მთავარი საზოგადოება წმიდა დიდმოწამენი _ არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე

წმიდა დიდმოწამენი _ არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე

32
გააზიარეთ

735 წელს საქართველოს არაბთა ლაშქარი შემოესია მურმან იბნმუჰამადის მეთაურობით. მემატიანე აღნიშნავს: “იყვნენ სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჯალაკთა ეგრისთა”. მურვანს ქართველებმა თავისი გულქვაობისა და სისასტიკის გამო ყრუ უწოდეს. მის ლაშქრობაზე მემატიანე წერს: “აღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა”. არაბებმა ქართველთა წინააღმდეგობა დაძლიეს და 735-738 წლებში ჩვენს მიწაზე გაბატონდნენ.

იმერეთში ისინი ფერსათის მთიდან გადმოვიდნენ და არგვეთის სამთავროს (დღევანდელი ზემო იმერეთი) მიადგნენ, რომელიც ცალკე სამთავრო იყო. არგვეთის მთავრებმა _ დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა უმალვე შეკრიბეს ჯარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს.

ჯარი ფერსათის მთაზე, ხანისწყალზე ჩამოსასვლელთან შეეგება მტრის მოწინავე ლაშქარს და სასტიკად დაამარცხა. აღშფოთებული მურვან ყრუ ურიცხვი ლაშქრით თვითონ დაიძრა არგვეთისკენ და ააოხრა იგი, ასევე ციხესიმაგრე “წყალწითელა”. დამარცხების შემდეგ არგვეთის მთავრები მოულოდნელი თავდასხმებით თავზარს სცემდნენ მტერს, მურვან ყრუმ მათი ცოცხლად შეპყრობა ბრძანა.

როგორც მემატიანე ამბობს, დავითი და კონსტანტინე იყვნენ “მეცნიერნი ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა” და როდესაც ისინი უსჯულოებმა ტყვედ აიყვანეს, მურვან-ყრუს წარუდგინეს. უსჯულო სარდალმა დაცინვა დაუწყო შებორკილ ქრისტიანებს, მათ კი უპასუხეს: “სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაი შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათვის იქმნა ძლევაი შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათვის, რომელ გარდავხედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაი თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ხელითა თქუენ უსჯულოთა და უღმთოითა”.

მოწამეთა

დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს უთხრა: “გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაო სიტყუაი სიცოფისა თქუენისაი და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა”. სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმიდა დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: “ნუ უყოფინ ჩუენდა, რაითა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თვისი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თვისნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემისა, ტანჯვისა, ცეცხლისა, წყალისა, მახვილისა და სიკვდილისა”. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით იმ ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიწევნულნი დაინთქნენ”.

დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება: “ვითარცა იწამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით… მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამა და ძე და სული წმიდა და მისთვის მოვკუდები”.

გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეუძლურებინათ ძმები. ათი დღის შემდეგმრავალფერი ტანჯვისშემდეგ მან მოგვნი და მისანნი წარავლინა არგვეთელ წმიდანთა წინაშე, მაგრამ მოწამეებმა ისევ უშიშრად აღიარეს ქრისტე.

მათ კადნიერ პასუხზე მურვანი განრისხებულა და წმიდათა წამება უბრძანებია. ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელიჯაჭვის ხიდისქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს.

სიკვდილის წინ ძმებმა ილოცეს: ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათვის წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ხორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათვის შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაი შენი და მიეც შენდობაი ბრალთაი და ყვენ ასონი ხორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა”.

ზეცით გაისმა ხმა, რომელიც მათი თხოვნის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ.

ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებსლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთადა წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: “აღიხუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავლეთით და სადაიგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაი უფლისა ღმრთისაი, რათა გებისა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი”.

გაკვირვებულმა მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაუქცევია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.

სამასი წელი ესვენენ დავით და კონსტანტინეს უხრწნელი სხეულები იმ აკლდამაში. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III- ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და იმ ჟამამდე უჩინარქმნილი წამებული გმირები მასში გადაასვენა. წმიდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენვითარცა _ ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან”.

მაგრამ ძმათა მხეიძეთა წამება თურმე ამით არ დამთავრებულა. ახალი მარტვილობა მათ წინ ისევ ელოდათ…

უღმერთო-ათეისტები 1923 წელს შეიჭრნენ მოწამეთის მონასტერში.

ათეისტური გაზეთი “მუშა და გლეხი” წერდა: “მოხდა მოწამეთის მონასტრის წმიდანების _ დავითისა და კონსტანტინეს ნაწილების გახსნა… ეკლესიიდან გარეთ გამოაქვთ წმიდა ნაწილები, მაღლობ ადგილზე ჩნდება ამხანაგი ვალია ბახტაძე, მას ხელში უჭირავს თავის ქალა…”. წმიდა ნაწილებს ურმით დაატარებდნენ სხვადახვა რაიონსა და სოფელში.

ერთი პერიოდი ქუთაისში პროფკავშირების სახლში მოათავსეს. წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ნაწილებს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევა. მრავალ მკრეხელობას ჩადიოდნენ… გადმოცემით, ბოლშევიკებმა განიზრახეს წმიდა ნაწილების მდინარე რიონში გადაყრა. ამ დროს, აღსანიშნავია საზოგადო მოღვაწის, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებლის, ტრიფონ ჯაფარიძის, ღვაწლი.

1954 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ გაბრიელ ჩაჩანიძის, დეკანოზ ნაუმ შავიანის (შემდგომში მიტროპოლიტი) და მღვდელ ტრიფონ სულაკაძის ძალისხმევით, მოწამეთის მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმიდა ნაწილები მონასტერს დაუბრუნდა და ტაძარში დაბრძანდა. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება მოწამეთის მონასტერში. ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით წმინდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით, ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდა.

დრო გადის, ხალხი არ ივიწყებდა არგვეთის მთავართა გმირობას. ისინი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. წამებულთა სახელთა მოსახსენიებლად მონასტერში ყოველწლიურად ძველი სტილით 2 ოქტომბერს (ახალი სტილით 15 ოქტომბერს) იმართება სახალხო დღესასწაულიმოწამეთობა”, ანუორწიფობა”. ეს არის დღე, როდესაც აწამეს დავითი და კონსტანტინე.

მომზადდა წიგნიდანქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”, თბილისი, 2004 .

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here