Home რუბრიკები ისტორია სტალინის შემდგომი საქართველო

სტალინის შემდგომი საქართველო

315

სჯობს, ათმა დამნაშავემ აირიდოს თავიდან სასჯელი, ვიდრე დაისაჯოს ერთი უდანაშაულო

ბლეკსტონ უილიამსი

ბევრი დამძრახავს, რომ სტალინური ეპოქის მეხოტბე ამ სიტყვებს ვწერ და ვიმეორებ, მაგრამ ყველაფერს ცხოვრება დაგვანახვებს და შემოქმედი გადაწყვეტს. მე თუ საქართველოს ბოლო ოცდაათი წლის ქართულ ყოფას განვიხილავ, არ უნდა შემრცხვეს არც ჩემი წარსულისა და არც მომავლის. მე, უპირველეს ყოვლისა, მრცხვენია დღევანდელი დღის, რომლის მომსწრე და მონაწილეც ვარ…

სულით ხორცამდე შემძრა დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ასი ათასზე მეტი ქართველის საპირისპიროდ ზუგდიდში გარკვეული ჯგუფის შეკრებამ, რომელსაც აშკარად ცუდი სუნი ასდიოდა. ეს არ არის ის ქართველი საზოგადოება, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობა სურს. “დემოკრატიის მექა” აშშ-ში მხოლოდ ერთხელ გადადგა პრეზიდენტი, ისიც გარკვეული დანაშაულის _ ოპონენტების მიყურადების _ გამო. ეს იყო რიჩარდ ნიქსონი. ამერიკას არ ჰყოლია ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ჯორჯ ბუშიუმცროსი გახლდათ. არჩევნებში მისი გამარჯვება დიდ გაუგებრობებსა და მაქინაციებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ვერდიქტის შემდეგ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მისთვის ხელი არავის შეუშლია მოვალეობების შესრულებაში. საქართველოში კი… თბილისსა და ზუგდიდში საზოგადოების თავშეყრა საპირისპირო მოწოდებებითკახელების აღმა ხნულის ქართლელების დაღმა ფარცხვასჰგავდა.

სტალინი თავის სტატიაში დემოკრატიის შესახებ წერდა: “კარგი რამ არის დემოკრატია, მაგრამ მას სამი რამ უნდა ახასიათებდეს: პირველი _ ეს არის საზოგადოების კულტურულობა; მეორე _ სოციალური უზრუნველყოფა და, რაც მთავარია, თუ ქვეყნის საზღვრებზე ბომბები ცვივა და ხალხი მილიტარიზებულია, ასეთ შემთხვევაში დემოკრატიაზე საუბარი სასაცილოა”.

ჩვენ ვერც ერთ ზემოაღნიშნულ საკითხში გამართული არ ვართ. საზოგადოების კულტურულობა სტუმართმოყვარეობასა და კოპწიაობაში არ გამოიხატება. აქ საუბარია პოლიტიკურ კულტურაზე, რომელიც დასავლეთში მაღალია. საქართველო მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების სიაშია და ვერ ვაკმაყოფილებთ მეორე პირობას. რაც შეეხება საზღვრებს, ჩვენ ყოველი მხრიდან საომარ მდგომარეობაში ვართ, ხოლო მცოცავმა ოკუპაციამ, შეიძლება, მალე ქვეყნის დედაქალაქიც მოიცვას. მაშ, რა არის ჩვენი დემკრატია? _ ღია ეთერში ერთმანეთის გინება და ადამიანების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობა. “ქართული ოცნების” მანკიერი მხარეები, რომლებიც, ძირითადად, კოაბიტაციაში გამოვლინდა, ვფიქრობ, მთლიად ხელისუფლების ბრალი არ უნდა იყოს. ეს ის ფარული უცხო ხელია, რომელსაც არ სურდა, საქართველოს შეეცვალა გზა და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაეწყო. “ქართული ოცნების” დიდი შეცდომა იყო დაპირისპირებულ ნაცებთან აღრევა, რომლებიც არანაირ თამაშის წესებს არ იცავენ, რაც ჩვენი “სტრატეგიული” პარტნიორის გეგმებში შედიოდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი მილიარდების მოფრთხილებამ ქვეყნის 9-წლიანი მორალური და ეკონომიკური გაჩანაგება გამოიწვია. და, თუ დღეს “ნაცმოძრაობის” მესვეურები რუსთაველზე მოსულ ხალხს ითვლიან და 60 ათასამდე დაჰყავთ, სად არის ის 280 ათასი კაცი, რომლებსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” უმძიმესი დანაშაულის მუხლი შეუფარდა და გაასამართლა? არადა, “ოცნებამ” ერთი ბოროტი დამნაშავე ციხეში ჩასვა და ნაციონალებმა ლამისაა თავები დაიხოცონ.

