მთავარი დაიჯესტი პირველი პირები, რომლებიც ამერიკელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს

პირველი პირები, რომლებიც ამერიკელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს

120
გააზიარეთ

პრეზიდენტობა ყველა ქვეყანაში სახიფათო თანამდებობაა, სასიკვდილოდ სახიფათო, განსაკუთრებით ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, რომლებსაც, კუბასა და ნიკარაგუის გარდა (ამ ქვეყნებს ძვირად დაუჯდათ თავიანთი სუვერენიტეტი), აშშ მართავს და რომლებშიც ძია სემი თავიდან იშორებს პატრიოტ ლიდერებსა და უკვე მძიმე ტვირთად ქცეულ თავის ყოფილ ფავორიტებს. ამის ბოლო მაგალითია ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მოკლეს. არის კი ის ბოლო?

ჟოვენელ მოიზი

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი 7 ივლისს, ღამით, თავის რეზიდენციაში მოკლა (ჰაიტის პრემიერის განცხადებით, ჟოვენელ მოიზი სიკვდილის წინ აწამეს) ინგლისურ და ესპანურ ენაზე (ჰაიტზე გავრცელებულია ფრანგული და კრეოლური ენები) მოლაპარაკე 28 დაქირავებულმა, მათგან 2 ამერიკის მოქალაქეა (წარმოშობით ჰაიტელი), მკვლელებს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ფორმა ეცვათ. დაქირავებული მკვლელებიდან რამდენიმე ლიკვიდირებულია, რამდენიმე _ დაკავებული, მაგრამ მსოფლიო, ალბათ, ვერასოდეს შეიტყობს, ვინ დაიქირავა ისინი, მაგრამ ვის აძლევდა ხელს ეს მხეცური მკვლელობა, ნათლად იკვეთება.

ჰაიტიზე აშშ-ის სანქციის გარეშე სერიოზული არაფერი ხდება, ხოლო ვაშინგტონი, როგორც ცნობილია, ძალიან უკმაყოფილო იყო ხელისუფლების სათავეში 2017 წელს მოსული ჟოვენელ მოიზით, რომელიც მანამდე, სულ ცოტა, ერთ თავდასხმას უკვე გადაურჩა.

ეკონომიკის მდგომარეობა და პოლიტიკური ტრადიციები ღატაკ ქვეყანაში ისეთი საშინელია და ჭუჭყი ისე სწრაფად ედება ადგილობრივ პოლიტიკოსებს, რომ ისინი, ვაშინგტონის აზრით, ხშირად უნდა შეიცვალონ. რომელიმედიქტატორმადა კორუფციონერმა ხომ უნდა აგოს პასუხი მზარდ სიღარიბესა და აგრესიაზე ქვეყანაში, რომელიც აშშის გვერდითაა?!

2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰაიტის პრეზიდენტს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაენიშნა ახალი არჩევნები. ამ მოწოდებამ რომ არ გაჭრა, ხალხი აამოქმედა. პასუხად ამა წლის 23 თებერვალს ჰაიტის ხელისუფლებამ 23 კაცი დააპატიმრა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მაღალჩინოსანი პოლიციელი. ისინი სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ მოიზზე თავდასხმის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს. ასე რომ, ექსპერტთა აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ, უბრალოდ, დაასრულა ფავორიტობადაკარგული ჰაიტის პრეზიდენტის თავიდან მოშორების ოპერაცია. მალე ჰაიტს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც 2-3 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ანალოგიურად დაასრულებს თუ ვაშინგტონს არ დაემორჩილება. თუ დაემორჩილება და შეეცდება, ბინძური სამუშაოს შესრულებას აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ, სიბინძურეში ჩაფლობის პროპორციულად დაიწყება მისი კომპრომეტაცია; მაგრამ თუ შეეცდება, რაღაც გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის და არა ამერიკელების სასარგებლო, ჩათვლიან, რომ მისი პრეზიდენტობა შეცდომა იყო, რომელიც გამოსასწორებელია. ორივე შემთხვევაში საბოლოო შედეგი ერთი და იგივეა. ასეთია თამაშის წესები.

 თავიანთ პრეზიდენტებსაც არ ინდობენ

ამერიკელები თავიანთ პრეზიდენტებსაც არ ინდობენ, თუკი მათ რაღაც ისე არ გააკეთეს, როგორც სურდა ისტებლიშმენტს ან მის გავლენიან ნაწილს.

