Home რუბრიკები სამართალი სამაჯურები დამნაშავეებისთვის

სამაჯურები დამნაშავეებისთვის

14019
სამაჯურები დამნაშავეებისთვის

ყველას ახსოვს, ალბათ, როგორ შეაბეს პარლამენტარ ნიკანორ მელიას კამერების წინ სამაჯური, აქაოდა, უნდა ვაკონტროლოთ, ეს კაცი სად დადისო და სხვა აკრძალვებიც დაუწესეს. სხვათა შორის, მეცნიერები სამაჯურებსა თუ საყელურებს ხშირად ცხოველებსაც უკეთებენ, მათი მიგრაცია რომ შეისწავლონ. ფრინველებსაც უკეთებენ ფეხზე პატარა რგოლებს, რომლებშიც მიკროსქემებია ჩამონტაჟებული და მათი მეშვეობით აკვირდებიან. რაღა შორს წავიდეთ, შინაურ ძაღლებს არაერთმა ადამიანმა შეაბა სპეციალური საყელური, დაკარგვის შემთხვევაში ცხოველს ადვილად რომ მიაგნოს. ეს ყველაფერ პრევენციისთვის კეთდება, მერე იმავე მეცნიერებმა თუ შინაური ცხოველების პატრონებმა თავში ხელი რომ არ შემოირტყან: ნეტავ, ცოტა ფული დამეხარჯა და შედეგი გამეთვალაო.

გაზეთის წინა ნომერში დავწერეთ, რომ კასპში ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის გარდა აუცილებელი იყო, ბრალი ქმრისთვისაც წაეყენებინათ, რადგან, როცა მან ცოლი შეირთო, გოგო (ცოლი) 14 წლის გახლდათ და, შესაბამისად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი ქართული კანონმდებლობით იჯება. გაზთის გამოსვლის წინა დღეს პროკურატურა ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ჩვენ ვივარაუდეთ და ქმარს ბრალი წაუყენა, მაგრამ საკმარისი ესეც არ არის. როცა იმ ბავშვმა ბავშვი გააჩნა, როცა 15 წლისამ იმშობიარა, სად იყვნენ სამშობიარო სახლის ექიმები? რატომ არ შეატყობინეს პოლიციას და თუ შეატყობინეს, რატომ არ მოახდინა რეაგირება პოლიციამ? ესეც გასარკვევი და გამოსაძიებელია, რათა მომავალში ანალოგიური რამ არავინ გაბედოს.

ეს ყველაფერი კი იქით მიგვყავს, რომ ჩვენთან ხდება მყისიერი რეაგირება დანაშაულზე, იწყება გამოძიება, მიდის ბრალდებები, ხმაური სოციალურ ქსელში, მერე ყველა პროფესორობს, მაგრამ არ ხდება დანაშაულის პრევენცია. თუნდაც ვაკეში ქალის მკვლელობა ავიღოთ, ქალისა, რომელსაც ყელი მამინაცვალმა შვილების თვალწინ გამოსჭრა. სამართალდამცავებმა ხმამაღლა განაცხადეს: ამ კაცზე შემაკავებელი ორდერი გვქონდა გაცემული, მაგრამ არ დაგვემორჩილაო და ხელებიც დაიბანეს. პოლიციამ თავი იმართლა _ რაც შემეძლო, გავაკეთეო და რეალურად, სასტიკი მკვლელობა თავიდან ვერ ავიცილეთ.

მოდი, ამ დანაშაულს სხვა მხრიდან შევხედოთ _ რა მოხდებოდა, მკვლელს შემაკავებელი ორდერის გარდა სამაჯური რომ ჰქონოდა შებმული? ჰო, ისეთი სამაჯური, როგორიც მელიას აქვს, და მისი გადაადგილება აღრიცხულიყო? ხომ მიხვდებოდნენ კონკრეტულ მომენტში სამართალდამცავები, რომ, აკრძალვისა თუ შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, პიროვნება არღვევდა წესს და იმ ადამიანების სახლთან მიდიოდა, რომელთანაც მისვლა ჰქონდა აკრძალული? მაშინ რა მოხდებოდა, გარდაცვლილს რომ ჰქონოდა რაიმე მოწყობილობა, რომელიც აუწყებდა, რომ სავარაუდო მოძალადე მის ახლოს იმყოფებოდა, ვთქვათ, 100 ან 200 მეტრში? ხომ გაერიდებოდა, ხომ დაიცავდა თავს? ასე კი, სახლში შევიდა და იქ დანით შეიარაღებული მკვლელი დახვდა.

