Home რუბრიკები ეკონომიკა სპირტისა და იარაღის კონტრაბანდით ნაშოვნი მილიონები

სპირტისა და იარაღის კონტრაბანდით ნაშოვნი მილიონები

რატომ არ აპატიმრებენ თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს

4553
დავით კეზერაშვილი

ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები და მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს ისე ექცეოდნენ, როგორც საკუთარი ჯიბეს, და ფულს ისე ხარჯავდნენ, როგორც მოესურვებოდათ, შედეგადნაცმოძრაობისუქონელი წარმომადგენლები, რომლებიც, როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა, ხელისუფლების სათავეში ცალცალი კალოშით მოვიდნენ, რამდენიმე წელიწადში კი მილიონერებად იქცნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და წართმეული ბიზნესების ხარჯზე.

სწორედ ამიტომ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მისი მმართველობის პერიოდში თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის, თბილისის მერ გიგი უგულავასა და სხვების წინააღმდეგ.

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და სახელმწიფო ბიუჯეტის რამდენიმე მილიონი ლარის (ბოლო ინფორმაციით, 9 მლნ) გაფლანგვაში 2013 წელს დასდო ბრალი, როცა გასაჯაროვდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების შესახებ დოკუმენტები: გადახდის ქვითრები და ანგარიშფაქტურები. ეს დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ სააკაშვილმა დატოვა საქართველო და თავი უკრაინას შეაფარა. ამჟამად კი უკრაინის მოქალაქეობაც ჩამორთმეული აქვს და ქვეყნიდან ქვეყანაში გადადის. მის საქართველოში ექსტრადიციას კი დასავლელი პატრონები ეწინააღმდეგებიან.

გაქცევით უშველა თავს სააკაშვილის “რუხმა კარდინალმა”, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმაც, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, ამ ყველაფრისთვის, სულ ცოტა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადეიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს დატოვა საქართველო და, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნა გამოცხადებული, ამჟამად უცხოეთშია (ჯერ უნგრეთში იყო, შემდეგ _ უკრაინაში) და თავს მშვენივრად გრძნობს.

გაქცევა ვერ მოასწრეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. პროკურატურამ გიგი უგულავა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა (ააიპ “თბილისის განვითარების ფონდის” 13,8 მლნ ლარი) და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება) დაადანაშაულა, რაც 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მაგრამ 14-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პროკურატურამ 2013 წლის 13 მაისს დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მერაბიშვილს ბრალდება წარედგინა დასაქმების პროგრამის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეებზე. ის 2014 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კი დასავლელი მფარველებისა და მათი ორმაგი სტანდარტის წყალობით დაიძვრინა თავი ქართული მართლმსაჯულებისგან.

დავით კეზერაშვილი _ შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი _ 2013 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. მას პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავებოდა: სპირტის კონტრაბანდასა და ტელეკომპანია “იმედის” გასხვისებაზე (ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 2008 წელს ტელეკომპანია “იმედში” ჯოზეფ ქეის წილის დათმობა აიძულა). საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, აგრეთვე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნო 2013 წლის იანვარში. ეს დანაშაულები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა, სარგებლის მიღების მიზნით, თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: ნიკოლოზ დავითაშვილსა და იოსებ იმნაძეს, გამოეყენებინათ სამსახურებრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწიათ აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. კერძოდ, გამოძიების მასალების მიხედვით, დავითაშვილმა და იმნაძემ განიზრახეს, ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სპირტის შერევითა და ტექნოლოგიური მანიპულაციებით ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დავითაშვილმა და არჩვაძემ დაარეგისტრირეს შპს “განთიადი” და შპს “ნაფარეული”. სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი საქართველოში ისე, რომ არ დაებეგრათ. აღნიშნულ პირებს თავიანთ საქმიანობაში სჭირდებოდათ მხარდაჭერა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მფარველობას გაუწევდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელ უფროს დავით კეზერაშვილს და სთხოვეს, ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისთვის. კეზერაშვილი, იმის ნაცვლად, რომ მიეღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო მოვალეობა იყო, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობაზე. მან დაიკისრა ვალდებულება, გავლენა მოეხდინა საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე.

