Home რუბრიკები პოლიტიკა “ოპერაცია მუხთარლი” და “ქართული ოცნების” სხვა თავგადასავლები

“ოპერაცია მუხთარლი” და “ქართული ოცნების” სხვა თავგადასავლები

3311
აფგან მუხთარლი

29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მალე გაირკვა, რომ ალიევის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება _ მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ასე დაიწყო სკანდალი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს.

მომხდარის თაობაზე უამრავი განცხადება გაკეთდა და სამი ძირითადი ვერსია გამოიკვეთა: ერთ-ერთის თანახმად, მუხთარლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, შესაძლოა, საელჩოს და “სოკარის” რესურსების გამოყენებით, ისე, რომ ქართული მხარე საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ; მეორე ვერსიის მიხედვით, მუხთარლის გატაცება ქართული და აზერბაიჯანული მხარის ერთობლივი ოპერაცია იყო; მესამე ვერსიით კი, რომელსაც, ძირითადად, მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება და ზოგიერთი ქართველი მინისტრი ემხრობა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რაღაც ბუნდოვანი მოტივებიდან გამომდინარე, საზღვარი თვითონ გადალახა.

მესამე ვერსია საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, რადგან საკმაოდ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ მუხთარლი არალეგალურად გადავიდა იმ ქვეყანაში, რომელშიც საფრთხე ემუქრება, თანაც უკანონოდ, პასპორტის გარეშე. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ ვერსიასაწვება”, რადგან სხვა ვარიანტები რთული არჩევანის წინაშე დააყენებდა. თუ აღმოჩნდება, რომ მუხთარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმადამოუკიდებლადგაიტაცეს, ერთადერთი შესაძლებელი რეაქცია მკვეთრი დიპლომატიური დემარში და მუხთარლის გათავისუფლების მოთხოვნა გახდება. ეს კი უდავოდ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ხოლო ასეთ დემარშზე უარის თქმა ქართველ საზოგადოებას გააღიზიანებს. თუ დადასტურდება, რომ ოპერაციაში ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ, ამან შეიძლება პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. დღის წესრიგში დადგება მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეეების პასუხისმგებლობის საკითხი, სავსებით ლეგიტიმური გახდება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ევროპელი პარტნიორების მუდმივი კრიტიკისა და ზეწოლის ქვეშ მოექცევა. ყოველივე ეს აიძულებს ხელისუფლებას, ჩაებღაუჭოს ერთადერთ ვერსიას, რომელიც მის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.

“ქართული ოცნება” ცდილობს, გადააგოროს სკანდალის პირველი დღეები და “ნაცმოძრაობა” (ალბათ, უფრო ნებსით, ვიდრე უნებლიეთ) ამაში ეხმარება.

