Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩინელმა ბერიამ” “ჩინელ სტალინს” გზა გაუკაფა

“ჩინელმა ბერიამ” “ჩინელ სტალინს” გზა გაუკაფა

1130
სინ ძინპინი

პეკინში ჩინეთის კომპარტიის XIX ყრილობა დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური პოლიტიკა გაუმჭვირვალია, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. დღემდე ჩინეთის მმართველი პარტია მკაცრად იცავდა დენ სიაოპინის მიერ შექმნილ წესებს, რომლებიც კოლექტიური მმართველობის პრინციპის ერთგულებას და 10 წელიწადში ერთხელ უმაღლესი ლიდერების როტაციას გულისხმობს, მაგრამ ქვეყნის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა სინ ძინპინმა ერთპიროვნული მმართველობის ელემენტები გააძლიერა. კომენტატორების ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომდარჩენილი” 5 წლის გასვლის შემდეგ ის თანამდებობიდან არ წავა. ეს ჩინური პოლიტიკისთვის მიწისძვრის მსგავსი ცვლილება იქნება.

კომპარტიის ყრილობა, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, ირჩევს 200-კაციან ცენტრალურ კომიტეტს, ის კი, თავის მხრივ, 25-კაციან პოლიტბიუროს და მის 7-კაციან მუდმივმოქმედ კომიტეტს. ამ უკანასკნელს ხშირად ადარებენ დირექტორთა საბჭოს, რომელიც ქვეყანას მართავს; მას შეუძლია, პირველი პირების გადაწყვეტილებებს ვეტო დაადოს. ადრე უცხოელი დამკვირვებლები მოელოდნენ, რომ მის შემადგენლობაში პოლიტბიუროს ორ ყველაზე ახალგაზრდა წევრს _ სუნ ჯენცაისა და ხუ ჩუნხუას შეიყვანდნენ, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებდნენ სინ ძინპინისა და პრემიერმინისტრ ლი კეციანის პირველ მოადგილეებად, შემდეგ კი ჩაანაცვლებდნენ მათ, მაგრამ ეს არ მომხდარა – სუნ ჯეინცაი ივლისში დააპატიმრეს, ხოლო ტანდემის მეორე წევრის პოზიციები შესუსტდა. მუდმივმოქმედ კომიტეტში არ მოხვდა კიდევ ერთი ფავორიტი _ ჩენ მინერი; კომიტეტის ყველა წევრი 60 წელს გადაცილებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი მათგანი ქვეყანას 2022-32 წლებში ვერ უხელმძღვანელებს, რადგან, კიდევ ერთი დაუწერელი წესის თანახმად, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები 68 წლის შესრულების შემდეგ არ უნდა დაწინაურდნენ და პენსიაზე უნდა გავიდნენ. ადრე, ყველასათვის ცხადი იყო, ვინ ჩაუდგებოდა ქვეყანას სათავეში 5 წლის შემდეგ, ახლა კი სრული გაურკვევლობაა. გაუგებარია, წავა თუ არა სი ძინპინი საერთოდ და რამდენად ძლიერია ის იმისთვის, რომ დენ სიაოპინის მიერ შექმნილი სისტემა შეცვალოს.

ბოლო დრომდე ჩინეთის პოლიტიკა გავლენიანი ჯგუფების ინტერესთა ბალანსს ეფუძნებოდა. მაო ძედუნისა და დენ სიაოპინის ეპოქაში დიდი მნიშვნელობა კუთხურ ფაქტორს ენიჭებოდა – კომუნისტები ერთი პროვინციიდან ცდილობდნენ მხარი ერთმანეთისთვის დაეჭირათ. ადრე მათ სხვა კუთხეების წარმომადგენელთა დიალექტიც კი ცუდად ესმოდათ, მაგრამ ენის ეტაპობრივმა სტანდარტიზაციამ (ამაში დიდი როლი მასმედიამ შეასრულა), კომუნიკაციების და ინტერნეტის განვითარებამ, აგრეთვე, დენ სიაოპინის მიერ შემოღებულმა სახელმწიფო მოხელეების როტაციის წესმა (ერთ პროვინიციაში მაქსიმუმ 4, მაქსიმუმ 8 წელიწადს მუშაობენ, შემდეგ სხვაგან ინიშნებიან) კუთხური იდენტურობის მნიშვნელობის დასუსტებას შეუწყო ხელი _ წინა პლანზე აპარატის შიგნით შეძენილი კავშირები გამოვიდა. მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების უკან მათზე კარიერულად დამოკიდებული ადამიანების მთელი არმია დგას.

