მთავარი პოლიტიკა პოლიტიკა _ ყველაზე მომგებიანი ბიზნესი საქართველოში

პოლიტიკა _ ყველაზე მომგებიანი ბიზნესი საქართველოში

დასავლეთის მითითებებით ცხოვრებამ მოგვიყვანა აქამდე

192
გააზიარეთ
პოლიტიკა _ ყველაზე მომგებიანი ბიზნესი საქართველოში

ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ემისრის, კრისტიან დანიელსონის, მეორე ვიზიტი ხომ გახსოვთ? პირველი ვიზიტისას ვერაფერი რომ ვერ შეასმინა ქართველ პოლიტიკოსებს, მეორე ვიზიტისას გამზადებული დოკუმენტი ჩამოიტანა და ოპოზიციას თუ პოზიციას პირდაპირ უთხრა: ხელი უპირობოდ მოაწერეთ, დოკუმენტი ევროპაში შეთანხმებულიაო. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამაც პირველად სწორედ თბილისში წაიკითა ის დღის წესრიგი, რომლითაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მათ და, შესაბამისად, სრულიად ქვეყანას უნდა ეცხოვრა.

რამდენიც უნდა ამტკიცოს დასავლეთმა, ქართველი პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიანო, ერთ და ძალიან მნიშვნელოვან რამეზე მართლაც შეთანხმდნენ _ დანიელსონის მიერ ჩამოტანილი დოკუმენტი არც ერთს არ მოეწონა. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ევროპას უარი უთხრეს: ასე არ ვარგა, ჩვენ მაგივრად ცუდად გიფიქრიათო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა “სტრატეგიულ პარტნიორ” ევროპას ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთხმად უთხრა არა. ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ, სანამ ევროპა შეშფოთდებოდა და აღშფოთდებოდა, გვარიანი დრო გავიდა, ქართველმა პოლიტიკოსებმა იფიქრეს, გაგვიტარეს ურჩობაო და ყელყელაობა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დაიწყეს. ზოგმა ევროპარლამენტარებს შეუტია, ზოგიც ამერიკელ კონგრესმენებს გადასწვდა. ჰოდა, მიხვდა “სტრატეგიული პარტნიორი” და “ისტორიული მეგობარი”, რომ საქართველო ხელიდან ეცლებოდა, ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის სუნი დადგა და… “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, არასდროს უხსენებია, _ ამერიკაში ვიზიტი მაქვს დაგეგმილიო. არადა, პანდემიაც რომ არ იყოს, ჩვეულებრივ პირობებშიც კი, ასეთი ვიზიტები, სულ ცოტა, ექვსი თვით ადრე თანხმდება და, ჰოი, საოცრებავ, კობახიძე დაუგეგმავად წავიდა ამერიკაში.

ასეთ დროს რუსები იტყვიან, “ვიზვალი ნა კავიორ”. რატომ რუსები? იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ ქართველი პოლიტიკოსები, ჩვენს საშინაო საქმეებში საერთოდ არ ერევა და მშვიდად უყურებს, როგორ ერთობა დასავლეთი ქართველ პოლიტიკოსებზე ექსპერიმენტების ჩატარებით. ექსპერიმენტია ის, როცა ერთ დღეს კატეგორიულად ამბობ, ამას არ ვიზამო და მეორე დღეს, ევროპიდან დარეკვის შემდეგ, პამპერსმოხსნილი ბავშვივით გამოდიხარ და ყველაფერზე თავს იქნევ. ამერიკაში კობახიძის ვიზიტიდან ერთი დღეც არ იყო გასული, როცა საქართველოს პარლამენტის… არა, ძლევამოსილი და პრინციპული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოვიდა და საზეიმოდ განაცხადა: მზად ვართ, დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი ცალმხრივად მოვაწეროთ და ახლა ჯერი ოპოზიციაზეაო. ეს ის თალაკვაძეა, რომელსაც დანიელსონის დოკუმენტი, განსაკუთრებით ის პუნქტი, არ მოსწონდა, რომლის მიხედვით პარლამენტის 16 კომიტეტიდან ხუთის თავმჯდომარე ოპოზიციონერი რომ უნდა ყოფილიყო _ ჩემი გუნდის წევრებს როგორ ავუხსნა, პოსტები დატოვონო? ახლა კი, ახსნა კი არა, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, იქ ჩაწერილი პუნქტის განხორციელება მოუწევს და ხუთ თანაგუნდელს აიძულებს, თანამდებობა დატოვოს. ის, რომ იმ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეს არავინ არაფერს ეკითხება, მარტივი მისახვედრია. ისინი პაიკებად შეეწირნენ საჭადრაკო დაფაზე განლაგებულ მხედრებს… მეფე-დედოფლებისა რა მოგახსენოთ. თანაც, დოკუმენტი ეს თემა დეტალებამდე იყო გაწერილი. ხუთიდან ორი ოპოზიციას შემდეგი კომიტეტებიდან უნდა აერჩია _ საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საბიუჯეტო და საფინანსო და საგარეო საქმეთა. ხომ ცხადია, ამ ხუთეულში ისეთი კომიტეტებია, რომელიმეს შეფერხებით მუშაობა ავტომატურად პარლამენტის შეფერხებას ნიშნავს და რატომ გგონიათ, რომ ოპოზიცია სწორედ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არ შეეცდება საბოტაჟის მოწყობას? ახლა არ მითხრათ, ქვეყანა ისე უყვართ, ამას არ იკადრებენო…

