Home რუბრიკები პოლიტიკა რას კარგავს საქართველო და ჯობია თუ არა “ჩათრევას ჩაყოლა”?

რას კარგავს საქართველო და ჯობია თუ არა “ჩათრევას ჩაყოლა”?

316

10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა 3+3 ფორმატში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი + რუსეთი, თურქეთი, ირანი), რომლის ინიციატივაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა _ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა წამოაყენეს. შეხვედრას ესწრებოდნენ 5 ქვეყნის _ რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის _ საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. საქართველომ უარი განაცხადა ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე, მაგრამ ბაქოსა და ერევანს მშვიდობის შესანარჩუნებლად მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა. “ჩვენ არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობას და, შესაბამისად, საქართველო არ დაესწრება 10 დეკემბერს .. 3+3 ფორმატში შეხვედრას”, _ განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. “ჩვენ რეგიონში მარტო ვრჩებით და, ბუნებრივია, რუსეთს უფრო მეტი გავლენა ექნება, ამ ფორმატში ჩვენც რომ შეგვიყვანოს, თურქეთი და ირანი ერთვებიან და, გარკვეულწილად, მათი მხრიდანაც იქნება წნეხი, აქ საუბარია რეგიონულ ჰეგემონიაზე. რუსეთი, თურქეთი და ირანი კავკასიაში რეგიონული ჰეგემონები იქნებიან, ეს ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებშია”, _ ამბობენ ქართველი პოლიტოლოგები. რას კარგავს საქართველო “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმით და ჯობია თუ არაჩათრევას ჩაყოლა” _ ამ თემაზესაქართველო და მსოფლიოსპოლიტოლოგი რევაზ კილასონია ესაუბრება:

_ “3+3” ფორმატი ითვალისწინებს ამიერკავკასიაში მშვიდობის დამყარებას. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო მას არ უერთდება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს რეგიონში დაძაბული ვითარებაა. ამ დაძაბული ფონის მოსახსნელად აუცილებელია, თვით ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებიც კი _ აზერბაიჯანისა და სომხეთის _ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან კომპრომისის მისაღწევად თავიანთი ქვეყნების სტარატეგიული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

“3+3” ფორმატი ითვალისწინებს, როგორც პოლიტიკური პროცესების რეგულირებას, ასევე, ეკონომიკური და ენერგეტიკული პროგრამების განხორციელებას. ახალი ენერგეტიკული გზების გახსნას, ისეთების, რომლებიც წლების განმავლობაში დახურული იყო და ხელს უშლიდა ეკონომიკურენერგეტიკული პროცესების განვითარებას. ასე რომ, “3+3” ფორმატი ძალიან ხელსაყრელია ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც მასში განიხილება.

იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს მართავენ 30 წელიწადია, აქვთ ერთი არგუმენტი _ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს რუსეთთან და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გამართლებულად მიაჩნიათ. მაგრამ ეს არგუმენტი ქარწყლდება, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის კომპომისზე იწყება საუბარი, მათ მოახერხეს ერთმანეთთან დალაპარაკება და თავიანთი ქვეყნების ინტერესების დაცვის პრაგმატულად გადაწყვეტა. ასე რომ, ვერ იმართლებს თავს საქართველო იმით, რომ რუსეთს არ ელაპარაკება, ეს არგუმენტი მყარი არ არის.

მომხრე ვარ, რომ 3+3 ფორმატის მსგავს მოლაპარაკებებში საქართველოც ჩაერთოს, რადგან ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებზე რუსეთს ისედაც ვესაუბრებით ეუთოს ფორმატში, რომელიც პრაღაში ტარდება. მაშ, რატომ არ შეიძლება ვისაუბროთ მეზობელ ქვეყანასთან ჰუმანიტარულ პროგრამებზე, დევნილების დაბრუნების პრობლემებზე?! “3+3” ფორმატი ხომ სწორედ ამისთვისაა შექმნილი?! ამ პროცესში საქართველოს ჩართვა ჩვენს ქვეყანას მისცემდა შანსს, რომ დაუძლეველი პრობლემა, რომელიც გვაწუხებს და რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, გარკვეულწილად მოგვარდებოდა.

