Home რუბრიკები ეკონომიკა ხელისუფლება ხორბლისა და ფქვილის მთავარ მომწოდებელთან მოლაპარაკებას დასავლეთის შიშით ვერ ბედავს

ხელისუფლება ხორბლისა და ფქვილის მთავარ მომწოდებელთან მოლაპარაკებას დასავლეთის შიშით ვერ ბედავს

ოქტომბრის ბოლოს პური ძალიან გაძვირდება

208

2007 წელს მსოფლიო ბაზარზე ერთი ტონა ხორბლის ფასი 300 დოლარს ასცდა და იმხანად ამბობდნენ, რომ მსოფლიოს განვითარებადი (საუბარი არ იყო რანგით უფრო დაბალ ქვეყნებზე) ქვეყნები შიმშილის საფრთხის წინაშე დადგებოდნენ, რადგან ისინი, უბრალოდ, ვერ მოახერხებდნენ საჭირო ოდენობის ხორბლის შეძენას. შემდეგ ფასი დარეგულირდა და აგერ, ახლაც, ერთი ტონა ხორბლის ფასი კვლავ 300 დოლარს ასცდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ნიშნულია, რომლის იქით შიმშილი ჩანს. ხორბლის გაძვირების ერთერთ მიზეზად ჩრდილოეთ ამერიკაში ხანგრძლივ გვალვასა და რუსეთში გაზაფხულის ყინვებს ასახელებენ. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთის ფედერაციამ ახალი ფართობები აითვისა, ყოველწლიურად რეკორდულ მოსავალს იღებს და ამის გამო ფასი, ასე თუ ისე, “დაჭერილია”.

მიმდინარე პროცესების პარალელურად, ყველა ქვეყანა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს. ამერიკას თავი ქუდში აქვს, სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებული მრავალწლიანი კონტრაქტები იმაზე მიანიშნებს, რომ შტატებს გასაღების პრობლემა არ ექნება და, რაც მთავარია, ამერიკა ხორბლის 97%-ზე მეტს განვითარებულ ქვეყნებს მიაწვდის, ანუ მათ, ვისაც გაძვირებული პროდუქტის შესყიდვაც შეუძლია. რა თქმა უნდა, ამერიკის სიაში არ არისსტრატეგიული პარტნიორისაქართველო. ჩვენ პურისთვის საჭირო ხორბალიცა და ფქვილიც მთლიანად რუსეთიდან შემოგვაქვს. აი, ამერიკისგან განსხვავებით, რუსეთმა სხვა მიმართულება აირჩია და ადგილობრივი წარმოების წახალისება გადაწყვიტა, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს _ გარდა იმისა, რომ ფქვილი ადგილობრივ ბაზარზე იაფი იქნება, ეს მიმართულება დამატებით სამუშაო ადგილებსაც შექმნის.

“რუსეთმა ე.წ მცურავი ბაჟის შემოღებით წაახალისა ადგილობრივი წარმოება. რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალს შორის დამატებით ბაჟის შემოღებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი სხვაობაა. ეს დაახლოებით 52 დოლარის ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, საქართველოში ადგილობრივ წარმოებას შეექმნა პრობლემა. ამ ფასთა შორის სხვაობის გამო წისქვილკომბინატებს გაჩერება მოუწევთ. წარმოების გაჩერება ჯაჭვურად გამოიწვევს დიდ პრობლემებს: სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით იმას, რომ არ იქნება არც ფქვილის და არც ხორბლის რეზერვი. ფქვილს აქვს ასევე დამატებითი პროდუქტი _ ქატო, მეცხოველეობასაც შეექმნება პრობლემა, რადგან გაძვირდება აღნიშნული პროდუქტიც. კომპლექსურად უნდა გადაიხედოს, რა გვინდა, რადგან დარგში 5 ათასამდე დასაქმებულია, რომლებიც, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩებიან “, _ ეს განცხადება საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ გაავრცელა.