ექსპერტები ორ გავლენიან ჯფუფს გამოყოფენ: ერთი მხრივ, კომკავშირლებს ან პეკინელ კომკავშირლებს _ მათ ლიდერად მოიაზრება ყოფილი გენმდივანი ჰუ ძინტაო, რომლის აღმასვლა სწორედ კომკავშირში დაიწყო, ხოლო მთავარ წარმომადგენლად დღევანდელ ხელისუფლებაში _ პრემიერმინისტრი ლი კეციანი. კომკავშირლები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი არადასავლური სამყაროს ლიდერად უნდა იქცეს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მდიდარი ზღვისპირა ზოლის შემოსავლების გადანაწილებას სხვა რეგიონების სასარგებლოდ – ღარიბი პროვინციების წარმომადგენელთა უმრავლესობა სწორედ კომკავშირელთა დაჯგუფებაშია.

მათ ე.წ. შანხაის დაჯგუფება უპირისპირდება, რომლის ბირთვს ქვეყნის ყოფილი ლიდერის, ძიან ძემინის, კადრები შეადგენენ. მათი დიდი ნაწილის კარიერული აღმასვლა მაშინ დაიწყო, როდესაც ის შანხაის მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა ბოლო წლებში შესუსტდა, ქვეყნის ხელმძღვანელად მაინც “შანხაელთა” წარმომადგენელი, სინ ძინპინი, აირჩიეს – ჰუ ძინტაოს ბანაკი მას კომპრომისულ ფიგურად თვლიდა, თუმცა მათ ახალი ლიდერის ამბიციები, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ შეაფასეს.

ამ ორი ჯგუფის გარდა, ზოგიერთი მკვლევარი გამოყოფს უხუცესი კომუნისტების ჯგუფსაც, რომლებიც საბაზრო ხასიათის რეფორმებს ეწინააღმდეგება, ორ მსხვილ დაჯგუფებას შორის მანევრირებს და ცდილობს არბიტრის როლი შეასრულოს.

სი ძინპინმა პოზიციების გაძლიერება კორუფციასთან ბრძოლით დაიწყო. რეფორმების პერიოდში სახელმწიფო მოხელეებისა და მათი ნათესავების მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციაში ჩაეფლო. ახალმა ლიდერმადისციპლინის შემოწმების ცენტრალური კომისიისთავკაცად თავისი ძველი მეგობარი, ნიჭიერი ფინანსისტი და მენეჯერი _ ვან ციშანი დანიშნა, რომელსაც დასავლური მედია ხშირადჩინელ ბერიასუწოდებს. მან ტოტალური წმენდა დაიწყო, რომლის დროს ანტიკორუფციული შემოწმება 1,4 მილიონმა ადამიანმა გაიარა, მათგან 278 ათასი (!) ციხეში ჩასვეს. თანამდებობას დაემშვიდობა 440 უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელე, მათ შორის ცენტრალური კომიტეტის 35 წევრი და 70 გენერალი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ვან ციშანის და, შესაბამისად, სი ძინპინის ხელში აღმოჩნდა უამრავი კომპრომატი, რომლებიც ოპონენტების წინააღმდეგობის დაძლევაში ეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, “ჩინელმა ბერიამ” “ჩინელი სტალინის” აღმასვლისთვის სათანადო წინაპირობები შექმნა. ახლახან, მას შემდეგ, რაც ვან ციშანს 69 წელი შეუსრულდა, მისი ადგილი სი ძინპინის სხვა თანამებრძოლმა, ჩჟაო ლიჯიმ, დაიკავა.

კორუფციასთან ბრძოლის გარდა, სი ძინპინმა შექმნა რამდენიმე ათეული სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ეკონომიკის საკვანძო სექტორებს კურირებს და მათ თანდათან ერთგვარი “პარალელური სამინისტროების” ფუნქციები მიანიჭა, რამაც ნაწილობრივ გაათავისუფლა ის გავლენიანი დაჯგუფებების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობისგან.

