Home რუბრიკები საზოგადოება ჯვართამაღლება

ჯვართამაღლება

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა

628

27 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

ეს დიდი დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის, სახელს უკავშირდება.

ცნობილია, რომ, ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმინდა ელენემ, იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მიწაში იყო დამარხული, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი IV საუკუნის დასაწყისში მოხდა.

კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე _ ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337), მეფობის პერიოდში.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმინდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას, ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: “ამით სძლო!”. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, “რომელთა ზედა მაცხოვარმა ხელნი განიპყრნა”. მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი _ კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმინდის ძიებაში.

იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას, მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი _ სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლებითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე.

რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რათა ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ამბობდა, _ “უფალო, შეგვიწყალენო” და კრძალვით თაყვანს სცემდა მას.

დიდი რომის პირველი იმპერატორი კონსტანტინე და დედამისი – წმიდა ელენე დედოფალი

წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული თან ახლდა: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).

წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა _ 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფე ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმინდე 14 წელი იმყოფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან _ სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმინდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომლებიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მან, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოიხსნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმინდე ტაძარში.

ჯვართამაღლების დღესასწაულზე ანდრია კრიტელი წერს: “ჯუარი ამაღლდების და სავსებაი ეკლესიისაი შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოხსენებაიცა ჯუარისაი მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება _ მჭმუნვარებისა”.

მომზადდა წიგნიდან

წმიდანთა ცხოვრება”, . III, თბილისი, 2001 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here