Home რუბრიკები პოლიტიკა ციხიდან გამოგდებული “პოლიტიკური პატიმარი”

ციხიდან გამოგდებული “პოლიტიკური პატიმარი”

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

546
ციხიდან გამოგდებული “პოლიტიკური პატიმარი”

მეთხუთმეტე გამოშვება

ყველა უაზრობას თავისი ლოგიკა აქვს!”

უილიამ შექსპირი

შეკითხვა, რომელიც ჩიხში მაქცევს:

მე ვარ შეშლილი თუ ჩემ ირგვლივ

ყველა შეიშალა?!”

ალბერტ აინშტაინი

* * *

კართან ზარის ხმა რომ გაისმა, გაუკვირდა, ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო. კედლის საათს გახედა, ისრები თორმეტთან დაწყვილებულიყვნენ. კარი ისე გააღო, არც ჭუჭრუტანაში გაუხედავს და არც უკითხავს, ვინ მოადგა ამ უდროო დროს მის სახლს.

_ ნიკა? _ გაკვირვებისგან ლამის გაშეშდა.

_ ნიკა ვარ, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მაღალმა, მელოტმა მამაკაცმა, რომელიც ისე ჩქარა შევარდა სახლში, თითქოს შეეშინდა, კარი ცხვირწინ არ მომიხურონო.

_ ნიკა ვარ, ოთო, _ გაიმეორა მან და ვიწრო შემოსასვლელიდან მისაღები ოთახი შეათვალიერა, _ ხომ მარტო ხარ?

_ მარტო ვარ, კი. შენ რა, გამოგიშვეს?

_ გამომიშვეს. გამომიშვეს რა? გამომაგდეს…

_ მოდი, _ შეიპატიჟა მასპინძელმა მისაღებ ოთახში, რომლის ფართობი დიდად არ აღემატებოდა ვიწრო შემოსასვლელს.

აღელვებული სტუმარი მასპინძლის მიერ შეთავაზებულ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. ისედაც თეთრი პირისკანი გაფითრებოდა, ელექტრონის შუქზე მელოტი თავი ყვითლად უპრიალებდა და მუქი თვალები ჩქარ-ჩქარა გადაჰქონდა საგნიდან საგანზე.

_ ბევრი ლაპარაკის არც დრო მაქვს და არც თავი, _ დაიწყო სტუმარმა, _ უნდა გადამარჩინო…

_ მე უნდა გადაგარჩინო? _ გაეღიმა, _ მე შენ მგონიხარ ქვეყნის გადამრჩენელი, _ ღიმილი სიცილში გადაუვიდა და ბოლოს ხმამაღლა ახარხარდა.

_ შენ მთელი ცხოვრება ქილიკში გაატარე, მაგრამ მეგობრისთვის ხელის გამართვა ყოველთვის იცოდი.

_ მომიყევი, რა ხდება, როგორ გამოგიშვეს და მე რა დახმარების გაწევა შემიძლია?

_ ამ ნაბოზრებმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ციხიდან გამომაგდეს, პოლიტიკური პატიმარი რომ არ ჰყოლოდათ. ხომ იცი, დასავლეთი ამას არავის მიუტევებს. არც გირაოს გადახდას რომ არ დავთანხმდი და ამნისტიით გამოსვლაზეც უარი რომ განვაცხადე, მომკიდეს ხელი და, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, საკნიდან გარეთ მისროლეს.

_ ვაჰ, ეგრე როგორ, კაცო? ვაჰ! _ მართლა ძალიან გაუკვირდა მასპინძელს, _ იურიდიული საფუძვლის გარეშე ციხიდან გამოგდება სად გაგონილა? ვაჰ…

_ ჰოდა, მე მაგათ ეგ რომ შევარჩინო, პოლიტიკური პატიმარი კი არა, ბითური გამოვდივარ, გესმის?!

_ რას აპირებ? _ დაინტერესდა შეჩქვიფებული მასპინძელი, _ არ შეარჩენ, რა, რას უზამ?