სი ძინპინი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მმართველი პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საბჭოთა კომპარტიის ბედის თავიდან აცილებას, თუ ძლიერი ლიდერი კორუფციაში ჩაფლული პარტიული ოლიგარქებისა და მათი ნათესავების მიერ შექმნილ ბიზნესიმპერიებს გაანადგურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პარტია გადაგვარების გზას დაადგება.

იმისთვის, რომ შევაფასოთ სინ ძინპინის ამბიციების მასშტაბი, საკმარისია, გავეცნოთ ახალ ცვლილებებს პარტიის წესდებაში, სადაც მოხსენიებულია “სი ძინპინის იდეა”. აქამდე ერთადერთი ლიდერი, რომლის სახელი წესდებაში მის სიცოცხლეშივე შეიტანეს, მაო ძედუნი გახლდათ (დენ სიაოპინი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ახსენეს). ადრე მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. რაც შეეხება ცვლილებების შინაარსს, ხაზგასმულია კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობა და სატრანზიტო დერეფნების განვითარების პრირიტეტულობა. წესდებაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება “არმიაზე პარტიის აბსოლუტური კონტროლის” თაობაზე _ ეს, ალბათ, ლოგიკურია, რადგან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მაღალი რანგის ჩინელი სამხედროების პოლიტიკური ამბიციები ნელა და თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ განუხრელად იზრდებოდა.

სი ძინპინი მხოლოდ ძალაუფლების კონცენტრაციას როდი ახდენს, მას სურს, რომ მაოს და დენის მასშტაბის თეორეტიკოსად წარმოჩინდეს. მაგალითად, 1981 წელს კომპარტიის წესდებაში შეიტანეს მუხლი, რომლის თანახმად ჩინური სოციალიზმის პირველი ეტაპის მთავარ პრობლემას წარმოადგენს წინააღმდეგობა მოსახლეობის მზარდ ეკონომიკურ და კულტურულ მოთხოვნებსა და არასაკმარის საწარმო საშუალებებს შორის. აქედან გამომდინარე, რეფორმების მთავარ მიზნად მრეწველობის განვითარება დასახელდა, მაგრამ გასულ კვირას სი ძინპინმა განაცხადა, რომ მთავარ წინააღმდეგობას წარმოშობს, ერთი მხრივ, ხალხის სურვილი კარგად იცხოვროს და, მეორე მხრივ, დაუბალანსებელი, არასრულყოფილი განვითარება. მან განმარტა, რომ “კარგი ცხოვრება” გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, არამედ სამართლებრივ, სტაბილურ გარემოში ცხოვრების სურვილსაც – კორუფციით, სოციალური უთანასწორობით, ცუდი ეკოლოგიით გამოწვეული პრობლემების გარეშე. მან დასძინა, რომ მრეწველობის შემდგომი განვითარებით ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია, შესაბამისად, აუცილებელია ახალი პოლიტიკის შემუშავება. ეს მოსაზრება ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ – სი ძინპინმა ამ ფორმით განაცხადა პრეტენზია მაო ძედუნის იდეის ჩასწორებაზე, მის ადაპტირებაზე თანამედროვეობის მოთხოვნების მიმართ, ანუ იმ როლზე, რომელიც ადრე დენ სიაოპინმა შეასრულა.

შესაძლოა, ექსპერტების ნაწილი ცდება, როდესაც სი ძინპინს მიაწერს სურვილს, თანამდებობაზე 5 წლის შემდეგაც დარჩეს (სინამდვილეში თანამდებობა სამია – კომპარტიის გენერალური მდივანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე და პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის უფროსი). გამორიცხული არაა, რომ მის ადგილს საგანგებოდ შერჩეული მემკვიდრე დაიკავებს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ სი ძინპინს აქვს პრეტენზია, რომ პროცესების განვითარებაზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე “შანჰაის” ან კომკავშირის დაჯგუფების ლიდერს ან არაფორმალურ მრჩეველს _ ის, სავარაუდოდ, აპირებს, ქვეყნის ცხოვრებაში ისეთივე ადგილი დაიკავოს, როგორც თავის დროზე დენ სიაოპინმა დაიკავა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის შეეცდება, პარტია და სახელმწიფო კოლექტიური მმართველობიდან ერთმმართველობაზე გადაიყვანოს, ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყება და ქვეყნის პერსპექტივები გარდამავალ პერიოდში გაცილებით ბუნდოვანი გახდება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here