Home რუბრიკები საზოგადოება “წყურვილი ბადებს ახალ წყურვილს”

“წყურვილი ბადებს ახალ წყურვილს”

1242
გია ჭუბაბრია

ხელოვნების ქურუმისსაპატიო წოდების მფლობელმა, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ კინოდოკუმენტალისტიკის კლასიკოსად აღიარებულმა გია ჭუბაბრიამ საუბარი კრიტიკული ნოტით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხვედრის მიზეზი საზეიმო და ამაღლებული იყო _ 28 მაისს მას 80 წელი უსრულდება.

იუბილე აქვს ბატონ გიას! ქართულ, რუსულ და სხვა კინოენციკლოპედიებში მას მოიხსენიებენ კინორეჟისორად, კინოოპერატორად, სცენარისტად, პროფესორად, საქართველოსა და უცხოეთის კინოფესტივალების ლაურეატად. მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების პატრონია: აქვსსაქონელი ურიცხვი” _ 22 ფილმი, თითოეული გამორჩეული და განსაკუთრებული. ამ ტვირთის სიმძიმემ ცოტა მხრებში მოხარა. უფრო დარგის პრობლემები აწუხებს და აფიქრებს; აქედან _ ის, არცთუ საზეიმო აქცენტი, რომლითაც საუბარი დაიწყო. და კიდევ, არცთუ ლაღი ცხოვრების წლები (რბილად რომ ვთქვა), რომლებმაც მის ოჯახსა და ახლობლებზე სამუმივით გადაიარა, მაგრამ ვერ გატეხა. გაუძლო, დაძლია, მოერია.

_ საქართველოში დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს დოკუმენტური ფილმის წარმოების კლასი. თუმცა შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ ჯერ კიდევ 1912 წელს ამაშუკელმა გადაიღო პირველი დოკუმენტური ფილმი, მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში არსად მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. მეორე დიდი პიროვნება იყო კალატოზოვი (კალატოზიშვილი), “ჯიმ შვანტეს” (“სვანეთის მარილის”) ავტორი. ქრონოლიგიურად მესამეა გიორგი შენგელაია, რომელმაც ბრწყინვალე “ალავერდობა” გადაიღო. ამ ფილმს საფუძვლად დაედო გურამ რჩეულიშვილის ცნობილი ნაწარმოები “ალავერდობა”.

არის სხვა ნიჭიერი ფილმებიც.

_ არ იღებენ საქართველოში დოკუმენტურ ფილმებს?!

_ იღებენ, როგორ არ იღებენ, თანაც ხშირად უცხოელებთან ერთადაც, მაგრამ ჩვენთვის სრულიად არასაჭირო ფილმებს. არიან ნიჭიერი ბიჭები. მაგალითად, გელა კანდელაკი, მაგრამ ამჟამად, სამწუხაროდ, განუდგა ჩვენს დარგს. მშვენიერი სურათი გააკეთა ნანა ჯანელიძემ გამოჩენილ ქართველ მსახიობ კახი კავსაძეზე, მშვენიერი რეჟისორია ზურა ინაშვილი. სხვებიც არიან. მაგრამ არ ჩანს ღრმა და მნიშვნელოვანი, პრობლემური ფილმები. საქართველო, როგორც დოკუმენტალიზმის ბაზა, აუთვისებელია.

_ დღევანდელ ჩვენს დემოკრატიულობაზე რას იტყვით?

_ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი დიდ დემოკრატიამდე. სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ბევრია ისეთი, ვისაც ვერ ენდობი. დიდი ილია ჭავჭავაძის “ბედნიერი ერი” ჩვენი სახე, ჩვენი პორტრეტია.

ჩემი მშობლები თბილისში ილიას სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც თავის დროზე პაპაჩემს ჩააბარეს. ჩემი ბებია ახსენებდა “ჩერკიზოვსკაიას” ქუჩას, დღეს, მგონი, ჩუბინიშვილის ქუჩაა. წყალდიდობების გამო გადმოსახლდნენ სოლოლაკში. 1940 წელს კი ჩეკისტები მოვიდნენ ჩვენთან და წიგნები და ხელნაწერები, რომლებიც ჩვენთან ინახებოდა, წაიღეს.

სამწუხაროა, რომ ჩვენს გარშემო ვხვდებით ადამიანებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევებს, რაც, ჩემი აზრით, ობიექტურად, ზედმეტი გამძაფრების გარეშე უნდა ასახოს კინოხელოვნებამ. მაგალითად ვიზების ლიბერალიზაცია ავიღოთ, რომელიც დიდი პომპით მოგვანიჭეს. მხოლოდ ერთი დეტალი განვიხილოთ. ამ “უპირატესობით” შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასულმა ჩვენმა მოქალაქემ დღეში 50 ევრო უნდა დახარჯოს. ამის შესაძლებლობა თუ არა აქვს, საზღვარს ვერ გადაკვეთს.