_ ყური დამიგდე, _ სავარძლიდან წამოიწია, რომ მასპინძელს ცოტათი მიახლოებოდა და ხმადაბლა გაანდო გულისნადები. _ შენი სახლი საპყრობილესთან ახლოსაა. ციხის გალავნის უკანა კედლიდან ოციოდე მეტრი თუ გაშორებს. იმ გალავნიდან კი ჩემს ყოფილ საკნამდე ათი მეტრიც არ იქნება. ოცი-ოცდახუთი მეტრის ვიწრო გვირაბს კარგი მუშაობით რამდენიმე დღეში გავთხრი და კვლავ ჩემს 224-ე საკანში აღმოვჩნდები.

_ რას ამბობ?! _ აღმოხდა გაოგნებულ მასპინძელს.

_ ოთო, ეს გადაწყვეტილი ამბავია, ძმობას გაფიცებ, ჩემ გადარწმუნებას ნუ შეეცდები. იცოდე, სამუდამოდ დაგკარგავ. ციხიდან ისე გამომაგდეს, თითქოს ვიღაც ნაბიჭვარი ვიყო. ამას როგორ შევარჩენ, პოლიტიკას რომ თავი დაანებო, ღირსების საქმეა, გესმის?! შენგან სამი რამ მჭირდება: თანხმობა, მიწის გატანაში დახმარება და საკვების მოწოდება. სხვა დანარჩენი, რაც ამ საქმეს სჭირდება, ამ ჩანთაში მაქვს, _ თვალებით მოზრდილი ჩანთისკენ მიანიშნა, _ თანხა, რაც დაგვჭირდება, მაქვს. გვირაბის გათხრას შენი სახლის სარდაფიდან დავიწყებ, შევთანხმდით? ჰო, შენ პასუხისმგებლობის ნუ შეგეშინდება. კანონმდებლობა ციხიდან გაქცევის მიზნით გვირაბის გაყვანისთვის სასჯელს ითვალისწინებს, მაგრამ ციხეში შესასვლელად გვირაბის გათხრა ჯერ არავის მოსვლია თავში და, აქედან გამომდინარე, ეს ქმედება არ ისჯება. ასე, რომ არაფერი გემუქრება.

_ კი მაგრამ, გვირაბის გათხრა სპეციალური სქემით ხდება. გვირაბს ალალბედზე როგორ გათხრი, რა იცი, სად უნდა ამოჰყო თავი?

_ სანამ შენთან მოვიდოდი, ერთ მეგობართან ვიყავი. ძალიან პატივსაცემი კაცია და სპეციალობით გვირაბების მშენებელია. ამაღამ ამ საკითხზე იმუშავებს. ხვალ კი აქ მოვა და ყველაფერს, რაც ამ საქმეს სჭირდება, მოიტანს. შენი მისამართი უკვე მივეცი. მუშაობას დღესვე უნდა შევუდგე.

_ დღეს ვივახშმოთ, გეგმა შევიმუშავოთ, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ, მერე დაისვენე, გამოიძინე, ხვალ ის შენი მეგობარიც მოვა და, რაკი არ იშლი, შეუდექი საქმეს.

ნიკასაც სხვა გზა არ ჰქონდა, მეგობრის რჩევას დაჰყვა. ოთომ სახელდახელო სუფრა გაშალა, ჭიქები ქარვისფერი ღვინით შეავსო და მეგობრობის სადღეგრძელო შესვა. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა. სამშობლოს სადღეგრძელოს მერე ნატოსა და ევროკავშირის სადღეგრძელო შეისვა და დილის სამი საათი ხდებოდა, დასაძინებლად რომ დაწვნენ…

მეორე დღეს, ათ საათზე, ოთოს სახლს ვიღაც მაღალი, ღიპიანი კაცი მოადგა. ვიდრე დილის სტუმარი დაილაპარაკებდა, ოთო უკვე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო, ვისგანაც ნიკა გვირაბის გაყვანისთვის საჭირო სქემას ელოდებოდა. სტუმარს ცხენისთავივით ჩამოგრძელებულ სახეზე უაზრო ღიმილი ჰქონდა აფარებული და დროდადრო წინა კბილებს ტუჩების ისე უცნაური მოძრაობით გადმოყრიდახოლმე, თითქოს ლაგამი აქვს ამოდებულიო. ისეთი ტლანქი აღნაგობა ჰქონდა, ოთოს ეჭვი შეეპარა, შარვალი უკუღმა ხომ არ აცვიაო.

