Home რუბრიკები პოლიტიკა საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრში

საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრში

სავარაუდო კანდიტატი _ “კალიგულას ცხენი”

4067
ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნებაპრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობას ცოცხალი თავით არ ამხელს. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შიგაპარტიული კონკურენცია კი გრძელდება.

წლის დასაწყისში ბევრ კომენტატორს ეგონა, რომ კანდიდატს მაისში წარადგენდნენ, მაგრამ პარტიის ყრილობის მთავარ მოვლენად ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება იქცა. ჯერ კიდევ მის გამართვამდე, 7 მაისს, პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა თქვა, რომ “პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისში დასახელდება”. პროცესის გაჭიანურების მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ პრეტენდენტების სიმრავლე და მათი ამბიციები, არამედ პოლიტტექნოლოგიური გათვლაც.

დღეს სხვა სავარაუდო კანდიდატებიდან ყველაზე მეტად გიორგი მარგველაშვილი აქტიურობს. მას, როგორც ჩანს, სურს, გამოიყენოს ის შესაძლებლობები, ის “ტრიბუნა”, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნა აძლევს. მარგველაშვილის ნაადრევმა (ქართული საზომით) სტარტმა სხვა პოტენციური კანდიდატებიც გამოაფხიზლა. ამ სიტუაციაში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, ჩათვალა, რომ უმჯობესია, ოპონენტებმა შემდგომი ორი თვის განმავლობაში დახარჯონ ენერგია და იდეები (და ამომრჩევლებისთვის ცოტა მოსაწყენი გახდნენ), ხოლო ამის შემდეგ მმართველი პარტია მოკლე და ინტენსიურ კამპანიას ჩაატარებს. ეს სარისკო ტაქტიკა იქნებოდა იმ ვითარებაში, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა დაახლოებით თანაბარ რესურსს ფლობს, თუმცა, ვინაიდან ამ მხრივქართული ოცნებისუპირატესობა აბსოლუტურს უახლოვდება, კანდიდატის დასახელება ივლისში განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს, პრაქტიკულად, ყველა უფლება ჩამოართვეს, პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ის შეიძლება საკვანძო ფიგურად იქცეს. ასე მოხდა სომხეთში, რომელიც საპარლამენტო მოდელზე ახლახან გადავიდა _ პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ძველი ხელისუფლების ჩამოშლაში საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად “გაპიარებული” როლი შეასრულა. აქედან გამომდინარეობს “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის პირველი და, ალბათ, მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ _ მისი საქციელის, მის მიერ გადადგმული ნაბიჯების პროგნოზირება შესაძლებელი უნდა იყოს და, მარგველაშვილის მსგავსად, “გუნდსკრიჭაში არ ჩაუდგეს.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის შერჩევა მხოლოდ ამ კრიტერიუმს დაექვემდებარება და პოსტს უნებისყოფო მარიონეტი დაიკავებს, მმართველ პარტიას შეიძლება სხვა ტიპის პრობლემები შეექმნას. მიუხედავად იმისა, რომმარგველაშვილის ფრონდაპოლიტიკური თვალსაზრისით უშედეგო იყო და ხშირად, უბრალოდ, ისტერიკას ჰგავდა, ის მაინც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სისტემის შიგნით პლურალიზმი არსებობს. მას შემდეგ, რაც ეს დასრულდება, ბევრ კომენტატორს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ოთახში უკანასკნელი ფანჯარა ამოქოლეს, ხოლო ივანიშვილის მოწინააღმდეგეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გაცილებით აქტიურად დაადანაშაულებენ მას ავტორიტარული რეჟიმის შექმნასა და ხელისუფლების ყველა შტოზე ტოტალური კონტროლის დამყარებაში.

სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მმართველ პარტიაში რაღაც მომენტში გაჩნდა ფორმალურად უპარტიო და გარკვეულწილად (ზომიერად, მაგრამ მაინც) “ურჩიკანდიდატის მხარდაჭერის იდეა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარი შეეხო სალომე ზურაბიშვილსა და დავით უსუფაშვილსაც კი, აგრეთვე, ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს, რომელიც პოლიტიკისგან შედარებით შორს დგას, მაგრამ ეს ვარიანტი ხელს არ აძლევს არც ერთ გავლენიან დაჯგუფებას _ ისინი თავიანთ კანდიდატებს ლობირებენ, ხოლო ლიდერი, რომელიც, უპირველესად, არა თავისი კლანის, არამედ მთლიანობაში პარტიის ინტერესებით იხელმძღვანელებს, “ქართულ ოცნებაში” არ ისე ბევრია. ამას კონტროლის დაკარგვის შიში დაემატა და ამ ეტაპზე ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის იდეა მმართველ პარტიაში ზედმეტად რადიკალურად ითვლება, თუმცა სრულიად უარყოფილი არ არის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ არჩევანის გაკეთება მმართველი პარტიის ერთერთი არაფორმალურიფრაქციისსასარგებლოდ მათ შორის დაპირისპირებას გაზრდის და შეიძლება ძალთა დისბალანსი გამოიწვიოს. ამგვარად, ივანიშვილი არ აირჩევს კანდიდატს, რომელიც მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესების გამტარებლად აღიქმება.

არის სხვა კრიტერიუმიც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კანდიდატი გარკვეულ საიმიჯო კაპიტალს უნდა ფლობდეს და სასურველია, მიუღებელი არ იყოს ამომრჩეველთა არც ერთი ჯგუფისთვის. თუ კანდიდატინაცმოძრაობიდანპორტირებული იქნება, ეს ძალიან გააღიზიანებსქართული ოცნებისიმ მხარდამჭერებს, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩეველთა ბირთვს კონსერვატორები შეადგენენ, ივანიშვილი, სავარაუდოდ, არ შეარჩევს ისეთ კანდიდატს, რომელმაც ღრმად შეტოპა ლიბერალებისა და კონსერვატორების დაპირისპირებაში, რათა ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილოს. არის ბევრი სხვა ფაქტორიც _ რეპუტაცია, კომპრომატის არსებობა და სხვ. გარეგნობისა და მეტყველების მანერის ჩათვლით.

კულუარულ ინფორმაციაზე ან ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით მარგველაშვილის სავარაუდო შემცვლელად არაერთი “მეოცნებე” დასახელდა. ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის (ფსევდო) გაჟონვა საზოგადოების რეაქციის ტესტირების საშუალებას წარმოადგენდა. შედარებით იშვიათად საქმე ინსინუაციებთან გვქონდა, ზოგჯერ კი, უბრალოდ, ვარაუდებთან.

მათ შორის, ვინც სავარაუდო კანდიდატად რამდენიმე წლის და არა თვის ან კვირის წინათ დასახელდა, კვლავინდებურად აქტუალურია გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები. კვირიკაშვილს ბოლო პერიოდაში მნიშვნელოვანი საიმიჯო პრობლემები შეექმნა, ხოლო ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ფართოდ გავრცელდა, მაგრამ “ქართული ოცნების” ყრილობამ და თანმდევმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ივანიშვილი მას კვლავინდებურად ერთერთ მნიშვნელოვან დასაყრდენად განიხილავს. შესაძლოა, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კვირიკაშვილს აპრიორი არ შეუძლია, დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს. საინტერესოა, რომ ბოლო დღეებში, “ბასიანის ომის” კვალობაზე, კვირიკაშვილი სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილება ტანდემში გიორგი გახარიასთან, დაახლოებით ასე: “კვირიკაშვილი _ პრეზიდენტად, გახარია _ პრემიერად”, თუმცა შესაძლოა, ეს 13 მაისს განვითარებული მოვლენების უცნაური ემოციური “კვალი” იყოს. მთავარი გარემოება, რომელმაც შეიძლება კვირიკაშვილის წინააღმდეგ იმოქმედოს, ალბათ, მაინც ისაა, რომ, მთავრობის ცუდი მუშაობიდან გამომდინარე, ბოლო წლის განმავლობაში მის მიმართ მკვეთრად უარყოფითად განეწყო საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი.

