Home რუბრიკები პოლიტიკა რა პირი უჩანს ივანიშვილის დაპირებების შესრულებას?

რა პირი უჩანს ივანიშვილის დაპირებების შესრულებას?

2020-ში აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ივანიშვილს ისევ მოუწევს ხალხისთვის მიმართვა

3398
რა პირი უჩანს ივანიშვილის დაპირებების შესრულებას?

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ნომერ პირველმა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ოღონდ ახლა დამიდექით გვერდით და, ადრე გაცემული დაპირებების გარდა, იმასაც შევასრულებ, ახლა რომ გპირდებითო. და წამოვიდა დაპირებების ზღვა, პროდუქტების გაიაფებით დაწყებული, საოცარი დემოკრატიით დამთავრებული და ფრთიანი ფრაზადემოკრატიას ვერ ეწევა ეკონომიკასადღაც გაქრა. არჩევნები მორჩა, ხალხი კიდევ ერთხელ ენდო ივანიშვილს და მოლოდინში გაისუსა. აკი თქვა კიდეც არჩევნების შემდეგ ბატონმა ბიძინამ, _ ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა, ახლა ჩემი ჯერიაო და დაიწყო

ჯერ პური გაძვირდა, შემდეგ _ სიგარეტი, საწვავის გაძვირებას მივეჩვიეთ და, რაც მთავარია, მმართველი გუნდის პოლიტიკოსთა იმ ფრთამ, რომელიც საკუთარ თავს ლიბერალებს ეძახის, უკადრებელი იკადრა და იმ მოსამართლეებს აუნთო მწვანე შუქი, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანებს, ივანიშვილის თანამებრძოლებს ციხეებში ხანგრძლივად ამწყვდევდნენ და არ აინტერესებდათ, სიმართლე ვის მხარეს იყო. “ქართული ოცნების” ძველმა გვარდიამ, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს მოსამართლეთა უსამართლობა (რა საინტერესო ტერმინია, არა?!), პროტესტი გამოთქვეს, სიას მხარი არ დაუჭირეს, საშველად სწორედ ივანიშვილს უხმეს და…

ნამდვილად ვერ გეტყვით, რისი და ვისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილი შეიცვალა. ის მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი, უბრალოდ, არ აქვთ და ვერავინ ხვდება, ამას რის გამო აკეთებს. რამდენიმე თვის წინათ, სწორედ ლიბერალებთან ურჩობის გამო, “ქართული ოცნების” რიგებიდან გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ თქვა კიდეც: როცა ივანიშვილს გაუჭირდა, დასახმარებლად ხალხს მიმართა და არა ლიბერალების გუნდსო, მაგრამ არც ამან იმოქმედა _ პოზიცია გასაჯაროებულია, ივანიშვილი არის კობახიძის გუნდის მხარეს, კობახიძე კი მხარს უჭერს იმ მოსამართლეებს, რომელთა სახელთან უსამართლობა ასოცირდება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინათ თამბაქოს ნაწარმზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა, მმართველმა გუნდმა კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ სიგარეტის მოხმარებამ იკლო, ანუ ადამიანებმა მოწევას მოუკლეს და ეს იმიტომ კი არა, რომ სანერვიულო მოაკლდათ, არამედ იმიტომ, რომ ფული აღარ აქვთ და, შესაბამისად, ნაკლებს ეწევიან. ცოტა უცნაურია, მაგრამ კულუარებში ხუმრობენ: ამის შემდეგ პურიც იმიტომ გაძვირდა, ადამიანებმა ჭამას რომ მოუკლონო და გვერწმუნეთ, ეს მოსაზრება რეალობისგან შორს ნამდვილად არ არის _ პურპროდუქტების მოხმარება შემცირდა და ამას მწარმოებლები ადასტურებენ.

