთეთ? რამხელა აბსურდში შედიხართ, ხვდებით, ბატონო მამუკა? რას ნიშნავს, ჩანასახშივე აღკვეთილი დანაშაულის გამო არავის ვიჭერთ ან კიდევ ეს ჩანაწერი მყარი მტკიცებულება არ არის? თუ მტკიცებულება არ არის, მაშინ რატომ მოგვასმენინეთ, ლევიტანივით ხმა აქვს წერედიანს თუ ბავშვებს მოეწონებოდათ მისი ტემბრი? იმას მაინც თუ ხვდებით, რომ ეს მტკიცებულება თუ არ არის, გავრცელებული საუბარი პირად სივრცეში შეჭრა და პირადი ცხოვრების დეტალების გამხელაა ჰო, სწორედ რომ პირადი ცხოვრების, რადგან, თუ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და დასაკავებლად არ კმარა, ჩემს მეგობრებთან რას განვიხილავ, არავის საქმე არ არის.

ის თუ იცის უსაფრთხოების სამსახურმა, რომ სწორედ დაუსჯელობის სინდრომის ხიბლით გადადის ბევრი ადამიანი ოპოზიციის მხარეს? მათ ზუსტად იციან, რომ მიეტევებათ ისეთი რამ, რაც არ მიეტევება რიგით კანონმორჩილ ადამიანს, რომელიც აპოლიტიკურია და არ აინტერესებს არც ერთი მხარე. და ამ აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, უკვე წლებია.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას აპირებს ხელისუფლება ან რას გულისხმობს ათეულობით ტომებში, რომლებსაც მალე გაგვაცნობენ, მაგრამ სასაცილოა, როცა ათეულობით ტომს აანონსებ და ამ მომენტში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი კაცი გყავს დაკავებული და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობ. თუ მიშას მართლაც აკონტროლებდნენ, სად არის, მის მიერ გადაღებული ვიდეოების გარდა, ჩაწერილი თუნდაც ერთი, ფარული მიყურადების ფაილი? რა, ტელეფონზე არ საუბრობდა თუ უთვალთვალებდით და არ იცოდით, მისი ტელეფონი რა ნომერი იყო? სამწუხაროა, რომ ყოველი განცხადების შემდეგ, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხი და საბოლოოდ, პასუხის გამცემთ ან კომპეტენცია არ ჰყოფნით, რეალურად ისაუბრონ ან, უბრალოდ, ინფორმაცია არ აქვთ და ვერც იმას ხვდებიან, რომ ასეთ დროს გაჩუმება გამოსავალია.

უახლოეს დღეებში, იმის მიხედვით, რა დონეზე შეეცდება ოპოზიცია აქციების გამართვასა და ვითარების დაძაბვას, ახალახალ ჩანაწერებს ვიხილავთ, მაგრამ სასაცილო მდგომარეობაა, როცა ჩანაწერს ავრცელებ, ადამიანს ბრალს სდებ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაარ აპატიმრებ. სწორედ ამიტომ ოპოზიციას ხიბლი გაუჩნდა და ამ ხიბლით ხელისუფლებამ ერთი მუნიციპალიტეტი სრულად წააგო. მერე რა, რომ წალენჯიხა არ არის სხვებივით დიდი, იქ სიტუაციას ოპოზიცია მართავს და, ცენტრალურ ხელისუფლებას თუ არა, შეუძლია, რეგიონს მოუწყოს საბოტაჟი. ახლა, ვისაც იმის იმედი აქვს, რომ ხალხის სიყვარულით ოპოზიციონერი მერი საბოტაჟზე არ წავა, გავატარებთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here