Home რუბრიკები ისტორია ქართული კულტურის ელემენტები ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში

ქართული კულტურის ელემენტები ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში

3774
შოანის ეკლესია ყარაჩაი ჩერქეზეთში, X საუკუნე

ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში დღესაც შემონახულია ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, ტოპონიმები, ეთნოგრაფიული მასალა. ბალყარეთის, ყარაჩაისა და ყაბარდოს ციხედარბაზები, კოშკები, ეკლესიები, ქრისტიანული სამარხები, ლეგენდაგადმოცემები, საგვარეულო ისტორიები, ფოლკლორი ამტკიცებს ქართული ეთნიკური ელემენტის უძველესი დროიდანვე არსებობას ამ მხარეებში.

ეს ტერიტორიები ძველთაგანვე საქართველოს კულტურულპოლიტიკურ სივრცეში იყო მოქცეული. ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ კი ამ მხარეებზე გარკვეული გავლენა XIX საუკუნის 30-40-იან წლებამდე შეინარჩუნეს სვანეთის სამთავრომ და ცალკეულმა ქართულმა თემებმა (მულახის თემი, მესტიის თემი…). ქვემოთ მოყვანილი ისტორიულეთნოგრაფიული ცნობები საგულისხმო ინფორმაციას იძლევა კავკასიონს გადაღმა არსებული ქართული სოფლების ტრადიციული ცხოვრების წესისა და მენტალობის შესახებ. მათმა მეცნიერულმა შესწავლამ დაადასტურა, რომ იგი ბევრი მახასიათებლით პირაქეთა საქართველოს მთიანეთის (სვანეთის) ყოფისა და კულტურის იდენტურია.

გამოკვლევებით, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი გაცილებით შორს გადიოდა, ვიდრე დღესაა, და ქართველებს ეკუთვნოდათ კავკასიონის ქედს გადაღმა არსებული მიწებიც.

1834 წლამდე სვანეთის მთავრები აკონტროლებდნენ ყარაჩაისა და ბალყარეთის მთიანი ნაწილის ზოგიერთ რაიონს, იქ ჯერ კიდევ ცხოვრობდა ქართული მოსახლეობა, არაქართველები კი ამ მიწებით სარგებლობისთვის გარკვეულ ბეგარას უხდიდნენ დადეშქელიანებს (იხ., გელოვანი ა., 2003).

ცნობილია, რომ ქართველები კავკასიონის ქედს გადაღმა უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. სტრაბონის ცნობით, სვანებიფლობენ ირგვლივ ყველაფერს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის (ყაუხჩიშვილი თ., 1957);

ლეონტი მროველის თანახმად, “დიდოეთიდგან ვიდრე ეგრისამდე… არს სუანეთი” (ქართლის ცხოვრება, 1955) და ა. შ.

საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგალითად, დაღესტანში, ინგუშეთსა და ოსეთში ქართული კულტურის არაერთი ძეგლია; ბალყარეთის, ყარაჩაისა და ყაბარდოს მთიანეთში კი ისინი განსაკუთრებით ბევრია, ვინაიდან ქართველები (სვანები) XIX საუკუნის 30-40-იან წლებამდე ცხოვრობდნენ ამ მხარეებში და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი (სვანეთის სამთავრო და სვანეთის ცალკეული ბალსზემო თემები) 1834-1835 წლებამდე ინარჩუნებდნენ გარკვეულ გავლენას ყუბანისა და თერგის სათავეებში მდებარე ქართველთა ისტორიულ მიწებზე.

ბალყარელები და ყარაჩაელები ქართველების უშუალო მეზობლები მონღოლთა შემოსევების შემდგომი პერიოდიდან გამხდარან. ქართული ენის სვანურ დიალექტზე ბალყარელებს ამჟამადაც სვირებს უწოდებენ. ბალყარელები ყარაჩაელების მონათესავე თურქულენოვანი ხალხია და ისინი იალბუზის მთის აღმოსავლეთით სახლობენ. ქართულ წყაროებში ბალყარეთს ბასიანს უწოდებენ. ყარაჩაელები ქართველთა მეზობლად, ცენტრალური კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. იალბუზის მთა ყარაჩაის გამოყოფს ბალყარეთისა და ყაბარდოსაგან. ყარაჩაელებს სვანები ყრჩოლს ეძახიან, გადმოცემით ცნობილია, ყარჩა ყარაჩაელთა ერთ-ერთი წინამძღოლი ყოფილა, რომელსაც ეს ხალხი ოქროს ურდოდან თუ ყირიმიდან გამოუყვანია და ჯერ ბაქსანში, შემდეგ კი ზემო ყუბანში დაუსახლებია (თოფჩიშვილი რ., 2007). ბალყარელები და ყარაჩაელები ქართველებს (სვანებს) ებზეს სახელით იცნობენ, ყაბარდოელები კი სონეს გვიწოდებენ.

