Home რუბრიკები სპორტი სკანდალები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე

სკანდალები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე

134

ევროპის X საფეხბურთო ჩემპიონატზე რამდენიმე სკანდალი აღინიშნა, თუმცა, ამ მხრივ, არც სხვა ჩემპიონატები ყოფილა გამონაკლისი. გთავაზობთ ევროპის ჩემპიონატებზე მომხდარ რამდენიმე ხმაურიან ეპიზოდს.

ფრანკომ ესპანეთის ნაკრებს საბჭოთა კავშირთან თამაში აუკრძალა, 1960 .

ესპანეთის ნაკრები 1960 წელს ნიჭიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მათ შორის გახლდათ ლეგენდარული დი სტეფანოც, მაგრამ ესპანელებმა ტიტულისთვის ვერ იბრძოლეს… პოლიტიკის გამო.

ესპანეთის დიქტატორმა, გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ ესპანეთის ნაკრები საბჭოთა კავშირის ნაკრებთან მერვედფინალური მატჩის სათამაშოდ მოსკოვში არ გაუშვა (საპასუხო მატჩი მადრიდში უნდა გამართულიყო), რადგან შეუშინდა, წაგების შემდეგ რეპუტაცია შეელახებოდა, თანაც საპასუხო მატჩის დროს ესპანელთა საპროტესტო გამოსვლებიც მოსალოდნელი იყო. ფრანკომ უკვე მოსკოვში გასაფრენად გამზადებული გუნდი თვითმფრინავიდან ჩამოსვა. აღსანიშნავია, რომ ევროპის პირველ ჩემპიონატში საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა. საბჭოელთა ნაკრების ღირსებას 3 ქართველი იცავდა: გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი.

დომენგინი (მარჯვნივ)

ფინალი: იტალია-იუგოსლავია, 1968 წ.

ამ მატჩს შვეიცარიელი გოტფრიდ დინსტი მსაჯობდა. იუგოსლავებმა შესვენებამდე 6 წუთით ადრე გაიტანეს ბურთი და მატჩს მე-80 წუთამდე იგებდნენ. სწორედ ამ მომენტში დაინიშნა საჯარიმო “სკუადრა აძურას” სასარგებლოდ. სანამ მსაჯი “კედელში” მყოფ მოთამაშეებს დისტანციის დაცვაზე ინსტრუქტაჟს უტარებდა, იტალიელთა თავდამსხმელმა დომენგინიმ ბურთი მეტოქის კარში გაიტანა. ორივე გუნდის მოთამაშეების გასაკვირად, მსაჯმა გოლი ჩათვალა. ანგარიში 1:1 მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა. “შვეიცარიელი მსაჯი შორს იყო ნეირტრალურობისაგან, _ წერდნენ გაზეთები, _ გამომწვევი ქმედებები იუგოსლავიელი ფეხბურთელების მიმართ ეჭვს არ ტოვებდა, ვის მხარეს იყო მისტერ დინსტი. პირველ ტაიმში მან იუგოსლავიელებს 100%-იანი პენალტი არ დაუნიშნა, მეორე ტაიმში კი იტალიას გოლი აჩუქა. ეს სკანდალური მსაჯობა იყო”. ფინალური მატჩი ხელახლა გაიმართა 2 დღის შემდეგ და მასპინძლებმა გაიმარჯვეს 2:0 (სხვათა შორის, იტალიამ ნახევარფინალში 0:0 ითამაშა საბჭოთა კავშირთან და ფინალში მონეტის აგდებით, “არიოლ-რეშკათი”, გავიდა).

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ის გოტფრიდ დინსტია, რომელმაც 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტოფიკ ბახრამოვთან ერთად არარსებული გოლი ჩაუთვალა ინგლისელებს, როცა ანგარიში 2:2 იყო (მატჩი ინგლისი-გერმანია 4:2 დასრულდა).

რონალდ კუმანი გერმანელების წინააღმდეგ, 1988 წ.

“ბარსელონას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 1988 წლის ნახევარფინალში გერმანიის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ გერმანელთა გულშემატკივრების გულისწყრომა დაიმსახურა.

ნიდერლანდები 0:1-ს აგებდა, მაგრამ 55-ე წუთზე კუმანმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში. 88 წუთზე კი მარკო ვან ბასტენმა გამარჯვების ბურთი გაიტანა. ფინალური სასტვენის შემდეგ კუმანმა მაისური გაუცვალა გერმანელ ოლაფ ტონს, შემდეგ კი ტელეკამერების ობიექტივში იმ მომენტში მოხვდა, როცა ისეთ მოძრაობას აკეთებდა, თითქოს მეტოქის მაისური უკანალში ამოისვა.