_ მიხეილი მქვია, _ გაეცნო იგი მასპინძელს, _ ისე, ყველა მიშას მეძახის, თქვენც მიშა დამიძახეთ, _ თქვა და, თითქოს ძალიან სასაცილო რამ ეთქვას, ისე ახვიხვინ-აჭიხვინდა, ოთომ უნებურად უკან დაიხია. ამასობაში ნიკაც გამოვიდა და მასპინძელმა ორივენი სახლის სარდაფში ჩაიყვანა, სადაც დაახლოებით ერთი საათი ითათბირეს… შემდეგ, სტუმარი წამოდგა.

_ ზუსტად ერთი კვირის თავზე აქ გავჩნდები და ვითარებას საკუთარი თვალით ვნახავ. _ მერე წამით დაფიქრდა და დარცხვენილივით ხმადაბლა ჩაილაპარაკა, _ რომ რამე იყოს, ერთმანეთს არ ვიცნობთ. აბა, თქვენ იცით…

მიხეილი წავიდა. ნიკამ წინასწარ მომარაგებული სპეციალური ტანსაცმელი ჩაიცვა, ქუდის კეპზე პატარა ფანარი დაიმაგრა, ხელში მოკლეტარიანი წერაქვი და ნიჩაბი მოიმარჯვა და გვირაბგამყვანის მიერ გადმოცემული სქემის მიხედვით მიწის თხრას შეუდგა…

* * *

ნიადაგი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც გვირაბების სპეციალისტმა ივარაუდა _ რბილი, ნაკლებად ქვიანი და ადვილად დასამუშავებელი. მიუხედავად ამისა, სამუშაო იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ნიკას რომ წარმოედგინა, მაგრამ არ გატყდა, დაწყებულ სამუშაოს მონდომებულად შეუტია და წინ მიიწევდა. თხრაზე გაცილებით ძნელი მიწის გამოტანა ჩანდა, რასაც თუნუქის ვედრომომარჯვებული და მშენებლის ხელთათმნებით აღჭურვილი ოთო აკეთებდა. პირველ დღეს თითქმის სამი მეტრი გათხარეს. დაქანცულები იყვნენ, მაგრამ შედეგით კმაყოფილები დარჩნენ. ასეთი ტემპით ამ მძიმე საქმეს, ერთ კვირაში თუ არა, ათ დღეში მაინც მორჩებოდნენ. ნიკას იმედი ჰქონდა, რომ გამოცდილების მიღების შემდეგ უფრო ნაყოფიერად იმუშავებდა. ვიწრო გვირაბში თხუნელასავით შემძვრალს ის აზრიც უტრიალებდა თავში, რომ გვირაბის ჩამოწოლის შემთხვევაში აუცილებლად დაიღუპებოდა, მაგრამ ამ აზრს სწრაფად იცილებდა თავიდან და იმ ბედნიერ წუთზე ფიქრობდა, წერაქვის უკანასკნელი მოქნევის შემდეგ 224- საკანში რომ აღმოჩნდებოდა. ოფლში გაღვრილი და ქანცგაცლილი მიიწევდა წინ და გრძნობდა, რომ ციხის საკნისკენ მისი ეს უცნაური ლტოლვა არაფრით ჩამოუვარდებოდა ციხიდან თავისუფლებისკენ მიმავალი გვირაბის მთხრელის ლტოლვას. პირიქით _ რაღაცით აღემატებოდა, ვინაიდან ერთია თავისუფლების სიყვარულით ციხიდან გაქცეულის ვნებები; მეორე კი, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩამდგარი პოლიტიკოსის თავგანწირვა საკუთარი ხალხის ნათელი მომავლისთვის. პირველი თუ ეკლიანი გზებით თავისუფლებისკენ პიროვნული სწრაფვის კულმინაციაა, მეორე სამშობლოსთვის გმირული თვითშეწირვის აპოთეოზია