XVI საუკუნის რუსული წყაროებით, ქართველები ჯერ კიდევ ვრცელ ტერიტორიაზე ყოფილან განსახლებულნი.

XVII-XVIII საუკუნეებში კი თურქულენოვან ტომთა მოძალებისგან შევიწროებული ქართული სოფლები თანდათან დაცლილა ქართული ეთნოსისგან.

ქართული ეთნიკური ელემენტის და ქრისტიანული კულტურის ძველთაგანვე არსებობას ბალყარეთში, ყარაჩაისა და ყაბარდოში წერილობით წყაროებთან ერთად ადასტურებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალაც: ტოპონიმიკა, მატერიალური კულტურის ძეგლები (ციხე-სიმაგრეები, კოშკები, ეკლესიები, ქრისტიანული სასაფლაოები…), ფოლკლორი, საგვარეულო ისტორიები, რომლებშიც დაფიქსირებულია გადმოცემები ამა თუ იმ გვარის ქართული (სვანური) წარმომავლობის შესახებ და ა.შ.

ყარაჩაისა და ბალყარეთის ერთი ნაწილის ტოპონიმები (სოფლების, უბნების, ციხეების, კოშკების, მთების, ხეობების, სათიბებისსახელები) აიხსნება მხოლოდ ქართული სალიტერატურო ენითა და მისი დიალექტებით.

ქართული ქრისტიანული კულტურის კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში დღეს თითქმის გამქრალია, მაგრამ წერილობითი წყაროები ზოგიერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. ა. ტურზოევის ცნობით (1743 წ.), ჩეგემის ერთ ხეობაში 300 “სონისოჯახი ცხოვრობს, მათ აქვთ ორი ქრისტიანული ქვის ეკლესიაეკლესიებზე გამოსახულია ჯვრები. “სონებიდიდმარხვის შემდეგ თავს იყრიან ეკლესიებში, ზოგჯერ ხარსაც კლავენ, ხორცს ხარშავენ და ინაწილებენ, მათ გააჩნიათ საეკლესიო წიგნებიც, რომლებსაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან. მასალა თვალნათლივ ავლენს ჩეგემში ქართველების კომპაქტური დასახლებების არსებობას. ასევე, სვანეთის ეთნოგრაფიის ზერელე მცოდნეც კი ამ აღწერილობაში ადვილად ამოიცნობს ქართველ მთიელთა (სვანთა) რელიგიურობას, კრძალვას და მოწიწებას ყოველივე საკრალურისა და საეკლესიო ქონებისადმი.

. გიულდენშტედტის ცნობების მიხედვით (1772 წ.), მთელი ბასიანელები ძველად იყვნენ ქვეშევრდომები საქართველოს მმართველებისა, რომელთა ხელქვეითაც ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები გახდნენ, რისი ნაშთები ახლაც არის შემონახული, ზოგი ძველი ეკლესიის, კვირა დღის უქმობის, დიდმარხვის შენახვისა და ღორის ხორცის ჭამის სახით. მაგალითად, სამი საჟენი სიგრძის ქვის ეკლესია არის შემონახული ჩეგემის მხარეში ულუელთან (გუილდენშტედტი, 1964). გიულდენშტედტი სხვაგანაც აფიქსირებს ეკლესიას: “ქედის ძირში, იქ სადაც ყუბანი ამ ქედიდან გამოდის, არის ალთი-ქესეკის კუთვნილი სოფელი ქეჩეია და მის მოპირდაპირე მხარეზე ქვის ძველი ეკლესია” (გიულდენშტედტი, 1964). თ. მიბჩუანის დაკვირვებით, რომელმაც საგულდაგულოდ შემოიარა და შეისწავლა ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის არქეოლოგია, ტოპონიმიკა, ეთნოგრაფია, გიულდენშტედტისეული ულუელის მხარე ამჟამინდელი ელტიუბე უნდა იყოს (ზემო ჩეგემი), ხოლო . ქეჩეია _ დღევანდელი აული ქართჯურთია ან ლაბგვიარის (ულუკამის) მიდამოებში, სადაც ძველთაგანვე ქართველები ცხოვრობდნენ.

