Home რუბრიკები ეკონომიკა რატომ ყიდულობს რუსეთი ამდენ ოქროს?

რატომ ყიდულობს რუსეთი ამდენ ოქროს?

3590
ოქრო

რუსეთი ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ეტაპობრივ დედოლარიზაციას განაგრძობს. 8 მაისს, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა ამ კურსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვის სტრუქტურაზე ვისაუბროთ და გავიგოთ, რას და რატომ აკეთებს კრემლი ოქროს ბაზარზე.

რუსეთის ოქროს მარაგს საინტერესო ისტორია აქვს. 1914 წელს ის 1311 ტონას შეადგენდა და მსოფლიოში უდიდესი იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მისი ნაწილი გამოიყენეს, როგორც სამხედრო კრედიტების გარანტია, და უცხოურ საცავებში გადაიტანეს; ნაწილი სამოქალაქო ომის პერიოდში ხელიდან ხელში გადადიოდა, იხარჯებოდა და იკარგებოდა. ზოგიერთი ენთუზიასტი ციმბირში ე.წ. კოლჩაკის ოქროს დღემდე ეძებს.

ამ დანაკარგებისა და გადაუდებელი ხარჯების გამო საბჭოთა კავშირის ოქროს მარაგი (1928 წლის მონაცემებით) 150 ტონამდე შემცირდა. სტალინმა რეზერვის შევსება დაიწყო და 1941 წლისთვის 2 800 ტონის აკუმულირება მოახერხა. ომის და შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პერიოდში ეს “დანაზოგი” მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 1950-იანების დასაწყისში 2500 ტონას მიაღწია. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ის თანადათან მცირდებოდა. გორბაჩოვის მმართველობის წლებში პროცესმა ზვავისებური ხასიათი მიიღო და სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთს 300 ტონაზე ნაკლები ოქრო დარჩა.

ზრუნვა რეზერვის შევსებაზე პუტინის მმართველობის პერიოდში განახლდა. “ეკონომისტის” ცნობით, 2005-15 წლებში რუსეთმა სამჯერ გაზარდა ოქროს მარაგი და მან 1200 ტონას გადააჭარბა. ბრიტანული გამოცემა ამის მთავარ მიზეზად დოლარის მიმართ უნდობლობას ასახელებს. “ახალი ცივი ომისდაწყების კვალობაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ უფრო გაზარდა შესყიდვები და ამჯამად რეზერვმა 1900 ტონას მიაღწია. პირველად სსრკის დაშლის შემდეგ, რუსეთმა ამ მაჩვენებლით ჩინეთს (1843 ტონა) გადაუსწრო. 2009 წლიდან რუსეთმა რეზერვი 1100 ტონით, ჩინეთმა კი მხოლოდ 775 ტონით გაზარდა. ამჟამად რუსეთის ოქროს მარაგი შეფასებულია 80,4 მილიარდ დოლარად, ხოლო მისი ხვედრითი წილი ქვეყნის ოქროსა და ვალუტის რეზერვში 17,95%- შეადგენს. ოქროს ხვედრითი წილის ზრდის პარალელურად თანდათან მცირდება რუსეთის დაბანდებები აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში, რომლებსაც, ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამო, მოსკოვში არასანდო, “ტოქსიკურ” აქტივად განიხილავენ. ცხადია, ცვლილებები მყისიერად ვერ მოხდება, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება, მიაღწიოს რეზერვის ისეთივე სტრუქტურას, როგორიც “ძველი ევროპის” ქვეყნებშია _ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის რეზერვების დაახლოებით ორი მესამედი ძვირფასი ლითონებია.