“ძველი კანდიდატებიდან”, კვირიკაშვილისა და სერგეენკოს გარდა, შედარებით იშვიათად ახსენებენ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა მისი გვარი განხილულ კონტექსტში დროდადრო მაინც გვხვდება. პრემიერის პოსტზე ბევრი ნეგატივი მანაც დააგროვა, თუმცა მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ისაა, რომ საზოგადოების გარკვეული კლასტერებისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მათთან კომუნიკაცია ძალიან გაუჭირდება. სერგეენკოს ეს პრობლემა არ აქვს და საიმიჯო თვალსაზრისითაც არ უჭირს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ივანიშვილს სურდეს, რომ “თაიმსში” ასეთი სათაური იხილოს: “ოლიგარქმა პრეზიდენტად პირადი ექიმი დანიშნა”. მიუხედავად იმისა, რომ სამივე “ძველი კანდიდატი”, ასე თუ ისე, აქტუალურია, მათმა გვარებმა ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ბოლო პერიოდში განხილულებიდან საგულისხმოა სოზარ სუბარის კანდიდატურა, ვინაიდან ის სხვადასხვა კანდიდატების უპირატესობებისა და მინუსების ერთგვარ “საშუალო არითმეტიკულს” წარმოადგენს. ივანიშვილი მას, ასე თუ ისე, ენდობა და (დაუდასტურებელი ინფორმაციით) რაღაც მომენტში შს მინისტრობის კანდიდატად განიხილავდა. მთავარი პლუსი აქ, ალბათ, უფლებადამცველის წარსულია, მინუსი კი _ ზოგადი დაბნეულობა. ამავე კონტექსტში ერთხელ სასჯელაღსრულების კიდევ ერთი მინისტრის, კახიშვილის, გვარიც დასახელდა, თუმცა მას ივანიშვილთან ახლო კავშირი არ აქვს.

მინისტრებიდან ხშირად თეა წულუკიანზეც საუბრობენ, თუმცა ამ შემთხვევაში მსჯელობა რატომღაც დაუყონებლივ გენდერულ ასპექტზე გადადის. სიმპათიას იუსტიციის მინისტრის მიმართ ბევრი ამომრჩეველი გამოხატავს, თუმცა რადიკალიზმის გამო, მას შეიძლება გარკვეულ ჯგუფებთან ურთიერთობის პრობლემა შეექმნას. როდესაც საზოგადოებაში სავარაუდო ქალ კანდიდატებს განხილავდნენ, წულუკიანისა და ზურაბიშვილის გარდა, ხშირად თამარ ჩუგოშვილსაც ახსენებდენ, სანამ მან არ განმარტა (სრულიად ელემენტარული რამ), რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის შესაბამისი წლოვანება არ აქვს.

დროდადრო მედიაში იწყებოდა საუბარი ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძეზე, როგორც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე, თუმცა სოციალური ქსელებითა და კერძო საუბრებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოებამ ეს აღიქვა, როგორც ცუდი ანეკდოტი. მიუხედავად ამისა, ივანიშვილს შეუძლია მიიღოს ისეთივე მოულოდნელი გადაწყვეტილება, როგორც თბილისის მერის 2014 წლის არჩევნების წინ, მეტიც: კანდიდატად, პირობითად, “კალიგულას ცხენი” დააყენოს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მისი “ნდობის კრედიტი” წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ნაკლებად სავარაუდოა, ამ გზით წავიდეს.

სიტყვა “პრაიმერი” კი ხუმრობითაც არავის უხსენებია _ სად “ქართული ოცნება” და სად შიდაპარტიული დემოკრატია?! თუ ამას გააკეთებენ, პროცესის ხელოვნურობის შენიღბვა, დიდი ალბათობით, გაუჭირდებათ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარემოცვის წევრებმა არაერთგზის შესთავაზეს ივანიშვილს, თავად ეყარა კენჭი და გამხდარიყო უკანასკნელი საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი (2024-დან პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს), მაგრამ ის უარზეა. როგორც ჩანს, ავანსცენაზე დგომა არ ხიბლავს და, კულისებიდან თუ არა, პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მოქმედება ურჩევნია. თეორიულად ეს ვარიანტი გამორიცხული არაა, თუმცა გაცილებით სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის სავარძელს მისი პოლიტიკური მარიონეტების თეატრის დასის ერთ-ერთი წევრი დაიკავებს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here