Home რუბრიკები ისტორია სტალინი მეორე მსოფლიო ომში

სტალინი მეორე მსოფლიო ომში

419

დიდი სამამულო ომის საარქივო მასალები _ 1200 ახალი დოკუმენტი პირველად იხილავს მზის სინათლესსაქართველო და მსოფლიოსფურცლებზე

1941 წლის 22 ივნისს, ომის დაწყების პირველ დღეს, სტალინის ხელმძღვანელობით მიიღეს სახელმწიფო მნიშვნელობის 9 სხვადასხვა დადგენილება და განკარგულება, რომლებიც ქვეყნის საციცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

22 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებების ნუსხა ასე გამოიყურება:

1. მიმართვა უმაღლესი მთავარსარდლობისა ჯარებისადმი სსრკ-ზე გერმანიის მუხანათური თავდასხმის შესახებ;

2. კათალიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლის, სერგის, მიმართვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრებისა და მრევლისადმი;

3. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ვიაჩესლავ მოლოტოვის, მიმართვა საბჭოთა ხალხისადმი გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შესახებ;

4. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;

5. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება სსრკ-ის რიგ რაიონებში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;

6. მიმართვა სახელმწიფო უშიშროებისადმი, ასევე რესპუბლიკურ, საოლქო და სამხარეო კომიტეტებისადმი საომარი მოქმედებების შესახებ;

7. უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანებულება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ;

8. კრემლის კომენდანტის ბრძანება მოსკოვის კრემლის დაცვის გაძლიერების თაობაზე;

9. სამხედრო ტრიბუნალის წესდების დამტკიცება და მისი მოქმედების არეალი საომარ და ომისპირა რაიონებში.

ამით მთავრდება ომის პირველი დღე.

ყველა დოკუმეტი, რომლებიც ომის პირველ დღეს შეიქმნა, სტალინის შექმნილია ან მის მიერ შესწორებული. ისტორიამ და საიდუმლო მასალებმა ცხადყო სტალინის “პარალიზებულობა”, რომელიც თითქოს ომის გამოცხადებით შოკში ჩავარდნილმა საბჭოეთის ბელადმა განიცადა. საინტერესოდ მომეჩვენა და თქვენთვისაც საინტერესო იქნება 1941 წლის 27 ივნისს, ომის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ, გაზეთ “პრავდის” რედაქციაში ლეიტენანტ . მიხაილჩენკოს ფრონტიდან გაგზავნილი წერილი, რომელიც მთავრობისათვის გასაცნობად გაეგზავნა გაზეთის რედაქციას და არა დასაბეჭდად. აი, რას წერს იგი:

მძიმე და სახიფათო ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი, რომელიც, ძირითადად, გამომდინარეობს საზოგადოებაში დათესილი პანიკიდან. თუ მთავრობა სასწრაფოდ არ მიიღებს სათანადო ზომებს, შეიძლება მალე დავმარცხდეთ. მტერი ყველაფერს აკეთებს პანიკის დასათესად. უშვებს მცირე ჯგუფებს მეომრებსა და ხალხში ათასგვარი ჭორის გასავრცელებლად. ჰაერიდან წვიმასავით მოდის სასოწარკვეთილი ზღაპრები ადამიანების დასაშინებლად. ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ ზომები არ მიუღია ამ აბსურდული ჭორების გასაბათილებლად, პირიქით _ თვითონ ვარდებიან პანიკაში. როგორც ადგილზე, ისე ახლო რაიონებში, ერთნაირი მდგომარეობაა. აუცილებელია და გირჩევთ:

1. გამოსცეთ კანონი პანიკიორებისა და ჭორების გამავრცელებლების მიმართ. დახვრიტეთ რამდენიმე განგაშის ამტეხი და ცრუ ხმების გამავრცელებელი;

2. აკრძალეთ საჰაერო სირენების მასობრივი გამოყენება, რომლებიც აბნევს როგორც მებრძოლებს, ისე მცხოვრებლებს. საჰაერო განგაშის სიგნალი მხოლოდ ერთმა უწყებამ გასცეს;

3. აიკრძალოს ოჯახების გადაბარგება-გადმობარგება თვითნებურად, რაც ხელს უშლის ჯარების გადაადგილებას და ხელს უწყობ პანიკის გავრცელებას;

4. ჩაატარეთ საგანმანათლებლო მუშაობა ჯარსა და მოსახლეობაში პანიკის წინააღმდეგ; განამტკიცეთ რწმენა და იმედი. სანდო ადამიანებს მიეცით იარაღი, რათა უფრო გაბედულად იმოქმედონ ჯაშუშებისა და დივერსანტების წინააღმდეგ. ეს საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია და აუცილებელია, მიაწოდოთ მთავრობას, როგორც ფრონტიდან მიღებული ცნობა.