დღეს შეიძლება ზოგს არ მოსწონს ღარიბაშვილის, კობახიძისა და მათი თანამებრძოლების პრინციპული და გაბედული გამოსვლები, მაგრამ მათ გამოსვლებში სახელმწიფოებრიობის ნიშნები ჩანს. ვნახოთ, როდემდე გასტანს მათი პრინციპულობა და დაუბრუნდება თუ არა საქართველოს თავისი სიამაყე და ავტორიტეტი (ეკონომიკაზე აღარ არის საუბარი), როგორიც მას 30 წლის წინათ ჰქონდა.

ხელისუფლებას ვთხოვ: ნუ ხართ ჩაკეტილები კაბინეტებში, იმუშავეთ ხალხთან, ხალხს უპასუხეთ საჩივრებზე და დაიწყეთ სამართლიანობის აღდგენა. შეზღუდეთ ტელეეკრანებიდან ხალხისა და ქვეყნის მართვა. შექმენით საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც წინადადებებს დაგიყენებთ ხალხის სახელით და იხელმძღვანელეთ ხალხის მოთხოვნის საფუძველზე. ხალხმა ყველაფერი იცის, მას არაფერი დაემალება. მზეზე გამოდით _ “მართალი კაცი მზეს არ დაემალება”. ქვეყანას მოექეცით ისე, როგორც საკუთარ თავსა და ოჯახს, თუ გინდათ, იყოთ ხალხის წარმმართველი ძალა!

საზოგადოების გაღიზიანებასა და ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს ცილისწამება და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომლებიც ისმის წარსულ ცხოვრებაზე. თითქოს სტალინურ ეპოქაში საზოგადოება ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრობდა, ხოლო დღეს ბედნიერ დღეებს მოესწრო. ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. არ ვამბობ, რომ საზოგადოების 5-10% დღეს ასჯერ უკეთ არ ცხოვრობს, ვიდრე საბჭოთა პერიოდში, მაგრამ 85-90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და დღეში 2 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს. შორს დარჩა ის დრო, როდესაც 1 კგ შავი პური 8 კაპიკი ღირდა, რუხი პური _ 20 კაპიკი, უმაღლესი ხარისხის (“ტრიდცატკისფქვილის) _ 30 კაპიკი, 1 კგ კარაქი _ 2 მან და 40 კაპ., მარგარინი _ 90 კაპ., ზეთი _ 1 (ნატურალური) – 30 კაპ., 1 კგ ლობიო _ 15 კაპ., კვერცხი _ 3 კაპ., 1კგ კარტოფილი _ 15 კაპ., 1კგ მარილი _ 3 კაპ., 1კგ შაქარი _ 56 კაპ., პომიდორი _ 10-50 კაპ., 1 კგ საქონლის ხორცი _ 1 მანეთი და 80 კაპიკი, 1 კგ ძეხვი (უმაღლესი კატეგორია) _ 4 მან., თევზი, ხიზილალა და ზღვის სხვადასხვა პროდუქტი სრულიად ხელმისაწვდომ ფასებში იყიდებოდა. 1 ბენზინი 43 კაპიკი ღირდა; დიზელი _ 3 კაპ; ნავთი _ 3 კაპ.

ახლა გაგაცნობთ ვაკის სტუდენტური ქალაქის (სადაც ცხოვრობდა 3 000 სტუდენტი) სასადილოს მენიუს:

I. უკრაინული ბორშჩი არაჟნით _ 10 კაპ., 2. ხარჩო საქონლის _ 15 კაპ., წვნიანი _ 8 კაპ. და სხვ.

II. კატლეტი _ 15 კაპ., რაგუ _ 17 კაპ., აზუ _ 17 კაპ., ბივშტექსი _ 15 კაპ., რამშტექსი _ 15 კაპ., ჩახოხბილი ბატის _ 20 კაპ., სოუზი ღორის _ 20 კაპ. და სხვ.

III. კისელი 200 გრ-იანი ჭიქით _ 5 კაპ., ვაშლის, მსხლის, ატმის კომპოტი _ 5 კაპ., კეფირი 0,5 ლ. – 12 კაპ. და სხვ.

სტუდენტთა ქალაქში ბინა უფასო (ლოგინი თეთრეულის ყოველკვირეული გამოცვლით), უფასო ელექტროენერგია, აბანო _ 10 კაპ., კინოს ბილეთი 20 კაპ., ტროლეიბუსის ბილეთი _ 4 კაპ., ტრამვაის _ 3 კაპ., პაპიროსი “ყაზბეგი”, “პრიმა” _ 14 კაპ. შარვალი ჩინური მოდაზე შეკერილი _ 7 მანეთი, პერანგი _ 4 მანეთი, ტილოს ფეხსაცმელი ტყავის ძირზე _ 12 მანეთი.