ამავე პერიოდში ციმბირის ოქროს საბადოებზე მოპოვება გაიზარდა და 2015-ში, 272 ტონით წელიწადში, რუსეთმა მსოფლიო მომპოვებელთა რეიტინგში ავსტრალიას გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა (პირველზეა ჩინეთი 400-ზე მეტი ტონით წელიწადში). ამავე წელს ჩინეთმა ოქროს იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება დაიწყო, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ქვეყნიდან მისი გადინება შეემცირებინა. დასავლეთმა მას ოქროს ბაზარზე ჩინური ბანკების დაბლოკვით უპასუხა (განაცხადებს, რომლებიც მათ სავაჭრო სესიებში მონაწილეობისთვის შეჰქონდათ, პერიოდულად იგნორირებას უწევდნენ). ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ოქროს მსოფლიო ბაზარზე ორი სეგმენტი ყალიბდება, რომლებიც ერთმანეთს თანდათან შორდება _ ერთ მხარეს დასავლეთის წამყვანი ქვეყნები დგანან, მეორე მხარეს კი _ რუსეთი და ჩინეთი. ეს ორი ქვეყანა ცდილობს, გამორიცხოს დასავლეთის ყოველგვარი შუამავლობა ოქროსთან დაკავშირებულ ოპერაციებში და ეტაპობრივად მიიწევს მიზნისკენ, რომელსაც ავტორების ნაწილი რუსეთჩინეთის (ან ევრაზიის) ოქროს ბაზრის შექმნას უწოდებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ლონდონის ოქროს ბაზრის და ამერიკული ოქროს ფიუჩერსების ბირჟა “კომექსისგან” განსხვავებით, სადაც რეალური ოქროსგან მოწყვეტილი დერივატივების უზარმაზარი მასა ტრიალებს, რომელსაც ეკონომიკური პროცესი, არსებითად, ვირტუალურ სივრცეში გადაჰყავს, ვაჭრობა რუსეთ-ჩინეთის ბაზარზე მხოლოდ რეალურად არსებული ოქროს ყიდვა-გაყიდვას შეეხება.

საინტერესოა, რომრეალური ოქრომსოფლიოში დაახლოებით 190 ათასი ტონაა. აქედან ნახევარი კერძო პირების საკუთრებაა, ძირითადად, საიუველირო ნაკეთობების სახით; 33, 5 ათასი ტონა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ბანკების რეზერვებშია; დანარჩენს კი, საინვესტიციო მიზნებიდან გამომდინარე, მსხვილი კომპანიები და ფონდები იყენებენ. ოქრო აგრეთვე გამოიყენება ელექტრონიკის წარმოებაში, სტომატოლოგიაში და ..

2017 წლის ნოემბერში რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი შევცოვმა განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის (“ბრიჩსის” ჯგუფის) მთავრობები ოქროთი ვაჭრობის ახალი, ერთობლივი სისტემის შექმნაზე მსჯელობენ, ხოლო რუსეთისა და ჩინეთის ცენტრალურმა ბანკებმა უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის ორმხრივ მემორანდუმს.

საგულისხმოა, რომ ყაზახეთმა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მდებარეობს, ახალიცივი ომისდაწყების შემდეგ ასევე გაზარდა ოქროს ხვედრითი წილი რეზერვში და მარაგის მოცულობით მსოფლიოში მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ამ ქვეყნისთვის ძალზე სერიოზული მაჩვენებელია.

ვინაიდან ყაზახეთს შევეხეთ, ალბათ, უმჯობესი იქნება, აქვე აღვნიშნოთ, რომ 15 მაისს პრეზიდენტმა ნაზარბაევმა კვლავ “გააცოცხლა” რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი კასპიისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი არხის პროექტი, რომელსაც “ევრაზიის არხს” უწოდებს. ეს იდეა განსაკუთრებით აქტუალური 2007 წელს იყო, პუტინი და ნაზარბაევი მასზე აქტიურად საუბრობდნენ, სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ პროექტის რეალიზაციაზე დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი დაიხარჯებოდა. შემდეგ იფეთქა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და იდეა თითქოს დავიწყებას მიეცა, თუმცა ახლა ნაზარბაევმა ის დღის წესრიგში დააბრუნა, შესაძლოა იმიტომ, რომ პროექტმა დააინტერესა ჩინეთი, რომელიც ევროპაში საქონლის გატანის ყველა შესაძლო მარშრუტს განიხილავს. ამ პროექტის რეალიზაციამ შეიძლება გარკვეული საფრთხე შეუქმნას საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და შანხაის ორგანიზაციის წამყვანი სახელმწიფოები ქართულ ტრანზიტს უყურებენ, როგორც არხს, რომელიც დასავლეთმა შეიძლება ნებისმიერ წუთს გადაკეტოს, შესაბამისად, განიხილავენ მას, როგორც სათადარიგო და არა ძირითად, სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებას.

