Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს მესამე ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგ

საქართველოს მესამე ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგ

373

9-წლიანი დევნის შემდეგ საქართველოში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ჩამოიყვანეს. ქარდავამ, როცა ტრაპიდან ჩამოვიდა, დაიჩოქა და მიწას აკოცა. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სცენა ფილმიდანპასპორტი”, როცა კაცი მატარებელს გააჩერებს და კენჭებს იყრის ჯიბეში, გამცილებელი კი დაუძახებს: ქართული მიწა თუ გინდა, ათი მეტრი გაიარე, ესშებენიასტრახანიდანააო.

რომელი ქვეყნის კენჭებს აკოცა ქარდავამ, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ…

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ კადრებს ათასობით კომენტარი ჰქონდა და გულდასმით ვეძებე ერთი ისეთი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის მხარდამჭერი იქნებოდა, მაგრამ არა _ ყველა უარყოფითი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გააფუჭო საქმე, როგორი ნაძირალა უნდა იყო, რომ, მოსახლეობა კი არა, თანაგუნდელები, მეგობრები, თანამებრძლებიც კი ვერ ბედავდნენ თქმას, ჩვენიანიაო. სააკაშვილმა მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო მეგისა, _ მაგას საერთოდ არ ვიცნობო. ეს იმიტომ, რომ ქარდავას სახელს უკავშირდებაკასტილიანიკაცი, სამეგრელოში აღმოჩენილი კასრების თემა და ადამიანის წამებისა და მკვლელობის ძალიან ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ისტორია.

უკრაინის სასამართლომ, კონკრეტულად კი მოსამართლე ვიტალი პისანეცმა, ქარდავას საქართველოში ექსტრადაცია ორი კვირის წინათ მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახალ სასამართლომდე… პისანეცი გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით ექსპერტიზას საბოლოო პასუხი არ უთქვამს, რით დაიღუპა მოსამართლე, მაგრამ საქართველოში სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანმა დაწერა ფრაზა “ქარდავას ხელწერა”. რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არავის არაფერს არ ვაბრალებთ, მით უმეტეს ქარდავას, რომელსაც ისედაც უამრავი ცოდვა აქვს ჩადენილი, მაგრამ ეს ყველაფერი დროსა და სივრცეში ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. სხვა მოსამართლემ მშვიდად განიხილა ქარდავას საქმე და მისი ექსტრადაცია ძალაში დატოვა. ამ მომენტში მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და მეგის ქარდავას არსებობა ძლივს გაიხსენა (არადა, 2-ჯერ ჰყავს დაჯილდოებული _ ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით), მაგას საერთოდ არ ვიცნობდიო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებით ფორმაში ვიტყვით _ საკუთარი ლობის მეშვეობით სააკაშვილმა მოახერხა და იმდენი გააკეთა, რომ გაერომ სპეციალური დოკუმენტი გამოსცა, რომლის მიხედვით ქარდავას ექსტრადაცია აიკრძალა და ეს აკრძალვა ძალაში, სულ ცოტა, 3 თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო. ვაღიაროთ, არ არის ბატონი მეგისი ის ფიგურა, გაეროს თავი შეეწუხებინა, რომ არა რომელიმე სერიოზული ძალის ჩარევა და ეს სერიოზული ძალა სწორედ სააკაშვილის ლობი იყო, რომელსაც იმდენი აჭამეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რომ დღემდე გაჰყვათ. მოკლედ, მიშამ ქარდავა ვერ გადაარჩინა და ისიც აეროპორტის ასფალტს ემთხვია, თუმცა აქ საინტერესო სხვა რამ არის.

დავიწყოთ იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არათუ ჩაერია საქართველოს საშინაო საქმეებში, არამედ ამ ქმედებით ფეხზე დაიკიდა ქართული მართლმსაჯულება, კანონები და, საზოგადოდ, სახელმწიფო. ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ არის ცნობილი, რომელსაც, ოჯახის წევრების გარდა, მხარში არავინ არ ამოუდგა და რომელსაც ნამუსი მეგობრებმაც ვერ მოწმინდეს, უფრო მეტიც, მას შეახოცეს ხელი, ხელშეუხებლად გამოაცხადა. არადა, გაეროში კარგად იცოდნენ, რომ, ექსტრადაციის გარდა, ძალაში იყო ქართული სასამართლოს მიერ ქარდავას წინააღმდეგ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი და ამ განაჩენების მიხედვით მას არათუ ადამიანების წამება, არამედ მკვლელობაც ედებოდა ბრალად და ეს ბრალი დამტკიცებული იყო. გამოდის, გაერო თავისი რეზოლუციით მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულების დაბლოკვას შეეცადა და ეს არის ფაქტი, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვერ გაექცევა.

უფრო საინტერესო კი ის არის, რომ როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ არ შეასრულა გაეროს უკანონო მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გამღიზიანებელი ორი მთავარი ქვეყანა _ საქართველო და უკრაინა _ დასავლეთს არ დაემორჩილა და გაექცა. ჯერ სრულად არა, მაგრამ… საქართველოს მხრიდან ეს უკვე მესამე ნაბიჯია დასავლეთის წინააღმდეგ.

პირველი _ ე.წ. მიშელის დოკუმენტიდან გასვლა, მეორე _ თავსმოხვეულ სესხზე უარის თქმა და მესამე _ გაეროს მითითების შეუსრულებლობა. ეჭვი გვაქვს, ხელისუფლებამ ნამდვილი თავისუფლების გემო იგრძნო. მეოთხე ნაბიჯი რუსეთთან პირისპირ დიალოგი უნდა იყოს, მითუმეტეს, დიმიტრი პესკოვმა და სერგეი ლავროვმა თქვეს, სასაუბროდ მზად ვართო. ამ ორი ადამიანის განცხადება ვლადიმერ პუტინის განცხადების ტოლსწორი რომ არის, შეხსენებაც არ უნდა.

