Home რუბრიკები საზოგადოება ქაცვის კულტურა, ნერგის წარმოება, გაშენება და მოვლა

ქაცვის კულტურა, ნერგის წარმოება, გაშენება და მოვლა

4817
ქაცვი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ქაცვი ეკუთვნის ფშატისებრთა (Elaeagnaceae) ოჯახს. იგი ორბინიანი და ცალსქესიანი, ქარით დასამტვრიანებელი მრავალწლოვანი მცენარეა. ქაცვი ხშირტოტებიანი, ეკლიანი ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა, რომლის სიმაღლე 1,5–6 მეტრია. მისთვის დამახასიათებელია დატოტვილი გაშლილი ვარჯი.

ქაცვის შესწავლა და მისი გაკულტურება დაიწყო 1934 წლიდან მ. ა. ლისავენკოს მიერ. ციმბირის მეხილეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შესწავლილი და გამოყვანილია ქაცვის 18-მდე ჯიში, რომელთაგან წარმოებაში დანერგილია სიმწიფის სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ჯიში. საქართველოს პირობებისთვის პერსპექტიულია: საადრეო ჯიშებიდან _ ჩუისკაია და პრევოსხოდნაია, ხოლო საგვიანოდან _ სიბირსკაია, იანტარნაია და ზოლოტისტაია სიბირ.

ქაცვი გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, აზიაში. საქართველოში იგი თითქმის ყველგან გვხვდება: ზღვის დონედან 2000-2200 მ სიმაღლემდე – გურიაში, რაჭაში, ქართლში, კახეთში, ხევსურეთში, შატილში, ყაზბეგში, გარე კახეთში, არღუნის ხეობაში, თრუსოს ჭალებში; განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში; იზრდება მდინარის ნაპირებზე, ნესტიან ადგილებში, მთის მშრალ ფერდობებზე, სადაც ხშირად ქმნის ძნელად მისადგომ აღმონაცენს. რაც უფრო მოყინული იქნება ყაზბეგური ქაცვი, მით უფრო გემრიელი წვენი გამოდის, ამზადებენ კახეთის ქარხანაში, გააქვთ გერმანიასა და საფრანგეთში; ამ ქვეყნებში კი ნატურალურობისა და დამახასიათებელი გემოს გამო ყაზბეგის ქაცვზე მოთხოვნა იზრდება.

ბუნებაში ქაცვს შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ქაცვის ნაყოფის შეგროვებისას ხშირად მცენარე იმ ზომამდე ზიანდება, რომ იგი კნინდება. დღეს ქაცვი წითელ წიგნშია შეტანილი.

დაქანებულ ადგილებზე ქაცვის გაშენება კარგი საშუალებაა ნიადაგის ეროზიისაგან დასაცავად. მართალია, მისი ფესვები ნიადაგის სიღრმეში არ მიდის, მაგრამ კორომში, ზედაპირთან ახლოს ქმნის ფესვთა “ბადეს”, რომელიც ნიადაგს იცავს ეროზიისგან.

ქიმიური შემადგენლობა და გამოყენება

ქაცვი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრაა, რომელიც სამკურნალო თვისებებითაა დაჯილდოებული. ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. დიდი რაოდებითაა მასში შაქარი ( 4-7%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები- B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევეა მდიდარი ვიტამინებით ქაცვის თესლი. ნაყოფის რბილობი შეიცავს 8%-მდე ცხიმოვან ზეთს. თესლებში მისი შემცველობა 12%-მდეა. ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზეც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე. ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ქაცვის ნაყოფისგან ამზადებენ ზეთს. ქაცვის ზეთი წარმოადგენს ღია ნარინჯისფერ გამჭვირალე სითხეს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს ეპითელიზაციას და ჭრილობების შეხორცებას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ამიტომაც ქაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს. მის სახვევებს იყენებენ დამწვრობისას, ნაწოლებზე, კანის სხივური დაზიანების დროს. ქაცვის ზეთი გამოიყენება პირის ღრუს დაზიანების, ნახეთქების, ეროზიების და კანის ზედაპირის სხვა დაზიანების დროს. გარდა გარეგანი ფორმებისა, ქაცვის ზეთი გამოიყენება შიგნით მისაღებადაც წყლულოვანი დაავადებების დროს.

ქაცვის ნედლი ნაყოფი და წვენი ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით. იგი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. რეკომენდირებულია უმი ნაყოფისა და წვენის გამოყენება კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობისას; გამოიყენება ასევე ტოქსიკური ჰეპატიტის კომპლექსურ მკურნალობაში და, როგორც ვიტამინების ბუნებრივი წყარო.

ქაცვის ნაყოფი შეიცავს ბეტა-სიტოსტერინს, რომელიც ანტისკლეროზულ ზემოქმედებას ახდენს და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ისე ათეროსკლეროზისა და ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაში.

ნერგის წარმოება

ქაცვი ძირითადად მრავლდება მწვანე ყლორტის და ერთწლიანი ტოტის დაფესვიანებით. მწვანე ყლორტის მისაღებად ეწყობა სადედე ნაკვეთები. გასაშენებლად თხრიან 30-40 სმ სიღრმის ორმოს და მასში რგავენ წინასწარ დაფესვიანებულ ნერგს. დარგვის სქემა 0,3X0,7მ კვების არით. ერთი ჰექტარი სადედედან შეიძლება მიღებულ იქნეს 500-600 ათასი ყლორტი. ყლორტის აჭრა იწყება დარგვიდან მეორე-მესამე წელს. კარგი მოვლის პირობებში ყლორტი შეიძლება აიჭრას 25-30 დღის ინტერვალით 2-3-ჯერ.