ქართველ მკითხველებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა: საიდან აქვს კრემლს რესურსი იმისთვის, რომ ოქროს მარაგი შეავსოს ან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები (ყირიმის ხიდი, “ევრაზიის არხიდა ..) განახორციელოს, რადგან ექსპერტების ნაწილი ხშირად ირწმუნება, რომ რუსეთის ეკონომიკა დაღუპვის პირასაა? აქ, ალბათ, კონკრეტული მაგალითი უნდა განვიხილოთ და დავადგინოთ, რის ხარჯზე აპირებს მოსკოვი წელს ოქროს დამატებითი მოცულობის შეძენას. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან ნავარაუდევთან შედარებით ხუთჯერ უფრო დიდი იქნება. თუ ადრე ითვლებოდა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-დან დაახლოებით 1,3%-ს მიაღწევს, დღევანდელი მონაცემის მიხედვით, პირველად 2011 წლის შემდეგ, ბიუჯეტი პროფიციტული იქნება (+0,45% მშპ-დან). ეს მოხდა იმიტომ, რომ ბიუჯეტში ჩაიდო ფასი 40 დოლარი ბარელი ნავთობისთვის, მაგრამ იანვარ-აპრილში ნავთობის ფასი გაიზარდა და 66 დოლარს გადააჭარბა. ამან რუსეთის ეკონომიკისთვის ერთგვარი “უსაფრთხოების ბალიში” შექმნა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური რისკების ნეგატიურ ეფექტს შეამცირებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შექმნილი სიტუაცია შესაძლებლობას მისცემს კრემლს, ოქროს მარაგი კიდევ უფრო გაზარდოს, ამასთანავე, რეზერვის მცირე ნაწილი პერსპექტიული კორპორაციების აქციებში განათავსოს, აგრეთვე, აზიის ქვეყნების ფასიან ქაღალდებში. ერთი რამ ცხადია: “დაუგეგმავი შემოსავალიაშშის სახაზინო ვალდებულებებში არ დაიხარჯება.

აქ, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ოქროსა და ვალუტის რეზერვი “აზღვევს” ეროვნულ ეკონომიკას იმ შემთხვევაში, თუ მას პრობლემები შეექმნება. სწორედ ამიტომ მთავრობები არ ახდენენ მის ინვესტირებას (სხვადასხვა ფორმით) საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაში. არსებითად, ეს არის ინვესტიცია უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სუვერენიტეტში, რომელსაც რუსეთი იმ პერიოდშიც კი ახორციელებდა, როდესაც ნავთობის ფასი დაბალი იყო, ხოლო დასავლეთმა მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

დასასრულ, რამდენიმე საინტერესო ფაქტი, სად ინახება რუსეთის ოქროს მარაგი. მისი 70% მოსკოვშია, ცენტრალური ბანკის საცავში, რომელიც 40-იან წლებში აშენდა. შენობის ფართობი 17 ათასი კვადრატული მეტრია, საკუთრივ საცავის კი _ 1,5 ათასი მეტრი. კიდევ ორი .. რეგიონთაშორისი საცავი სანქტპეტერბურგსა და ეკატერინბურგში მდებარეობს. ზოდები 10-დან 14 კილოგრამამდე იწონის, თუმცა არის შედარებით მცირე ზოდებიც (100 გრამიდან 1 კილოგრამამდე). ზოდები მოთავსებულია 6100 პლომბირებულ კონტეინერში, სინჯი 99,95%-დან 99,995%-მდეა. საგულისხმოა, რომ საცავის თანამშრომლები ოქროს, უბრალოდ, ლითონს უწოდებენ. როგორც ჩანს, ყოველდღიურმა სამუშაო პროცესმა მათ თვალში ის ერთობ გააუფასურა, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, აცნობიერებენ, რომ ეს ზოდები რუსეთის ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს წამოადგენს.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here