Home რუბრიკები საზოგადოება ორი კოვიდ-ექსპერტის მონაწილეობით გამართული ერთი ტელეგადაცემის შესახებ

ორი კოვიდ-ექსპერტის მონაწილეობით გამართული ერთი ტელეგადაცემის შესახებ

153

კორონავირუსის ახალ-ახალი შტამის გამოჩენა აღარავის გვაკვირვებს, უკვე 13 შტამია ცნობილი, რომელთაგან ხუთის _ ალფა, ბეტა, გამა, დელტა და წლის ბოლოს გამოვლენილი ომიკრონის _ შესახებ ყველას გვსმენია. კარგად ვიცნობთ, აგრეთვე, კოვიდთან დაკავშირებული ყოველდღიური ოფიციალური განცხადება-კომენტარების ძირითად ავტორებსაც, ესენი არიან ბატონები: ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ივანე ჩხაიძე, ბიძინა კულუმბეგოვი, დევი ტაბიძე, ზაზა წერეთელი და სხვ. პირველი სამის მიმართ ბევრჯერ გამომითქვამს მწვავე კრიტიკული შენიშვნები, ხოლო ამჯერად ბოლო ორზე შევჩერდები _ მათ მოსაზრებებზე, გამოთქმულს საზოგადოებრივი არხის 28 დეკემბრის გადაცემაში _ “თავისუფალი ხედვა”, რომელსაც კარგად უძღვება ხოლმე ბ-ნი გიორგი გვიმრაძე.

წამყვანმა ამჯერადაც საინტერესო კითხვები დაუსვა მოწვეულ სტუმრებს: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს დევი ტაბიძესა და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველს ზაზა წერეთელს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრად აჯობებდა ორი ისეთი სტუმრის მოწვევაც, რომლებიც ამ ბატონებს შესაფერის ოპონირებას გაუწევდნენ, წამყვანი კი, როდესაც ხედავდა, რომ სტუმრები გვერდს უვლიდნენ მათთვის უხერხულ კითხვას, ან სულ სხვა რამეს პასუხობდნენ, ტაქტიანად თავს იკავებდა და შეკითხვას აღარ უმეორებდა. ნორვეგიაში რა რჩევებს იძლევა ბატონი წერეთელი, ვერ გეტყვით; ვერც იმას, თუ როგორი ექსპერტია ბატონი ტაბიძე, მაგრამ, ვინაიდან ურთიერთგამომრიცხავ პასუხებთან ერთად პრინციპული შეცდომებიც იყო დაშვებული, ზოგიერთი კითხვა კი საერთოდ პასუხგაუცემელი, ამიტომ გადავწყვიტე, გამოხმაურება. ადგილის ეკონომიის მიზნით პირდაპირ სტუმრების მოსაზრებებსა და ჩემ კომენტარებს მოვიყვან თანამიმდევრულად:

დ. ტაბიძე: “ნიღაბსაც კი გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები, ისინი გვეუბნებიან და გვიმტკიცებენ მეცნიერულ დონეზე, ასე ვთქვათ (!), რომ ამაში ხდება “ცეო”-ს დიდი რაოდენობით დაგროვება და ადამიანები ამას სუნთქავენ…”

კომენტარი: დიდი რაოდენობით და, მით უფრო, “ცეო”-ს ანუ ნახშირჟანგის (CO) დაგროვება, თანაც, “ნიღაბში”, არავის არ უთქვამს _ ნიღბის უკან გროვდება ამონასუნთქი, ნახშირორჟანგის (CO2) დიდი რაოდენობით შემცველი ჰაერის მცირე ნაწილი და ჰაერის ახალ ულუფასთან ერთად მისი უკანვე ჩასუნთქვა ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის (აქ ამით შემოვიფარგლები, დაწვრილებით იხ. “საქართველო და მსოფლიო”, 7-13 ივლისი, 2021 _ “ერთი ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეული კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიების _ პირბადეების ტარების შესახებ”). რაც შეეხება ტაბიძის ფრაზას _ “მეცნიერულად გვიმტკიცებენ, ასე ვთქვათ”, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას პირბადეების შესახებ არაფერი არ წაუკითხავს, თორემ მომწამლავ ნახშირჟანგს ნახშირორჟანგისგან გაარჩევდა. ეს ორი მსგავსი დასახელება ადამიანს შეიძლება აერიოს კიდეც საუბარში, რასაც “ლაფსუს ლინგვე” ეწოდება, მაგრამ როდესაც კაცი გარკვევით ამბობს “ცეოს”, ეს ამტკიცებს, რომ იგი ნამდვილად ნახშირჟანგს, მხუთავ აირს გულისხმობს.