ცივი იყო მიწა, ცივი და ნოტიო, მაგრამ თვითონ ისე ცხელოდა, ხვითქი გასდიოდა, ოფლში იღვრებოდა და უჰაერობისგან გონება ებინდებოდა. მაინც მარდად იქნევდა მოკლეტარიან წერაქვს და ადვილად დამყოლ, რბილ მიწას თხრიდა და თხრიდა. რაც უფრო ღრმად გაჰყავდა გვირაბი, მით ძნელდებოდა მიწის გამოტანა, მაგრამ მეგობრისთვის მხარში დგომის თანდაყოლილმა თვისებამ ოთოც შრომის აზარტში ჩაითრია და საქმე ისე წავიდა, რომ რამდენიმე დღეში, მათი გათვლით, უკვე ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ერთი კვირის თავზე ოთოს სახლს გვირაბების მშენებლობის სპეციალისტი ისევ მოადგა. მან ოთოს სარდაფში გვირაბგამყვანის ისეთივე სკაფანდრი ჩაიცვა, როგორიც ნიკასა და ოთოს ეცვათ, და გვირაბში შეძვრა. გზადაგზა რაღაცას ზომავდა, ციფრებს ქაღალდზე ინიშნავდა, შემდეგ ერთმანეთს ადარებდა და გვირაბის ბოლოსკენ მიიწევდა. ბოლოში გასულმა კიდევ რაღაც იანგარიშა და გრძელ სახეზე ღიმილი გადაეფინა.

_ 224- საკნის ქვეშ ვიმყოფებით. ვერტიკალურად ორი მეტრის გათხრა და გვირაბი ზუსტად საწოლთან ამოვა, _ თქვა მან. მერე ნიკას ნიჭი და მიზანსწრაფულობა შეუქო. არც საკუთარი დამსახურება დავიწყნია. _ იცით, რამდენი გვირაბი მაქვს დაპროექტებული და გაყვანილი? ნამდვილი გვირაბი ხომ რთული საინჟინრო ნაგებობაა, მაგრამ ცხოვრებაში უფრო რთული გვირაბების გაყვანა გვიწევს. კვეხნით არ ვამბობ, მაგრამ, რომელი გვირაბის გათხრაც დამიწყია, ყველა წარმატებით დამისრულებია. ამ გვირაბის მშენებლობასაც წარმატებით დავაგვირგვინებთ.

შემდეგ ოთოს, რომელიც ამ უცნაურად მოლაპარაკე ახმახს ქვემოდან ამოჰყურებდა, დაბეჯითებით უთხრა: _ ჩათვალეთ, რომ ჩვენ ეს გვირაბი მოსკოვის ქვეშ გაგვყავს. ამ გვირაბით დავასრულებთ კრემლის მიერ საქართველოს ოკუპაციის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ამავე გვირაბით შემოვიყვანთ საქართველოში დასავლურ ცივილიზაციას! _ ამ სიტყვების დასრულებისთანავე ნიკას მხარზე ღონივრად დაჰკრა ხელი და ცხენივით აჭიხვინდა. მერე საბოლოო რჩევაც დატოვა: _ გვირაბის გათხრა დილის ოთხიდან ხუთ საათამდე უნდა დასრულდეს, ვინაიდან ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმი, თუნდაც არ ეძინოს, მაქსიმალურად მოთენთილია, რის გამოც ციხის დაცვისა და ზედამხედველობის სმენას ნაკლებად მისწვდება ჩქამი, უჩვეულო ხმაური, რომელსაც, მას შემდეგ, რაც გვირაბი ზედაპირს მიუახლოვდებოდა, მიწის ერთბაშად ჩამოშლა გამოიწვევს…

ციხიდან გამოგდებული “პოლიტიკური პატიმარი”

იმ ღამეს ნიკა განსაკუთრებით ღელავდა, დათქმულ დროს მუშაობა განაახლა. თან თხრიდა, თან წარამარა საათის ისრებს დასცქეროდა. რაკი ვერტიკალურად თხრიდა, ზემოდან ჩამონაშალი მიწა თავსა და სახეზე ეყრებოდა.

თხრიდა…

ოფლიან სახეზე მტვერი ეწებებოდა და ტალახად იზილებოდა.

თხრიდა…

გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, არ იცოდა მღელვარების შედეგი იყო თუ არაბუნებრივი შრომის, გადაღლისა და უჰაერობის.

თხრიდა…

წერაქვისა და ნიჩბის ტარის ხელში გამუდმებული ჭერის გამო გაქვავებული ხელისგულები დაუსკდა და ბლანტმა სითხემ იწყო დენა.