1834 წელს ეს ადგილები ი. შახოვსკიმ შემოიარა და ვერც მან უარყო ჩეგემის მხარეში ქართული კულტურის არსებობა.

1849 წელს ა. ფირკოვიჩმა ბეზინგში ქართული ქრისტიანული ეკლესია აღწერა. ტაძარი ქვით ნაგები და მოხატული ყოფილა. ფრესკებით შემკულ ტაძარზე ქართული წარწერებიც არსებულა. ამ წარწერებს . ლავროვიც იხსენიებს. მისი აზრით, წარწერები ქართველი მშენებლების შესრულებული უნდა იყოს. ეს ეკლესია XX ს-ის 60-იან წლებში მთლიანად დაინგრა.

ლ. ლავროვის აზრით, მდ. ყუბანის სათავეებში ქართველები (სვანები) დასახლებულან XIV-XVII საუკუნეებში, ბაქსანის ხეობაში კი _ 1640-1743 წლებში და მათ ეს მხარე მიუტოვებიათ ყაბარდოელთა შემოტევების შედეგად, XVIII საუკუნის ბოლოს.

არის მოსაზრება, რომ სვანები ჩრდილოეთ კავკასიაში ფლობდნენ სვანური კოშკების მსგავს ციხეებს, რომლებიც სვანების აგებული უნდა იყოს და ეს მიწებიც მათი კუთვნილია. აგრეთვე, სვანებისაა იქ მდებარე ქრისტიანული სასაფლაოები; ხოლო მდინარეების _ კიჩკენიკულისა და ყუბანის შესართავთან გვიჩვენებენ უძველესი ხიდის ნანგრევებს, როგორც საბუთს იმისა, რომ აქ ძველად მდებარეობდა მათი ქალაქი, ციხე-სიმაგრე, რომელიც დარაჯობდა საზღვარს.

ქართული ეკლესია მდგარა ზემო ჩეგემშიც, სავარაუდოდ, ღვთისმშობლის სახელობისა, რასაც გვაფიქრებინებს ტოპონიმიბაირმ”. იგი წმ. მარიამს გულისხმობს.

ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლები დაფიქსირებულია ყარაჩაიშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია შუანის მთაზე აღმართული ქრისტიანული ეკლესია (“შუანა”), ქვედა არხიზის ეკლესია, თებერდის ხეობის სენტის მონასტერი. ეს ძეგლები X, XI, XIV-XVII საუკუნეებით თარიღდება. ცხადია, ყველა ეკლესია ქართულია, რაც დასტურდება არქიტექტურული სტილით და ტოპონიმიკით.

ადგილობრივმა ფოლკლორმა და ტოპონიმიკამ შემოინახა ხსოვნა საქართველოს დიდი მეფის _ წმიდა თამარის შესახებ. აქ შემონახულია ტოპონიმი “თამარის მთა”. მთაზე ციხე მდგარა (“თამარის ციხე”), დღეს იგი ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. იქვე შეინიშნება სხვა ნაგებობების კვალიც. “თამარის მთის” ჩრდილოეთით კლდეში გამოჭრილია ექვსი, ხოლო აღმოსავლეთის მხარეს _ 30 სენაკი. ხუმარის მომიჯნავე მთის კალთებზე სამი მეტრი სიმაღლის ქვაჯვარია აღმართული, მას “თამარის ჯვარს” უწოდებდნენ. იქვე ქრისტიანული სასაფლაო ყოფილა, მსგავსი ჯვრები მრავლად მდგარა, ზოგ ჯვარზე წარწერაც ყოფილა ამოკვეთილი. ხუმარშივე . მიბჩუანმა უზარმაზარი ოთხკუთხა ლოდი ნახა, .. “თამარის ქვა”. გადმოცემით, ამ ქვიდან მიმართავდა თამარი ჯარს, იქვე აბამდა თავის რაშსაც, რომლის ანაბეჭდებად მიიჩნევენ ლოდის აღმოსავლეთ კედლებზე არსებულ ჩაღრმავებებს.