ზ. წერეთელი: “ომიკრონმა კატასტროფული გავრცელების სახე მიიღო, დღე-ნახევარში ხდება შემთხვევების გაორმაგება, 80%-ით აცრილი დანია პირველ ადგილზე გავიდა 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით. რაც უფრო ბევრი გახდება ავად, მით უფრო მეტი მძიმე ავადმყოფი იქნება”.

კომენტარი: თავისთავად, კონტექსტიდან ამოღებული, ეს დებულება აქსიომატურია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია და ჩვენც, პირველ რიგში, სწორედ ის გვაინტერესებს, თუ როგორია მდგომარეობა “დელტა” ვარიანტთან შედარებით. წერეთელი წინააღმდეგობაში ვარდება მის მიერვე მოყვანილ ფაქტებთან, როცა ამბობს: “გამოქვეყნდა ოთხი შრომა – გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ აფრიკაში, გერმანიაში და სამხრეთ კორეაში, სადაც ნახეს, რომ ომიკრონი მსუბუქად მიმდინარეობს და დელტასთან შედარებით 40-45%-ით შემცირდა (ანუ, თითქმის, ორჯერ _ ი.ლ.) ჰოსპიტალიზაცია.”

კომენტარი: შეუძლებელია, წერეთელმა არ იცოდეს, რომ ვირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, ნაკლებ ვირულენტურია.

დ. ტაბიძე: “კოვიდგადატანილი პაციენტების იმუნური სისტემა, იმუნური მდგომარეობა არის საკმაოდ სუსტი და მას დაცულობის ხარისხი აქვს ძალიან დაბალი.”

კომენტარი: ეტყობა, ტაბიძე საკუთარ კვლევებს ეყრდნობა, რადგან მსგავსი მოსაზრება არავის არ გამოუთქვამს. პირიქით, ისრაელში თითქმის მილიონ ადამიანზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კოვიდგადატანილებს 27-ჯერ უფრო მყარი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე ორჯერ აცრილებს. რადგანაც უფროსი მრჩეველი წერეთელი ხმის ამოუღებლად ისმენდა ტაბიძის სიტყვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ მასაც იგივე, არასწორი წარმოდგენა აქვს ამ პრობლემის ირგვლივ.

ზ. წერეთელი: “ვირუსის მუტირება ხდება სწორედ მაშინ, როდესაც შენ ამ ვირუსს აძლევ თავისუფალ საშუალებას, რომ იმოძრაოს ამ (აუცრელ) ადამიანებს შორის. თუ დააკვირდებით, ორი შტამი წამოვიდა აფრიკიდან და ერთი _ ინდოეთიდან იმ მომენტში, როცა იმ ქვეყნებში აცრის მოცვა იყო ძალიან დაბალი.”

კომენტარი: ერთი შეხედვით, საქმის არსში ჩაუხედავი მაყურებლისთვის ეს დებულებაც სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ფაქტობრივად წერეთლის ამ ორ წინადადებაში სამი სხვადასხვა სახის ხარვეზი (რბილად რომ ვთქვათ) იკვეთება: არასრული ინფორმაციის მიწოდება, ალოგიკური მსჯელობა და ვირუსოლოგიური კანონების უგულებელყოფა:

პირველი: წერეთელი გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ პირველი სახელმინიჭებული “ალფა” შტამი დიდ ბრიტანეთში გაჩნდა, და არა აფრიკა-ინდოეთში; მეორე: თუ წერეთლის ლოგიკას მივყვებით, “დელტა” შტამი იქ უნდა აფეთქებულიყო და ის სახელმწიფოები მოეცვა, სადაც გაჩნდა იგი და, სადაც აუცრელი ან ნაკლებად აცრილი მოსახლეობა იყო, და არა _ ათასობით კმ-ით დაშორებულ, სხვადასხვა კლიმატის მქონე დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ჩილესა და სეიშელის კუნძულებზე, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ; მესამე: თუკი ვირუსს შეუძლია თავისუფლად მოხვდეს აუცრელი ადამიანის უჯრედში, მას სახეცვლილება ანუ მუტაცია არ სჭირდება. მუტაცია სწორედ ვაქცინირებულ ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსს ესაჭიროება, რათა თავი გადაირჩინოს ვაქცინისგან, სახე იცვალოს ისე, რომ იმუნურმა დაცვამ ვერ “ამოიცნოს” იგი და როგორმე უჯრედში შეაღწიოს.

