Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

583

რამდენიმე წლის წინათ ტელეეკრანზე კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე გამოჩნდა ერთერთ ტელეწამყვანთან, რომელიც ქალბატონ ლანას მისი ცხოვრების ეპიზოდებზე ესაუბრებოდა. რესპონდენტი ყოველთვის და ყველასთვის საყვარელი კინორეჟისორი გახლდათ და, შესაბამისად, მისი ცხოვრების ყველა წვრილმანი მაყურებლისთვის საინტერესო იყო. ჟურნალისტმა ქალბატონ ლანას მამაზე დაუსვა შეკითხვა. ძლიერ შევშფოთდი, შვილმა მამაზე უკადრისი რამე არ თქვასმეთქი, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, რომ ლანას ეცოდინებოდა სტალინის სიტყვები: “შვილები მშობლების საქციელზე პასუხს არ აგებენ”. ქალბატონმა ლანამ უყოყმანოდ, თითქოს ამ კითხვას ელოდაო, უპასუხა:

_ მამა იმ ეპოქის შვილი იყო და იმ საქმეს ემსახურებოდა, რომელ ეპოქაშიც დაიბადა და ცხოვრობდა, როდესაც შენდებოდა და მტკიცდებოდა ახალშობილი ქვეყანა. მამა ენერგიული, პრინციპული და გაბედული კაცი გახლდათ, თავისი საქმის ერთგული. ასრულებდა დავალებებს, რომლებიც, მოსწონდა თუ არა, სწამდა, რომ სამშობლოს სჭირდებოდა. მე ვამაყობ ჩემი მამით.

სულმოუთქმელად ველოდებოდი, როგორ დაასრულებდა თავის სათქმელს მამაზე და, როდესაც მოვისმინე სიტყვები “მე ვამაყობ ჩემი მამით”, თითქოს გავიზარდე. გავიფიქრე, სანამ საქართველოში ერთი ლანა არსებობს, მამაშვილობა არ დაიკარგება და ოჯახები იარსებებენ-მეთქი. სანამ ქეთევანები და რუსუდანები ქვეყანას გაუჩნდებიან, სახელოვან მამებზე წიგნები ყოველთვის დაიწერება და, სანამ ბაბუებს ისეთი შვილიშვილები ეყოლებათ, როგორიც მანანა ხომერიკია, მანამ ხმალი ქარქაშში არ ჩაიდება, მშობლისა და წინაპრის ტყუილ-მართალი გაირჩევა და სიმართლე იზეიმებს. ეს არ იქნება შურისძიების ზეიმი, ეს იქნება ზეიმი ჭეშმარიტების _ მიზეზთა შესწავლისა და სიმართლის პოვნის.

მე სიმართლის მთქმელი და მლიქვნელთა მიმართ დაუნდობელი ვარ. ამას ხან ჩემი ბუნება მკარნახობს და ხან ერთგულების ფიცი მაიძულებს. არავინ იფიქროს, ძველი იარების გახსნით მსურს, ვინმეს ვაამო ან ვინმეს გული ვატკინო. დაე, ვიცოდეთ სიმართლე და ამ სიმართლით ან აღზევებული, ან დამდაბლებული ადამიანები.

 გასული საუკუნის 90-იან წლებში, “კაენის სულის აღზევების” პერიოდში, როდესაც კულმინაციას მიაღწია სტალინის დემონიზაციამ, ყოველ წუთში გაისმოდა მომიტინგეთა მხრიდან: “თქვენ მოკალით ჯავახიშვილი, თქვენ მოკალით ტაბიძე, იაშვილი, მიქელაძე”. ეს სიტყვები დღესაც ჩამესმის ყურში და დღესაც მაფრთხობს, როგორც იმხანად გაცილებით ახალგაზრდას, ისე ახლა სიბერეშიც და ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ამოხეთქოს სათქმელმა: “ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე”.

ფოტო #1. ჩანაწერი გაკეთებულია 1924 წელს. თუმცა, რევოლუცია დაიწყო 1917 წლის 25 ოქტომბერს (ძველი სტილით) და დამტავრდა იმავე დღეს კრეისერ „ავრორას“ გასროლიტა და ზამთრის სასახლის აღებით, ამიტომ საჭირო არ უნდა იყოს რევოლუციის დამთავრების თარიღის დადგენა, თუ რამ ბოროტი განზრახვა არ არის.