2009 –დან 2012 წლამდე დავით კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7 570 032 აშშ დოლარი.

დავით კეზერაშვილს, როგორც სახელმწიფო მოხელეს, ქრთამად აღებული აქვს 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, _ 7 664 705 აშშ დოლარი. წლების განმავლობაში დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, გადასახადების დამალვის გამო სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი; კეზერაშვილმა კი, საერთო ჯამში, უკანონოდ მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი.

ამის მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა და მან საქართველო დატოვა…

მაგრამ ეს არ ყოფილა კეზერაშვილისთვის წაყენებული ერთადერთი ბრალდება.

აი რას წერდა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ზაზა წულაძე 2014 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში “რატომ ვერ ვისროლეთ M4 ტიპის ავტომატებით?!” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ დავით კეზერაშვილისა და მისი პარტნიორების კორუფციულ გარიგებაზე, რომლის გამოც საქართველოს მთავრობამ 10 მილიონზე მეტი დოლარის უვარგისი ვაზნები შეიძინა და შედეგად 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცები ამერიკული იარაღისთვის საჭირო ვაზნების გარეშე დარჩნენ.

“საქმე ეხება 2008 წლის თებერვალში ისრაელიდან 14 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნების _ ნ.კ.) M855-ის შესყიდვას. ამ გარიგებაში ჩართული იყვნენ, როგორც გაყიდვების ინკოგნიტო აგენტი ისრაელიდან, ისე ამერიკული კომპანია ALS Technologies-ი. ამ კომპანიის პრეზიდენტი დენიელ ალვირეზი, 21 პირთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს დააპატიმრეს. ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მათ ბრალი “საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის” კანონის დარღვევისთვის დასდო. ბრალდებაში ნათქვამი იყო, რომ, ერთ შემთხვევაში, 3,9 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა საქართველოს მთავრობამ 4,7 მილიონ დოლარად იყიდა, ალვირეზმა კი ქრთამად 112 ათასი დოლარი მიიღო. 2008 წლის ივლისში საქართველოს მთავრობასთან 7,2 მილიონი დოლარის გარიგებაში ალვირეზს დამატებით 57 600 დოლარი ერგო. საბრალდებო დასკვნიდან ასევე ნათელი იყო, რომ ქრთამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები იღებდნენ. ვიცეპოლკოვნიკმა გაიოზ მოსეშვილმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში სენაკის მეორე ბრიგადის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა, “ამერიკის ხმას” განუცხადა, რომ ბრიგადის არც ერთმა ჯარისკაცმა ბრძოლაში ამერიკული M4 ტიპის ავტომატი არ წაიღო, ვინაიდან შეძენილი ტყვიები უხარისხო აღმოჩნდა: ბაზაზე M-4 ტიპის 3500 ავტომატი გვქონდა, 500 ერთეულამდე იყო დანარჩენი იარაღი. გასვლის წინ ყველა ბატალიონს გამოუცხადეს: _ ბიჭებო, რა გინდათ, საბრძოლველად აირჩიოთ: ამერიკული M-4 თუ რუსული AKC?! ყველამ აირჩია AKC და რატომ M აირჩია? _ M-4-ისთვის შეძენილი ტყვიები უვარგისი იყო, გასროლისას ავტომატში იჭედებოდა და რომელი ჯარისკაცი აიღებდა ისეთ ავტომატს, რომელსაც ტყვია ეჭედება, თანაც ომში როცა მიდის?!” იმავეს ამბობს სერჟანტი ამირან შავგულიძეც: “არ ემადლიერებოდნენ ჯარში M-4 ტიპის ავტომატს, არ იყო ისეთი, როგორც “კალაშნიკოვი”. ამერიკაში მიმდინარე გამოძიების თანახმად, M4 ტიპის ავტომატების ვაზნების კორუფციული სქემით შესყიდვაში ჩართული იყვნენ: ისრაელის კომპანია “პაზ ლოჯისტიკის” პრეზიდენტი ოფერ პაზი, ამერიკის მოქალაქეები: მარკ მორალესი და საულ მიშკინი, რომელიც საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ დავით კეზერაშვილს მისი ნათესავის, ქართველი ებრაელის, შაბთაი ბატაშვილის, საშუალებით დაუკავშირდა. ამ თემაზე წერილი სათაურით კორუფციის გამოძიება იარაღის ბიზნესის შესახებ საქართველოსკენ მიუთითებსამერიკულმა გამოცემამეინ ჯასთისმაც გამოაქვეყნა. 2010 წელს, როცა ამერიკაში ამ სკანდალის გამო გამოძიება დაიწყო, საქართველოში უხმაუროდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გელა ბერძენიშვილი. მას 2008-2009 წლებში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა, მაგრამ გამოძიება უფრო შორს აღარ წასულა. მოგვიანებით ბერძენიშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და სკანდალი ჩაიფარცხა. ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის ყოფილი მეთაური, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო განათლების ყოფილი სარდალი, თადარიგის პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა ამბობს: “რუსეთთან ომმა ყველაფერი ჩამოწერა: მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტრის ჰქონდა, უცბად ისე გაქრა, რომ, ფაქტობრივად, არაფერი შეგვრჩა, გარდა იმ ყაზარმებისა, რომლებშიც ზოგან სანტექნიკაც არ მუშაობს და, საზოგადოდ, რთული პირობებია. ამას სჭირდება კომპეტენტური და კომპლექსური გამოძიება. თუ გვაინტერესებს, რა მოხდა, უნდა დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს კატასტროფის გამოძიება, როგორც სამხედროპოლიტიკური, ისე . ეკონომიკური ელემენტების. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, სად წავიდა ეს ყველაფერი!”