საგულისხმო დეტალი: 31 მაისს ნაციონალები ჩუმად ისხდნენ, საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიასთან დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები მართავდნენ. სწორედ იქ და თანმდევ ტელეეთერებში დაიწყო საუბარი მინისტრების პასუხისმგებლობასა და გადადგომაზე. “ნაცმოძრაობის” დეპუტატებმა მინისტრების გადადგომა მხოლოდ 1 ივნისს მოითხოვეს, ამავე დღეს მათმა მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელებში მუხთარლის ფოტოების გავრცელება დაიწყეს, რამდენიმე მათგანი საპროტესტო აქციაზეც მივიდა. ნაციონალების ამ გააქტიურებიდან რამდენიმე საათში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა: “მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოცნება და სურვილია. ამ ოცნებებითა და სურვილებით ვერ ვივლით”. სწორედ ასე მუშაობს სისტემა _ “ნაცმოძრაობა” მომგებიანი თემის პრივატიზებას, ხოლო “ქართული ოცნება” დემოკრატი ოპონენტების იგნორირებას ახდენს და მისთვის მოსახერხებელ მოწინააღმდეგეს ეპაექრება, რომლის გვერდით საზოგადოების დიდი ნაწილი, “ნაცმოძრაობის” დანაშაულებრივი წარსულის გამო, უბრალოდ, არ დადგება. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ხელი ხელს ბანს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრშიგაუჩინარდა”, სადაც ათობით სათვალთვალო კამერა მუშაობს და შეიძლება მოიძებნოს არაერთი მოწმე, რომელიც დადასტურებს ვერსიას ძალადობრივი გატაცების შესახებ. საქმის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, ამ ინფორმაციის გასაჯაროების ალბათობა საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ინტერესებშია, მაქსიმალურად სწრაფად შემოგვთავაზოს მომხდარის ობიექტური და დამაჯერებელი ვერსია, მაგრამ უკვე დღეს ნათლად ჩანს, რომ მისი მთავარი მიზანია ამ საქმიდან სუფთად გამოვიდეს (რაც შეუძლებელია). მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ერთი მეორის მიყოლებით იმეორებენ, რომ გატაცებაში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობას გამორიცხავენ. რატომ გამორიცხავენ? ნუთუ ადრე ქართველ სამართალდამცველებს დანაშაული არ ჩაუდენიათ (მათ შორის სისტემური, ჯგუფური და მრავალი უმძიმესი ეპიზოდისგან შემდგარი)? თუ ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” სამართალდამცავი ორგანოები გაწმინდა? ნამდვილად არ გაუწმენდია, მეტიც: სისტემაში, ძველ ზონდერებთან ერთად, არაერთი ახალი, ფრიად საეჭვო კადრი დაასაქმა.

თუ ერთმანეთს პირველ და მეორე ვერსიას შევადარებთ, ვნახავთ, რომ მოსაზრება აზერბაიჯანელების დამოუკიდებელი მოქმედების თაობაზე ნაკლებად დამაჯერებელია. ასეთი რთული ოპერაციის დროს შეიძლება მოხდეს შემთხვევითი ინციდენტი, რომელიც ყოველივეს ჩაშლის, ხოლო ორი ქვეყნის ურთიერთობას უმწვავეს კონფლიქტამდე მიიყვანს. იდეაში, სპეცსამსახურები შეიძლება მოიქცნენ ასე მტრული ქვეყნის ტერიტორიაზე ან იქ, სადაც ადგილობრივი სახელმწიფოებრიობა სათვალავში ჩასაგდებ ფაქტორს არ წარმოადგენს (სომალი, იემენი და ა.შ.). მაგრამ საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორები არიან და ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანელი ძალოვანები ყოველგვარი ლოგიკის წინააღმდეგ წავიდნენ.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომელიც გატაცებაში ქართველი ძალოვნების მონაწილეობას გულისხმობს, აქ შეიძლება სამი “ქვევერსია” გამოიკვეთოს:

ა) ძალოვანი უწყებების პირველი პირები საქმის კურსში იყვენენ. ეს კი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორაა მოწყობილი სახელისუფლო ვერტიკალი, ნიშნავს, რომ ინფორმაციას ფლობდა ზემდგომი ფიგურაც (არა იმდენად პრემიერმინისტრი, რამდენადაც “უგვირგვინო მეფე”);

ბ) ოპერაციაში მონაწილეობდა მხოლოდ რამდენიმე მოქმედი ან (და) გადამდგარი ძალოვანი, რომლებმაც დამკვეთისგან დიდძალი თანხა მიიღეს, ხოლო მათი ხელმძღვანელები საქმის კურსში არ იყვნენ;

გ) ქართველ შემსრულებლებს არ ჰქონდათ უშუალო კავშირი ძალოვან უწყებებთან და ისინი (მაგალითად) კრიმინალურ სამყაროს ეკუთვნოდნენ, ხოლო ძალოვანებმა მათ ხელი არ შეუშალეს (ან ვერ შეუშალეს, რადგან ინფორმაციას არ ფლობდნენ).