_ როგორც ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგი ამბობს, “რუსეთი, თურქეთი და ირანი კავკასიაში რეგიონული ჰეგემონები იქნებიან. ეს ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებშია. ისინი “3+3” ფორმატზე შემთხვევით არ ამბობენ უარს, ჯიუტად ფიქრობენ, რომ საქართველო მაინც დათანხმდება მონაწილეობაზე”. შეიძლება საქართველოში ჩამოვიდეს ერდოღანი, რომელიც ეცდება, ჩვენი ხელისუფლება დაიყოლიოს; შესაძლოა, თურქეთმა ფარული ეკონომიკური სანქციები განახორციელოს, ის ხომ ჩვენი მეორე სავაჭრო პარტნიორია; შესაძლოა, ირანიც ჩაერთოსამ ფორმატის ამოქმედებით აზერბაიჯანიცაა დაინტერესებული. 10 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც “3+3 “ერქვა და არა “3+2”…

_ ფაქტია, არ გაუქმდა “3+3” ფორმატი და არ გადაკეთდა “3+2”-ად, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველო დარჩა აქტუალური იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ამ ფორმატის ფარგლებშია გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, “3+3” ფორმატის იდეა ვერ მოუტანს აღნიშნულ ფორმატს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც დაგეგმილია. გავლენიანი ქვეყნები, რომლებიც ამ ფორმატში არიან ჩართულნი _ რუსეთი, ირანი, თურქეთი _ ყველანაირად ეცდებიან, დაითანხმონ საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთის გავლენა ამიერკავკასიაში მკვერთად დაეცა, მათ ამის გაკეთება არ გაუჭირდებათ. ისტორიულად ისედაც გავლენიანი ძალების ხელახალი გავლენა ამ რეგიონზე იზრდება. ვრცელდება ცნობა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი აპირებს საქართველოში ვიზიტს და, დიდი ალბათობით, შეეცდება, საქართველოს ხელისუფლება დაარწმუნოს, ჩაერთოს ამ პროექტში.

_ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პროექტები, რომლებიც ამ ფორმატის ფარგლებშია გათვალისწინებული, ჩვენი ქვეყნის ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება და ვერ მოიტანს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც დაგეგმილია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ეშმაკობენ _ ჩვენ გარეშე მაინც ვერაფერს გააკეთებენ და ულტიმატუმების წაყენების საშუალება გვექნებაო

_ საქართველოს ხელისუფლება და ქართული დიპლომატია იმ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, რომ ვინმეს ულტიმატუმი წაუყენოს, უფრო მეტიც, ეშმაკობის თავიც არ აქვთ. ის, რასაც ახლა საქართველო სჩადის, დასავლეთის გავლენაა ჩვენს სისტემაზე, რომ როგორღაც შეევაჭრონ იმ ძალებს, რომლებიც ამ ფორმატში შედიან, რადგან თვით ნატოსაც კი არასახარბიელო ურთიერთობა აქვს თურქეთთან.

საქართველოს ხელისუფლების უარი “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე არგუმენტს მოკლებულია, მას არ აუხსნია, რატომ არ მიდიან ამ მოლაპარაკებაზე. ჩვენს ხელისუფლებას არ უსაუბრია იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფორმატის სრულად განხორციელებას. ჩვენებს შეეძლოთ, კულუარულად გაეგოთ _ რისი მიღება შეგვეძლო, შეგვეძლო თუ არა, სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა აფხაზეთის მიმართულებით?! მოკლედ, საქართველოს მხარეს ყველაფერი უნდა გაერკვია და საუბარი ჰქონოდა აღნიშნული ფორმატის ინიციატორებთან იმაზე, ჩვენ რა სარგებელს მივიღებდით.

სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ უარი განაცხადა 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე უარგუმენტოდ, რაც დასავლეთის ნეგატიური გავლენის შედეგია. დასავლეთს ერთდერთი საქართველო ჰყავს გამოჭერილი ბოლომდე ჩვენს რეგიონში და ბოლომდე ვაჭრობენ საქართველოს ხარჯზე იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მას არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვს.