* სწავლა _ უფასო. უმაღლესის დამთავრებისთანავე სახელმწიფო საატესტაციო კომისია გვაძლევდა საგზურს, თუ სად უნდა გვემუშავა. ადგილზე გამოცხადებისთანავე გვინაღდებდნენ გზის ხარჯებს და 1 თვის ხელფასს წინასწარ გვაძლევდნენ სამუშაოს დაწყებამდე. გვიყოფდნენ 1 500 კვ. მ-ის საკარმიდამო ნაკვეთს, გვაძლევდნენ უპროცენტო სესხს 7 წლით _ 700 მანეთს. ასეთ პირობებში ვიზრდებოდით და ვსწავლობდით. თქვენ, ვინც არ იცნობთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გვეუბნებით, მონობაში ცხოვრობდითო. არადა, მონობაში დღეს ვცხოვრობთ. აბა, ჰკითხეთ ჩემ შემდგომ თაობებს ჰქონდათ თუ არა ლაღი ცხოვრება და შემდეგ შეგეკითხებით თქვენ, დღევანდელ თაობას _ ლაღია თქვენი ცხოვრება? ან თქვენ, დღევანდელი ხელისუფლების ახალგაზრდა წარმომადგენლებო, გქონდათ კი ისეთივე ლაღი ცხოვრება, როგორიც ჩემს თაობას? დაუფიქრდით პასუხს და განსაჯეთ, ვის როგორ ეპოქაში გვიცხოვრია. და რატომ უნდა უკვირდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩემს თაობას და შემდგომ თაობებს მათი არ გვჯერა და ქვეყნის მომავალს უიმედოდ ვუყურებთ.

ახლა მოკლედ მოგახსენებთ, რა ჰქონდა ქვეყანას საერთო სარგებლობაში და რა სიმდიდრეს ვფლობდით სტალინურ ეპოქაში:

* მეტალურგიული, ქიმიური და ცემენტის ქარხნები რუსთავში, ელმავალმშენებელი ქარხანა თბილისში, საავტომობილო ქარხანა ქუთაისში, ბამბეულის მძლავრი კომბინატი და ზუსტი ხელსაწყოების ქარხანა გორში, გამამდიდრებელი ფაბრიკები ჭიათურასა და ტყიბულში, ქვანახშირის, მარგანეცის, ტყვია-თუთიისა და ბარიტის მაღაროები და შახტები ტყიბულში, ტყვარჩელში, გელათში, ახალციხეში, ჭიათურაში, კვაისაში, ირში და სხვ., ქარხნები: “ელექტროავტომატი”, “ელექტროგამშვები”, “მიკროძრავა”, “გაზაპარატი”, ჰიდრომეტეოროლოგიური ხელსაწყოების, ლითონის სახეხი დაზგებისა და ტექნიკური ქვის ქარხნები თბილისში, გემთმშენებელი, ჩაის მრეწველობის, მანქანათმშენებელი და ელექტრომექანიკური ქარხნები ბათუმში, მიწასაწოვი მანქანებისა და ექსკავატორების ქარხანა ფოთში, ქარხანა “ემალსადენი” და ელექტროვიბრომანქანების ქარხანა სტალინირში (ცხინვალი), კაბელების ქარხანა ზესტაფონში, ხრამის, სოხუმის, ჭითახევის, ტყიბულის, შაორის, ჯუმათის, ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურები, ჩაის ფაბრიკები, ღვინის, საკონსერვო, ეთერზეთოვანი, ზეთების, ტუნგოს ზეთსახდელი, ყველისა და რძის ქარხნები და სხვ.

სასტუმრო „ივერია“ 1970-იან წლებში

* საბჭოთა პერიოდში საქართველო აწარმოებდა თუჯს, ფოლადს, ნაგლინს, მილებს, კოქსს, მაგისტრალურ ელმავლებს, ლითონსაჭრელ ჩარხებს, ექსკავატორებს, ავტომანქანებს, ტრაქტორებს, მინერალურ სასუქებს, მრავალგვარ ხელსაწყოს. თუჯის წარმოების მხრივ გავუსწარით მთელ რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებს, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე თუჯისა და ფოლადის წარმოების მიხედვით _ იტალიას, იაპონიას, ინდოეთსა და თურქეთს. საქართველო აწარმოებდა მეტ ფოლადს, ვიდრე შვეიცარია და თურქეთი ერთად აღებული.