ჩემი უფროსი თაობების ქმედებებისგან გაბოროტებულმა, 1990-იან წლებში გადავწყვიტე, მიმემართა არქივებისათვის და ნაწილობრივ იქ გამერკვია ჩემი გასარკვევი. არქივში მისულმა, მოვითხოვე მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და ევგენი მიქელაძის სასამართლო პროცესების საარქივო მასალები. დირექციამ უარი განმიცხადა:

 _ ყველა “საქმე” ხელოვნების მუშაკებისა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა იზა ორჯონიკიძემ წაიღო.

_ რა უფლება ჰქონდა სამოქალაქო პირს, სისხლის სამართლის გასაიდუმლოებული საქმეები არქივებიდან გაეტანა? _ ვუსაყვედურე.

_ მას სპეციალური განკარგულება ჰქონდა და ჩვენც გავატანეთ.

_ რამდენი “საქმე” წაიღო იზა ორჯონიკიძემ არქივიდან? _ მკაცრად ვიკითხე.

_ 200 “საქმე”, _ იყო პასუხი.

მივადექი ლიტერატურის მუზეუმს _ ქალბატონ იზა ორჯონიკიძეს:

_ თქვენთან ინახება 1937 წელს რეპრესირებულთა ზოგიერთი საქმე, უნდა დამიშვათ მათზე სამუშაოდ.

ქალბატონმა იზამ განმიცხადა, რომ ის 200 “საქმე”, ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, გადატანილ იქნა უფრო დაცულ ადგილზე, რადგან ლიტერატურის მუზეუმში იყო საფრთხე, ცეცხლი გაჩენილიყო.

_ ესე იგი, არქივზე ვერ ვიმუშავებ? _ ვკითხე ქალბატონ იზას.

_ ჯერჯერობით ვერა.

როცა ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია, ზვიად გამსახურდია მოსწყდა ფარას და ცალკე დასცა ბანაკი. შექმნა “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო”. ერთ მშვენიერ დღეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი დამრტყმელი ფრთის, სვანების ხელმძღვანელი დილარ ხაბულიანი მესტუმრა შინ და მითხრა:

_ ამაღამ, 1-2 საათზე, გამსახურდიასთან უნდა იყო სახლში. დღე არ მოვიდეს, არავინ დაინახოს ეს კომუნისტი ჩემთან სახლშიო (თუმცაღა, თითქმის მთელი მისი გრემოცვა გამყიდველი კომუნისტებითა და დამფინანსებლებით იყო დაკომპლექტებული). დათქმულ დროს ზვიად გამსახურდია და მე კოლხური კოშკის ეზოში ბაღის სკამებზე ვიჯექით და ვსაუბრობდით: _ გრიშა, შენ მაგარი ბიჭი ხარ. ხომ იცი, კარგად გიცნობ. როცა საქართველოს სჭირდები, შენ ეშმაკებისკენ მიბრუნდი. დადგება დრო და ამისთვის გაგასამართლებენ. რა დროს სტალინია ახლა?! ჩვენს პარლამენტში სტალინის სახელი რომ გამოჩნდეს, ვინ შემოგვხედავს? ვინ გვაღიარებს? გაანებე სტალინს თავი. შეწყვიტე საარჩევნო კამპანია და ჩემთან გადმოდი (აქ საუბარს აღარ გავაგრძელებ. ძალიან პირადულია).

ფოტო #2. ეს ჩანაწერი 1924 წლის შემდეგ არის შესრულებული. მწერალი სრულ დეპრესიაშია ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში.

ამ დროს კოლხური კოშკის პირველ სართულზე სინათლე აინთო. კოშკის პირველი სართული სარდაფის ტიპის იყო, ამიტომ კედლებს ჰაერისა და სინათლისათვის ჰქონდა დაბალი და განიერი ფანჯრები და, რადგან სკამზე ჯდომისას სახით კოშკს ვუყურებდი, შევნიშნე, რომ სარდაფის ნახევარი სავსე იყო მუყაოსყდიანი საქაღალდეებით, რომლებიც ნაჭრის თასმებით იყო შეკრული. იმწუთში თავში გამიელვა იმ “საქმეებმა”, რომლებსაც დავეძებდი, მაგრამ ამის შესახებ მაშინ მასპინძლისათვის არაფერი მითქვამს. ჩვენი იმ ღამის შეხვედრა კი უშედეგოდ დასრულდა. ეს ფაქტი იმიტომ მოვიყვანე, რომ დამწვარ-დაკარგულად მოხსენიებული მეტად ძვირფასი დოკუმენტური მასალა განადგურებული არ უნდა იყოს…

გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა “ცოფიანი”, “სექსუალური რევოლუციის” ბოლო ეტაპია. ამით ავტორმა თითქოს წერტილი დაუსვა ლენინისა და ტროცკის დაწყებულ საქმეს. ხირჩლას ძვლები მისივე ჩაჟანგებული ხანჯლის ტარით იცნო მონადირემ მყინვართა უფსკრულებში. მეამბოხე მწერალმა თავისი მიმართულების ერთი ხაზი დაასრულა: აღარ არის ხირჩლა, აღარც ძაღლიკაა და არც კმარა გათხოვილა, თუმცა მწერალს საკმარისზე მეტი დარჩა “ცოფიანის” მსგავსი მოთხრობები: “მუსუსი”, “ოქროს კბილი”, “კურკას ქორწილი” და სხვ. გარდა “სექსულარი რევოლუციის” იდეებით გატაცებისა, რაც მწერალს “ჯაყოს ხიზნებიდან” მოჰყვება, თავის მოთხრობებში და ასევე უბის წიგნაკის ჩანაწერებში ერთობ დიდ ადგილს უთმობს ქართველი ხალხის ზნეობასა და მორალს, ამის აშკარა გამოხატულებაა მისი მოთხრობები: “ჩანჩურა”, “მეჩექმე გაბო”, “ეკა” და სხ?. ამას ემატება სკრუპულოზურად შესრულებული უბის წიგნაკის ჩანაწერები, რომლებიც ცალკე წიგნად არის დასტამბული და შეგიძლიათ, მასში ამოიკითხოთ მწერლის მიერ ჩაწერილი ზოგიერთი შენიშვნა:

I. “რევოლუცია გრძელდება და არავინ იცის, როდის დამთავრდება”. (იხ. ფოტო #1)

II. “თემა_ ბნელ ღამეს მამადავითის საფლავზე ავედი. ლანდი მომეჩვენა. ილია ჭავჭავაძე გაცოცხლებულიყო. წამომყვა. საქართველო დავატარე. ყველაფერი ნახა. მესაუბრა. ვეღარ გაუძლო _ ვიღუპებითო და ისევ საფლავში ჩავიდა”. (იხ. ფოტო #2)

III. “მთელი ჩვენი ისტორია გვიმტკიცებს, რომ ქართული ენერგია აფეთქებით თავდებოდა, ხანგრძლივობა არ გვყოფნიდა (დაღლილი ერი ვართ). თითქმის ყველა ომი ასე თავდებოდა: ბრძოლაში თუ გავიმარჯვებდით, ცოტა ხანს გავყვებოდით მტერს და მეორე დღესვე გამოვწევდით შინისკენ. ეს იყო თარეში, რბევა, პარტიზანობა და არა დასახული საომარი მოქმედება. ასეთი ერი მკვიდრ სახელმწიფოს ვერ ააშენებდა და აკი ვერ ავაშენეთ”. (იხ. ფოტო #3)

აქ უნდა შევნიშნო, რომ “კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში მოსახლე ხალხები შეწუხებული იყვნენ ქართველთა თარეშით”. არა მგონია, მიხეილ ჯავახიშვილს წაკითხული არ ჰქონოდა თედო ჟორდიასა და კორნელი კეკელიძის მიმოწერა, სადაც ცხადად ჩანს, შემდეგი აზრი: “ვიბრძოლოთ დასაცველად ჩვენი მწერლობა-ისტორიის ღირსებათა. რაც კარგი ვნახოთ, ის შევითვისოთ, გამოვააშკარავოთ, გამოვაბრწყინოთ, ხოლო ნაკლულევანებანი, დეე, მტრებმა ეძიონ…”.

უფრო შემაძრწუნებელია მის უბის წიგნაკში ამოკითხული ლექსი.

