Home რუბრიკები პოლიტიკა პროცესები, რომლებიც ფარული ჩანაწერების უკან დგას

პროცესები, რომლებიც ფარული ჩანაწერების უკან დგას

ვინ და რისთვის აქვეყნებს ფარულ ჩანაწერებს?

3073
ივანიშვილი

გასულ კვირას ქართული პოლიტიკა ფარული ჩანაწერების გარშემო ტრიალებდა. სკანდალი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, შეგვიძლია სამ პირობით ნაწილად, ერთგვარრაუნდადდავყოთ, იმისთვის, რომ მთავარი მოქმედი პირების მოტივების დადგენა შევძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაღრმავება ამ ბინძურ საქმეში ფრიად უსიამოვნოა, ის აუცილებელია, რადგან ის ქართული პოლიტიკის მთავარ პრობლემებს უკავშირდება.

28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც “ქართული ოცნებიდან” 2018 წლის ივლისში გარიცხეს, განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება. მალე ეს ბესელიამაც დაადასტურა და თქვა, რომ მისი “გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია”. ამგვარად, პირველსავე “რაუნდში” ფირების თემა მჭიდროდ მიება დაპირისპირებას მოსამართლეთა სიის, უფრო ფართოდ კი _ სასამართლო სისტემის გარშემო.

როდესაც ბესელია გადადგა, მან თქვა, რომ ამით შეაჩერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნის “ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი”. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ გაცილებით ადრე მიიღეს _ მასთან დაახლოებული დეპუტატები მიანიშნებდნენ, რომ ბესელიამ, უბრალოდ, გამოიყენა მომგებიანი საბაბი, რათა უღირს მოსამართლეებთან მებრძოლის როლში გადამდგარიყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, ვინ და როდის გადაწყვიტა მისი გადადგომის საკითხი, მან მკვეთრად გაზარდა საზოგადოების ინტერესი “10-კაციანი სიის” მიმართ, რამაც მის დაბლოკვას ხელი შეუწყო. პარლამენტის სპიკერის თქმით, “პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში”, ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა და, აქედან გამომდინარე, მთავარი დამარცხებული “პირველ რაუნდში”, ალბათ, მაინც კობახიძის ჯგუფი იყო.

ფირების გავრცელების შემდეგ პოლიტიკოსები მიანიშნებდნენ, რომ ამის უკან ესა თუ ის ძალა დგას, ხოლო რიგითი პროპაგანდისტები სოცქსელებში ამ ბუნდოვან მინიშნებებს კონკრეტიკას სძენდნენ. სულ ოთხი “ეჭვმიტანილი” გამოიკვეთა. ზოგი საუბრობდა ივანიშვილის სურვილზე _ ბესელია დაესაჯა, მით უმეტეს, რომ წინა წლებში ხელისუფლება არაერთგზის დაადანაშაულეს იმაში, რომ სააკაშვილის შსს-ს მიერ შეგროვებულ კომპრომატს იყენებდა. ზოგი მოსამართლეებზე მიუთითებდა, იმიტომაც, რომ კრიზისის პერიოდში სკანდალური ვიდეო (როგორც მტკიცებულება ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვების საქმეში) ჯერ სააპელაციო სასამართლოში ინახებოდა, შემდეგ კი უზენაესში გადაინაცვლა.

ბესელია-კობახიძე

კიდევ ერთი ვერსია “რუსთავი 2”-ის ეთერში იუსტიციის საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გაახმიანა. მან არ გამორიცხა, რომ ფირების გავრცელების უკან თვითონ ბესელია დგას, რადგან შექმნილი მდგომარეობა ყველაზე მეტად მას აძლევს ხელს. ეკა ბესელიამ ოპონენტი ასე დაახასიათა: “იმ რეჟიმის დროს გვრიტიშვილი იყო ერთ-ერთი ჯალათი”, ხოლო მისმა გულშემატკივრებმა გაიხსენეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსამართლეებმა _ გვრიტიშვილმა და ერემაძემ 2012 წლის სექტემბერში ოპოზიციურ აქტივისტებს (ფაცაცია, ცაგურია, ალადოშვილი) პატიმრობა ისე მიუსაჯეს, რომ ადვოკატებს პოლიციელებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცეს და დაკავების ადგილის სიახლოვეს მდებარე კამერების ჩანაწერების ნახვის წინადადება უარყვეს. იმავე პერიოდში გვრიტიშვილმა კანონიერად ცნო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ერთერთი კომპანია 4,76 მილიონი ლარით დააჯარიმა.