ეს იყო მკაფიო გზავნილი მიხეილ სააკაშვილის მისამართით. ექსპრეზიდენტი არ მალავდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში არათუ მყარი გარანტიები ექნებოდა, არამედ, უდიდესი ალბათობით, მას გვერდს ევროპარლამენტარებიც დაუმშვენებდნენ. ახლა კი მიშა ძალიან მაგრად დაფიქრდება, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს, და კომფორტულად თავი ვეღარც უკრაინაში ვერ უნდა იგრძნოს. ხომ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა სააკაშვილმა ვერ მოახერხა და ქარდავას ექსტრადაციაზე უკრაინის ხელისუფლებას უარი ვერ ათქმევინა. როგორ შეეცდებოდა, კარგად ხვდებით. იმ შემთხვევაში, თუ მეგის ქარდავას საქართველოში ვერ ჩამოიყვანდნენ, სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები აუცილებლად ატეხდნენ ხმაურს: ხომ ხედავთ, უკანონო განაჩენი იყო და ქართული ხელისუფლება ისევ პირში ჩალაგამოვლებული დარჩაო. ეს ყველაფერი კი მოსახლეობაში სერიოზულ ეჭვს გამოიწვევდა, რომ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობა მართლაც დიდი იყო, ახლა კი… ახლა ირკვევა, რომ მიშამ, შესაძლოა, საქართველოში ედუარდ სააკაშვილი გამოუშვას, მაგრამ ძალიან საეჭვოა, ედუჩა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა სერიოზულად აღიქვან. ისე, იმასაც შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინათ რომ დავწერე, პოლიტიკა კონკრეტულ ადამიანებს დიდშემოსავლიან ბიზნესად აქვთ ქცეული და ამიტომ არ ეთმობათ, შვილებს უტოვებენმეთქი; მაგალითებიც მოგიყვანეთ, როგორ ცდილობს შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტთა ლიდერად ჩამოაყალიბოს თავისი შვილი, და როგორ ცდილობს დავით ბერძენიშვილი, პოლიტიკოსად აქციოს თავისი ვაჟი. იმავე გზას ადგას სააკაშვილი, რადგან კარგად იცის (შეიძლება, ყველაზე კარგადაც), რომ საქართველოში პოლიტიკოსობა, სულ ცოტა, უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს. შეეგუება თუ არა სააკაშვილიჯუნიორის პირველობას ნიკანორ მელია, მალე გამოჩნდება ახლა, სწორედ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, დამოუკიდებელ ქვეყნად ვიქცეთ. დასავლეთი მაქსიმუმს აკეთებს, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ჰო, სწორედ რომ შეიცვალოს და ის 43%-იანი ბარიერიც ამის წინაპირობაა. მართალია, “ქართული ოცნება” მიშელის დოკუმენტიდან გავიდა, მაგრამ დასავლეთი არ მალავს, რომ, თუ მმართველი ძალა ამ ბარიერს ვერ დაძლევს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაისში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, არ არის 43%-იანი ბარიერი დაუძლეველი და, უდიდესი ალბათობით, “ოცნებამას გადალახავს, მაგრამ, ასეც რომ არ მოხდეს, როგორც ახლა ამბობენ გუნდის ლიდერები, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნებაო, ზუსტად იგივე უნდა გაიმეორონ. ხელისუფლებამ ერთხელ უკვე გამოაჩინა კბილები და ახლა უკან დახევის დრო ნამდვილად არ არის. პირიქით _ წინ უნდა ვიაროთ, უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლა დამოუკიდებლები ვართ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ყოველწლიურად 75 მლნ ევროს ვალის დამატება არ გვჭირდება, სამადლოდ გამოწვდილი ხელი არ გვჭირდება და არსებობა შეგვიძლია.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს, ოღონდ მიუჯდეს შუამავლების გარეშე, პირისპირ და ისაუბროს ყველა პრობლემაზე, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. მით უმეტეს, ჩვენს ხელისუფლებას სათქმელი აქვს, რადგან რუსულმა მხარემ არაერთხელ დაადასტურა, პირდაპირი დიალოგისა და დათმობებისთვის მზად რომ არის. რას გულისხმობს ეს დათმობები, თუ არ ვისაუბრეთ, ვერასდროს ვერ გავიგებთ. ასევე, პირისპირ უნდა ვისაუბროთ ყველასთან და არ გვჭირდება არც პროტეჟე და არც შუამავალი _ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი ხელისუფლება გვინდა და გადარჩენაც სწორედ ამაშია.

წინასაარჩევნოდ აუცილებლად იქნება პროვოკაციის მოწყობის მცდელობა. ახლა საქართველოში სიტუაციის არევა ყველაზე მეტად დასავლეთს აძლევს ხელს. დასავლეთი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა რევოლუციით ან სხვა ძალისმიერი გზით წარმოუდგენელია, ძველი მთავრობა კი ხალხს, უბრალოდ, არ სურს, ამიტომ პროვოკაცია და სიტუაციის არევა საუკეთესო გამოსავალია მათთვის. სწორედ ამიტომ პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ და, რაც მთავარია, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა კანონი ყველასთვის ერთი იყოს და მოსახლეობას, იმ მოსახლეობას, რომელზეც დგას დღევანდელი ხელისუფლება, უსამართლობის განცდა არ ექნეს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here