აბრაამ ლინკოლნის მკვლელობა

* 1865 წელს შეთქმულების შედეგად, რომელიც მოგვიანებით მარტოხელა პირის ქმედებად მონათლეს, თეატრში მოკლეს აშშ-ში სამოქალაქო ომის გამჩაღებელი და ამ ომში ჩრდილოეთის გამარჯვების უზრუნველმყოფელი აბრაამ ლინკოლნი;

* 1881 წელს მძიმედ დაჭრეს პრეზიდენტი ჯეიმს გარფილდი, რომელიც ორთვე-ნახევრის შემდეგ გარდაიცვალა საეჭვო და აღმაშფოთებლად არაკომპეტენტური მკურნალობით;

* 1901 წელს მოკლეს პროტექციონიზმის მომხრე პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი, რომელიც, მკვლელის თქმით, “კარგი ადამიანების მტერი” აღმოჩნდა;

* 1945 წელს ძალიან საეჭვო გარემოებებში, იმ მომენტში, როდესაც მსოფლიოს ბედი წყდებოდა, მოკვდა პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი. ოფიციალური ცნობით, ის პოლიემიელიტით გამოწვეული ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა; არაოფიციალურად კი, აშშ-ის პრეზიდენტი მოწამლეს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი დახურული კუბოთი დამარხეს;

ჯონ კენედის მკვლელობა

* 1963 წელს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში კიდევ ერთი პრეზიდენტი გამოასალმეს სიცოცხლეს _ დემონსტრაციულად, მსოფლიოს თვალწინ. ჯონ კენედი აღმოჩნდა ამერიკის ელიტის მასშტაბური შეთქმულების მსხვერპლი, რომელსაც ვიცეპრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი ხელმძღვანელობდა.

ამ მკვლელობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა;

* 1981 წელს მძიმედ დაჭრეს რონალდ რეიგანი, ის ექიმებმა გადაარჩინეს.

როგორ ამცირებს აშშ ლათინურ ამერიკას

1823 წელს მონროს დოქტრინის (“ამერიკა ამერიკელებისთვის”) შემუშავების შემდეგ ლათინურ ამერიკაში აშშის საზღვაო ქვეითები, არმია, სამხედროსაზღვაო ძალები, გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არანაირ საზღვრებს არ აღიარებენ და ისე მოქმედებენ, როგორც საკუთარ ბოსტანში.

ამერიკელთა სიხარბე, აგრესიულობა და მზაკვრობა პირველმა თავის თავზე გამოსცადა ესპანეთისგან გათავისუფლებულმა მექსიკამ, რომლის ტერიტორიაც აშშ-თან გამართული რამდენიმე ომის შემდეგ განახევრდა (!). ამჟამად აშშ-ის შემადგენლობაში არსებული შტატები _ ტეხასი, კალიფორნია, ნიუმექსიკო, არიზონა, ნევადა და იუტა _ ოდესღაც მექსიკას ეკუთვნოდა. აშშ-ს თავისი საზღვაო ქვეითები არაერთხელ გადაუსხამს ლათინური ამერიკის “ბანანის” რესპუბლიკებში იქ “მოღვაწე” ჩრდილოამერიკელი ვაჭრებისა და დიპლომატებისთვის მკვიდრი მოსახლეობის მხრიდან “კომპენსაციის” გადახდაზე უარის თქმის გამო.

ლათინური ამერიკის ქვეყნებს, უკვე 200 წელიწადია, ექსპლუატაციას უწევს აშშ. ამ ქვეყნებში გამეფებული სიღატაკე აშშ-ის იმპერიალისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ხოლო, როცა რეგიონში ვიღაც შეეცდებოდა ამერიკული კორპორაციების მადის შეზღუდვას, აშშ-ის საზღვაო ქვეითების გადასხმა და სახელმწიფო გადატრიალება არ აყოვნებდა, თუ ამის გაკეთებას აშშ-ში გაწვრთნილი და განსწავლული ადგილობრივი “სიკვდილის ესკადრონები” ვერ შეძლებდნენ. აშშ ხშირად ცდილობდა რეგიონში სამოქალაქო ომის პროვოცირებას, შედეგად სისხლის ტბები დგებოდა. ასე მოხდა, მაგალითად, სამხედრო გადატრიალებისას ჩილეში 1973 წელს, როცა პინოჩეტიმ დაამხო პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს ხელისუფლება, თვითონ პრეზიდენტი კი სიცოცხლეს გამოასალმა. ამ გადატრიალებამ, ექსპერტთა აზრით, 30 ათასამდე ჩილელის სიცოცხლე შეიწირა.