თითქოს ეს საკმარისი არ იყოო და სიგარეტის ფასმა ისევ მოიმატა. ახლა, საშუალო დონის ფილტრიანი სიგარეტის ფასი ხუთი ლარით იწყება და მარტივი არითმეტიკაა _ მწეველმა პენსიონერმა დღეში ერთი კოლოფი რომ მოწიოს, მომატებული პენსიის ფონზეც კი თვეში 150 ლარი სიგარეტში დასჭირდება, ხოლო დარჩენილი 50 ლარით უნდა იკვებოს, გადაიხადოს კომუნალურები, იმგზავროსახლა ვიღაც იტყვის, დაანებოს პენსიონერმა თავი მოწევასო. გეთანხმებით, ბატონებო, ცუდია, ადამიანი რომ ეწევა, საშინელებაა, მაგრამ, კაცი რომ ნახევარი საუკუნე ეწევა და თავს ვერ ანებებს, იმან რა ქნას?! როგორ იარსებოს?! როგორ იყიდოს თამბაქოც და პურიც?! მით უმეტეს, უკვე დაანონსებულია, რომ ფასის მორიგი მატება თამბაქოს ნაწარმზე მარტში იგეგმება და ერთი კოლოფი 7 ლარი ეღირება, ანუ პენსიონერს 200-ლარიანი პენსია არ ეყოფა იმისთვის, რომ დღეში ერთი კოლოფი სიგარეტი მოიხმაროს. შედეგად, სიგარეტი ფუფუნების საგანი გახდება, მაგრამ, თუ ამ ტემპით განვაგრძობთ, ძალიან მალე პურიც ფუფუნების საგანი გახდება და გამონათქვამი “კიდევ კარგი, ჰაერია უფასოო” აღარ გაამართლებს, რადგან ჰაერიც ფასიანი გახდა, რადგან იმას, რასაც დიდ ქალაქებში ვსუნთქავთ, ჰაერს ნაკლებად დაარქმევს კაცი, სუფთა ჰაერზე წასვლა კი იმდენი ღირს, საშუალო შეძლების მოქალაქე ამის უფლებას თავს რომ ვერ მისცემს.

აქეთ კიდევ ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გაგვახარა: მე პოლიტიკური კითხვები არ დამისვათ, რადგან პოლიტიკოსი არ ვარ და პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებო. რეალურად, ბოლომდე დაკნინებული და უფლებაწართმეული პრეზიდენტის ინსტიტუტი რატომ დავტოვეთ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინსტიტუტის შენახვაზე ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიონებს გადაიხდის და ეს ფულიც ჩვენი ჯიბიდან მიედინება. პრეზიდენტს არ ანაღვლებს გაძვირებული პროდუქტები და საზოგადოდ, არც პოლიტიკოსებსა და პარლამენტარებს არ ანაღვლებთ, რა ძვირდება და რა არა. მიზეზი მარტივია: ისინი ბაზარში არ დადიან, საამისოდ მოსამსახურეები ჰყავთ და ნაკლებად ადარდებთ, რამდენიმეათასიანი ხელფასიდან ყოველდღიურად პროდუქტებზე ორი ლარით მეტი დაეხარჯებათ თუ ხუთით. საბოლოო ჯამში, თვეში სხვაობამ, შესაძლოა, 200 ლარი შეადგინოს, რასაც ვერ იგრძნობენ, ვერ იგრძნობენ იმ თანხას, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ყოველთვიური საარსებო წყაროა.

რაც უნდა ცინიკურად მოგეჩვენოთ, ერთ-ერთმა პარლამენტარმა ისიც თქვა, _ სიგარეტის გაძვირებით სოფლის მეურნეობას განვავითარებთ, რადგან ხალხი თამბაქოს დათესვასა და მოყვანას დაიწყებს, სუფთა თუთუნს მოწევს და მიწასაც დაუბრუნდებაო. მაგრამ იმავე პარლამენტარს ის კი აღარ უთქვამს, რომ თამბაქოს მოყვანაზე ხელისუფლება რეგულაციების შემოღებას აპირებს და მალე ლიცენზიის აღება გახდება საჭიროო. არის თუ არა ეს რეპეტიცია კანაფის კულტივაცია-მოყვანისთვის და დაუბრუნდება თუ არა გაწვეული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ, ამ თემის განხილვა კულუარებში აქტიურად რომ მიდის, საჯაროდაც დადასტურდა. ერმა ერთხელ უკვე გამოხატა ამ საკითხისადმი დამოკიდებულება და ისე არ მოხდეს, მეორე მცდელობაზე ხელისუფლებას კანაფის ბოლივით გაქრობა მოუწიოს.