თხრიდა…

თავში ათასგვარი აზრი უტრიალებდა, რომლებიც ერთმანეთში ირეოდა, იხლართებოდა და ბოლოს ერთიანად იფანტებოდა.

თხრიდა…

შეჩერდა. წერაქვი დადო და საათს დახედა. დილის ხუთი ხდებოდა. “ვაგვიანებ”, _ გაიფიქრა და კვლავ წერაქვს დასწვდა, მაგრამ ამ დროს თითქოს დახურულ სივრცეში თოფიდან გაისროლესო, ყრუ ბათქი გაისმა და ტყვედყოფნის მოტრფიალეს მიწის უზარმაზარი გროვა თავზე ჩამოეშალა. ცოტა ხანს მიწაზე ეგდო, გონება არ დაუკარგავს. ნელ-ნელა წამოიწია, მიწის გროვიდან ზუსტად ისე ამოძვრა, როგორც თხუნელა ამოვარდება ზედაპირზე, შემთხვევით… ზემოდან სიბნელე და სიცარიელე დასცქეროდა. გვირაბის კედლებს მოეჭიდა და სხეული, როგორც იქნა, ზემოთ აიტანა. სულ მაღლა, თითქმის ჭერთან დატანებული, რკინის გისოსებიანი, ვიწრო სარკმელიდან შემომავალ ალიონის შუქს ციხის 224- საკანი მკრთალად გაენათებინა. პოლიტიკური პატიმრის სულს ისეთი ნათელი მოეფინა, როგორი ნათელიც საპატიმროდან გაქცეულისა და სამშვიდობოს გასულის სულს მოეფინებახოლმე. კინაღამ წამოიახა: თავისუფლებას გაუმარჯოს! დროზე შეიკავა თავი, ენის წვერზე მომდგარი სიტყვა ენის წვერზევე შეიყინა და ლოცვასვით ჩურჩულით წარმოთქვა: პოლიტიკურ პატიმრობას გაუმარჯოს!

დაღლილობამ თავისი გაიტანა. მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო და მუხლები აუკანკალდა. ჟანგმოკიდებულ რკინის საწოლს ორივე ხელით დაეყრდნო და ერთხანს ასე წელში მოხრილი იდგა. მერე გულაღმა წამოწვა და თვალები ჭერს მიაპყრო, მაგრამ ჭერმა ტრიალი იწყო. ჯერ ნელა დატრიალდა, მერე კი სიჩქარეს უმატა. თვალები დახუჭა. ახლა ჭერს ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მის ირგვლივ ყველაფერი უთავბოლოდ ტრიალებდა. შემდეგ ისიც იგრძნო, ტრიალის სისწრაფემ თანდათან რომ იკლო და, ბოლოს, მთლიანად შეჩერდა. შეშინებულმა თვალები გაახილა. ვიწრო სარკმლიდან დღის სინათლე თითქოს იმიტომ გადმოიღვარა მომეტებულად, რომ ობობას აბლაბუდებით დაფარული ჭუჭყიანი საკნის უბადრუკობა მთელი სისავსით გამოეჩინა. დაღლილ-დაქანცულსა და აფორიაქებულს თვლემა მოერია…

* * *

საპყრობილის მიმართულებით, უთენია, ზღვა ხალხი დაძრულიყო. მდინარესავით ლივლივებდა დროშებითა და ტრანსფარანტებით მომავალ ადამიანთა უწყვეტი ნაკადი.

_ ნიკა გმირია!

_ ნიკა საქართველოს ეროვნული სინდისია!

_ ნიკას გაუმარჯოს!

_ ნიკას გაუმარჯოოოს!

გუგუნებდა ხალხი.

“სწორად მოვიქეცი”, _ ფიქრობდა და გულში გამარჯვებას ზეიმოდა. “ხალხი გამომიყვანს ციხიდან, არავითარი გირაო, არავითარი ამნისტია, მე, როგორც გმირ წინამძღოლს, ხალხი გამათავისუფლებს, ხალხის ძალას წინ ვერავინ აღუდგება!” _ ხარობდა ნიკა და უზარმაზარი თაიგულებით მისკენ დაძრულ ცოცხალ ტალღას ხელებგაშლილი და ყურებამდე გაღიმებული ეგებებოდა…

ნიკას გამახვილებულ სმენას ცოტა ხანში სხვა მხრიდანაც მისწვდა სახალხო ჟრიამულის ხმა, ევროპელები აღნიშნავდნენ მის გმირობას.