2008 წლის 11-22 აგვისტოს მონაკვეთში, უმაღლესი მთავარსადლობისგან უპატრონოდ მიტოვებულ სენაკის სამხედრო ბაზიდან რუსებმა ასეულობით მილიონი დოლარის ქართული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა უპრობლემოდ გაიტანეს. მათ შორის, ამერიკული M-4 ტიპის ავტომატები და მისი უვარგისი ტყვიებიც. აგრეთვე, ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. ახალი კვადროციკლები, სამხედრო “ლენდროვერები”, “დოჯები”, “ურალები”, “ზილები”, “კამაზები”, “კრაზები”, “მაზ”-ისა და “გაზ”-ის ტიპის მანქანები, T-72 ტიპის ტანკები. ერთი ასეთი ტანკის ღირებულება 540 000-დან 669 000 დოლარამდე მერყეობდა. რუსების შემოსვლამდე სენაკის მეორე ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცეპოლკოვნიკმა გაიოზ მოსეშვილმა, 14 ჯარისკაცთან ერთად, მეზობელ რაიონებში გადამალა ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკი თ-72, “ლენდროვერები” და სხვ. ოთხი “მი-8” ტიპის ვერტმფრენი გადამალა მშობლიურ სოფელში მაიორმა გოდერძი ლეკვეიშვილმა. 2010 წელს ყველა სამხედრო პირი, რომლებიც სენაკის სამხედრო ბაზის ქონების გადარჩენაში მონაწილეობდნენ, სხვადასხვა მიზეზით შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო, რომ 2008 წლის აგვიტოში რუსეთის სამხედრო ძალებს სენაკის სამხედრო ბაზა მთლიანად გაეძარცვათ, რათა კორუფციული გზით შეძენილი უხარისხო იარაღისა და სამხედრო მასალის კვალი სამუდამოდ გამქრალიყო”.

