Home რუბრიკები ისტორია როდემდე უნდა იყოს ქართველი ხალხი “დედინაცვლის ხელში ჩავარდნილი ობოლივით”?

როდემდე უნდა იყოს ქართველი ხალხი “დედინაცვლის ხელში ჩავარდნილი ობოლივით”?

1741
ილია ჭავჭავაძე

ილია გამუდმებით ფიქრობდა ხალხის დუხჭირ ცხოვრებაზე და ეძებდა თანამემამულეთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს. ამ საკითხზე ხშირად იბეჭდებოდა მისი პუბლიკაციები იმდროინდელ პერიოდულ გამოცემებში. ამ პუბლიკაციებსაც, ისევე, როგორც ჩვენ მიერ ადრე შემოთავაზებულს, ბევრი რამ აქვს საერთო დღევანდელობასთან და კარგი გაკვეთილია ქვეყნის ბედზე მზრუნველი კაცისთვის, მაგრამ საკითხავია: არიან კი დღეს ასეთი კაცები ხელისუფლებაში?

ქართველობამ ამ ბოლოს ხანებში დააჯერა გული, რომ ამ ყოფით დგომა ცხოვრების მოედანზე შეუძლებელია, რადგანაც მოასწავებს დედამიწის ზურგიდამ აგვას, თუ წამალი რამ არ დაიდვა და თუ ისე არ მოაწყო საქმე, რომ ამ გაჭირვებიდამ თავი დაიხსნას” (“ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი”, 1893 ., 17 ივლისი). წერდა ერის მამა1893 წელს, 124 წლის წინათ, მაგრამ თითქოს ჩვენს სატკივარზე საუბრობს. ჩვენი ყოფაცცხოვრების მოედანზეშეუძლებელი გამხდარა, რადგან ვერც წამალი გვიპოვია და ვერც ისე მოგვიწყვია საქმე, რომ ბოლოსდაბოლოს ხალხმა ამოისუნთქოს, საკუთარ მამულში თავი ბედნიერად იგრძნოს და ლუკმაპურის საშოვნელად გაქცევაზე არ ეჭიროს თვალიხოლო ლგბტზაცია, რომელსაც ასე გვტენიანლიბერალები”, მათი უცხოელი მარჩენლები და დამრიგებლები, “მოასწავებს დედამიწის ზურგიდამ აგვასისეთი მცირე ერისას, როგორიც ჩვენ ვართ.

მაშ, როდემდე უნდა იყოს ქართველი ხალხიდედინაცვლის ხელში ჩავარდნილი ობოლივით”?

“ვერაფერი სანუგეშო ამბავია, როცა კაცი საზოგადო საქმის მოედანზედ გამოდის მარტო იმისათვის, რომ სიტყვა და აზრი წინ გავიგდო და ვითამაშოო. ყოველი თამაში შექცევაა და საზოგადო საქმეს უპატიუროდ ხდის. საზოგადო საქმეს მარტო შრომა უნდა, ჯაფა უნდა, ბეჯითი და გულდადებითი ჯაფაცა. უამისოდ საზოგადო საქმე, რაც უნდა კარგი იყოს თვალად, შიგნით ფუღუროა, დღემოკლეა, სუსტია. წარამარად ბარბაცი საზოგადო საქმეში იქნება უსაქმო კაცისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ საქმიანისათვის საწყენოა. ამაზედ უფრო სავაგლახოა, როცა საზოგადო საქმეშიმე ესე მიჯობსაღვირაშვებული დაიარება და ის კი, “რაც საქმეს უჯობს”, თავჩაღუნული დადის, თითქო დედინაცვალის ხელში ჩავარდნილი ობოლიაო, ჩაგრული და ხმაამოუღებელიო. ბოლოს ცხვირში ამოგვკრავს, რომ ესე წინდაუხედავად შევსვამთ ხოლმე საზოგადო მძიმე საქმეს ერთმანეთის მტრობისა და შურის საქანელაზედ და ისე უკადრისად წინდაუკან ვაქანებთ. ბოლოს ცხვირში ამოვიკრავთ-მეთქი, მაგრამ ვაი თუ გვიანღა იყოს” (“შინაური მიმოხილვა”, 1879 წ., აპრილი).