შესაძლოა იფიქროთ, ეს ფანტასტიკის სფეროაო, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ბატონებო _ მობილურში შეიძლება ასეთი აპლიკაციების ჩამოტვირთვა და მობილური შეგატყობინებს, არის თუ არა შენს ახლოს საფრთხე. ესეც არ იყოს, სამაჯური სპეციფიკური უნდა იყოს, სხვებმაც რომ იცოდნენ, რომ სამაჯურშებმული კაცი არ არის სანდო, რომ რაღაცისთვის უკეთია ის, თორემ მელიას სამაჯური კი არა, საყელური რომ შეაბათ, პარლამენტარია კაცი და მის დანახვაზე არავინ იფიქრებს გარიდებასა და დამალვას, იმიტომ, რომ მისგან საფრთხეს არავინ ელის.

ანალოგიური სამაჯური შეიძლება გაუკეთდეს ნარკორეალიზატორებს და ამით სამუდამოდ მოგვარდება აღნიშნული პრობლემა, რადგან ყოველთვის ეცოდინებათ სამართალდამცველებს, სად არის ეს ადამიანი და ახლა არ თქვათ, პოლიციამ არ იცის, სად იყიდება ნარკოტიკიო. იცის და იმ ადგილის სიახლოვეს თუ შეამჩნევენ ნარკოვაჭრობაში ერთხელ გასამართლებულ პირს, მაშინ ყველაფერი გაცილებით გამარტივდება. სამაჯური სჭირდებათ პედოფილიის ბრალდებით გასამართლებულებსაც, რადგან პედოფილია არ არის რიგითი დანაშაული. ეს არის დაავადება, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში სტერილიზაციით “მკურნალობენ” (ჩვენთანაც თუ მიიღებენ ამ კანონს, ურიგო არ იქნება).

ახლა ისე არ გაიგოთ, თითქოს მხოლოდ დასჯაზე ვიყოთ ორიენტირებულები. არა ბატონებო, არა! უბრალოდ, იმას ვამბობთ, რომ ბევრი დანაშაულის პრევენცია შესაძლებელია და იმავე ამერიკაში, რომელსაც ვეტოლებით, ანალოგიური პრაქტიკა მიღებულია. ისიც ფაქტია, რომ აგენტურული ქსელი ამერიკაშიც გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ დანაშაული იქ მაინც ბევრია, ამიტომ ვამბობთ, რომ ბევრი რამ გადასახედი და დასამტკიცებელია.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ადამიანის უფლებებზე დაიწყებს საუბარს, რომ არ შეიძლება სამაჯურების მასობრივად გამოყენება, მაგრამ ამას მეორე მხრიდანაც შევხედოთ _ მკვლელს, პედოფილს, ნარკორეალიზატორს უნდა ჰქონდეს თუ არა ისეთივე უფლებები, როგორიც რიგით, კანონმორჩილ ადამიანებს? ვალდებულია თუ არა ნებისმიერი მოქალაქე, იცოდეს, ცხოვრობს თუ არა მის გვერდით პედოფილი? გორში მოკლული ბავშვის მშობლებს რომ სცოდნოდათ, მათ ქალაქში უმძმესი დანაშაულისთვის გასამართლებული პირი ცხოვრობდა, გაუშვებდნენ ბავშვს მარტო? გვგონია, რომ არა და პრევენციაც სწორედ ეს არის.