* საზღვარგარეთ იგზავნებოდა ურთულესი მანქანები, უნივერსალური ჩარხები, ლითონი, მილები და ფეროშენადნობი, მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, მარმარილო, ცემენტი, ანდეზიტი, სამედიცინო პრეპარატები, ღვინო, კონიაკი, ჩაი, კონსერვები, მაკარონი, მურაბები, მინერალური წყლები, მარგანეცი, თამბაქო, ხილი.

* 1950-იან წლებში საქართველს სამრეწველო პროდუქცია წარმოდეგნილი იყო 16 საერთაშორისო ბაზრობასა და გამოფენაზე. 1953 წელს რესპუბლიკის ვენახები გაფართოვდა 11 ათასი ჰექტარით და მიაღწია 63 200 ჰექტარს, ხეხილის ფართობმა კი შეადგინა 100 ათასი ჰექტარი; საქართველო დაფარა სარწყავი არხების ფართო ქსელმა. გააცოცხლეს 330 ათასი მზით დამწვარი მიწის ფართობი; ამოაშრეს და ბრუნვაში მოექცა 105 ათასი დაჭაობებული მიწა. კოლხეთის ჭაობს გამოსტაცეს 220 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი; გაყვანილი იქნა ნატანებ-მახარაძის, ცხაკაია-სოხუმ-ადლერის, გორი-სტალინირისა და ბროწეულა-გუმბრინის რკინიგზის ხაზები. დაიგო ფართოლიანდაგიანი ხაზი ზესტაფონი-საჩხერე; ზესტაფონი-ხაშურის ხაზის ელექტროფიკაციით მთელ სსრ კავშირში პირველად დაიწყო რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია 1952 წელს.

* რაც შეეხება განათლებას, 1953 წელს რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლობდა 670 ათასამდე მოზარდი, 30 ათასზე მეტი _ მუშა და სოფლის ახალგაზრდობის წარმომადგენელი _ საღამოს სკოლებში. სკოლა-ინტერნატების ქსელში იყო 6 ათასზე მეტი ბავშვი. რესპუბლიკის 19 უმაღლეს და 100-ზე მეტ საშუალო სპეციალურ სასწავლებელში, დაუსწრებელთა ჩათვლით, სწავლობდა 77 ათასზე მეტი კაცი, აქედან 32 ათასი კაცი წარმოებისგან მოუწყვეტლად; უმაღლეს საწავლებლებში სწავლობდა 54 ათასზე მეტი სტუდენტი, მათგან საღამოს განყოფილებაზე _ 3 500, დაუსწრებელზე _ 22 ათასამდე სტუდენტი. 1954 წელს რესპუბლიკის მოსახლეობის ყოველ ათას სულზე მოდიოდა საშუალო განათლების მქონე 315 კაცი, ხოლო უმაღლესი განათლების _ 38 კაცი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ საბჭოთა პერიოდში უმაღლესი და საშუალო განათლების მხრივ შორს ჩამოიტოვა ევროპის მოწინავე ქვეყნები, რომ არაფერი ვთქვათ მეზობელ ქვეყნებზე _ ირანსა და თურქეთზე. ყოველ ათას ადამიანზე უმაღლესი და საშუალო განათლების მქონეთა რაოდენობა საქართველოში 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე თურქეთში; 50-ჯერ მეტი, ვიდრე ირანში; 3,5-ჯერ მეტი, ვიდრე საფრანგეთში. იმხანად ჩვენ გვყავდა გაცილებით მეტი ექიმი, ინჟინერი, აგრონომი, ვიდრე ირანსა და თურქეთს ერთად.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სხვა სისტემებში გაერთიანებულ 145 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში, ლაბორატორიაში, საცდელ ბაზასა და რესპუბლიკის 19 უმაღლეს საწავლებელში მუშაობდა 8 ათასამდე მეცნიერ-მუშაკი, მათ შორის 400-ზე მეტი მეცნიერებათა დოქტორი, 3 ათასზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი და 4 500-ზე მეტი სხვა მეცნიერ-მუშაკი.