“ერთის სიტყვით, ჩვენი შინაური საქმეები ჯერ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, უნდა ჩვენ თვითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში ჩვენის ხელით გამოვაცხოთ” (“შინაური მიმოხილვა”, 1879 წ., ივლისი-აგვისტო).

“მამების და შვილების” ბრძოლამ რუსეთში ბრმად აიყოლია ჩვენებური ყმაწვილ-კაცობა და იმ ბრმად აყოლილებმა ეგ ბრძოლა ჩვენშიაც გადმოიტანეს, მაგრამ ჩვენის ყმაწვილ-კაცობის სასახელოდ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ მათგანმა თითო-ოროლამ გამოინაპირა და თავისი შეცდომა მალე იცნო, გამოვიდა და ცალკე გუნდად დადგა ცხოვრების მოედანზედ. მას აქეთ ჩვენშიაც ყმაწვილ-კაცობა ორ ბანაკად გაიყო: ერთში მოექცნენ ისინი, ვისაც რუსეთის უარმყოფელის მიმართულებიდამ ოთხ ზემოხსენებულ ფრაზებს გარდა არა რა გამოეტანათ რა, მეორეში _ ახალის გუნდის მომხრენი. პირველებმა დაიხვიეს ხელზედ რუსეთის “მამა-შვილობა”, ენაზედ დაიკერეს ზემოთ მოყვანილი ოთხი ფრაზა და დღეს-აქამომდე აწიოწოს იძახიან და იოლად მიდიან. მეორეები კი დააკვირდნენ ჩვენის ქვეყნის ვითარებას და ნახეს, რომ ჩვენ ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს. სცნეს, რომ ჩვენებური დღევანდელი დღე სულ სხვასა თხოულობს, სულ სხვასა ჰღაღადებს და, მაშასადამე, ჩვენებური ლიბერალობა სულ სხვა რასმეზედ უნდა მიიქცეს მთელის თავისი ძალღონითა. ისსხვა რამეიყო _ ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება(“შინაური მიმოხილვა”, 1881 წ., მაისი).

“იმ ახალმა გუნდმა მთელი თავისი ღონე მაგ საგანს მიჰმართა. მაგ ახალმა მიმართულებამ დაიპყრა მთელი ჩვენი ღარიბი ლიტერატურა. “საქართველოს მოამბე”, “მნათობი”, “დროება” და ბოლოს “ივერია” სულ მაგ მიმართულების ბუკსა და ნაღარასა სცემდნენ. საუკეთესო წარმომადგენელნი ჩვენის პოეზიისა სულ მაგას გვამხელდნენ, მაგას გვიგალობდნენ დღესაქამომდე. მართალია, ჩვენის “ვინაობის” აღსადგენად მაგ ახალს გუნდს ბევრი არ უქმნია რა, რადგანაც იმისათვის საჭირო მეცნიერებაში და ცოდნაში კარგა ქვეითობდნენ, მაგრამ ისიც დიდი საქმეა, რომ მაგ მიმართულებას მიაგნეს და ჩვენს ცხოვრებაში ცოტად თუ ბევრად ფეხი მოაკიდებინეს. ისიც დიდი ამბავი იქნება, თუ ამ გუნდმა ამ საგანზედ მოახედა ჩვენი ალმაცერად მაყურებელი თვალი და რაც ძალ-ღონეა, სულ მაგ საქმეს ზედ მოახვია და შესჭიდა. რაც ვერ ჰქმნეს ამათ, იქმოდნენ სხვანი, ოღონდ ამ მიმართულებამ თავი დაიჭიროს ჩვენს ცხოვრებაში, ღრმად გაიკეთოს ძირი და იმოქმედოს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს” (“შინაური მიმოხილვა”, 1881 წ., მაისი).