ზ. წერეთელი: “უკვე ორი წელია, მეცნიერები მუშაობენ პოლივაქცინის გაკეთებაზე, ანუ ვაქცინის, რომელიც კორონავირუსის ყველა შტამზე იმუშავებს _ არა მარტო, რომელიც ახლა არის, არამედ _ კიდევ წარმოდგენაში რაც შეიძლება იყოს (მომავალში), კორონავირუსის ყველა სახეობაზე, კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპზე გადავიდნენ უკვე”.

კომენტარი: მართალია, მუშაობენ, მაგრამ არა ისეთ ვაქცინაზე, როგორსაც წერეთელი გულისხმობს, რომელიც კორონავირუსის ყველა _ არსებულ თუ არარსებულ(?!) შტამზე იმოქმედებს, ასეთ ვაქცინას პოლივაქცინა არ ეწოდება. მუშაობა მიდის ისეთ ვაქცინაზე, რომელიც ეფექტიანი იქნება ერთდროულად სხვადასხვა დაავადების _ კოვიდის, სეზონური გრიპის, ზიკას და შიდსის გამომწვევი ვირუსების წინააღმდეგ. ამ ვაქცინასაც, ალბათ, მალე ჩაუშვებენ წარმოებაში, მაგრამ რამდენად უსაფრთხო იქნება ის, არავინ არ იცის. საქმე იმაშია, რომ პოლივაქცინები დიდი ხანია, გამოიყენება _ მაგალითად, ბავშვებს ერთდროულად ცრიან წითელაზე, წითურასა და ყბაყურაზე; ასევე _ დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსზედაც, მათ 3-ვალენტიანი ვაქცინები ეწოდებათ (არსებობს 6 და 13-ვალენტიანიც). მთავარი ის არის, რომ, თუკი ადრე თითოეულ ზემონახსენებ დაავადებაზე ცალ-ცალკე აცრას (პრინციპით _ ერთ დღეში მხოლოდ ერთი ვაქცინა) არავითარი გართულება არ მოჰყვებოდა ხოლმე (თითქმის არავითარი), მათი სამ-სამად გაერთიანების შემდეგ, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით ოჯახი გაუბედურდა _ კატასტროფულად იმატა აცრების შედეგად განვითარებულმა ისეთმა უმძიმესმა გართულებებმა, როგორებიცაა: ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, ალერგია, ეპილეფსია, ავთვისებიანი სიმსივნეები და კიდევ ბევრი სხვა. ამ ძველთაგან ცნობილ დაავადებებს დაემატა ორიც ახალი: ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილი საწოლში და აუტიზმი. მათგან პირველ გართულებას დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინას უკავშირებენ, მეორეს კი _ წითელა-წითურა-ყბაყურისას. ამიტომ, პოლივაქცინის შექმნას სანატრელ მოვლენად არ უნდა გვასაღებდეს უფროსი მრჩეველი. მივუბრუნდეთ სტუმრებს.

ზ. წერეთელი: “ერთი წლის განმავლობაში მთელმა სოციალურმა მედიამ, სადაც რასაც გინდა დაბეჭდავ, იმდენი ფეიკ-ინფორმაცია გამოუშვა, რომ მე და თქვენ მერე მეცნიერულად გვიძნელდება საუბარი, იმიტომ რომ არ სჯერათ”.