_ როგორც ჩანს, ჩვენ მაინც დაგვიყოლიებენ ამ ფორმატში მონაწილეობაზე. ამბობენ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო

_ სასურველია საქართველოს მონაწილეობა “3+3” ფორმატის მსგავს შეხვედრებში, რადგან სამშვიდობო თემებზე საუბარს ალტერნატივა არ აქვს. თუკი, როგორც ამბობთ, “ჩათრევა” მოგვიწია, ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერ მივიღებთ იმ სიკეთეებს, რომლებიც შეიძლებოდა მიგვეღო ნებაყოფლობითი მონაწილეობის შემთხვევაში, რაც იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისთვის.

_ ახლახან შეთანხმდნენ ირანი და აზერბაიჯანი, რომ მდინარე ასტარაჩაიზე აშენდეს ახალი 100-მეტრიანი და 4-ზოლიანი ხიდი, რომელიც ირანული ტვირთების აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ და პირიქით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება ქართული პორტებისთვის, რომელთა სიმძლავრეებიც სანახევროდაც არ არის ათვისებულიროდესაც მსგავსი რამ ხდება ქვეყანაში, რამე პროექტზე უარის თქმის უფლება გაქვს?

_ ის, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, აუცილებლად იქნებოდა 10 დეკემბერს გამართული “3+3” ფორმატის შეხვედრის თემა, თუმცა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სატრანსპორტო ხაზის გახსნა და შემდეგ ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის, რადგან დღესაც ირანიდან ტვირთი იგზავნება აზერბაიჯანში და შემდეგ საქართველოს პორტებიდან ევროპისკენ და ამ გზას დაბრკოლება არ აქვს. მსგავსი პროექტების გახორციელებას საქართველო უნდა მიესალმოს, რადგან ეს ზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მიზიდულობას, პოტენციალს.

_ ასეთი გზები ხომ არ აძლევს საქართველოს ხელისულებას, მსუბუქად რომ ვთქვათ, თავხედობის უფლებას, თამამად განაცხადოს უარი ისეთ პროექტზე, როგორიცაა “3+3”?

_ არ მგონია, რადგან ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მცირე ნაწილია იმისა, რაც შეიძლება 3+3 ფორმატმა მოგვიტანოს, რადგან ეს ფორმატი არ არის მხოლოდ ეკონომიკური. ეს განახლებული გეოპოლიტიკის შედეგია ჩვენს რეგიონში, ეს არის ახალი რეალობა რეგიონში, აქ ვიღაცის გავლენა მცირდება, ვიღაცის _ მატულობს. “3+3” ფორმატი პოლიტიკური პროექტია, აქ არის ძალთა ბალანსის გადანაწილება, როგორმე ამერიკის გავლენა შემცირდეს ახლო აღმოსავლეთში, ასევე, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში _ ცდილობენ, ამ რეგიონებიდან გაიყვანონ ამერიკა. ასე რომ, ამ მასშტაბური “3+3” ფორმატის უმთავრესი ნაწილი და მიზანი ამერიკის გავლენის შემცირებაცაა.

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნისა, ვურჩევ _ იყოს პრაგმატული, რაციონალური… მათ უნიკალურ შემოთავაზებაზე თქვეს უარი.

1859-1865 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლორდმა ჰენრი ჯონ ტემპლ პალმერსტონმა თქვა: “ინგლისს არ ჰყავს არც მუდმივი მოკავშირეები და არც მუდმივი მტრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები”. საქართველომაც სწორედ ამ პრინციპით უნდა იმოქმედოს, უნდა იხელმძღვანელოს ჯანსაღი, რეალური, პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ის, რაც უკვე მოხდა ერთი წლის წინათ ჩვენს რეგიონში, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ასე რომ, მოუსმინონ იმ ტექტონიკურ ძვრებს, რომლებიც მოხდა, და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ, არ აღმოჩნდნენ რომელიმე ქვეყნის თუ ქვეყნების გავლენის ქვეშ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here