ჯერ ოპოზიციაზე ვთქვათ და შემდეგ მონობაზე ვისაუბროთ. დანიელსონს სწორედ ოპოზიცია შეხვდა ზარ-ზეიმით, მაგრამ მათ დოკუმენტში ვერ ამოიკითხეს მუხლი, რომელშიც გარკვევით ეწერებოდა, რომ ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. ოპოზიცია დარწმუნებული იყო, ევროპა “ქართულ ოცნებას” ძალაუფლებას წაართმევდა, მოოქრულ ლანგარზე დადებდა და ოპოზიციას ფანჩატურში მიართმევდა. ჰოდა, არჩევნებში გამარჯვების იმედი რომ არ აქვს ოპოზიციას, ამიტომ ცდილობს, “ოცნებას” ხელისუფლება დასავლეთის მეშვეობით “აახიოს”, მაგრამ დასავლეთმა “ახევა” 4 წლით გადაუვადა და ეს არ მოეწონათ. ოთხ წელიწადში იმდენი შესაჭმელი და შესახვრეპია, რომ… ახლა ბურთი სწორედ ოპოზიციის მოედანზეა და დასავლეთმა უნდა აჩვენოს, საზოგადად, მხოლოდ ხელისუფლების “დაჩმორება” შეუძლია თუ ოპოზიციასაც ხელის ერთ გატკაცუნებაზე დაიმონებს? არადა, გაყოფილი “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გარკვევით თქვა, დოკუმენტზე ხელმოწერა კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავსო. გამოდის, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ხუთ კომიტეტს ჩაიბარებს, საარჩევნო კოდექსს შეცვლის, სასამართლო სისტემას მიხედავს და ახალ თარგზე მოჭრის, თურმე კაპიტულაცია ყოფილა. ოპოზიციას სურს ან ყველაფერი, ან არაფერი.

სათვალავი აგვერია, ბოლო წელიწადში ოპოზიციისა თუ ხელისუფლების ლიდერებმა დასავლეთის ზეწოლის შედეგად რამდენჯერ შეიცვალეს პოზიცია რადიკალურად. ძნელია, როცა ამხელა ძალაუფლება გაქვს, როცა მთელი ქვეყანა შენს ფეხქვეშაა გაგებული და ამ დროს ვიღაც მოდის ან გირეკავს და გეუბნება, რომ მისი დღის წესრიგით უნდა იცხოვრო. ამიტომ, როგორც “დათა თუთაშხიაშია”, “მცდება საქციელი ხანდახან” _ ასე იმართლებენ ხოლმე თავს ქართველი პოლიტიკოსები და შემდეგ აბიჯებენ საკუთარ პრინციპებს, თავმოყვარეობას, მორალს და ამბობენ იმას, რასაც დასავლეთი აიძულებს. სწორედ აიძულებს, თორემ როგორ შეიძლება, ერთ დღეს ერთი თქვა და მეორე დღეს რადიკალურად საპირისპირო?.. არადა, ამ ყველაფერს რომ არ უღალატონ, შესაძლოა, ამოყირავდნენ და ის სიკეთეები დაკარგონ, რომლებიც ხელში ჰაერიდან, არაფრიდან ჩაუვარდათ. სწორედ არაფრიდან, რადგან 2012 წელს ნაცხელისუფლება ერთმა კაცმა შეცვალა და ის ერთი კაცი ახლა საერთოდ აღარ ჩანს, ხელები დაიბანა და მშვიდად ცხოვრობს. მისი დანატოვარი კი…