მაშასადამე, სახალხო-საზეიმო დიდი არაფერი მომხდარა. ეს ერთი მაგალითია, მაგრამ რამდენი სხვა პრობლემაა ჩვენს სოციალურ სინამდვილეში! აი, ეს უნდა აისახოს კინოდოკუმენტალისტიკაში.

მიმაჩნია, რომ კარგ ქართველზე უკეთესი არავინ არის. და არ ჩამითვალოთ ეს ეროვნული განსაკუთრებულობის გამოვლენად. შოვინიზმი, ნაციონალიზმი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რაც აშკარად ჩანს ჩემს არაერთ ფილმში, რომლებიც რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, იაპონიაში, ჰოლანდიაში, ისრაელში თუ სხვაგან და სხვაგან მაქვს გადაღებული.

მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ იდეალური ადამიანი ძალიან ცოტაა.

_ დღევანდელ საქართველოში გეგულებათ?

_ მეგულება, რასაკვირველია. მაგალითად, ბატონ შალვა გაბისკირიას დაგისახელებდით, არნოლდ გეგეჭკორს, გურამ ლომკაცს. სხვებიც არიან, თუმცა ძალიან ცოტანი და ამიტომაა, რომ ამინდს ვერ ქმნიან.

მათი პორტრეტები უნდა წარმოაჩინოს დღევანდელმა დოკუმენტურმა კინომ.

მაგრამ როგორ და რანაირად, როცა საქართველოში არ არსებობს დოკუმენტური ფილმების სტუდია, რაც უკვე გითხარით, და არც დოკუმენტური ფილმების კინოთეატრი, რომელიც ერთ დროს თბილისში იყო. ისიც უნდა ვთქვა, რომ უწინდელი სტუდიის ხელმძღვანელობა პრობლემებს კი არ წყვეტდა, არამედ ფულის კეთებით იყო გატაცებული. იმავე სტუდიაში, სპეციალური უმაღლესი განათლების მქონე პროფესიონალი არ იყო დასაქმებული ერთი ინტელექტუალის _ თენგიზ ნოზაძის გარდა, რომელიც 90 წლისაა (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) და დღესაც ნათელი აზროვნება აქვს. იყო კიდევ ერთი-ორი სამაგალითო ადამიანი, რომლებიც ადრე წავიდნენ.

_ მოვლენებზე ფილმების გადაღება, ბატონო გია, ჩვენი დოკუმენტალისტიკის აუცილებელ საქმედ მიგაჩნიათ, საქმედ, რომელიც არ კეთდება. მოვლენებს, რომლებიც დღევანდელ საქართველოს არ აკლია, ტელევიზიები (არც ესენი გვაკლია) აშუქებს. ჩაენაცვლა ტელევიზია დოკუმენტურ კინოს?

_ არა. სხვაობა თვალსაჩინოა. მაგალითად, ტელევიზია იტანს ვრცელ ინტერვიუებს, კინოეკრანი _ ვერა. ტელევიზიას შეუძლია ერთი და იგივე თემა სერიებად გააგრძელოს, ციკლად, დოკუმენტური კინოეკრანი ამას გამორიცხავს…

ტელევიზიით მთელი დღის განმავლობაში სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციის მუშაობაში მომხდარ ფაქტებს გადმოსცემენ, მაგრამ არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ფილმები, რომლებიც პრობლემას სრულად, ანალიტიკურად წარმოაჩენს, მაყურებელს მისცემს გონივრულ რჩევას, მიაწვდის დასკვნას, რათა მან, მაყურებელმა, მსგავს შემთხვევებში არ გაიმეოროს სხვების შეცდომები.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საუბრის, ჭკუის დარიგების, რაგინდ არგუმენტირებული და სწორი იყოს, მოსასმენად, აღსაქმელად და გასათვალისწინებლად ხალხის მასა მაინცდამაინც მოტივირებული არ არის. სამწუხაროდ, მხოლოდ შიში არის მისი მამოძრავებელი ძალა. ხალხში გამჯდარი ეს თვისება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს განსაკუთრებით გაძლიერდა, ეს თემა კინოსთვისაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ მისი დაძლევა და ეკრანზე გამოტანა განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და გულახდილობას მოითხოვს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გარშემო, ყოფით ურთიერთობებშიც კი ძალიან ბევრი ტყუილია. სიცრუის გარემოში გვიხდება ცხოვრება. კაცის სიტყვას ფასი დაეკარგა.სიზუსტე, მიცემული სიტყვის გაუტეხელობა, სიმართლის ერთგულება არის ჩვენში გენეტიკურად არსებული ელემენტები, რომლებიც თანამედროვე კულტურისა და დემოკრატიის საწყისია და საფუძველი.