ლიკვიდაციისალგორითმი

ყველა მოკლულ პრეზიდენტსა და მკვლელობის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვილაპარაკებთ, გავიხსენებთ მხოლოდ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებსა და დამახასიათებელ “ალგორითმებს”.

მოკლულები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:

პირველი _ ისინი, ვინც ვაშინგტონისთვის მოულოდნელად თავისი ქვეყნის პატრიოტები აღმოჩნდნენ და ამით ხელი შეუშალეს აშშ-ის მტაცებლურ პოლიტიკას;

მეორე _ ამერიკელთა ბრძანებების თავგამოდებით შემსრულებლები, რომლებიც რაღაც მომენტში ამერიკის კომპრომეტაციის მიზეზად იქცნენ. მათმა ნაწილმა, “დამსახურებების მქონემ”, დროთა განმავლობაში საკუთარი თამაში ჩამოიწყო, რაც, ამერიკელთა აზრით, დაუშვებელია და აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

აქ არ შევუდგებით განხილვას იმ შემთხვევებისა, როცა ლაპარაკი იყო პრეზიდენტის მოწამვლაზე, “კიბოს ეპიდემიაზე”, რომელმაც აშშ-ისთვის მიუღებელი რამდენიმე ლათინოამერიკელი ლიდერი შეიწირა. ამის დამტკიცება რთული საქმეა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ კუბის აწ გარდაცვლილ ლიდერ ფიდელ კასტროზე 50-მდე თავდასხმა (ვიკიპედიაში ლაპარაკია 100-მდე თავდასხმაზე _ ნ.კ.) განხორციელდა _ ყველა უშედეგოდ.

როგორ კლავდნენ პატრიოტ ლიდერებს

ამის აღმაშფოთებელი მაგალითია 1954 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაქირავებულების მიერ გვატემალის პრეზიდენტ ხაკობო არბენსის დამხობა, რომელიც ცდილობდა ქვეყანაში მიწის რეფორმის გატარებასა და ნაციონალიზაციას მიწის მფლობელებისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდის გზით. გვატემალის მიწის მფლობელთა შორის კი იყო ქვეყანაში გაბატონებული ამერიკული კომპანია United Fruit Company, რომელსაც ვაშინგტონში გავლენიანი ლობისტები ჰყავდა. კომპანიის თანამფლობელი იყო აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ ალენ დალესის ძმა.

ხაკობო არბენსი

* გვატემალის პრეზიდენტმა ხაკობო არბენსმა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამან გამოიწვია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაქირავებულთა შეჭრა გვატემალაში, დაბომბვები და არბენსის გაძევება ქვეყნიდან. ამ მოვლენებმა ქვეყანა ჩაითრია სამოქალაქო ომში, რომელმაც 140 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1971 წელს გვატემალის პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიოში ხეტიალი მოუწია, მექსიკაში, სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს _ სპეცსამსახურების ტიპური ხელწერა.