მწვანე ყლორტის დასაფესვიანებლად წინასწარ მზადდება საზაფხულო სათბური _ რკინის გისოსებიან ჩარჩოზე პოლიეთილენის აფსკით გადახურული. სათბურში გაყვანილი უნდა იქნეს წყლის მილები, რომლებზეც მაგრდება წყლის გამფრქვევი ბუნიკები ისე, რომ დროგამოშვებით ხდებოდეს სათბურის წყლის ბურუსით დატენიანება. ივნის-ივლისში სადედე ხეებიდან მაკრატლით ჭრიან 18-20 სმ სიგრძის მწვანე ყლორტს. ყლორტს ძირის მხარეს აცლიან 4-5 ცალ ფოთოლს, კრავენ 50-50 ცალიან კონებად და ათავსებენ ზრდის რეგულატორის ხსნარში 14-16 საათის განმავლობაში. შემდეგ გადააქვთ სათბურში წინასწარ მომზადებულ კვლებში. ირგვება 3-4 სმ სიღრმეზე 7X3 სმ დაშორებით. ასეთი წესით მოწყობილ სათბურში ყლორტები ფესვიანდება 10-12 დღის განმავლობაში. 1-1,5 თვის შემდეგ პოლიეთილენის აფსკი იხსნება და ხდება დაფესვიანებული ნერგის გაკაჟება. ასეთ პირობებში რჩება შემოდგომამდე ან ადრე გაზაფხულამდე. შემოდგომით გადააქვთ სანერგეში; სანერგეში დარგვა წარმოებს წინასწარ მომზადებულ ბაზოებზე ხელით ან ჩითილის სარგავი მანქანით 0,7X0,15 მ კვების არით. ერთი სავეგეტაციო პერიოდის გავლის შემდეგ კარგად განვითარებული სარგავი მასალა უკვე მზად არის სარეალიზაციოდ.

გაშენება და მოვლა

ქაცვის გასაშენებლად შერჩეული ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, სარწყავი, გრუნტის წყალი არ უნდა იყოს 50 სმ-ზე ახლოს. დარგვის წინ ნიადაგი იხვნება ღრმად (40-50სმ), მოხვნის წინ შეაქვთ სუპერფოსფატი (6-8 ცენტნერი ჰექტარზე). დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ისე ადრე გაზაფხულზე (კვირტების დაბერვამდე). დარგვა უკეთესია 4X2 მ კვების არეზე. რადგან ჯვარედინ დასამტვერიანებელია: დარგვის დროს ყოველ მეოთხე რიგში მეხუთე მცენარედ უნდა დაირგას მამრობითი სქესის მატარებელი ნერგი, ისე, რომ გამანაყოფიერებელ მცენარეთა რაოდენობა 6-7% იყოს. დამტვერვა კარგად მიმდინარეობს, როდესაც დაცილება 10 მეტრია.

დარგვის შემდეგ ნიადაგი ღრმად არ უნდა დამუშავდეს. რიგთაშორისში მისი სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს, ხოლო მცენარესთან ახლოს _ 4-5 სმ-ს, მორწყვისთვის საჭიროა 500–600 მ3 წყალი ჰექტარზე.

მორწყვის შემდეგ ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს კულტივატორით 8_10 სმ სიღრმეზე.

მოსავლის აღება

ქაცვის ნაყოფის კრეფა შრომატევადი სამუშაოა. მუშის დღიური ნორმა 13_15 კგ-ია, 100_120 ცენტნერი მოსავლის მიღების შემთხვევაში საჭიროა 600-800 კაცდღე. მოსავლის რაოდენობა კვლევითი ინსტიტუტების ბაზებზე აღწევს 200_250 ც /ჰექტარზე. მეურნეობაში კი _ 80_100 ც/ჰექტარზე. ამის გამო ქაცვის წარმოება მეურნეობისათვის ყოველთვის მომგებიანია.

ნაყოფის კრეფის ასეთი სირთულის გამო უაღრესად მნიშვნელოვანია მოსავლის აღების მექანიზაცია. დღეს პრაქტიკულად ქაცვის ნაყოფის საკრეფად გამოყენებულია ჩვეულებრივი, 3_4 მმ დიამეტრის მავთულისგან დამზადებული მოწყობილობა (საკეცის მაგვარი). მკრეფავი ცალი ხელით იკავებს ქაცვის ნაყოფიან ტოტს, ხოლო, მეორე ხელით ამ მოწყობილობით აცლის ტოტს ნაყოფებს და ყრის სპეციალურ ყუთში. ასეთი წესით მოსავლის აღება გაადვილებულია, მაგრამ იწვევს სანაყოფე ტოტების დაზიანებას და მომავალი წლის მოსავლიანობის შემცირებას. ციმბირის ინსტიტუტში ქაცვის მოსავლის ამღები მანქანა უკვე შექმნილია და სასიგნალო ეგზემპლარი დამზადებულია, რომელიც მუშაობს ვიბრაციის პრინციპით.

იუზა ვასაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ნუგზარ შენგელია, ნანა მიროტაძე, იოსებ ბასილია,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here