Home რუბრიკები საზოგადოება პანკისის ხეობის თითქმის ყველა სოფელი მოვინახულეთ _ მეჩეთი არსად გვინახავს

პანკისის ხეობის თითქმის ყველა სოფელი მოვინახულეთ _ მეჩეთი არსად გვინახავს

2101
ომარ მარგველაშვილი

ქართული ტელევიზიების გადაცემებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საზოგადოება უკიდურესად უარყოფითად აფასებს. ამას წინათ კი სასიამოვნოდ გაგვაოცა ტელეკომპანიაპირველისარხზე გასულმა ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიასა და ლევან ჩხაიძის გადაცემამ პანკისის ხეობის პრობლემებსა და სატკივარზე. სტუდიაში მიწვეული ჰყავდათ ხეობის უხუცესები _ გონიერი, დარბაისელი და შორსმჭვრეტელი ადამიანები. ეს ღირსეული პიროვნებები, რომლებიც შესაშური ქართულით მეტყველებდნენ, საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ და, ამასთანავე, მოკრძალებითა და მორიდებით ითხოვდნენ პატივისცემას ხეობაში საუკუნეების განმავლობაში მცხოვრები ქისტების მიმართ.

1990-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკა: “საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის” პანკისელებმა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს. მას შემდეგ აირია და აიჭრა ხეობის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც დღეს თითქმის განახევრებულია: ზოგი ჩრდილოეთში, ქედის გადაღმა გადავიდა, ზოგიც _ უცხო ქვეყნებში გადაიხვეწა. გააქტიურდა ემისრების მიმოსვლა, დაიწყეს მეჩეთების მშენებლობა, იმძლავრა ისლამმა… თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ის არასდროს წავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ქისტები ბრძენი ხალხია და მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს _ ისინი შურისმაძიებლები არ არიან…

გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, როცა საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი, რესპუბლიკის ყველა რაიონს ვემსახურებოდით და რაიონების რაიკომის პირველ მდივნებთან და აღმასკომის თავმჯდომარეებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გვქონდა, მათ შორის, ახმეტის რაიკომის პირველ მდივან ზაურ მანიჟაშვილთან.

პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

ზაური მომხიბვლელი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი გახლდათ _ მაღალი, მხარბეჭიანი, ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. იყო გამოცდილი სამეურნეო მუშაკი. იგი ახმეტამდე ისეთი დიდი და მძლავრი რაიონის აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, როგორიც გურჯაანის რაიონია. ჩინებულად იცოდა, რა სჭირდებოდა მაშინდელ სოფელს და ხალხს.

ხშირად მირეკავდა, ზოგჯერ სამინისტროშიც შემომივლიდა ხოლმე. იცოდა, ახმეტაში ნამყოფი არ ვიყავი და მეპატიჟებოდა _ ჩამოდით, ისეთ ადგილებსა და ხალხს გაჩვენებთ, არასოდეს დაგავიწყდებათო.

ჩასულებს ზაური გულიანად დაგვხვდა და პანკისისკენ წაგვიძღვა.

გზაში ხეობის სოფლებისა და ადგილობრივ მკვიდრთა შესახებ ბევრი საინტერესო რამ გვიამბო _ იქ ხომ ფშაველების, თუშების, ხევსურების, კახების გვერდით ასეული წლების განმავლობაში სიამტკბილობით ცხოვრობენ ქისტი ქართველები, როგორც ისინი უწოდებდნენ თავიანთ თავს იმხანად. ზაურმა გვითხრა, რომ საკმაოდ ხშირი ყოფილა შერეული ქორწინებაც _ ქართველებს ძალიან მოსწონთო ქისტი გოგოები…

ხეობაში მცხოვრები ქისტები ქართულ გვარ-სახელს ატარებენ, ჩინებულად ფლობენ ქართულ ენას; ბავშვები ქართულ სკოლებში დაჰყავთ _ სხვა სკოლა პანკისში არც არსებობდა არასდროს. ქისტები ოჯახში ქართულად საუბრობენ. ეს სულაც არ გაგვკვირვებია _ ისინი ხომ ქართველთა ახლო ნათესავებად მიიჩნევენ თავს.

გავიარეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიური სოფელი მატანი. მასპინძელს საფრანგეთში ლევილის სასაფლაოსა და ქაქუცას შესახებ ვუამბე. სამწუხაროდ, იმხანად ასე აშკარად ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდნენ ჩოლოყაშვილზე… თბილისში გადმოსვენებულიც არ იყო.

პანკისის ხეობის თითქმის ყველა სოფელი მოვინახულეთ _ საკობიანო, ყვარელწყალი, დუისი, ჯოყოლო, ბირკიანიარსად მეჩეთი არ იყო. სოფლებში ვნახეთ დაბალი, დაახლოებით მეტრი ან მეტრნახევარი სიმაღლის ძველებური აგურით ან რიყის ქვით ნაგები ძველი სალოცავები, რომლებთანაც ხანდახან ხანდაზმული ადამიანები იკრიბებოდნენ, _ ასე აგვიხსნეს ადგილობრივებმა, როცა დავინტერესდით.

ხანდაზმულებსაც შევხვდი და მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა გოგო-ბიჭებსაც. ისინი ბრწყინვალე მოქართულენი აღმოჩნდნენ. არც ერთს საყვედური არ დასცდენია, არ დაუჩივლია, არ დაუწუწუნია. ისევე ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, როგორც მათი მეზობელი ქართველები.

ერთ რამედ ღირდა რაიკომის მდივნისა და ადგილობრივ მკვიდრთა საუბრის მოსმენა _ მშვიდი, თბილი, საქმიანი კითხვა-პასუხი, იუმორის, ღიმილისა და სიცილის თანხლებით, რომელიც ბოლოს მიპატიჟებით მთავრდებოდა.

არასოდეს დამავიწყდება ბაწარის ნაკრძალი, სადაც უთხოვარის თვალუწვდენელი კორომებია. გაღმა-გამოღმა მწვანით შემოსილ, ცამდე აზიდულ, დათოვლილ კავკასიონს გაეშალა ბუმბერაზი მხრები, ქვევით კი ტალღებს მოაგორებდა ანკარა ალაზანი.

არც ნაკრძალში გაწყობილი სუფრა დამავიწყდება, ახალგაზრდა ქისტებმა რომ გაგვიშალეს. შემწვარი გოჭი და ღორის მწვადებიც არ აკლდა სუფრას. ბევრი თბილი სიტყვა ითქვა მეგობრობაზე, მეზობლობაზე, საქართველოსა და ამ ულამაზესი ბუნებისა და არემარის სიყვარულზე, ვაჟკაცობასა და ერთგულებაზე.

ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მშვენიერ პანკისთან და პანკისელებთან, რომლებმაც ჩემზე ძალიან სასიამოვნო და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.

დღეს კი, რაც ხეობაში ხდება, უმეტესად, ალბათ, ჩვენი ბრალია. ჩვენ ყოველი სიტყვის, ყოველი ნაბიჯის აწონ-დაწონვა გვმართებს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ იქ მცხოვრები კეთილგონიერი ხალხი არ მოვიმდუროთ და არ დავკარგოთ.

რაც შეეხება ზაურ მანიჟაშვილს, ფსევდოეროვნულმა მოძრაობამ, “მხედრიონისა” და “გვარდიის” ბოგინის პერიოდში განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ბევრი, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ზაურ მანიჟაშვილიც…

ქართველებო, გავუფრთხილდეთ პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოძმე ხალხს!..

ომარ მარგველაშვილი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here