სამივე შემთხვევაში დღის წესრიგში შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მაგრამ, სანამ ამ თემას შევეხებით, ერთ-ერთი “ქვევერსია” უნდა განვავრცოთ: თუ აზერბაიჯანულმა მხარემ მოახდინა ნიადაგის ზონდირება, ხოლო შემდეგ საქმის კურსში ჩააყენა ქართველი კოლეგები, მათ, სავარაუდოდ, ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე დაფიქრებულიყვნენ. დავუშვათ, რომ გარემოებათა გამო ალიევის ხელისუფლებას უარს ვერ ეუბნებიან (რაც თავისთავად კატასტროფაა). მათ შეეძლოთ, მიენიშნებინათ აფგან მუხთარლისთვის, რომ საქართველოში დარჩენა მისთვის უსაფრთხო აღარაა და თავიდან აეცილებინათ როგორც ინციდენტი, ისე მისი ნეგატიური შედეგები _ უფლებადამცველების აღშფოთება და აშკარა საიმიჯო ზიანი, მაგრამ მათ, განხილული ვერსიის ფარგლებში, ეს არ გააკეთეს. რა მოტივი შეიძლება გამოიკვეთოს აქ, ანგარების გარდა? შესაძლოა, ეს მოტივი სახელისუფლო პირამიდის ქვედა საფერხურებზე დომინირებდა, მაშინ, როდესაც მწვერვალზე სხვა, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდნენ.

საქართველოში საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანელი დისიდენტი ჩამოდის, ზოგი მათგანი აქ წლების განმავლობაში ცხოვრობს, მოღვაწეობს და თანამოაზრეებთან ერთად აზერბაიჯანში ხელისუფლების შეცვლის გეგმებს აწყობს. მას შემდეგ, რაც თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო, მეორე მეზობელი ქვეყანაც ყურადღებით აკვირდება, თუ რას აკეთებენ თბილისში თურქი დისიდენტები. ეს ფაქტორი ორივე ქვეყანასთან ურთიერთობაში გარკვეულ დაძაბულობას ქმნის. ამასთანავე, ივანიშვილის ხელისუფლებას არ სურს, რომ აზერბაიჯანი ან თურქეთი მისი მოწინააღმდეგეებისთვის (მაგალითად, რადიკალი ნაციონალებისთვის, სააკაშვილის ხელმძღვანელობით) პლაცდარმად გადაიქცეს. ამ კონტექსტში ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც მომენტში ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ მუხთარლის (ფაქტობრივი) გადაცემით აზერბაიჯანისთვის ან თუნდაც მისი გატაცების დაშვებით, ის გაუგზავნიდა მკაფიო მესიჯს ყველა აზერბაიჯანელ და თურქ დისიდენტს, რომ საქართველო უსაფრთხო თავშესაფარი არაა, რაც მათ ჩვენი ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს. ამ ვერსიის ფარგლებში, ერთჯერადი უსიამოვნებისა და ევროპელი თუ ადგილობრივი ოპონენტების აღშფოთების ფასად, ხელისუფლება მომავალში იმ პრობლემის მოხსნას მიიღებდა, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს ასე აწუხებს. საუბარია ცინიკურ, ანტიჰუმანურ გათვლაზე და ხელისუფლების წარმომადგენლები, ცხადია, იტყვიან, რომ მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლიათ, თუმცა არსებობის უფლება, ალბათ, ამ ვერსიასაც აქვს.

სახელმწიფოს სისუსტე ინდულგენცია არ არის და ის არ ათავისუფლებს მას გარკვეული პრინციპების დაცვის ვალდებულებისგან. ის, რაც აფგან მუხთარლის მიმართ მოხდა, “სტუმარ-მასპინძლის” ქვეყანაში არ უნდა მომხდარიყო; ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც მაღალ იდეალებსა და პრინციპებზე უარის თქმა (ერთის შეხედვით) პრაგმატული გათვლის სასარგებლოდ ხდება, არა მხოლოდ ზნეობრივი ორიენტირების მოშლაზე, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნების მწვავე კრიზისზე მიუთითებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოხდა ეს რეალურად თუ მხოლოდ ხელისუფლების მოხალისე ან დაქირავებული ადვოკატების გამოსვლებში გამოიხატა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here