ომარ ტორიხოსი

* პანამის ლიდერი ომარ ტორიხოსი, არმიის სარდალი და 1968-1981 წლებში ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, პატრიოტი პოლიტიკოსის შესანიშნავი მაგალითია. მან იცოდა, რომ ბუნებრივი სიკვდილი არ ეწერა: “მას, ვინც აპირებს, ცხოვრება მიუძღვნას სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას, კარგად უნდა აწონ-დაწონოს თავისი არჩევანი. მან უნდა გააცნობიეროს, რომ შეიძლება სიბერით ვერ მოკვდეს ლოგინში. გენერალმა ტორიხოსმა იცის, რომ მოკვდება ძალადობრივი სიკვდილით… მე ეს ვიცი, მე ეს არ მაშინებს”… სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ასეც მოხდა: გენერალმა ტორიხოსმა უარი განაცხადა ამერიკელებისთვის სამხედრო ბაზის არენდის გაგრძელებაზე და ამერიკელებს მოსთხოვა, ქვეყნიდან გაეწვიათ “მშვიდობის კორპუსის” მოხალისეები. ტორიხოსმა მიაღწია აშშ-თან ხელშეკრულების გაფორმებას პანამის არხის პანამის იურისდიქციაში დაბრუნების შესახებ, წარმატებით ავითარებდა ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას, პირველმა შემოიღო საყოველთაო დაწყებითი განათლება, ჩაატარა სამართლიანი აგრარული რეფორმა, შექმნა ჯანდაცვის შესანიშნავი სისტემა, დააწესა მინიმალური ხელფასი მრეწველობაში, მე-13 ხელფასი, აკრძალა დაუსაბუთებელი გათავისუფლება სამუშაო ადგილიდან, დაიწყო საცხოვრებელი სახლების მასობრივი მშენებლობა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის. გენერალმა კავშირი დაამყარა საბჭოთა კავშირთან, კუბასთან. ასეთი პოლიტიკა კი ვაშინგტონისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო.

მანუელ ნორიეგა

როგორ კლავდნენ ამერიკისძაღლიშვილებს

საინტერესოა, რომ ამ “მიმართულების” პირველი მსხვერპლი იყო პანამის ლიდერი მანუელ ნორიეგა _ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ძველი აგენტი, რომელმაც ამერიკელებს ბევრჯერ გაუწია სამსახური. ამასთანავე, დროთა განმავლობაში დაიწყო თავისი თამაში. ამის გამო 1989 წელს აშშ-ის მასშტაბური და სისხლისმღვრელი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაამხეს, შემდეგ კი ამერიკის სასამართლომ (!) 40 წლით აღუკვეთა თავისუფლება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და გამოძალვის ბრალდებით, მაგრამ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გათვალისწინებით, პატიმრობა 30 წლამდე შეუმცირეს. ნორიეგა 2017 წელს გარდაიცვალა საპყრობილეში.

* მიუღებელი პრეზიდენტების თავიდან მოცილების კლასიკური მაგალითია ნიკარაგუაში სამოსების “პოლიტიკური დინასტიის” მამამთავარი _ ანასტასიო სამოსა, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზვალტმა ერთხელ თქვა: სამოსა, შეიძლება, ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი!” ეს სასტიკი დიქტატორი, კორუფციონერი და თანხების გამფლანგველი, რომელიც თავისი საშინელი რეპუტაციის გამო აშშ-ისთვის მძიმე ტვირთად იქცა, 1956 წელს სასიკვდილოდ დაჭრეს, შემდეგ კი ვერტმფრენით აშშ-ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს პანამის არხის ზონაში, სადაც ოპერაციიდან მერვე დღეს გარდაიცვალა _ ვარაუდობენ, რომ დაეხმარნენ ამქვეყნიდან წასვლაში.

რიჩარდ ნიქსონი და ტრუხილიო

კიდევ უფრო ამაზრზენი პერსონაჟი იყო დომინიკის დიქტატორი რაფაელ ტრუხილიო, რომელიც ქვეყანას 1930-1961 წლებში ატერორებდა. ტრუხილიოს კისერზეა ათიათასობით ადამიანის სიკვდილი. ის აშშ-ის ინტერესების დაცვისას ისე ამოითხვარა სიბინძურესა და სისხლში, რომ აშშ-ს მნიშვნელოვნად შეულახა რეპუტაცია და ამის გამო ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მოუღო ბოლო ადგილობრივ მაღალჩინოსან შეთქმულთა (ორი გენერლისა და ტრუხილიოს ადიუტანტის) ხელით. დომინიკის დიქტატორს ავტოსტრადაზე ჩაუსაფრდნენ და ლიმუზინში ჩაცხრილეს.

ჰაიტის პრეზიდენტი მოიზი კონკურენციას ვერ უწევდა სამოსასა და ტრუხილიოს _ დრო და პიროვნების მასშტაბი სხვადასხვაა, მაგრამ ამერიკელებმა მასში სახიფათო ტენდენციები დაინახეს, განსაკუთრებით ხელისუფლების სათავეში დიდხანს ყოფნის სურვილი, რაც ვაშინგტონის გეგმებში არ შედიოდა. სწორედ ამიტომ აღარ არის მოიზი ცოცხალი.

tsangrad.tvზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here