Home რუბრიკები პოლიტიკა საბოტაჟის აჩრდილი და დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც წაქეზების ტოლფასია

საბოტაჟის აჩრდილი და დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც წაქეზების ტოლფასია

221

69 მუნიციპალიტეტიდან წალენჯიხა ერთადერთია, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ის, რაც წარმოუდგენელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში, ახლა მოხდა _ ოპოზიციამ მოიგო მერის არჩევნები და ამისათვის არც არავინ დაუხვრეტიათ ქუჩაში და არც არავინ უწამებიათ. წალენჯიხის ახალარჩეული მერი გია ხარჩილავა (ოფიციალურად გიორგი ჰქვია, მაგრამ გია დამიძახეთო და იყოს გია) იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოსალოდნელი იყო.

“ვადასტურებ, რომ მივიღე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად, რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტიანი გზების ძიება. ამ გზაზე, რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან”, _ განაცხადა ხარჩილავამ და… პრემიერთან შეხვედრაზე არ მივიდა.გია ხარჩილავას ერთი იაღლიში გასულ კვირასაც მოუვიდა, როცა წალენჯიხაში პირველი შუქნიშნის დამონტაჟების სურათები სოციალურ ქსელში გავრცელდა და ნაციონალებმა ყიჟინა ატეხეს, ჩვენმა მერმა მუშაობა დაიწყო, წალენჯიხელებისთვის ასე ნანატრი შუქნიშანი დაამონტაჟაო, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნულზე ტენდერი მანამ გამოცხადდა, სანამ თვითმმართველობის არჩევნები გაიმართებოდა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წინა მერის მიერ დაგეგმილი პროექტი განახორციელა.

ასევე გასულ კვირას ხარჩილავამ თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა და მანიფესტს სახელწოდებით “წალენჯიხის თავისუფლების ქარტია” ხელი საჯაროდ მოაწერა. როგორც წალენჯიხის მერმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ქარტიაში ასახულია ყველა ის მიდგომა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიმართ აქვს. თურმე, უკვე ხელმოწერის მომენტიდან წალენჯიხელი მოქალაქე რეალური თვითმმართველობის თანამონაწილე იქნება. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ გვერწმუნეთ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. იმედია, საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ოპოზიცია და, კონკრეტულად, “ნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ ყველაფერზეა წამსვლელი. ამას არ ვამბობთ ხარჩილავაზე, რომელზეც ბევრმა წალენჯიხელმა გვითხრა, არაა ცუდი კაციო, მაგრამ რეალურად ის ისეთივე ტყვეა საკუთარი პარტიის, როგორც მთელი ოპოზიცია, ყველა, ვინც ნაციონალების ნავში ჩაჯდა. რამდენიმე ოპოზიციური პარტია ამ ყველაფერს მიხვდა და მაქსიმალურად ემიჯნება ნაციონალების გეგმებს. უფრო მეტიც, ოპოზიციის უმრავლესობა იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში არ გავა, მაგრამ ეს ნაციონალებს ნაკლებად ადარდებთ, რადგან ადრე უცხოეთში გაგზავნილ წერილებში ნათლად აქვთ მითითებული, რომ გვერდით 30-მდე ოპოზიციური პარტია ჰყავთ და ქუჩაში გამოსული ხალხის ოდენობაზე კიდევ იმ პარტიების ყოფნაარყოფნა ნაკლებად აისახება. ელენე ხოშტარიამაც კი, რომელიც ქართველ ჟანა არკად მონათლეს, განაცხადა: თუ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობას მოინდომებს, გავემიჯნებიო. ყველა ხვდება, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ავტომატურად ნიშნავს მის დაბრუნებას ხელისუფლების სათავეში და ეს, ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასც არ სურს.

ჰოდა, არეულობისა და მუდმივი დაძაბულობის შესაქმნელად ოპოზიციის მიერ მოგებული (უფრო კი ხელისუფლების მიერ წაგებული) წალენჯიხა საუკეთესო ბერკეტია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ნაციონალების მიერ გამართულ აქციებზე ამ მუნიციპალიტეტიდან 200-მდე ადამიანი მოდის და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მათი უმრავლესობასაჯარო მოხელეა, მაგრამ ხელისუფლება ვერ თუ არ ბედავს ხმამაღლა ამის თქმას. სამაგიეროდ, საკმარისია, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ერთი საჯარო მოხელეც კი ნახონ “ოცნების” აქციაზე, რომ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მისი დევნა იწყება და სახლამდეც კი მიჰყვებიან ხოლმე. ჰო, ასეთ შემთხვევაში არავინ ფიქრობს “ოცნების” მხარდამჭერთა შვილებზე, მშობლებზე, დედმამიშვილებზე…

ხარჩილავა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსაც ზუსტად ისე რომ განკარგავს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოესურვებათ, ადვილი მისახვედრია და ნაციონალებს აუცილებლად ექნებათ საბოტაჟის მცდელობა. აკი არც მალავენ, რომ მათ მაქსიმალურად უნდა მოახერხონ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და საყოველთაო პროტესტის ფონზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწიონ. ჩამოშლა და საბოტაჟი კი მუნიციპალიტეტის პირველი პირის დონეზე უფრო მარტივი გასაკეთებელია. ჩვენ ის ვთქვათ,არის თუ არა ამ ყველაფერში სეპარატიზმის ნიშნები და ჰგავს თუ არა ეს ყველაფერი იმ სიტუაციას, რომელიც თავის დროზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გათამაშდა.