მაგრამ სიყალბეც არსებობს _ ერთის თქმა და მეორის გაკეთება. ასეთი დუალიზმიც არის ჩვენში.

_ წლები გადის. იცვლება გარემო, თვალსაზრისი, ურთიერთობები, ფასეულობებიც კი. განსხვავდება თუ არა ახალგაზრდა დოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას დამოკიდებულება მაესტრო გია ჭუბაბრიას პროფესიისადმი დამოკიდებულებისგან?

_ არ შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა, რადგან ჩვენი თაობა _ გიორგი შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, მერაბ კოკოჩაშვილი, ბორის ანდრონიკაშვილი _ შემოქმედებით ადამიანებად ჩამოვყალიბდით მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, სახელგანთქმულვგიკში”, ასეთი ბრწყინვალე უმაღლესი სასწავლებელი არც იყო და არც არის. საქართველოში დღეს კინოსა და თეატრის იმდენი რეჟისორია, რამდენიც ამერიკაში არ ჰყავთ. მაგრამ დონეს ნუ იკითხავთ!

_ .., რაოდენობა ხარისხში არ გადადის?

_ ასეა. სამწუხაროა, რომ დოკუმენტალისტიკის სპეციფიკური ხელწერა ჩვენმა ახალგაზრდა რეჟისორებმა ნაკლებად იციან.

პრაქტიკა თვითდინებაზეა მიშვებული, მაგრამ არც თეორიაში გვაქვს საქმე აწყობილი. მე, მაგალითად, დავწერე კინოფილმისა და ვიდეოხელოვნების პირველი ხუთენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი. კაციშვილს ხელი არ შეუწყვია. არადა, წერის პროცესის ნორმალურად წასამართავად და, რაც მთავარია, წიგნის გამოსაცემად, მატერიალური სახსრებია საჭირო. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, კარგ საქმეს უანგაროდ ემსახურონ. მადლობელი ვარ ქალბატონ შუქია აფრიდონიძის, რომელიც ქართული სინტაქსის გამართვაში დამეხმარა, აგრეთვე, ჩემი ნასტუდენტარების _ გიორგი ხარებავასა და ნოშრევან ჩხაიძის, რომელიც ჩემი ინსტიტუტის დირექტორი იყო და სამ თვეში გააგდეს, ახლა ინგლისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მაგისტრია.

ამ ნაშრომის მიზანი ქართული კინოტერმინების დამკვიდრებაა.

_ არის საქართველოში რწმენის, იდეალის ერთგულების შესახებ ბოლო პერიოდში გადაღებული ფილმები?

_ ჩვენები არც ასეთ ფილმებს აკეთებენ და არც ტელეგადაცემებს

_ აი რუსეთში კი სწორედ ასეთ თემატიკაზე აკეთებენ აქცენტს

_ რუსეთი რთული ქვეყანაა. მე რუსეთზე მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. დიდი კულტურის ქვეყანაა. აგრესიულიცაა, არაფრის დამთმობი. მთელ მსოფლიოში ერიდებიან. ჩვენი კარის მეზობელი და უძლიერესი სახელმწიფოა. ამის გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია, მაგრამ არა ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე.

არც ამერიკას უნდა ვკრათ ხელი. კარგი, დადებითი, მოწინავე, რაც ორივე ამ ქვეყანას გააჩნია, წამოვიღოთ და გამოვიყენოთ.

რუსი ხალხივით თბილი და უბრალო ურთიერთობაში იშვიათობაა. მთელი ციმბირი, კოლიმა მოვიარე და სიკეთისა და სიყვარულის მეტი იქიდან სხვა არაფერი ჩამომიტანია.

_ დღევანდელ საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებისას არაერთხელ გამოიყენეთ სიტყვასამწუხაროდ”. მინდა გკითხოთ, მომავლისკენ მიმავალი ჩვენი გზა აუცილებლად ნატოსა და ევროკავშირზე გაივლის? “სამწუხარო” “სასიხარულოთიშეიცვლება?

_ რთული საკითხია. ახალი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. არადა, ყველა ქვეყანა ცდილობს, თავი აარიდოს რუსეთთან კონფლიქტურ ურთიერთობას. აი, ამას ვერიდები. რუსეთის პოლიტიკა არ არის ისეთი რბილი, როგორითაც რუსი ხალხი გამოირჩევა.