ასეთი კრიზისის თავიდან ასაცილებლად ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა ხორბლის იმპორტის ბაჟი გაანულა, რათა შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები, თავისი ხორბლის მარაგები და შესაბამისად _ პურის ფასი. აზერბაიჯანმა მთლიანი ჯაჭვი გაათავისუფლა დღგისგან და დაუმატა ასევე ფულადსაკრედიტო წახალისების ფორმა. მათ ასევე დაბლოკეს ფქვილის გამოტანა გარეთ. ამით ისინი საკუთარ სასურსათო უსაფრთხოებას იცავენ”, _ აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

სად არის გამოსავალი? როგორც წესი, საქართველოში პრობლემებზე ხანგრძლივი მსჯელობა მიმდინარეობს ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხელისუფლება ელოდება პრობლემის თავისით მოგვარებას. აბა, როგორ არ გავიხსენოთ, როცა პრემიერმა შესაბამის უწყებას პირდაპირ ეთერში დაავალა პურის გაძვირების მიზეზის შესწავლა და ოფიციალური პასუხი 8 თვის შემდეგ გვამცნეს. ეს მოხდა პრემიერის დავალების შემდეგ და ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა დავალებები როგორ სრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, ბაზარზე ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 68-დან 72 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, მსოფლიო ბაზრებზე ხორბალზე ფასის შემცირების მოლოდინი არ არსებობს. ბიზნესის გათვლებით, ეს ლოგიკურად გამოიწვევს ფქვილზე ფასის მომატებას.

საქართველოში ფქვილის შერმომტანები ბაჟისგან გათავისუფლებულნი არიან, ხორბალზე კი ბაჟია დაწესებული. ლკოგიკურად, პურის ფქვილისთვის საჭირო ხორბლის შემოტანაც ბაჟის გარეშე უნდა ხდებოდეს, ეს თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალობს. რატომღაც გვგონია, რომ ხორბალზე ბაჟის განულების ნაცვლად ფქვილზე შემოიღებენ გადასახადს, ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ფასის ზრდას და პურპროდუქტები აუცილებლად გაძვირდება. ის, რომ პური საქართველოს მოსახლეობის მთავარი საკვები პროდუქტია, შეხსენება არ გვჭირდება. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ აგვისტოში საარსებო მინიმუმის მიმღებთა რაოდენობამ 622 266 ადამიანამდე მოიმატა, ეს რეკორდული მაჩვენებელია. ანუ, ამდენ ადამიანს სახელმწიფო ყოველთვიურად უხდის თანხას, რათა ისინი შიმშილით არ დაიხოცონ და გადახდილი თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ მხოლოდ პურის საყიდლად იხარჯება. აღნიშნულმა თანხამ აგვისტოში 42 482 172 ლაარი შეადგინა და, თუ ამ ტემპით გაგრძელდება, გაისად წლიურად საარსებო მინიმუმისთვის, ყველაზე ცოტა, ნახევარი მილიარდი ლარის გამოყოფა მოგვიწევს, ეს კი ბიუჯეტს უმძიმეს ტვირთად დააწვება.

გამოსავალი რამდენიმეა: პირველია ის, რომ ხორბალი და ფქვილი თითქმის ერთ საგადასახადო სისტემაში მოექცეს და თანაბრად დაიბეგროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პურის გაძვირებას ვერ ავცდებით; მეორე _ ორივე შემთხვევაში გადასახადი განულდეს, თუმცა ეს ბიუჯეტს დაარტყამს და სახელმწიფოს შემოსავალი მოაკლდება; მესამე და ყველაზე რეალური _ დავილაპარაკოთ რუსეთთან და ხორბალიცა და ფქვილიც მივიღოთ იმ ფასში, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი თავის მეგობარ ქვეყნებს აძლევს. მათთვის სხვა ფასია დაწესებული და პურის გაძვირების თემა იქ დახურულია. სამწუხაროდ, არც ხელისუფლება და არც ბიზნესმენები მესამე გამოსავალს ვერ თუ არ ახსენებენ. ბიზნესმენებმა საუბარი რომ დაიწყონ რუსეთთან დიალოგსა და ურთიერთობის მოგვარებაზე, მაშინვე მოღალატეებად გამოაცხადებენ და იგივე მოხდება ხელისუფლების შემთხვევაშიც _ ოპოზიცია აუცილებლად იტყვის, რომ მთავრობამ გაბედა და მტერს საუბარი გაუბა. არადა, საქმე სასიცოცხლოდ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აუცილებელ პროდუქტს ეხება და ასეთ შემთხვევაში ყველა დიდი ქვეყანა ნებისმიერ პრობლემას განზე სწევს და დიალოგს იწყებს, მაგრამ ჩვენ ამის უფლება წართმეული გვაქვს და წართმეული გვაქვს დასავლეთისგან, იმ დასავლეთისგან, რომელიც მხოლოდ სიტყვით, ქაღალდზეა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თორემ, როცა დაგვჭირდა მათი დახმარება, დაყრუვდნენ, დაბრმავდნენ, დამუნჯდნენ და ხელი არასდროს, ვიმეორებ, არასდროს არ გაგვიმართეს.