გია ხარჩილავა

სწორედ ადგილობრივ დონეებზე დაიწყო ურჩობა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, რომელსაც ნელ-ნელა ხალხი აჰყვა, შემდეგ ჩაერივნენ გარე ძალებიც და მივედით მწვავე დაპირისპირებამდე. გარე ძალებს კი ჩარევის სურვილი ახლა რომ აქვთ, ისეთი უნდა. დასავლეთი ორივე ხელით მიესალმება, თუ ნებისმიერი (ჰო, ნებისმიერი) საბაბით რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ხელისუფლების ავტომატურად გადაბარების პროცესის დაწყების ტოლფასია. სამწუხაროა ისიც, რომ ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს უფრო ლოიალურად ექცევა, ვიდრე თავის მხარდამჭერებს. ეს გამოიხატება ყველაფერში და ამიტომ ოპოზიციის სახელით გათამამებული “ობივატელი” იმაზე მეტს კადრულობს, ვიდრე კანონმორჩილი მოქალაქე ფიქრად გაივლებს. მათ იციან, რომ აქციების მიმდინარეობისას ეპატიებათ ნებისმიერი რამ, თუნდაც პოლიციელისთვის ხელის კვრა და ეს მაშინ, როცა, მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში სამართალდამცავზე შეხებაც კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ციხით ისჯება. შესაძლოა, ვინმემ არ იცოდეს და ჩვენ ვეტყვით: შტატებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელს თუ შეეხებით, მას უფლება აქვს, ეს საფრთხედ ჩათვალოს და ტყვია გესროლოს. ჩვენთან კი, ნაციონალების მიერ გამართულ აქციებზე, ლამის მუშტი-კრივამდე მიდის საქმე და ვინმეს თუ პოლიციელი შეეხო, მაშინვე აყვირდება, რომ სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. ვაღიაროთ, რომ იქმნება ძალიან საშიში პრეცედენტი იმისა, რაც ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს. სოციალურ ქსელში უკვე ხუმრობენ, მალე წალენჯიხა სავიზო რეჟიმს შემოიღებსო და ამ ყველაფერს ხელს უწყობენ ოპოზიციური არხებიც; ის არხები, რომლებსაც წალენჯიხის არსებობა არც კი ახსოვდათ, ახლა კი რეპორტაჟს რეპორტაჟზე აკეთებენ და ამტკიცებენ, რომ იქ ცხოვრება ძალიან მალე საამური იქნება, იმიტომ, რომ იქ ოპოზიციამ გაიმარჯვა. არადა, წალენჯიხას ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, არაფერი განსხვავებული იქ არ ხდება და ვერც მოხდება, რადგან ვერავინ მოიტანს იმაზე მეტს, ვიდრე გამოყოფილია კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის და თუ ეს თანხაც არასათანადოდ დაიხარჯება, გაჩნდება უკმაყოფილების დიდი ტალღა, რომელსაც ოპოზიციური ტელევიზიები სათავისოდ შეფუთავენ და შეეცდებიან, ეს ტალღა ხელისუფლებაზე მიუშვან. საინტერესოა, რომ წალენჯიხას დასავლელი ელჩებიც აქეზებენ და ამბობენ, რომ ამ მუნიციპალიტეტს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. რატომ? წალენჯიხაში სხვა ერი ცხოვრობს, სხვა სამყაროა თუ სხვა ქვეყანა? კიდევ ვიმეორებთ: ასეთი მიდგომა სეპარატიზმის ნიშნებს შეიცავს და დაძაბულობის ფონს ქმნის. რიგითი მოქალაქეები ამას, შესაძლოა, ვერ ხვდებიან, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მაგრამ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმითა და ხერხით დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. მითუმეტეს, თუ წალენჯიხაში დაძაბულობის ახალი კერა შეიქმნება, მათ ეს ხელს აძლევთ, რადგან “მარტივად” იტყვიან, ხელისუფლება ამ მუნიციპალიტეტს იმიტომ არ სწყალობს, რომ ოპოზიციონერი მერი ჰყავსო. ევროპა და ამერიკა ამ განცხადებას ტაშს დაუკრავს და კიდევ ერთხელ იკითხავს _ არჩევნები ვადაზე ადრე ხომ არ დაგვენიშნაო?!

ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე გავლა სწორედ ახლა უწევს, არჩევნების შემდგომ პერიოდში, რათა ოქროს შუალედი იპოვოს და არ მისცესნაციონალურ მოძრაობასუფლება, კონკრეტული მუნიციპალიტეტი საჯილდაო ქვად გახადოს და სავაჭრო თემად აქციოს. სწორედ ეს პროცესი აქვს ოპოზიციას დაწყებული და, როგორც თავში ვთქვით, წამსვლელია ნებისმიერ რამეზე, ოღონდაც კი როგორმე გაუჩნდეს შანსი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

ხელისუფლების საყურადღებოდ: თუ დროულად (ხვალ, ზეგ შეიძლება გვიან იყოს) არ მოეგებით გონს და ოპოზიციის აქტივისტებს ზუსტად ისევე არ მოსთხოვთ პასუხს კანონდარღვევებზე, როგორც ამას რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში აკეთებთ, უმართავ პროცესებს მიიღებთ, ბატონებო. დღეს პოლიციელს ჰკრეს ხელი, ხვალ უკვე ცემას დაუწყებენ და ზეგ შეიძლება იარაღიც ესროლონ. ახლა არ თქვათ, არ იკადრებენ და ვერ გაბედავენო! ხომ იცით, რომ “ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად”. ზუსტად იგივე ხდება დაუსჯელობის სინდრომის შემთხვევაშიც.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here