კომენტარი: აჰ, თურმე, ყველაფერი ფეიკ-ინფორმაციის ბრალი ყოფილა. სირცხვილია, ამას რომ ნორვეგიაში მომუშავე კაცი ამბობს! როგორ დავიჯერო, მან არ იცის, თუ როგორ იბლოკება (ფეისბუკის, იუთუბის, ინსტაგრამის, სხვების მიერ) ყველა, ნობელის პრემიის ლაურეატების ჩათვლით, ვინც ისეთ ალტერნატიულ მოსაზრებას გამოთქვამს ვაქცინისა და ვაქცინაციის შესახებ, რომელიც გლობალისტებისას, ანუ ოფიციალურს არ ემთხვევა. ნუთუ მას არც პრეზიდენტ ტრამპის დაბლოკვის შესახებ სმენია რამე, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების გაუგონარი გაყალბების შესახებ უნდოდა ხალხისთვის ხმა მიეწვდინა. და, რაც მთავარია, არც ის იცის, რომ ნდობის მოსაპოვებლად მონოლოგის რეჟიმში კი არ უნდა მიდიოდეს საუბარი, არამედ კოლეგების (და არა წამყვანების) ოპონირების რეჟიმში პირდაპირ ეთერში, რაზედაც მხოლოდ ე.წ. ანტივაქსერებად წოდებული ადამიანები თანხმდებიან სიამოვნებით. ჩვენდა საუბედუროდ, ასეთ ადამიანებს არავინ არ იწვევს მთავარ არხებზე, მათთან დისკუსიას ღია ეთერში კი ყველა გაურბის.

დ. ტაბიძე: “ყოველდღიური გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი, ორი წლის განმავლობაში, არის 63.6 ადამიანი. ამდენი ადამიანი ჩვენ ომში არ დაგვიკარგავს.”

კომენტარი: არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს ორმაგი შეცდომა ვერც წამყვანმა შეამჩნია და ვერც უფროსმა მრჩეველმა. არადა, სულ ადვილი იყო ამ გამოთვლების, განსაკუთრებით ომში დაღუპულების ზეპირად გამოანგარიშება. სამამულო ომში საქართველოდან 300 ათასი კაცი დაიღუპა (ეს ყველას კარგად მოეხსენება) არასრულ ოთხ წელიწადში (1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 9 მაისამდე). 300-ის 4-ზე გაყოფას კი რა უნდოდა, მივიღებდით 75 000, ორ წელიწადში _ 150 ათასს, კოვიდით კი 28 დეკემბრისთვის გარდაცვლილი იყო 14 ათასამდე ადამიანი, ე.ი., არა მეტი, არამედ 10-ჯერ (!) უფრო ნაკლები. მეორე შეცდომა კი ის არის, რომ, ფაქტობრივად, კოვიდით არა 63.6 ადამიანი გვეღუპებოდა დღეში, არამედ 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე ტაბიძე “ამტკიცებს” – 19.3 (14 000 : 730 (365 ხ 2) = 19.3). ამ ყალბი ციფრებით მხოლოდ შიშს თესავს ექიმ-კაცი, რომელმაც იცის (უნდა იცოდეს), რომ შიშით შეპყრობილი ადამიანი მსუბუქი “გაცივების” შემთხვევაშიც კი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რაც ბევრად აქვეითებს მის იმუნიტეტს! არც ერთ ექსპერტს არ ჰქონდა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ გავრცელდა ნაკლებად კოვიდი და სიკვდილიანობაც რატომ იყო შედარებით უმნიშვნელო იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები ისეთივეა, როგორიც ჩვენთან, ან _ უფრო დაბალიც კი (მაგალითად, აფრიკაში, ამერიკის ცენტრალურ შტატებში და სხვაგან). სამაგიეროდ, ადვილად ახსნეს (თავიანთი ჭკუით, ცხადია, რადგანაც ვერ ხვდებიან, რომ წინააღმდეგობაში ვარდებიან), თუ რატომ არის ვაქცინაციის მაჩვენებლები ჩვენთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაბალი _ “ყველაფერი საბჭოთა გადმონაშთების ბრალია, მოსახლეობა არ ენდობა მთავრობას.” მოსახლეობა რომ არ ენდობა მთავრობას, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ… ამერიკის ცენტრალურ შტატებში და აფრიკაშიც საბჭოთა მენტალიტეტის მქონე მოსახლეობაა?! ეს ერთი, და მეორეც, _ საბჭოთას თუ არ ენდობა და მის სამართალმემკვიდრე რუსეთს, მაშინ გასაგები იქნება, თუკი ის უარს იტყვის რუსეთის გამოშვებულ ვაქცინაზე და ინგლის-ამერიკულს დაეტანება, მაგრამ ასე რომ არ ხდება? მაშასადამე, საბჭოთა გადმონაშთი აქ არაფერ შუაშია და, ექსპერტების ახსნა მცდარია. როდესაც წერეთელი იმის შესახებ საუბრობს, რომ, განსხვავებით ნორვეგიისგან, ჩვენთან მოსახლეობა ნაკლებად ენდობა მთავრობას, მაგალითად მოჰყავს ასტრაზენეკას ვაქცინით გამოწვეული ოთხი ადამიანის გარდაცვალება, როდესაც ნორვეგიის მთავრობამ ეს ფაქტი არ დამალა და ოპერატიულად შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება (2021 წლის მარტში, ხოლო მაისში, საერთოდ აკრძალა. _ ი.ლ.), მაგრამ, ამავე დროს, წამყვანის ბოლო შეკითხვაზე: “რით უნდა აიხსნას ჩვენთან, საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის (გადამდგარი ქ-ნ ეკა ტიკარაძის) მიერ წლის ბოლო საანგარიშო სიტყვაში (26 დეკემბერს) განცხადებული საგანგაშო მონაცემები _ ჰოსპიტალური ინფექციით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი და, აგრეთვე, ის, რომ ზოგ კლინიკაში ლეტალობის მაჩვენებელი არის 2%, ზოგში კი – 15 %(!)”, უფროსმა მრჩეველმა (ისევე, როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა) გვერდი აუარა მთავარს _ ასეთი დიდი (7-ჯერადი!) მერყეობის მიზეზების ახსნას, და მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილების სისწორეზე _ უნდა გაესაჯაროვებინა თუ არა მას ეს მონაცემები, გაამახვილა ყურადღება: “მიმაჩნია, რომ მინისტრის განცხადება არასწორი იყო. ჯერ ერთი, –თუკი უკვე ოქტომბერ-ნოემბერში იყო ამის შესახებ ცნობილი, რატომ მაშინ არ გვითხრეს, და მეორე, _ როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, თქვენ ამით აძლევთ ნიადაგს ხალხს, რომელიც იძახის, რომ კოვიდით კი არ იღუპება ხალხი, არამედ – ინფექციით, და ჩვენ არ გვეუბნებიან”-ო.