IV. აღარ გუგუნებს სიონის ზარი,

ვეღარ გამოჩნდეს დღეს რუსთაველი,

ვეღარ აყვავდეს გამხმარი ზვარი,

ვეღარ მოირწყვის სამგორის ველი.

უდაბურ იქნა მიწა ქართული.

ვეღარ გავშალოთ დროშა თამარის,

ფერფლად ჩაიწვა გული ლომგული

და გველანდება პირი სამარის.

მარცველის ნაცვლად ქვიშა ფხვიარი,

რკინის მაგიერ ჩვარი მხრჩოლავი,

გული მორჩილი, სული მშიერი,

აზრი ფუღურო, სახე მგლოვარი.

ნუთუ დაგვიდგა დღე აღსასრულის,

ვეღარ წამოდგეს კახის ლაშქარი.

პატარა კახის მედგარი სულის

ვეღარ ავშალოთ ქარდუთა ქარი?

მწერალს კიდევ რამდენიმე წელიწადი რომ ეცოცხლა, დაინახავდა, როგორ გამწვანდა სამგორის ველი, რამდენი მზით გარუჯული პირველი ხარისხის სახნავ-სარწყავი მიემატა თბილისის შემოგარენს. როგორ აშენდა და დამშვენდა თბილისის ზღვის მიდამოები. მწერალს მხჩოლავი ჩვარი ახსოვს და ვერ მოესწრო ამიერკავკასიის მეტალურგიულ გიგანტს _ სრული ციკლით მომუშავე სტალინის სახელობის რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს.

მიხეილ ჯავახიშვილი (ბოლო რიგში მარცხნიდან პირველი) და მის გვერდით პაოლო იაშვილი კრემლში

ბატონო მიხეილ, რა მოსატანია ირაკლის მცირერიცხოვანი ლაშქარი, როდესაც შენი თვისტომი, თქვენი დაღუპვიდან, სულ რაღაც, 5-6 წელიწადში, 12-მილიონიანი არმიის მთავარსარდალი იყო და მსოფლიო ჰიტლერული კატასტროფისაგან იხსნა.

 V. “ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი”.

ვერც ამაში დავეთანხმები დიდ ქართველ მწერალს. უდიდესმა ერებმა და იმპერიებმა ამოჭამეს თავიანთი თავი. საქართველო კი დგას დღესაცვით გოდოლი, შეურყეველი”. მაგრამ ერთიც უნდა ითქვას: მიხეილ ჯავახიშვილმაარსენა მარაბდელისსახით ისეთი მუხა დარგო საქართველოში, რომ, რაც უნდა ჩამოჰკიდო მის ტოტებზე, რა ფერადი ნაჭრებიც უნდა შეაბა და მორთო, დრო და ბუნება ამ საუკუნოვან ხეს ყველა ნივთსა და ნაჭერს შეახმობს. არა მგონია, ბატონი შალვა ნუცუბიძის ნათქვამი სწორი იყოსწაწოლისთეორიაზე _ “ქარიშხალს მუხა და ლერწამი ერთად შეხვდნენ. მუხა იდგა და მედგრად ებრძოდა ქარიშხალს. ლერწამი კიწაუწვა”. ქარიშხალი ჩადგა. მუხა ამოყირავებული დარჩა, ლერწამი წამოდგა და ისევ ამაყად ეჭირა თავი”. არა, მიხელ ჯავახიშვილს, “არსენა მარაბდელისავტორს, “წაწოლაარ ეკადრება. ის მეამბოხე, დაუდეგარი ვეფხვია, რომელმაც მთელი ევროპა ფეხშიშველმა შემოიარა და ისევ მოვიდა საქართველოში. მას არ უნდა მოვთხოვოთ ჩვეულებრივი მოკვდავის წესი და მოვალეობა.

* მერე რა, რომ გენიოსმა ნიუტონმა კარში ორი ნახვრეტი გააკეთა დიდი და პატარა კატისთვის. მან ხომ ბუნების კანონები აღმოაჩინა.

* მერე რა, რომ უკვდავი აინშტაინი სრულიად გაუაზრებლად მიირთმევდა შავი ხიზილალით დაფარულ პურს და პირისპირ მჯდომს უმტკიცებდა, რომ ხიზილალა არასდროს უჭამია.

ბატონი მიხეილ ჯავახიშვილი ჩვეულებრივი საზომით არ უნდა გავზომოთ და არც ჩვეულებრივი სასწორით ავწონოთ.