ვინც არ იცის, მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ციხეში, ანუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებსაც უკეთიათ “სამაჯური”. ეს არის ერთგვარი ლენტი, რომელიც გამოსაჩენ ადგილზე უკეთიათ იმ პატიმრებს, რომლებიც ე.წ. საქათმეში ცხოვრობენ, ხოლო იმ პატიმრებს, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე მუშაობენ, ალაგებენ, ანუ “რაბოჩი კლასს” ანალოგიური ლენტი ფეხზე აქვთ გაკეთებული. შესაბამისად, ყველამ იცის, ვინ ვინ არის და პრობლემაც არ არსებობს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, ციხის კანონებით ხომ არ ვიცხოვრებთო და არა, ბატონებო, მივცეთ ამ ყველაფერს ცივილიზებული სახე და, უბრალოდ, თავი დავიცვათ. ის, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში გასამართლებულებს რამდენიმე ქვეყანაში სწორედ საჯაროდ და სახალხოდ ამოსაცნობი ნიშანი აქვთ, ის, რომ მათ სამაჯურები უკეთიათ და სამართალდამცავების მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან, გავრცელებული პრაქტიკაა. ეს არ იქნება ჩვენი “ნოუ ჰაუ” და საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ ამოიღებენ. ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, 223-ე მუხლის მიღებისას მოხდა, როცა კანონიერი ქურდებისთვის სასჯელი დაწესდა. ეს პრაქტიკა უკვე გადაიღო რუსეთმა და ანალოგიური მუხლი მიიღო. ამ კანონზე მუშაობენ უკრაინაში, ბელარუსში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიმინალთან ბრძოლის მკაცრი მეთოდები მისაღებია და ამართლებს. რამდენიმე ადამიანის გარდა, ვინმეს გაუპროტესტებია ჩვენთან, კანონიერი ქურდები რატომ აღარ არიანო? ჰოდა, არც სამაჯურებს გააპროტესტებენ და პოტენციურ დამნაშავესაც თუ არ სურს, რომ ქუჩაში ყველასთვის მისახვედრი და ამოსაცნობიდამღითიაროს, ნუ ჩაიდენს დანაშაულს.

სხვაგვარად კი ისე გამოდის, რომ ჩვენ დანაშაულიდან დანაშაულამდე ვცხოვრობთ. საზოგადოებისთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი, პრაქტიკულად, ვეღარაფერი მოხდება, ისეთი მძიმე და იმ ოდენობის დანაშაულები ვნახეთ ბოლო წლებში. ყველაფერი სოციალურ ქსელში ინაცვლებს, იქ დაიცლება ხალხი ემოციისგან და რჩება ჭირისუფალი თავის მიცვალებულთან, დამნაშავე _ სასამართლოსთან, რომელიც უმძიმეს დანაშაულებზე, მაინც ვიტყვით, რომ ლმობიერია და წერტილი ესმება ყველაფერს. რატომ არ შეიძლება, ნარკორეალიზატორებს (ვინც უნდა იყოს ის) პირდაპირ სამუდამო მიუსაჯონ? _ მუხლი რომელიმე წლით კი არ დაიწყოს, პირდაპირ ეწეროს, რომ ამ დანაშაულისთვის არის სამუდამო სასჯელი; ან იგივე რომ გაკეთდეს პედოფილების მიმართ? ჰო, ეს ყველაფერი შეწყალების უფლების გარეშე, რადგან პედოფილიაც და ნარკოტიკების რეალიზაციაც კარგად გათვლილი და მოფიქრებულია _ შემთხვევით ამ დანაშაულს ვერავინ ჩაიდენს, თუ წინასწარ არ აქვს შეცნობილი შედეგი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდეგ ნარკოტიკების გამყიდველები ძალიან კარგად დაფიქრდებიან, თორემ ჯერ გიორგი მარგველაშვილმა წაახალისაბარიგები”, როცა ერთერთი შეიწყალა, ახლა სალომე ზურაბიშვილმა მოიმოქმედა იგივე. როცა დამნაშავეს ჰგონია, რომ თავისუფლებაზე გამოსვლის შანსი მაინც ექნება, ის უფრო თამამია, ხოლო, როცა დაზუსტებით ეცოდინება, რომ ჩავარდნის შემთხვევაში მისთვის ყველაფერი დასრულდება, სანამ ნაბიჯს გადადგამს, ძალიან ბევრს იფიქრებს.

სულ ეს იყო, რაც გვინდოდა, გვეთქვა და… არავინ თქვას, სამაჯურების შებმა სახელმწიფოს ძვირი დაუჯდებაო. 15-20 ევრო ღირს ანალოგიური სამაჯური და პრობლემის მოგვარება ერთ მილიონ ლარად მარტივად არის შესაძლებელი. ერთი (და არაერთი) მილიონი ლარი კიდევ იმდენ სისულელეებში დაუხარჯავს ხელისუფლებას, გახსენებადაც არ ღირს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here