“ყოველი ჭეშმარიტი ლიბერალი, ჩვენი კაცი, დღესაც მარტო მაგ მიმართულების მიმდევარი უნდა იყოს ჩვენში. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ეგ მიმართულება, რადგანაც დიდი ხნისაა, იმიტომ ძველია, და რადგანაც ძველია, იმიტომ უკადრისია და სათაკილო ლიბერალებისათვის. დეე ოთხფრაზიანმა ლიბერალებმა ეგრე იფიქრონ, ჩვენ კი ამას ვიტყვით, რომ ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა. სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი არა აქვს ეხლანდელს საქართველოს შვილს. ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს. ყოველივე საქმე, ყოველივე საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების მიმავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისკენ უნდა მივუბრუნოთ თავი. ვაყენებთ სადმე კაცს მარშლად, თუ ბანკის გამგებლად, თუ მასწავლებლად, თუ რადმე სხვად, _ მაგ მიმართულების სისწორეზედ უნდა ავწონოთ. აი ჭეშმარიტის ლიბერალის საქმე რა არის ჩვენში” (“შინაური მიმოხილვა”, 1881 წ., მაისი).

“ჩვენებური რეტროგრადი ის უნდა იყოს, ვინც ამ ჩვენის დღევანდელის დღის მღაღადებელს ხმას არ გაუგონებს, ყურს მოუყრუებს და არ აჰყვება. გინდ “მამა” დაარქვით ამისთანა კაცს, გინდათ “შვილი”, აქ სახელწოდება არაფერს შუაშია, ოღონდ ეს კი ვიცოდეთ, რომ მაგისთანა კაცი ჩვენი კაცი არ არის” (“შინაური მიმოხილვა”, 1881 წ., მაისი).

“სლავიანებმა, რომელთა ვინაობასაც სხვადასხვა მტერი მიუჩინა ისტორიამ, სულ ამ საქმეს მოახმარეს თავისი დრო და მეცადინეობა. ამისათვის თავგანწირულ კაცებს დღესაც წმინდანებსავით ლოცულობენ და თაყვანსა-სცემენ. მით უკეთესი წარმომადგენელნი იმით ქადულობენ, იმით ლიბერალობენ, რომ მაგ საქმეს მისდგომიან და მარტო მაგით სულდგმულობენ. დღესაც მაგ საქმეს ზედ აკვდებიან და, რასაკვირველია, არც მოეშვებიან, ვიდრე თავისას არ გაიტანენ. თავის ვინაობის აღსადგენად და ქვეყნის დასანახავად _ თავისი წარსული ხელახლად ააყენეს საფლავიდან, გამოსჩხრიკეს, მისხლობით ასწონეს, გოჯი გაზომეს ყოველისფერი, რაც ძველად ჰქონდათ, რაც მათს ეროვნებას, მათს ვინაობას, ნაციონალობას შეადგენდა და სარჩულად ედვა. გაუცოცხლეს თავიანთ ერს პოეზიის შემწეობით დიდებულნი სახენი ძველის გმირებისა, ქვეყნისათვის თავდადებულებისა, ძველის ქველობისა, ძველის კაცურკაცობისა. მოაგონეს, ისტორიის შემწეობით, დავიწყებული სახელოვანნი დღენი წარსულისა, აღადგინეს, გასწმინდეს, გააძლიერეს დედაენა, ჟამთა ვითარებისაგან გარყვნილი და შელახული. ამ გზით გამოაბრუნეს, გამოაცოცხლეს თითქმის სასიკვდილოდ გადადებული ერი. ერმა თავისი ვინაობა გაიგო, შეიტყო რა ყოფილა, რა არის და რის იმედი უნდა ჰქონდეს, შეიტყო და ფეხზე დადგა, ფრთა შეისხა. ამისი მაგალითი, სხვათა შორის, ჩეხელები არიან. აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად. აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარხმლით აღჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისთვის სამყოფი არ არის კაცმა დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმით თავი მოიტანოს. ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წარსდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთეს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს სულ მუდამ, ვიდრე ესეთნი დრონი მეფობენ. “ჯერ მაცოცხლეო, მერე მაფიქრებინე, როგორ გავმდიდრდეო”, _ ამბობს ერთი სლავიანი პატრიოტი. ნამდვილად გულშემატკივარმა საქართველოს შვილმა ეს სიტყვები უნდა დაიწეროს გულის-ფიცარზედ და სხვაზედ არაფერზედ არ წაიტყუოს ჭკუა და ხელი” (“შინაური მიმოხილვა”, 1881 წ., მაისი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here