კომენტარი: ვფიქრობ, ჰოსპიტალური ინფექციით გამოწვეული მაღალი ლეტალობის შესახებ ოქტომბერშივე რომ განეცხადებინა მინისტრს, სწორედ ეს იქნებოდა შეცდომა, მთავარი და გადაუდებელი უნდა ყოფილიყო მიზეზების აღმოფხვრა, რის შესახებაც ყველა, ვისაც ეს ეხებოდა, აუცილებლად იქნებოდა საქმის კურსში ჩაყენებული. როგორც ჩანს, მინისტრმა ვერ გაართვა თავი, ვერ მოერია პრობლემას და, ამიტომ გადაწყვიტა, გადადგომასთან ერთად ამის შესახებაც ემცნო საზოგადოებისთვის. არადა, პრობლემა რომ ძალზე სერიოზულია, ამაზე სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად საქართველოში ჯანმოს კომისიის ჩამოსვლაც მეტყველებს. სწორედ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი ჰოსპიტალურ ანუ ნოზოკომიურ ინფექციაზე, მანამდე, როგორც მახსოვს, მაღალი ლეტალობის მიზეზად არავის (ოფიციალური პირებიდან) არ უხსენებია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ეს სამედიცინო ტერმინი.

იაკობ ლეჟავა

P.S. გადაცემის დასაწყისში, წამყვანმა უნებლიე შეცდომა დაუშვა _ წერეთელი კანდელაკად წარადგინა, რისთვისაც მან ბოდიშები უხადა ბ-ნ ზაზას, მაგრამ წერეთლის გვარის მატარებელმა კაცმა ასეთი შემთხვევებისთვის მიღებული: “არა უშავს, ხდება ხოლმე”-ს ნაცვლად აბსოლუტურად შეუსატყვისი: “არა უშავს, ჩვენი დროც მოვა”-ო, ჩაილაპარაკა. ძნელი სათქმელია, თუ რა იგულისხმა ზაზა წერეთელმა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ყველამ ვიცით, ვინ იმუქრება ასეთი სიტყვებით. თუ მასაც მათი მოსვლის იმედი აქვს, მაშინ მაგარი “შორსმჭვრეტელი” მრჩეველი ჰყოლია ნორვეგიას.

ი. ლ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here