Home რუბრიკები საზოგადოება წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი

წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი

457
წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი

წმიდა იოანედ იწოდებოდა თორნიკე ერისთავი, რომელიც გახლდათ ტაოელი დიდებული, ჩორდვანელის ძე. ის საქართველოს ისტორიაში ცნობილია, აგრეთვე, როგორც დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის 70-იან წლებში (976-979 წწ.) ჩაახშეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსის, აჯანყება. საქართველოს ეკლესიამ წმ. იოანეს ხსენების დღედ 12 ივნისი (ძვ. სტილით) დააწესა.

“წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია _ მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და “კურთხევა¡ მონაზონებისა¡ £ელთაგან იოვანესთა მიიღო”. ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.

იოანეს მიერ თორნიკეს კურთხევის შემდეგ იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი ათანასეს ლავრაში, რომ იოანემ, წმიდა ათანასეს კურთხევით, ქართველთათვის ცალკე ააშენა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ქართველებმა სენაკებიც ააშენეს და “მუნ იმყოფებოდეს მრავალჟამ ვითარცა ანგელოსნი ღმრთისანი”, _ მოგვითხრობს ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი” (თბილისი, 2004 .)

დედოფალმა თეოფანიამ ბრძანა: “ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს”, წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმიდა მთაზე და ქართველ მამებს სთხოვა, თორნიკე ჩასდგომოდა სათავეში ჯარს, მაგრამ თორნიკემ შორს დაიჭირა თხოვნა: “მიჯმნიეს ერთგზის და არღარა უკუნ ვიქცე”. ათანასესა და იოანეს ხანგრძლივი მუდარის შემდეგ თორნიკემ შეისმინა მამათა ვედრება და ეახლა დავით კურაპალატს ბერძენთა მეფის დასახმარებლად.

მეფემ დიდად გაიხარა ყოფილი სპასალარის ნახვით და დამხმარე ჯარის სარდლად დანიშნა. წმიდა მამა ქართველთა მხედრიონს ჩაუდგა სათავეში.

დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა დაპირებული ტერიტორია დავითს გადასცა.

ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი

აკაკი წერეთელმა ეს ამბავი აღწერა პოემაში “თორნიკე ერისთავი”. შესავალში პოეტი ხაზს უსვამს ქართველ გმირთა უთვალავ საგმირო საქმეებს და დასძენს, რომ

ნაშთი ძველი დიდებისა

არ გამქრალა ჯერაც

ყველა

დღესაც მისის შარავანდით

ნიშანს გვაძლევს

ცისარტყელა!..

შვიდ სამთავროს

მოგვაგონებს

მოელვარე ის შვიდფერი

და გვამღერებს:

არ მომკვდარა,

გაიღვიძებს ისევ ერი!”

ამ იმედით ფრთა შესხმული

ჩვენი გული სიამით ძგერს

და ოცნებაც ლაჟვარდ

ფერად

წარმოგვიდგენს ქართლისა

ერს.

წარსულნერგზედ

ახალნამყნის

ველოდებით შეხორცებას!

მით ვიქარვებთ აწმყო

ნაღველს

და ვეძლევით აღტაცებას”.

დღესაც საქართველოს მხოლოდწარსულნერგზედ ახალნამყნის შეხორცებათუ გადაარჩენს, რომელსაც იმედიანად ელოდება მთელი ერი.

გამარჯვების შემდეგ თორნიკემ შვებით მიაშურა ათონის მთას, “ხოლო მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი უყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვლად მოაქცია მშვიდობით”.

სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა.

ღირს მამათა, იოანეს და იოანე თორნიკყოფილის, ლოცვითა და ღვაწლით ათონზე მომრავლებული ქართველები იოანე ნათლისმცემლის ეკლესიამ და ძმათა სენაკებმა ვერ დაიტია და წმიდა მამებმა ახალი ეკლესიამონასტრების აშენება იდვეს თავს. სულ მალე ქართველებმა მთაწმინდაზე კიდევ ორი ეკლესია ააგეს _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის.

თორნიკ-ყოფილი საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. სიმდაბლით, სიწრფოებითა და უმანკოებით გამორჩეული მოღვაწე ბერი მამა იოანეს ეუბნებოდა: “მამაო, თვით იცი, რომელ დიდად ცოდვილი ვარ და სიკუდილი ჩემი მოახლებულ არს და უნებელი სიწმიდისა თქუენისაი არა ვარ, არამედ ნებაი ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა შენდა მომიცემია; ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი”. რადგან თორნიკ-ყოფილი მრავალ ომში გამარჯვებული სპასალარი იყო, გარდასულ ამბავთა მოგონება უყვარდა. მონასტრის ძმებიც ხშირად აამბობინებდნენ მას “საქმეთა საგმიროთა”. წმიდა იოანემ ურჩია: “აწ დაცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაი და ამიერითგან სხუასა ნუ ვის ეუბნები, გარნა გაბრიელს ხოლო ხუცესსა”. გაბრიელ ხუცესის პირიდან არანაირი ამსოფლიური სიტყვა არ ამოდიოდა, თვინიერ საღმრთოთა და სულიერთა. წმიდა იოანე თორნიკ-ყოფილი ცრემლის ღვრით ჩაუვარდა ფერხთით მოძღვარს და შეჰღაღადა: “რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმიდაო და ღმერთშემოსილო მამაო?” მამა იოანემ წამოაყენა მოხუცებული და უთხრა: “უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალენ!” არავის გაუგონია ამის შემდეგ იოანე-თორნიკეს საუბარი, მან მდუმარებითა და ღვთის სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

* * *

დღეს ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, ბრძანდება ათონის ივერთა მონასტერში, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერ გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანეთორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here