_ გამბედაობა, რისკი, რომლითაც ახალგაზრდობაში გამოირჩეოდით, მინელდა თანდათან? ოხოტის ზღვაში შტორმისას ისევ მზად ხართ გემის ანძაზე ასასვლელად და უზარმაზარი ტალღების გადასაღებად?

_ ახლა თბილ სავარძელში რომ ვზივარ და გესაუბრებით, ასე მგონია, რომ ვარ ამის გამკეთებელი (ვიცინით). თავის დროზე რომ ვრისკავდი, შიში არ მქონია და არც მეგონა, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდი.

ნამდვილი შიში ერთხელ განვიცადე. ეს მოხდა მაშინ, როცა უშგულში ჯიხვებზე ნადირობის გადაღებას ვაპირებდით, ზვავსაშიში პერიოდი იყო და ხელი მოგვეცარა. ხევში, სტეფანწმიდაში გადმოვედით შალვა ქირიკაშვილთან ერთად და მისი მეგზურობით ყუროზე ავედით. საღამოს 7 საათზე დავიძარით და მხოლოდ დილის 4 საათზე მივაღწიეთ დანიშნულ ადგილამდე.

შალვამ მე და ჩემი ასისტენტი _ კობა ვანიძე (ნათელი დაადგეს მის ხსოვნას) უფსკრულის პირას დაგვაყენა, _ თქვენ აქ იდექით, მე ჯიხვებს მოვრეკავ და გადაიღეთო. ვდგავართ. ან სად ვიყავით წამსვლელი?! წამოვიდა თოვლი, ყინვამ მოუჭირა. ამოვარდა ქარი. ერთი ნაბიჯი მარჯვნივ თუ მარცხნივ და უფსკრულში ჩაიჩეხები. თავშესაფარი არსადაა. აი მაშინ მართლა შემეშინდა. ხელი ამიკანკალდა. აკანკალებული ხელით გადაღებული კადრი წუნია. ათასი უბედურება დაგიდგება ამ დროს თვალწინ, მაგრამ, როცა დავინახეთ შალვას გადმორეკილი ჯიხვები, უნიკალური კადრების გადაღების საშუალება რომ გვეძლეოდა, შიში სადღაც გაქრა. ჩვენ ჩვენი საქმე შევასრულეთ, შალვამ _ თავისი: “ჯიხვსა თოფ დავკარ, ბეხრენსა, ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი”. მოკლა ჯიხვი და, როცა სიკვდილთან მებრძოლ ამ ცხოველს თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა, ეს უნიკალური კადრიც გადავიღეთ ფირზე.

_ ხვალინდელი საქართველო როგორი გესახებათ?

_ მე ახლა სიკვდილის კარიბჭესთან ვდგავარ. 80 წელიწადი ცოტა არ არის. მაგრამ ვხუმრობ, რომ 90 წლის იუბილისთვის ვემზადები. მინდა, იმ დროს მაინც ვნახო საქართველო ისეთი, როგორზეც ჩემი მშობლები ოცნებობდნენ; მინდა, რომ საქართველოში იყვნენ ისეთი მაღალი ზნეობის ადამიანები, როგორებიც რეპრესიებს შეწირული ჩემი ახლობლები და ნათესავები იყვნენ. მინდა, აღდგეს ის საოცარი კეთილშობილება, რომელიც ქართველებს ყოველთვის გამოარჩევდა; მინდა, რომ მომხვეჭელობაზე კვლავ აღზევებულიყოს გაცემის უნარი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. დოკუმენტური კადრის ფასი მისხორკლსა და სინედლეშია”, მის პირვანდელ შეურყვნელობაში. დოკუმენტალისტიკის მთავარი ღირებულება ესაა. ხელოვანის მიერ აღქმული და გადმოცემული სინამდვილე კი ოსტატი იუველირის მიერ დაწახნაგებული ალმასის გამობრწყინებაა.

ამას იქმს დიდოსტატი გია ჭუბაბრია. მისი დოკუმენტიალისტიკა შუქჩრდილების ბუნებრივ არსებობაზეა აგებული. მისი ფილმები დიალოგია ბუნებრივ ყოფასთან, რეალობასთან, რომლის ურთიერთდაპირისპირებული შემადგენლები _ შავი და თეთრი, სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიყვარული და .., ერთიან სტიქიად არის წარმოდგენილი. მთავარი გმირი ამ სტიქიას შეჭიდებული ადამიანია.

წყურვილი ბადებს ახალ წყურვილს” (მიქელანჯელო ბუონაროტი) _ იგია შემოქმედი ადამიანის მამოძრავებელი მუხტი და შთაგონების წყაროც იგია.

წყურვილი ახლის შექმნის კვლავაცაწუხებსბატონ გია ჭუბაბრიას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here