ქართველმა მეცნიერებმა _ მათემატიკოსებმა, ფიზიკოსებმა, გეოლოგებმა, ბიოლოგებმა, ფიზიოლოგებმა, ისტორიკოსებმა, ფილოლოგებმა და მათ მიერ შექმნილმა მრავალმა შრომამ სპეციალისტების დიდი მოწონება და აღიარება მოიპოვეს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ასეთები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული საბჭოთა კავშირის აკადემიის აკადემიკოსები მუსხელიშვილი (მათემატიკა), ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია), ვეკუა (მათემატიკა), აკადემიკოსები _ ჩიქობავა, შანიძე, ჩუბინაშვილი, ჯანელიძე, ჯავახიშვილი, ზურაბაშვილი, დავითაშვილი, ნათიშვილი და სხვ. სტალინურ ეპოქაში ქართველმა მეცნიერებმა შექმნეს გამომთვლელი მანქანები, უნიკალური ხელსაწყოები რძის ცხიმიანობისა გამოსარკვევად, ხელსაწყო ნიადაგის მჟავიანობის შესამოწმებლად ტენსაზომი, რომელიც ობიექტურად განსაზღვრავდა ჩაისა და თამბაქოს ტენიანობას, ჩაის საკრეფი მანქანები, ახალი კონსტრუქციის ტრაქტორები. ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო ინსტიტუტმა შექმნა და მრეწველობაში დანერგა 6 გამომთვლელი მანქანა. საქართველოს მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის რესპუბლიკის 67 მეცნიერ-მუშაკს მიენიჭა სტალინური პრემია.

* კულტურა ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში დიდ როლს ასრულებდა 20-ზე მეტი სახალხო თეატრი და 2 000-ზე მეტი თვითმოქმედი კოლექტივი, რომლებიც აერთიანებდა 46 ათასამდე კაცს. ქართული ხელოვნების მრავალი დარგის 64 წარმომადგენელს მიენიჭა სტალინური პრემია. 16 მუშაკი ატარებდა სსრ კავშირის სახალხო არტისტის, ხოლო 400-მდე კაცი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებას.

* ლიტერატურა. გალაკტიონ ტაბიძე, ლეო ქიაჩელი, შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, ალიო მირცხულავა, სანდრო შანშიაშვილი, იოსებ ნონეშვილი, გრიგოლ აბაშიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, დემნა შენგელაია, პარმენ ლორიადა ა.შ. შოთა რუსთაველის 750 წლის იუბილის დღეებში მშვიდობის მსოფლიო საბჭომ მიმართვა გამოუგზავნა იუბილის მომწყობ კომიტეტს, რომელშიც ნათქვამი იყო: ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, შოთა რუსთაველის, ქმნილებამ სახელი გაითქვა მრავალ ქვეყანაში და ხალხი ყველგან თქვენთან ერთად აღნიშნავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, როგორც მსოფლიო კულტურის დღესასწაულს”.

* მედიცინა.

1954 წლის დასაწყისში რესპუბლიკის მოსახლეობას უფასო და მაღალკვალიფიციურ მომსახურეობას უწევდა 12 803 ექიმი, 29 097 საშუალო სამედიცინო განათლების მქონე მუშაკი, ყოველ ათას მცხოვრებზე მოდიოდა 3 ექიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ყოველ ათას სულზე ექიმების რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი ეკავა. გვქონდა 641 საავადმყოფო 26 261 საწოლით, 87 სანატორიუმი, 36 დასასვენებელი სახლი და 13 პანსიონატი. ხელისუფალნო და საქართველოს ახალგაზრდობავ, ნუ დასცინით წარსულს, ის თქვენი შვილების მომავალია.

ალბათ, მალე დაბრუნდება მეცნიერების, ხელოვნების, კლასიკური მწერლობის, მივიწყებული ტრადიციების აღორძინებისა და აყვავების ხანა. დღეს პოლიტიკოსები პოლიტიკანებმა ჩაანაცვლეს, მათემატიკოსები და ფიზიკოსები _ ბიზნესმენებმა, ენათმენიერები _ შოუმენებმა, ფიზიოლოგები _ მანიკიურის გამკეთებლებმა, ხელოვნებათმცოდნეები _ სტილისტებმა და ვიზაჟისტებმა, ექიმები _ კოსმეტოლოგებმა და… სანამ ეს “ხელოსნობა” და ლაქ-საღებავობა არის მოდური და პოპულარული პროფესიები, გარწმუნებთ, ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ მწამს, რომ ქვეყანას კვლავ დაუბრუნდება ფუნდამენტური მეცნიერებები და კლასიკური ხელოვნება _ ხიდი ნახიდარზე გაიდება და წყალი ნაგუბარში ჩადგება.

ნუ გვეუბნებით, ორ მთას შორის ხიდს ვერ გასდებთო _

ორი პერანგი თქვენზე მეტი გაგვიცვეთია

და ნუ დაგვცინით, ჩვენი ქვეყნის ახლაგაზრდებო

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here