როდესაც ადრე რამდენიმე პოლიტიკოს ქალს აუთენტური თუ ყალბი ფარული ჩანაწერები გამოუქვეყნეს, საზოგადოების დიდი ნაწილი მათ საკმაოდ დაუნდობლად მოექცა, მათზე ჭორაობდნენ, აგდებით უყურებდნენ და ა.შ. განხილული შემთხვევა კი განსხვავებული გამოდგა, რადგან ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ ბესელიას მისი პოზიციის გამო სჯიან, შესაბამისად, ბევრმა მასში მსხვერპლი დაინახა. ოფიციალურმა პირებმა, ომბუდსმენით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, ჩანაწერების გავრცელება დაგმეს და სამართალდამცავებს საქმის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდეს. მეორე რაუნდისბოლოს ხელისუფლება საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. მას ადანაშაულებდნენ, როგორც ალიანსშიმოსამართლეთა მაფიასთან”, ისე ჩანაწერის გავრცელებაში.

“ეჭვმიტანილთა” შორის ასახელებდნენ ნაციონალებსაც, თუმცა საწყის ეტაპზე შედარებით იშვიათად. მათ ბესელიასთან ხანგრძლივი დაპირისპირება აქვთ, ახსოვთ მისი მწვავე ბრალდებები და ისიც, რომ 2012-ში ის ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმ დადგენილებისა, რომელმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიტიკური პატიმრების არსებობა დაადასტურა. როდესაც ისინი ურტყამდნენ ბესელიას, სავარაუდოდ, ამ დადგენილების (და მის უკან მდგომი პოლიტიკის) ეჭვქვეშ დაყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ კრიზისის პირველ ეტაპზე ბესელიას არა ისინი, არამედ კობახიძის ჯგუფი უპირისპირდებოდა, ამიტომ მათ შედარებით იშვიათად ახსენებდნენ იმ დღემდე, როდესაც შსს-მ ჩანაწერების შენახვა-გავრცელებაში ეჭვმიტანილთა დაკავება დაიწყო. მათ შორის იყვნენ “ნაცმოძრაობის” აქტივისტებიც. ამ ფაქტმა განსაკუთრებული რეზონანსი შეიძინა.

“მესამე რაუნდის” დასაწყისში “ქართულმა ოცნებამ” ინიციატივა ხელთ იგდო; საზოგადოების ნაწილმა სიტუაცია ასე დაინახა: ჯერ სააკაშვილი აგროვებდა ამ სიბინძურეს, შემდეგ მისი მიმდევრები მას ინახავდნენ და ავრცელებდნენ, თუმცა მთავარია სხვა რამ _ ხელისუფლებამ ნაწილობრივ მაინც გადაიტანა ყურადღება შიდაპარტიული კონფლიქტიდან გარე ძალაზე, რომელიც ეჭვმიტანილია არაერთი სხვა უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ ეჭვი, რომ დაკავებულთაგან არც ერთი არ იყო ჩანაწერის გავრცელების პირველწყარო, ცხადია, დარჩა.