ოპოზიციის აქტივისტები აქციებისას ხშირად სკანდირებენ: “მონებო, მონებო” და ეს, ძირითადად, სამართალდამცველების მიმართ არის ხოლმე ნათქვამი. არადა, იმ აქტივისტებმა ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ მონობის კლასიკური ნიმუში სწორედ მათი ლიდერები არიან; ის ლიდერები, რომლებიც ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ელჩის ერთ დაძახებაზე თავპირისმტვრევით გარბიან და მათ მითითებებს ისმენენ; ის ლიდერები, რომლებიც ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის, ხელის ბრახუნსა და ფეხების ბაკუნს თავდახრილები უსმენენ და სიტყვას ვერ უბრუნებენ. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ მათი რეზიდენციებიდან გამოსულ არაერთ პოლიტიკოსს უთქვამს: ყავა დავლიეთ, ნამცხვარი მივირთვით, თითქმის არ გვისაუბრიაო და ამ შემთხვევაში ტყუილს არ ამბობენ. ისინი იქ არ საუბრობენ, მათ არავინ ალაპარაკებთ, ისინი იღებენ მითითებებს, როგორ უნდა იცხოვრონ თვითონ და როგორ აცხოვრონ ხალხი. ნებისმიერი კითხვა ურჩობად ფასდება, ურჩებს კი პოლიტიკური ველიდან აქრობენ, გაქრობა კი არავის სურს, რადგან საქართველოში პოლიტიკაზე მომგებიანი ბიზნესი ჯერჯერობით არავის მოუგონია.

კობახიძემ ერთი სატელეფონო ზარით მოაწერინა ხელი დოკუმენტზე პარლამენტის თავმჯდომარეს და, რომ ჩამოვა, დანარჩენს აქ მოყვება. ეჭვი გვაქვს, მისი გუნდის წევრები კობახიძეს დაახლოებით ისე მოუსმენენ, როგორც ნანა მჭედლიძის ფილმ “პირველ მერცხალში” გაზეთში დაბეჭდილი ცნობის წაკითხვისას უსმენენ გუნდის ფეხბურთელები _ პირდაღებულები, გაოცებულები, ბედნიერები… ხუმრობა ხომ არ არის, კობახიძემ ამერიკელ კონგრესმენებს ჩამოართვა ხელი და ეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური სიწმინდის შეხებასთან ასოცირდება, ალბათ. ძნელია, ასეთ სიტუაციაში რაღაცის იმედი გქონდეს და მომავლის გჯეროდეს. როცა ვიღაც კონგრესმენი, ვიღაც დანიელსონი, ვიღაც მიშელი და კიდევ სხვა ვიღაცა (ყველა ვიღაცაა, ვინც საქართველოს საშინაო საქმეებში ასე უხეშად ერევა) ქართველ პოლიტიკოსებს პატარა ბავშვებივით ექცევიან, ტუქსავენ, პრინციპებზე უარს ათქმევინებენ, აიძულებენ, ქვეყნის მომავლისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებები მიიღონ… და ხომ ფაქტია, დასავლელი პოლიტიკოსების მითითებებით ცხოვრებამ მოგვიყვანა აქამდე. არაფერი გვაქვს ჩვენი, აზრიც კი და მხოლოდ დაპირებებს ვიღებთ. “ცალი ფეხით ნატოში ვართ, ცალი გვრჩება უკანაო…” ასე ვართ ყველა მიმართულებით, ერთი ფეხით წინ და მეორეთი უკან. გაჩაჩხულ მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკოსებს კი ადვილად უპოვნიან ხოლმე მისადგომ ადგილებს და არ ინდობენ, ისინი კი ჩვენ, რიგით ადამიანებს, არ გვინდობენ და ვცხოვრობთ ასე წლიდან წლამდე, აგერ უკვე 30 წელია.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოაწერდა ხელს თუ არა დანიელსონის დოკუმენტს ოპოზიცია, დასავლეთმა უკვე დაამტკიცა, რომ საქართველო ხელში მყარად უჭირავს და ხელის გაშვებას ცოცხალი თავით არ აპირებს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here