ბალყარეთსა და ყარაჩაიში შემონახულია ქრისტიანული სასაფლაოები. ჯვრების გამოსახულებები, სასაფლაოების გარდა, ამოკვეთილია კოშკებსა და ციხეებზეც. გარდა ამისა, ყარაჩაელთა და ბალყარელთა მეტყველებაში შეინიშნება ქართული ქრისტიანული ტერმინების არსებობაც. იქ ნაპოვნია ადრეული შუა საუკუნეების, X-XIII საუკუნეების, ასევე გვიანი შუასაუკუნეების ქრისტიანული სამარხები, ქვაჯვრები. ცნობილია, რომ ყაბარდოელთა რწმენაწარმოდგენებშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ქრისტიან წმინდანებს: ღვთისმშობელს, ელია წინასწარმეტყველს, წმიდა გიორგის, რაც ამ მხარეზე ქართული კულტურის გავლენითაა განპირობებული.

მკვლევართა დაკვირვებით, ბალყარეთსა და ყარაჩაიში გამოვლენილია ქართული ტიპის 40-მდე საფორტიფიკაციო ნაგებობა: უამრავი ციხე-კოშკი, რომლებიც, გადმოცემების თანახმად, ქართველთა აგებულადაა მიჩნეული. მაგალითად, ყარაჩაიში არის ხუმარის ნაქალაქარი (X-XI სს.), შოანა, თამარის ციხე, გოშაიხ ყალა _ გოშვანთა ციხე; ბასიათშა ყალა _ ჟორჟოლიანების კოშკი; ბალყარეთში: ებზე ყალა, ბადიილშა ყალა _ გოშთელიანების კოშკი. ცნობილია, ბეზინგი ჩერეკის მარჯვენა მხარეს იდგა ციხე-კომპლექსი “ჟაბოლარის ციხე”. იგი ერთ სვანური ტიპის კოშკს და სამ ქვის სახლს მოიცავდა. ციხე დადეშქელიანების განშტოების _ ოთაროვების კუთვნილი იყო.

უღელტეხილებთან მდებარე ქართული სოფლების მოსახლეობა, რომელსაც შედარებით აქტიური მიმოსვლა ჰქონდა ბალყარეთთან და ყარაჩაისთან (მესტია, მულახი, ბეჩო, ნაკრა…) საბჭოთა კავშირის დაშლამდე ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდა გადაღმა მხარეს მცხოვრებ ყარაჩაელთა და ბალყართა იმ ნაწილთან, რომელიც თავის თავს ქართული წარმომავლობისად მიიჩნევდა; ამავე დროს, არსებობდა ჩრდილოკავკასიელ და ქართველ მთიელთა ძმადგაფიცვის ჩვეულებაც. ამას ხელს უწყობდა ხშირი სტუმრობა ერთმანეთთან, ერთმანეთის ენების ცოდნა. ბევრმა ხანდაზმულმა სვანმა იცოდა ბალყარული და ყარაჩაული, ასევე ჩრდილოეთ კავკასიელებს ესმოდათ სვანური.

ქართველ მთიელთა მენტალობაში დღემდეა შემონახული ტკივილიანი მოგონება დაკარგული ქართული მიწების შესახებ. მითუმეტეს აქტუალური იქნებოდა ეს პრობლემა XIX საუკუნეში. პირიქითა ქართული მიწების დაკარგვით გამოწვეული პროტესტის შესახებ მოთხრობილია 1872 წლის გაზეთ “დროებაში”: მულახის თემის მაცხოვრის ეკლესიას საეკლესიო მიწა ჰქონია ბალყარეთში.

თავიანთ ისტორიულ საცხოვრისში (შემდგომ ბალყარეთად წოდებულ მხარეში) მცხოვრებმა ქართველებმა შესწირეს მულახისმაცხოვარს”. მოგვიანებით ქართველთა ერთი ნაწილი პირაქეთა საქართველოში გადმოვიდა, ნაწილი კი ასიმილირდა ბალყარებთან, მაგრამ დარჩა ხსოვნა საეკლესიო მიწის არსებობის შესახებ. ყოველივე საეკლესიო ქონება კი, იქნება ეს რელიგიური სიწმინდე, სარიტუალო ჭურჭელი, საეკლესიო მიწა და სხვ., ქართველ მთიელთა განსაკუთრებული კრძალვისა და საგულდაგულო დაცვის ობიექტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here