აღსანიშნავია, რომ “2016 წლის მაისში ისრაელში დაჰკითხეს ყოფილი გენერალი გალ ჰირში, რომელსაც, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებენ. ეს ინფორმაცია Democracy & Freedom Watch-მა ებრაულ გამოცემა Haaretz-ზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც გამოცემა წერდა, ჰირში ებრაული არმიის ბრიგადის გენერალი იყო, სანამ საკუთარ კომპანია Defensive Sheild-ს დაარსებდა. 2015 წლის სექტემბერში ჰირშმა ისრაელის პოლიციის უფროსის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა სკანდალის გამო, რომელშიც Defensive Sheild -ი და დავით კეზერაშვილი ფიგურირებდნენ. ისრაელის პოლიცია ეჭვობს, რომ Defensive Sheild -მა თაღლითობისა და ქრთამის საშუალებით მოიპოვა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები. ხოლო პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, ქრთამი მისცეს, არის დავით კეზერაშვილი. პოლიციის ვერსიით, ქრთამის გადაცემა კეზერაშვილის მეგობრის საშუალებით ხორციელდებოდა, რომელიც ჰირშს იცნობს” (NEWS.GE. 12 მაისი, 2016).

მანამდე კი კეზერაშვილის სახელი გახმაურდა ე.წ. პანამის დოკუმენტების საქმეშიც, 2016 წლის აპრილში შვეიცარიული გამოცემა Tribune de Geneve იუწყებოდა, რომ 2006 წელს დავით კეზერაშვილი, როდესაც მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა; ხოლო 2008 წლის დეკემბერში, “რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ”, კეზერაშვილი გადადგა დამალე ოლიგარქი გახდა”.

გამოცემის ინფორმაციით, “კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის 3 ოფშორული კომპანია დააფუძნა, რომელთა ანგარიშებზეც ნავთობის გაყიდვიდან მიღებული მილიონები გადარიცხა.

პანამის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ კომპანიისთვის ერთ-ერთი ანგარიში გაიხსნა შვეიცარიულ ბანკ BCGE-ში, სადაც გადაირიცხა 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (21 მილიონამდე აშშ დოლარი). კიდევ 25 მილიონი გადაირიცხა იმავე გზითა და იმავე პერიოდში ბანკებში:– ABN AMRO-სა და BNP Paribas-ში.

2013 წლის დასაწყისში კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქართველოში გამოძიება დაიწყო. 2013 წლის მაის-ივნისში კი კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonse-ს მოულოდნელად დოკუმენტების ძველი თარიღით რეგისტრაცია მოსთხოვა. სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე კეზერაშვილმა თავისი აქტივები ორ სხვა ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა”.

კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” 2011 წლის ანგარიშში “საქართველოს სარეკლამო ბაზარი” აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. მისი მეგობრები და ნათესავები ფლობდნენ, მართავდნენ ან დაკავშირებულნი იყვნენ ამ სექტორის რამდენიმე დიდ კომპანიასთან, რომელთა შორის იყო:

*”ჯენერალ მედია _ სარეკლამო სახლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეკლამის განთავსება ყველა ნაციონალურ არხზე. კომპანიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეწყვიტა ფუნქციობა;

*”აუთდორ.ჯი _ გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია თბილისში, რომელსაც თბილისის მერიამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეკლამო განცხადებების განთავსების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. მტკვრის მარცხენა სანაპიროს კი “სმოდ ედვერთაიზინგი” აკონტროლებს, რომელიც, როგორც ირკვევა, “აუთდორ. ჯის” შვილობილი კომპანიაა. “აუთდორ. ჯის” მთავარი აქციონერია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Aდპროჯეცტს Iნც-ი (70%);

*კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებულ სარეკლამო სააგენტოებს შორისაა: მედია პორტი”, “ედ უინდფორსი”, “ედ კორპორეიშენ”-, “SM ჯორჯია”.

დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის სიძე, მისი ბიზნესების ერთ-ერთი მმართველი იყო საქართველოში. 2012 წლის იანვარში ჩიქოვანი გახლდათ დირექტორი “ფოთი ტერმინალ ჰოლდინგისა”, რომელიც ფოთის პორტში მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. სწორედ აქ იკვეთება კეზერაშვილის ინტერესები ფოთის პორტის მიმართ. დიმიტრი ჩიქოვანი მინდობილობით წარმოადგენდა ასევე Adprojects Inc.-ს, “აუთდორ. ჯის” მესაკუთრეს, და “ლექსორ კაპიტალს”, რომელიც “საქართველოს ლატარიის კომპანიის” 30%-იანი წილის მფლობელია.

2011 წელს კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ გალფის მესაკუთრე იყო. 2012 წლის ნოემბერში “სან პეტროლეუმ ჯორჯიამ” (რომელიც “გალფის” დაახლოებით 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს “უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც “ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩეკილი ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი სატელევიზიო კომპანიებსაც ფლობდა. კეზერაშვილი “რუსთავი 2”-ისა და “მზის” 40-40%-ის მფლობელი იყო. “რუსთავი 2”-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია “მედია ჯორჯიათი” იყო წარმოდგენილი, “მზეში” _ “ჯორჯიან მედია კომპანით”. კეზერაშვილმა მერე ეს წილები ტელეკომპანიებში მიხეილ სააკაშვილის კურსელ ლევან ყარამანიშვილისგან შეიძინა. “რუსთავი 2”-ის წილში კეზერაშვილმა 500 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო “მზის” ანალოგიური 40%-იანი წილი 250 000 დოლარი დაჯდა, თუმცა 2 თვეში კეზერაშვილმა ეს წილები ისევ ყარამანაშვილებს მიჰყიდა.

აი ეს ქონება და ბიზნესები 4-5 წელიწადში ჩაიგდო ხელში დავით კეზერაშვილმა, რომელსაცვარდების რევოლუციისპერიოდში, დროშების ქნევის მეტი, არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ თავისი, მიხეილ სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისკეთილდღეობით იყო დაინტერესებული.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კეზერაშვილის ზემოთ ჩამოთვლილი აქტივების უმეტესობა თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა.

ძებნილი დავით კეზერაშვილი 2013 წელს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დააკავეს, როგორც შსს აღნიშნავდა: “პარიზისა და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად”, მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული, გაათავისუფლა და უარი თქვა მის ექსტრადიციაზე საქართველოში.

ამჟამად კეზერაშვილი იმყოფება დიდ ბრიტანეთში. 2016 წელს ლონდონის სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოსთვის მის გადაცემაზე. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული(?). აი ასეთია დასავლური მართლმსაჯულება: თურმე კეზერაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე; 12 მლნ დოლარის ქრთამის აღებაზე; ტელევიზიის მფლობელის იძულებაზე, დაეთმო წილი; 10 მლნ დოლარის ღირებულების უვარგისი ვაზნების შეძენაზე ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში ამერიკული იარაღისთვის საჭირო ვაზნების გარეშე დარჩნენ, პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილა.

მაგრამ დასავლელი პატრონები, სააკაშვილისა არ იყოს, თავიანთ კიდევ ერთ “ძაღლისშვილს” საბრალდებო სკამზე დასაჯდომად ხომ არ გაწირავენ?!

მომზადებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებები, რადიოსადგურამერიკის ხმის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსანგარიშის მიხედვით

ცნობისთვის: დავით კეზერაშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში; 1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ჰოლონში, გადასახლდა; წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა; 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებსა და ივრითს.

იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ის მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა; შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო.

2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა, ამ თანამდებობიდან 2008 წლის 5 დეკემბერს გადააყენეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here