ლეიტენანტი ფ. მიხალჩენკო”.

წერილს ადევს რეზოლუცია:

“არქივი. ამხ. მიხალჩენკოს მიერ დაყენებული საკითხები გადაწყვეტილია.

. სტალინი. 1941 წელი 10 ივლისი”.

აღსანიშნავია, როგორ გამართულად მუშაობდა ფოსტა-ტელეგრაფი, რომ ფრონტის წინა ხაზიდან სულ რამდენიმე დღეში სტალინმა მიიღო ლეიტენანტის წერილი, რომლითაც ფრონტის ამბებს ატყობინებდა “პრავდის” რედაქციას, რადგან იმედი არ ჰქონდა, რომ წერილი სტალინამდე მიაღწევდა. საარქივო მასალებიდან კი ირკვევა, რომ სტალინმა წერილს დაწერიდან 13 დღის შემდეგ რეზოლუცია დაადო.

იმაზე, რაც ჯარისკაცს აწუხებდა, სტალინს უკვე ომის დაწყების პირველივე დღეს ჰქონდა ნაფიქრალი მოგვარებული, მაგრამ ჯარისკაცამდე ჯერ კიდევ არ იყო მისული.

აქვე წარმოგიდგენთ:

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის  ბრძანებულება  საომარი ვითარების შესახებ

1. სსრკ-ის კონსტიტუციის 49 მუხლის “პ” პუნქტის მიხედვით, სსრ კავშირის მთელ ტერიტორიაზე ან გარკვეულ რეგიონებში, ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ცხადდება საომარი ვითარება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.

2. რეგიონებში, სადაც გამოცხადდა საომარი ვითარება, სახელმწიფო მართვის ყველა ფუნქცია საბრძოლო მიმართულებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ექვემდებარება ფრონტის სამხედრო საბჭოს, არმიასა და სამხედრო ოლქებს, ხოლო იქ, სადაც არ არის შექმნილი სამხედრო საბჭო _ სამხედრო შენაერთების უმაღლეს სარდლობას.

3. რეგიონებში, რომლებშიც გამოცხადდა საომარი ვითარება, სამხედრო სარდლობას ენიჭება შემდეგი უფლებები:

ა) ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოხდეს მოქალაქეთა დასაქმება თავდაცვითი სამუშაოების ჩასატარებლად, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ობიექტების, საწარმო კონსტრუქციების, ელექტროსადგურების, ელექტროქსელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო, ეპიდემიოლოგიური და სტიქიური უბედურებებისაგან დასაცავად;

ბ) შეიქმნას სამხედრო-საცხოვრებელი პირობები სამხედრო ნაწილებისა და დანაყოფებისათვის;

გ) დადგინდეს სატრანსპორტო გადაზიდვების ვალდებულებები სამხედრო საჭიროებისთვის;

დ) მოხდეს სატრანსპორტო და სხვა საშუალებათა ამოღება როგორც სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კოოპერაციული ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან, ასევე ცაკლეული მოქალაქეებისგან;

ე) დაწესდეს დაწესებულებების, თეატრის, კინოსა და ა.შ. სამუშაო დღის განრიგი; დარეგულირდეს შეკრებების, მსვლელობებისა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილზე ორგანიზებული დაშვება; შეიზღუდოს და გარკვეული საათებიდან აიკრძალოს ქუჩაში გადაადგილება; აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს საეჭვო პირთა ჩხრეკა-დაკავება;

ვ) დარეგულირდეს ვაჭრობა და სავაჭრო ორგანიზაციები (მაღაზია, ბაზარი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები), კომუნალური საწარმოები (აბანო, სამრეცხაო, საპარიკმახერო და სხვ.); დაწესდეს შვებულების ნორმები სავაჭრო-საყოფაცხოვრებო მომსახურეთათვის;

ზ) ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საომარი ვითარება, აიკრძალოს შესვლა-გამოსვლა;

თ) ადგილებიდან, სადაც გამოცხადებულია საომარი ვითარება, ასევე ცალკეული პუნქტებიდან, მოხდეს ადმინისტრაციული წესით იმ პირთა გამოსახლება, რომლებიც თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე შემჩნეულნი არიან საეჭვო კავშირებში ან არიან სოციალურად საშიშნი;

4. ბრძანებულების მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, სამხედრო საბჭო უფლებამოსილია შემდეგ საკითხებში:

ა) გასცეს სათანადო ვალდებულებები მოსახლეობის ყველა ფენისთვის; დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ გატარდეს ადმინისტრაციული წესით დადგენილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით ან ჯარიმა 3 000 მანეთის ოდენობით;

ბ) გასცეს ბრძანებები ადგილობრივ ორგანოებზე, სახელმწიფო-საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე, ასევე მოსთხოვოს მათ უპირობო დაქვემდებარება;

5. ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, საზოგადოებრივი დაწესებულებები და სასწავლებლები ვალდებულნი არიან, სრული თანადგომა გაუწიონ სამხედრო სარდლობას და აღმოუჩინონ დახმარება ქვეყნის უსაფრთხოების, დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისთვის;

6. სამხედრო სარდლობის ბრძანების შეუსრულებლობის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საომარი ვითარების ტერიტორიაზე, სამხედრო კანონებიდან გამომდინარე, დამნაშავე ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;

7. სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საომარი ვითარება, ყველა დანაშაულებრივი საქმე მიმართული ქვეყნის დაცვისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, ასევე საზოგადოებრივი წესრგის დაცვის წინააღმდეგ, გადაეცემა სამხედრო ტრიბუნალს. კერძოდ:

ა) სახელმწიფო დანაშაულის საქმე;

ბ) სამართალდარღვევის საქმე, მიღებული 1932 წლის 7 აგვისტოს საზოგადოებრივი (სოციალისტური) საკუთრების დაცვის შესახებ;

გ) სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული;

დ) ძარცვის საქმე;

ე) განზრახ ჩადენილი მკვლელობის საქმე;

ვ) საპატიმროდან ან ზედამხედველობაში ყოფნისას უკანონოდ გათავისუფლების საქმე;

ზ) საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შეუსრულებლობის, თავიდან აცილების ან კანონდამცველთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საქმე;

თ) იარაღის არაკანონიერი ყიდვა-შეძენა-შენახვის საქმე;

ამას გარდა, თუ სამხედრო სარდლობა მიზანშეწონილად ჩათვლის, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, სამხედრო ორგანო უფლებამოსილია, გადასცეს სამხედრო ტრიბუნალს სპეკულაციური, ბოროტი ხულიგნური ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების საქმე გათვალისწინებული სსრ კავშირის სისხლის სამართლის კოდექსით.

8) სამხედრო ტრიბუნალის საქმეების განხილვა იწარმოებს “საომარ ზონებში სამხედრო ტრიბუნალის რეგლამენტის” შესაბამისად.

9) სამხედრო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი განაჩენი საკასაციო სარჩელს არ ექვემდებარება და შესაძლებელია, გაუქმდეს ან შეიცვალოს მხოლოდ ზედამხედველობის გზით.

10) მიღებული ბრძანება ასევე ვრცელდება ქვეყნის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ ხორციელდება სახელმწიფო მართვა და დარღვეულია სსრ კავშირის უფლებამოსილება.

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თვმჯდომარე

. კალინინი

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი

 . გორკინი

მოსკოვი, კრემლი

22 ივნისი, 1941 წ.”

(ფოტო #1 და ფოტო #2)

აქვე ვეცნობით პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლის, მიტროპოლიტ სერგის, მიმართვას მღვდელმთავრებისა და მრევლისადმი. ეს სრულიად აქარწყლებს სიცრუეს, თითქოს სტალინმა 1943 წელს სამღვდელოების მაღალ იერარქიასთან შეხვედრა იმიტომ გამართა და პატრიარქის თანამდებობა იმიტომ აღადგინა, რომ გერმანელებს მიბაძა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესიისადმი პატივიცემაში. (ფოტო #3 და ფოტო #4).

მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებს

ბოლო წლებში საბჭოთა კავშირის მცხოვრებლები გამოვთქვამდით იმედს, რომ ომი, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩვენ არ შეგვეხებოდა, მაგრამ ფაშიზმმა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, აღიარებს მხოლოდ უხეშ ძალას, რომელიც ფეხქვეშ თელავს ღირსებასა და მორალს, ფეხქვეშ გათელა ყოველგვარი შეთანხმება. მან არც ამჯერად უღალატა ჩვევას და ფაშისტური ბანდები თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას. მტერი მოულოდნელად დაგვესხა თავს და ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლით ირწყვება ქვეყნის მიწა-წყალი. მეორდება ბათო-ყაენის, გერმანელ მებრძოლთა, კარლ XII-ისა და ნაპოლეონის პერიოდები. ქრისტიანობის მტრებს და მათ შთამომავლებს სურთ, კიდევ ერთხელ დააჩოქონ ჩვენი ხალხი და აიძულონ, უარი თქვას ქვეყნის ერთობასა და კეთილდღეობაზე, მაგრამ რუსი ხალხი არაერთხელ მდგარა მსგავსი გამოწვევების წინაშე და, ღმერთის წყალობით, ამჯერადაც, ფერფლად მიმოფანტავს მტრის ძალას. ჩვენი წინაპრები სულით არ ეცემოდნენ უფრო რთულ ვითარებაშიც კი, რადგან ახსოვდათ წმიდათწმიდა ვალი ქვეყნისა და სარწმუნოების წინაშე და ამიტომაც გამოდიოდნენ გამარჯვებული. მათ დიდებულ სახელებს არ შეურაცხვყოფთ ჩვენც, მათი შთამომავალნი, მორწმუნე მართლმადიდებლები. მამულის დაცვა ხალხის მზადყოფნაშია _ ემსახურო ქვეყანას რთულ ვითარებაში, ემსახურო იარაღითა და, საზოგადოდ, ხალხის გმირობით. ეს ეხება ყველას _ მუშას, გლეხს, მეცნიერს, ქალსა და კაცს, ახალგზრდასა და მოხუცს. ყველას შეუძლია და ვალდებულია, შეიტანოს წვლილი საერთო საქმეში.

დოკუმენტების ხუთტომეული

გავიხსენოთ რუსი ხალხის წმინდა წინამძღოლები _ ალექსანდრე ნეველი, დიმიტრი დონელი, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანასა და ხალხს, მაგრამ თავს სწირავდნენ არა მხოლოდ წინამძღოლები. გავიხსენოთ ასობით ქრისტიანი მორწმუნე, რომელთა სახელიც სამარადჟამოდ შემოინახა რუსმა ხალხმა ლეგენდებში _ ილია მურომეცი, დობრინია ნიკიტიჩი და ალიოშა პოპოვიჩი, რომლებმაც გაანადგურეს სოლოვეი რაზბოინიკი. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა. ხალხთან ერთად იზიარებდა ქვეყნის წარმატებასა თუ მარცხს. ეკლესია თავის ხალხთან დგას ახლაც და ზეციური კურთხევით გლოცავთ მომავალი საგმირო საქმეებისთვის. ვის, თუ არა ჩვენ, უნდა გვახსოვდეს: “უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის” (იოანე 15:13-15). “სული თვისი დადვას” გულისხმობს არა მხოლოდ მას, ვინც ბრძოლის ველზე იგემებს სიკვდილს, არამედ ყოველს, ვინც სწირავს თავს, საკუთარ ჯანმრთელობას ქვეყნის სასარგებლოდ. და ასეთ დროს, როდესაც მამული ყველას გვიხმობს გმირობისაკენ, ჩვენთვის, ეკლესიის მსახურთათვის, უღირსი საქციელი იქნება, ჩუმად ვუყუროთ, რაც ხდება გარშემო, და არ გავამხნევოთ შეშინებული, არ ვანუგეშოთ დამწუხრებული, არ შევახსენოთ მერყევთ თვისი ვალდებულება და ნება ღვთისა. ამას დამატებული, მღვდელმსახურთა დუმილი და არმონაწილეობა იმაში, რაც ხდება მრევლის გარშემო, აიხსენება მზაკვრული ჩანაფიქრით საზღვრის იქითა მხარესთან შესაძლო გარიგებაზე, რაც ღალატის ტოლფასია სამშობლოსა და საღვთო ვალდებულებისა; ვინაიდან ეკლესიას სჭირდება მოძღვარი, რომელიც, წმიდა დიმიტრი როსტოველის ბრძანებით, ჭეშმარიტად ემსახურება ქრისტეს. მაშ, შევუერთოთ ჩვენი სულები მრევლთა სულებს. აუარებელი მართლმადიდებელი მებრძოლი მიდიოდა თავის გასაწირად ბრძოლებში, თავს დებდნენ სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის მტრების შემოსევებისას. ისინი კვდებოდნენ და არ ფიქრობდნენ დიდებაზე, ვინაიდან თვლიდნენ, რომ სამშობლოს სჭირდება მათი თავგანწირვა და სწირავდნენ ყველაფერს, სწირავდნენ სიცოცხლეს. ქრისტიანული ეკლესია კურთხევას გაძლევთ ყველა მართლმადიდებელს ჩვენი ქვეყნის წმინდა საზღვრების დაცვის საქმეში. უფალი გამარჯვებას გვიბოძებს ჩვენ!

პირველი ტომის ყდა

პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი,

მოსკოვისა და კოლომენსკის მორჩილი, მიტროპოლიტი სერგი.

22 ივნისი, 1941 წ.

მოსკოვი”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here