ჩვენ შეგვიძლია გავშიფროთ “მესამე რაუნდი”, მათ შორის როგორც გამაფრთხილებელი მესიჯი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, მმართველ პარტიაში იქნება ის თუ ოპოზიციაში, იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებისთვის არაკონვენციური მეთოდებით არ უნდა იბრძოლონ (იგულისხმება, რომ იმას, რა არის ქართულ პოლიტიკაში კონვენციური და რა არა, ბიძინა ივანიშვილი ადგენს). შესაძლოა, მსგავსი “შემაკავებელი” მესიჯის როლი გასული წლის დეკემბერში შეასრულა დავით კირკიტაძის დატოვებამ წინასწარ პატიმრობაში, რომლის შემდეგ საპროტესტო აქციები შეწყდა, ხოლო ნაციონალების რიტორიკა შერბილდა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ ბევრმა ის დაინახა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 17 “გამავრცელებლის” დაკავებას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა საუბრები ცილისწამებასა და “ფეიკ-ნიუსებთან” ბრძოლის აუცილებლობაზე, რომელსაც საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებით შეხვდა. სკანდალური ფარული ჩანაწერი ამ თემასთან ფორმალურად დაკავშირებული არ არის, მაგრამ ის ქმნის საბაბს რეგულაციების გამკაცრებისთვის, არაპოპულარული ინიციატივის “გაპრავებისთვის” და საინფორმაციო სივრცეში, უპირველესად, კი სოცქსელებში ახალი წესების დამკვიდრებისთვის. ცხადია, საქართველოში ჩინური მეთოდების გამოყენება ვერ მოხერხდება, მასობრივ რეპრესიებს ადგილი, ალბათ, არ ექნება, მაგრამ, თუ ადრე მომხმარებელი დაუფიქრებლად აჭერდაგაზიარებას”, 17 ადამიანის დაკავების შემდეგ ის, სავარაუდოდ, დაფიქრდება, სანამ ამას გააკეთებს და ეს დამოკიდებულება არა მხოლოდ ფარულ ჩანაწერებზე გავრცელდება. შიში, როგორც ცნობილია, არა მხოლოდ ოხერია, არამედ გადამდებიც.

ივანიშვილისთვის, აგრეთვე (და, ალბათ, უფრო), მნიშვნელოვანია გარკვეული ჩარჩოები თანაპარტიელებსაც განუსაზღვროს, რადგან ბრძოლა გავლენისთვის და თანამდებობისთვის საშიშ ზღვარს მიუახლოვდა _ საპარლამენტო არჩევნების წინ ის უფრო გამძაფრდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ შიდაპარტიულ ასპარეზობას დაუფარავი ზიზღით უყურებს. მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილმა “ქართულ ოცნებას” ერთგვარი “შიდა კონსტიტუცია” უნდა შეუქმნას (და აიძულოს, იგი დაიცვას). ძირითადი წესების ფორმულირება თავისთავად რთული არაა, ივანიშვილმა ეს უკვე არაერთგზის გააკეთა, მაგრამ მრავალმა დაშვებულმა გამონაკლისმა ეს წესები მოსპო და მისი პარტია დაემსგავსა ინტრიგებში ჩაფლულ ფეოდალურ ამალას, რომელიც ანადგურებს საკუთარ თავს, ხოლო მმართველს მძევლად აქცევს. “ქართული ოცნებისარაერთმა წევრმა შეიძლება აღიქვას კომპრომატის გამოქვეყნება, როგორც გაფრთხილება.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას, ერთი მხრივ, აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ კრიზისი მართოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ძალზე მოუქნელია და იმგვარ საიმიჯო დანაკარგებსაც განიცდის, რომლებიც შეიძლება, რომ თავიდან აიცილოს. “ნაცმოძრაობის” რეპუტაცია მიწასთან რომც გასწორდეს, ეკა ბესელიას პოლიტიკური კარიერა რომც დასრულდეს, ხელისუფლების დანაკარგი მაინც არაპროპორციულად დიდი იქნება.

შესაძლოა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, იძულებული იქნება, მოსამართლეთა კორპორაციის ზედა რგოლთან ურთიერთობის პრინციპებს გადახედოს. ბევრი რამ, რაც წინა წლებში ჩუმად, ფარული გარიგებების გზით კეთდებოდა, დღეს ყურადღების ცენტრშია. თუ ადრე “10-კაციანი სიის” სწრაფი “გათრევა” თეორიულად მაინც შესაძლებელი იყო (“ოცნების” მმართველობის დასაწყისში კი სავსებით შესაძლებელი), ახლა ის პრაქტიკულად გამოირიცხა. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” სასამართლო ხელისუფლებასთან მუშაობის ახალი, უფრო დახვეწილი მეთოდების შემუშავება დასჭირდება, გარკვეულ საკითხებში კი შეგუება საზოგადოების გაზრდილ კონტროლთან და ეს დღეს ამ ბინძური ისტორიის ერთადერთი დადებითი შედეგია.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here