_ არ გატყდა, არ დანებდა, საპყრობილე არ დატოვა გმირმა ქართველმა, _ ხმამაღლა გაჰყვიროდნენ და ხელებს საქართველოსკენ იშვერდნენ.

ნიკა ევროპელთა მიმართულებით ჰაეროვან კოცნებს გზავნიდა, როდესაც ამერიკის სენატისა და კონგრესის ერთობლივ სხდომაზე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ნიკას გმირობაზე ალაპარაკდა.

_ ნიკა მხოლოდ საქართველოს გმირი არ არის, იგი ამერიკის გმირიცაა. ნიკა მსოფლიოს გმირია! _ ექსტაზში შესულმა მხცოვანმა პრეზიდენტმა ნიკას გმირობის აღსანიშნავად კონგრესმენებსა და სენატორებს ფეხზე წამოდგომისკენ მოუწოდა.

_ Glory to Nika!

_ Glory to Nika! _ გუგუნებდა კაპიტოლიუმი და ამ მრავლისმთქმელი გუგუნის ექო მთელ პლანეტას სწვდებოდა…

ნიკა ასეთ ტკბილ სიზმრებში იყო, როდესაც 224-ე საკანთან მორიგე პოლიციელმა გასაღებების უზარმაზარი აცმა ააჟღარუნა და რკინის მძიმე კარი რახუნით გააღო.

ხმაურისგან დაფეთებული ნიკა ფეხზე წამოიჭრა. კარებთან გაჩერებულმა მორიგე პოლიციელმა ნიკას დანახვაზე გაოცებისკან პირი დააღო. მერე, გონს მოსულმა, კარი ელვის სისწრაფით ჩაკეტა.

ნიკას სმენას დერეფანში გაქცეული პოლიციელის ამერიკული “ბათინკების” ბრახუნი მისწვდა.

ნიკა ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, როდესაც საკნის კარი ხელახლა გაიღო. საკანთან ციხის უფროსი და ავტომატებმომარჯვებული პოლიციელები იდგნენ.

_ გამოათრიეთ! _ მოკლე იყო ციხის უფროსის ბრძანება.

პოლიციელები საკანში შეცვივდნენ, ნიკას მკლავები ზურგსუკან ამოუტრიალეს და გარეთ გამოიყვანეს.

_ წაიყვანეთ, ეზოს კართან პანღური უთავაზეთ და გარეთ გააგდეთ! _ გასცა ახალი ბრძანება უფროსმა. სანამ ნიკას გაიყვანდნენ, ციხის უფროსმა პოლიციელები გააფრთხილა: _ ეს იდიოტი ამიერიდან ციხის ტერიტორიაზე შემოსული თუ ვნახე, იცოდეთ, მის ნაცვლად თქვენ ამოგალპობთ ციხეში!

გაძალიანებულ ნიკას, რომელიც ფეხებს ფარჩხავდა და შენობაში დარჩენას ცდილობდა, პოლიციელები მიათრევდნენ.

_ არ გავალ! _ ყვიროდა იგი, მაგრამ მისი აღარავის ესმოდა…

რამდენიმე წუთის შემდეგ ალაყაფის კარი, საიდანაც ნიკა გააპანღურეს, მძიმედ დაიხურა.

გამწარებული ნიკა მისთვის სამუდამოდ ჩარაზულ კარს ზურგით მიეყრდნო, ხელები გაშალა და, ჯვარცმულის პოზაში მდგარმა, მთელი ხმით დაიღრიალა:

_ მე პოლიტიკური პატიმარი ვარ!

განწირულ ძახილს საგუშაგოს კოშკურიდან ციხის მცველთა ნაგაზი უხალისო ყეფით გამოეხმაურა, შემდეგ კი ყველაფერი მიჩუმდა…

ვალერი კვარაცხელია

P.S. “ხოლო, ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან”.

ძველი აღთქმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here