ამ საქციელმა აღაშფოთა გერმანელები, კუმანის მამამ ბოდიში მოიხადა შვილის საქციელისთვის, მაგრამ თვითონ რონალდს არასოდეს უთქვამს, რომ ნანობს თავის ჟესტს.

დანია იუგოსლავიის ნაცვლად, 1992 წ.

ტურნირი დანიამ მოიგო, თანაც დამსახურებულად, მაგრამ შვედეთში გამართულ ჩემპიონატზე დაუმსახურებლად მოხვდა. უეფას მესვეურებმა გაუგონარი მიზეზების გამო ტურნირიდან მოხსნეს იუგოსლავია, სადაც მიმდინარეობდა სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა. თუმცა სერბი, ხორვატი, ბოსნიელი, სლოვენიელი და მაკედონიელი ფეხბურთელები მზად იყვნენ, იუგოსლავიის დროშით ეთამაშათ, თანაც იმხანად იუგოსლავიას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავდა.

ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა” ჩემპიონთა თასის მფლობელი იყო.

ტოტი

ტოტის გადაფურთხება, 2004 წ.

“ჩესტო, იცი, სად მდებარეობს შვედეთი? _ დიახ, დაახლოებით ერთ გადაფურთხებაზე დანიიდან”. ეს არის ხუმრობა ფრანჩესკო ტოტის წიგნიდან ფრანჩესკო ტოტიზე, ფეხბურთელსა და საზოგადო მოღვაწეზე. იტალიელმა თავის თავზე ყველა ანეკდოტსა და ხუმრობას (ტოტიზე ხუმრობა კი იტალიაში უამრავია) ერთ წიგნში მოუყარა თავი, გამოსცა და გამომუშავებული ფული საქველმოქმედო ფონდს გადასცა. გადაფურთხების ამბავი კი 2004 წელს პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოხდა. “სკუადრა აძურამ” ჯერ დანია ვერ დაამარცხა, შემდეგ შვედებთან ფრე ითამაშა, ბოლოს კი ბულგარელებს ძლივს მოუგო. ფლეი-ოფში იტალია რომ ვერ გასულიყო, შვედებსა და დანიელებს მატჩი 2:2 ან უფრო შედეგიანი ფრით (3:3, 4:4 და ა.შ.) უნდა დაესრულებინათ ან ნებისმიერ მათგანს მოეგო.

შეხვედრა, რომელიც იტალია-ბულგარეთის პარალელურად მიმდინარეობდა, 2:2 დასრულდა. იტალიელები კი, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დანიელები და შვედები ერთმანეთს გაურიგდნენ, შინ გაემგზავრნენ.

საქმე არნაუტოვიჩის წინააღმდეგ, 2020 წ.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველივე კვირაში დისციპლინური საქმე აღძრეს ავსტრიის ნაკრების წევრ მარკო არნაუტოვიჩის წინააღმდეგ მისი საქციელის გამო ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩში. უეფას არ განუცხადებია, რაში ადანაშაულებს ავსტრიის ნაკრების თავდასხმელს, მაგრამ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო მომენტმა, როცა არნაუტოვიჩი გოლის გატანას ზეიმობდა და თანაგუნდელი ალაბა მის გაჩერებას ცდილობდა. როგორც გაირკვა, წარმოშობით სერბი არნაუტოვიჩი შეურაცხყომფელ გამონათქვამებს არ იშურებდა ეტონ ბეიტულაისა და ეზგან ალიოსკის მიმართ, რომლებიც ეთნიკური ალბანელები არიან. მაკედონელებმა უეფაში საჩივარი შეიტანეს და არნაუტოვიჩის დასჯა მოითხოვეს.

უარი ლგბტ თემს მიუნხენში

უეფა წინააღმდეგი გამოვიდა გერმანიისა და უნგრეთის მატჩის წინ ლგბტ ფერებში გაენათებინათ მიუნხენის სტადიონი “ალიანც არენა”. მანამდე კი უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი გეიპროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომელიც კრძალავს მოზარდებს შორის ჰომოსექსუალიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კანონპროექტი მიიღეს უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ლობირებით. უეფას უარის შემდეგ უნგრეთისა და გერმანიის მატჩის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა: “მადლობა ღმერთს, ევროპის ფეხბურთის ხელმძღვანელობაში ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა!”

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here