Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპმა კვირიკაშვილისა და კლიმკინის შემდეგ ჩერნოგორიის პრემიერმინისტრიც დაამცირა ანუ ფინია პატრონს ვერ...

ტრამპმა კვირიკაშვილისა და კლიმკინის შემდეგ ჩერნოგორიის პრემიერმინისტრიც დაამცირა ანუ ფინია პატრონს ვერ გაუნაწყენდება

1682
ტრამპი, კვირიკაშვილი, კლიმკინი,

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ისევე, როგორც ქვეყანას, რომელიც მსოფლიოზე ბატონობისკენ მიისწრაფვის, როგორც ჩანს, ჩვეულებად აქვს .. სტრატეგიული მეგობარი ქვეყნების ლიდერების დამცირება და მათ ზუსტად ისე ექცევა, როგორც ბატონი _ ყმას.

ასე იყო დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, აგრეთვე, ტრამპისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლე კლიმკინის შეხვედრისას, როცა სავარძელში მოკალათებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლები ფეხზე დააყენა და ისე მიიღო, როგორც ბატონმა ხელისბიჭები (სხვათა შორის, ანალოგიურად მოიქცა ტრამპი ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრისას), ახლა კი, 25 მაისს, ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე იმის გამო, რომ წინა პლანზე გამოჩენილიყო, ჩერნოგორიის პრემიერმინისტრ დუშკო მარკოვიჩს “უჯიკა” და განზე უხეშად გასწია.

სტოლტენბერგი,ტრამპი და ტერეზა მეი
სტოლტენბერგი,ტრამპი და ტერეზა მეი

ვაშინგტონში ნატოს სამიტზე მომხდარს “უწყინარი” სიტუაცია უწოდეს, ასეთივე თვალსაზრისი აქვს ჩერნოგორიის პრემიერმინისტრ დუშკო მარკოვიჩსაც, რომელიც ისევე, როგორც ტრამპი, პირველად მონაწილეობდა ნატოს სამიტზე: ამერიკის ლიდერი ამა წლის იანვრიდან შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას, ჩერნოგორია კი ცოტა ხნის წინათ მიიღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად.

რა მოხდა

ტრამპსა და მარკოვიჩს შორის ინციდენტი ნატოს ახალი შტაბ-ბინის დათვალიერებისას მოხდა: ტრამპმა წინ მდგომ მარკოვიჩს ხელი უხეშად ჰკრა და განზე გასწია (ნახეთ ვიდეო: https://youtu.be/2Pe0AW_PRYg).

ახალი ოფისის შენობამ აღაფრთოვანა ამერიკის პრეზიდენტი. “არასოდეს მიკითხავს, რა დაჯდა ეს შენობა, ამას არც გავაკეთებ, მაგრამ ეს ძალიან ლამაზია”, _ განაცხადა ტრამპმა შენობის დათვალიერების შემდეგ.

ტრამპმა მარკოვიჩს „უჯიკა“
ტრამპმა მარკოვიჩს „უჯიკა“

ნატოს ახალი შტაბბინა ნატოს სამიტის დაწყების წინ გაიხსნა. მისი მშენებლობა, აგრეთვე, ოფისის გადატანა მილიარდ ევროზე მეტი დაჯდა. ახალი შენობის საერთო ფართობი 250 ათასი კვ. მეტრია, ის ალიანსის ძველი ოფისის მოპირდაპირე მხარეს ააშენეს.

უწყინარი სიტუაცია

თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპსა და მარკოვიჩს შორის ინციდენტის ვიდეოჩანაწერი არ უნახავს. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ტრამპმა, უბრალოდ, დაიცვა ნატოს წევრი-სახელმწიფოების ლიდერთა განლაგების სქემა ფოტოგადაღების წინ. ჩერნოგორიის პრემიერმინისტრმაც განაცხადა, რომ არაფერი სწყენია ამერიკის პრეზიდენტისგან (აბა, სხვას რას იტყოდა?! _ ნ.კ.): “ეს, უბრალოდ, უწყინარი სიტუაცია იყო. ბუნებრივია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინა რიგში უნდა იდგეს”. ასეა _ ფინიას არ შეუძლია პატრონს გაუნაწყენდეს, რადგან ამისთვის მკაცრად დაისჯება, პატრონმა კი ფინიას კუთვნილ ადგილზე მიუთითა.

ტრამპი და მაკრონი
ტრამპი და მაკრონი

ხელის ჩამორთმევა

თავის პირველ სამიტზე ტრამპი სერიოზულ “მოწინააღმდეგეს” შეეჯახა. აშშ-ის პრეზიდენტი განთქმულია ხელის ძლიერი ჩამორთმევით და ამის გამო არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ სიტუაციაში.

ბრიუსელის სამიტზე კი თვითონ ტრამპს მოუწია დათმობა მისალმების ამ “სახეობაში” _ მისი ოპონენტი “ხელის ჩამორთმევის ბრძოლაში” იყო ნატოს სამიტის კიდევ ერთი ახალბედა _ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც, როგორც ჩანს, ხანგრძლივად ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის.

კარიკატურა
კარიკატურა

სააგენტო “რეიტერი” წერს, ტრამპი და მაკრონი ისე ძლიერად უჭერდნენ ერთმანეთს ხელს, თითები გაუთეთრდათო.

ხელის ჩამორთმევის ჭიდილში გაიმარჯვა მაკრონმა: “ფოტოების მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტმა პირველმა მოადუნა ხელი. თუმცა ამ კონფუზს ხელი არ შეუშლია ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებებისთვის. დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოილაპარაკეს, რომ გააძლიერებენ ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ”.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here