პურპროდუქტებთან ერთად გაძვირდა ბურღულეული და გაიაფდაკარტოფილი. დიახ, გაგიკვირდებათ და, კარტოფილის ფასმა ზამთარში დაიკლო, ანუ დაიკლო მაშინ, როცა უნდა გაძვირებულიყო და ამ საკითხით დავინტერესდით. მართალია, წინასაარჩევნოდ კარტოფილს ხმის ფასი ედო, მაგრამ მაინც უცნაურია მისი გაიაფება.

“ადრე ამ მასშტაბებით არ იყო, მაგრამ ახლა ძალიან დიდი “აბაროტი” მიიღო კარტოფილის ბარტერმა. აგიხსნით რა ხდება: სომხეთიდან და თურქეთიდან საქართველოში შემოდის კარტოფილი, რომელსაც შემომტანი 20 თეთრად აბარებს. ეს კარტოფილი ხვდება ბაზარზე, ხოლო აქ მოყვანილ კარტოფილს იგივე თურქეთი და სომხეთი ყიდულობს და საკუთარ ქვეყანაში მიაქვს. თუ დააკვირდებით, საკოლმეურნეო ბაზრებში, ქსელურ სუპერმარკეტებში დღეს იყიდება ძალიან უცნაური კარტოფილი _ უამრავი წერტილით, რომელიც გათლის შემთხვევაშიც კი ლამის ნაყოფის გულამდეა ჩასული. ეს წერტილოვანი დანამატები შხამქიმიკატების შედეგად ჩნდება, სოკოვანი წარმონაქმნია და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ლოგიკურიცაა, ამ კარტოფილს სომხები და თურქები თავიანთ ქვეყნებში რომ არ ყიდიან (ალბათ, მთავრობა არ აყიდვინებთ) და საზღვრებს გარეთ გააქვთ. ჩვენი ბრალი კი ის არის, რომ პროდუქტებზე მკაცრი რეგულაციები არ არსებობს. ექსპერიმენტი რომ ჩაატაროთ, იმათი შემოტანილი კარტოფილის უკან გატანა რომ მოინდომოთ, არ გამოგივათ, რადგან მესაზღვრეები არ გაგატანენ, როგორც ცუდ პროდუქტს”, _ გვითხრა საქართველოს მწარმოებელთა კავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

სწორედ ამიტომ გაიაფდა კარტოფილი და ისე ვასაღებთ სხვის შხამიან პროდუქტს, ვერც ვხვდებით და, რაც მთავარია, გვიხარია, რადგან იაფი ღირს. ასე ხდებოდა და ასე მოხდება მანამ, სანამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გაუჩნდება ელემენტარული საარსებო პირობები და თუნდაც ხარისხიანი პროდუქტების შესაძენი ფული, მაგრამ ამ პირობებში ეს გამორიცხულია. გვერწმუნეთ, რომ თამბაქოზე ფასის მატება ძალიან, ძალიან დაარტყამს ადამიანების ჯიბეს და ეს ყველაფერი ყოველდღიურ კვებაზე აისახება.

მეორე მხრივ, პოლიტიკურად ერთი წელი ძალიან, ძალიან ცოტაა და 2020-ში აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ივანიშვილს ისევ მოუწევს ხალხისთვის მიმართვა, ისევ მოუწევს თხოვნა და, თუ მანამდე რადიკალურად არ შეიცვლება ვითარება, კატასტროფულ შედეგს მიიღებს. შემდეგ კი მშვიდად შეხედავს იმას, როგორ გაუსწორდება სასტიკი მეთოდებით სხვა ხელისუფლება, პირველ რიგში, სწორედ ივანიშვილს, რადგან ბედმა თუ უბედობამ ისე მოიტანა, რომ სწორედ ივანიშვილია ყველა სიკეთისა თუ ბოროტების სათავე, ყველაფერი მას ბრალდება. ხალხი კი მის ქმედებას ელის და ადასტურებს, რომ ხმა არც კობახიძის გუნდისთვის მიუცია და არც სხვისთვის, ამომრჩეველი უკვე მერამდენედ ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, ენდო და საპასუხო საქციელსაც სწორედ მისგან ელოდება. ყველაფრის გაძვირება და შიმშილი კი ის არ არის, რასაც ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა და რასაც ხალხი აიტანს. როდის აუტანია, რო?!

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. როგორც არაფერი მოუტანია ( ბიძინა ივანიშვილს) ამ ქვეყანაზე,ისე ვერასდროს ვერაფერს წაიღებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here