თუ დიდი მიხეილის ქალიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის, მოგონებებს გადავხედავთ, ბევრ საინტერესო და შეფარულ სიმართლეს გავიგებთ. წიგნის ავტორი ქალბატონი ქეთევანი გულწრფელად შენიშნავს: “ოციანი წლების პრესას თვალი რომ გადავავლოთ, დავინახავთ, თუ როგორ მკაცრად არის გაკრიტიკებული მამას უკლებლივ ყველა ნაწარმოები, რომანი თუ მოთხრობა. მწერალი ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდე მიდიოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. ამიტომ იმხანად იგი გულჩათხრობილი და დაღვრემილი იყო. ქართველი საბჭოთა მწერლების ორგანიზაციულ დაქსაქსულობას ბოლო მოეღო 1932 წელს მიღებული დადგენილების საფუძველზე. ლიკვიდირებულ იქნა პროლეტარ მწერალთა ასოციაცია და შეიქმნა საბჭოთა მწერლების კავშირი. ამ მდგომარეობამ მამა ძალზე გაახარა, მას საშუალება მიეცა, თავისუფლად ამოესუნთქა. მისი მუშაობის პირობებიც უმჯობესდებოდა. ამ დადგენილებამ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა მწერლებს შემოქმედებითი მუშაობისათვის და ატმოსფეროც რამდენადმე გააჯანსაღა”.

ფოტო #3

მიხეილ ჯავახიშვილს სოფელ წერაქვის ხის სახლად ნუ შევხედავთ შორიდან, რომელსაც შეიძლება ყავარი ახდილი ჰქონდეს და კარი ჩამოვარდნილი. მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებით დაინტერესებული კაცი თვითონ მიხეილის შიგნით უნდა შევიდეს და შიგნიდან დაინახოს ის მრავალწახნაგოვანი ბროლის კოშკი, რომლიდანაც ნათდება მრავასაუკუნოვანი ქართული მწერლობა. ეჭვი მღრღნის და მაწვალებს, რომ მიხეილ ჯავახიშვილს _ ამ დაუდგრომელ ავაზას, ვიღაცის ხელი იფარავდა, ყველა მის ადამიანურ ცდუნებას თუ გადაცდომას მიუტევებდა. მიუტევებდა, თანაც უაპელაციოდ. მიუხედავად მთელი ქართული მწერლობის ბომონდის წინააღმდეგობისა და ანათემაზე გადაცემისა, მიხეილ ჯავახიშვილის ავტორიტეტი განუხრელად იზრდებოდა. სრულიად ახალგაზრდა მიხეილი, მიუხედავად ძალზე მძიმე დანაშაულისა, ისეთმა მრისხანე პროლეტარულმა რევოლუციონერმა, როგორიც სერგო ორჯონიკიძე იყო, ერთპიროვნულად შეიწყალა და ციხიდან გაუშვა, მაშინ, როცა “ცოცხალი რომ ყოფილიყო, ვაჟა-ფშაველასაც დავიჭერდი”-ო, _ განაცხადა ვაჟას შვილის დაპატიმრებისას “რკინის კომისარმა”. მიხეილ ჯავახიშვილი ხან მგზნებარე რევოლუციონერის როლში გვევლინება, ხან _ ხელისუფლებასთან მებრძოლი ავანგარდის სულისჩამდგმელად. ეს ყველაფერი მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, საბედისწერო 1937 წლამდე. ის, რომ მიხეილ ჯავახიშვილი გულწრფელია, მკითხველი მაშინ დარწმუნდება, როდესაც 1936 წლის 19 მარტს მისი ორდენით დაჯილდოების სამადლობელ სიტყვაში სტალინს პირდაპირ ეუბნება: მე მწერლობა დავიწყე 1903 წელს. მაგრამ ნამდვილი მწერალი მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს გავხდი. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლების 15 წლის განმავლობაში 20-ჯერ მეტი დავწერე, ვიდრე ძველი რეჟიმის დროს. ვიძლევი პირობას, მივცე ჩემს მკითხველებს ახალი რომანი 1905 წლის ეპოქიდან. თემა _ 1905 წლის აჯანყებაა. რომანს ეწოდებაქალის ტვირთი”. ლაპარაკია ქალებზე, რომლებმაც იკისრეს რევოლუციის ტვირთი, ამასთანავე, ერთმა მათგანმა გაუძლო ამ ტვირთს, მეორე კი დაეცა”. ყველა საკავშირო ღონისძიებაზე, რომელიც ქართულ მწერლობას თუ ხელოვნებას ეხებოდა, უშუალოდ მიხეილ ჯავახიშვილი მონაწილეობდა. 1934 წლის 17 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პირველ ყრილობას, სხვებთან ერთად, საქართველოდან მიხეილ ჯავახიშვილი ესწრებოდა და ის 54 წევრისაგან შემდგარი პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1934 წლის 20 აგვისტოს დილის სხდომას, როდესაც საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძემ სტალინის მიერ შედგენილი და ჩასწორებული მოხსენება წაიკითხა, სწორედ მიხეილ ჯავახიშვილი თავმჯდომარეობდა. მოხსენების წაკითხვამ დარბაზში ფურორი მოახდინა. ყრილობის მთელი შემადენლობა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს საქართველოს მწრლობისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის აღმოჩენას. სტალინის მითითებით, ყურადღების დათმობამ შუასაუკუნეების რენესანსისა და შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ძირეულმა გაცნობამ ყრილობის მონაწილეებისათვის, უზარმაზარი გამოხმაურება ჰპოვა და სვეტებიან დარბაზში, სადაც ყრილობა მიმდინარეობდა, პირველ სვეტზე შესვენების პერიოდში ყრილობის მონაწილეებმა დაინახეს მათთვის უცნობი პოეტის, შოთა რუსთაველის, უნიკალური ფერადი სურათი, რომელიც სვეტებიან დარბაზს ამშვენებდა. ყრილობის ქართველი მონაწილეები ცრემლებს ვერ იკავებდნენ აღტაცებისაგან. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას დიდმა ირაკლი აბაშიძემ ლექსიც კი მიუძღვნა. სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს ქალბატონ ქეთევან ჯავახიშვილის იმავე წიგნში (გვ. 383-ე) აღნიშნული ფაქტი, რომ სვეტებიან დარბაზში რუსთაველის სურათის ჩამოკიდება მიხეილ ჯავახიშვილის შენიშვნის შედეგი იყო. აი, როგორ აღწერს ქალბატონი ქეთევანი ამ მოვლენას:

“შოთა რუსთაველის სურათზე მინდა, გავიხსენო მამას ნაამბობი. მოსკოვიდან ჩამოსვლისას მან გვიამბო ეს ამბავი და მწერლებმაც ამის შესახებ იცოდნენ. სვეტებიანი დარბაზის ერთ-ერთ სვეტზე რუსთაველის სურათის ჩამოკიდების ამბავი ასე მომხდარა: მამას პრეზიდიუმში რომ დაუკავებია ადგილი, დარბაზისთვის გადაუხედავს და სვეტებზე გაკრული სხვადასხვა ეროვნების კლასიკოსების სურათებისთვის ყურადღება მიუქცევია. შეუნიშნავს, რომ მწერალთა შორის საქართველოდან შოთა რუსთაველის სურათი არ იყო ჩამოკიდებული. ყველა ეროვნების მწერლები იყვნენ წარმოდგენილნი, საქართველოს გარდა. გვერდით ვინც იჯდა პრეზიდიუმში, მამას იმისთვის გადაულაპარაკია: “მე აქ საქართველოს წარმომადგენელის, შოთა რუსთაველის, სურათს ვერ ვხედავ, რატომ გამორჩათ?” ის კაცი მაშინვე ამდგარა თავისი ადგილიდან, გარეთ გასულა და, როცა შემოსულა, მამას დაუნახავს, როგორ აღიმართა დარბაზის ერთ-ერთ თავისუფალ სვეტზე რუსთაველის სურათი. ყველაფერი უმალ მოხდა. მიხეილმა კმაყოფილებით გაიღიმა და თავისუფლად ამოისუნთქა. ყველაფერი რიგზე იყო. ეს ფაქტი ცნობილი იყო ჩვენი დელეგაციისათვის”.

აქვე გთავაზობთ მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოს, რომელიც მან 1936 წლის 19 მარტს გადაიღო მოსოვში, კრემლის სასახლეში.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here