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, სულ ცოტა, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ვერ ვნახავთ სხვა ქვეყანას, რომლიდანაც საჭირო რაოდენობის ხორბლისა და ფქვილის შემოტანას მოვახერხებთ. როცა საქმე პურს ეხება, ყველა ქვეყანა ცდილობს, პრობლემა ათწლეულობით მოაგვაროს და მოგვარებულიც აქვთ. ჩვენ კი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გვქონდა მცდელობა, ხორბალი და ფქვილი ევროპიდან და ამერიკიდან შემოგვეტანა, მაგრამ დასავლეთს ვინ ჩივის, უკრაინამაც კი უარი გვითხრა, რადგან უკრაინელებსაც საკუთარი ხორბალი განვითარებულ ქვეყნებში შეაქვთ და საქართველოს აკიდება, უბრალოდ, ხელს არ აძლევთ, წამგებიანია.

რამდენიმე დღეში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმზეა ასული და რეალურად არავინ იცის, რა გეგმა აქვს დასავლეთს საქართველოს მიმართ. ხელისუფლების შეცვლის მცდელობა რომ ჰქონდა ევროპასა და ამერიკას, ნათლად გამოჩნდა, მაგრამ ამის გაკეთება ამომრჩეველმა არ დაანება. მცდელობა ახლაც იქნება და იმედია, კვლავ საღი აზრი გაიმარჯვებს და ხალხის ნება კვლავ უზენაესი იქნება. არაერთი მოწოდების მიუხედავად, არჩევნების პარალელურად, ხელისუფლებამ არ ინება და არ ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავდა საგარეო კურსზე. ჰოდა, იქნებ არჩევნების შემდეგ მაინც სცადოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის, კონკრეტულად კი აღნიშნული პრობლემის მოგვარება. სხვაგვარად, ყველა პროგნოზით, ოქტომბრის ბოლოს პური ძალიან გაძვირდება და ისედაც ღარიბი მოსახლეობა უფრო გაღარიბდება. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ არ გვერქვას რუსეთის (მეგობარი თუ არა) პარტნიორი ქვეყანა, არ გვერქვას ოფიციალურად, თორემ, როცა ქართული პროდუქციის მთავარი გამსაღებელი რუსეთია, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის ასი პროცენტი რუსეთიდან შემოგვაქვს, პარტნიორობა ჰქვია, აბა, რა?

ბიზნესმენების გასაგონად ვიტყვით _ მათ ხომ ყველაზე კარგად იციან, რა და როგორ ხდება. ნუ შეშინდებიან, გამოვიდნენ, ხმამაღლა თქვან, რომ არამარტო მათი ბიზნესის, არამედ ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია რუსულ მხარესთან საუბარი, მოლაპარაკება, შეთანხმება ისეთ დეტალებზე, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი გადასაჭრელია, მაგრამ იქამდე ვერ მივდივართ, არ გვიშვებენ.

საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მორწმუნეა და დღეში ერთხელ მაინც “მამაო ჩვენოს” ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც კითხულობს. ჰოდა, ბევრს კი არაფერს ვითხოვთ, “პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს…” ხვალ კი არა, ბატონებო, დღეს, რადგან ხვალ შეიძლება აღარც იყოს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here