მთავარი საზოგადოება ნოდარ დუმბაძე: ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა...

ნოდარ დუმბაძე: ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება

68
გააზიარეთ

მე ილია ვარ…”

ეტლში კლდესავით

წამოდგა სახით უუკვდავესით

და გაწყდა სიტყვა:

– “რას მოვესწარი,

როგორ დავკნინდით,

როგორ დავეცით…”

ირაკლი აბაშიძე

უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა ერთერთი თვისებაა”, _ ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში და უფლის მიმართ მადლიერებაზე ვრცლად საუბრობს, რომ ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთერთი უმთავრესი საშუალებააო.

შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს ადამიანებს, ეს განცდა გამოვხატოთ უპირველესად უფლის და შემდგომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთი განვლილი ცხოვრებითა და მამულისთვის ფასდაუდებელი სამსახურისთვის ამას იმსახურებენ.

მართალია, არც დღეს და არც წარსულში მავანთა უმადურობა არავის აკვირვებდა და დიდ კონსტანტინე გამსახურდიას ასეთი მწარე დასკვნის გაკეთებისკენაც კი უბიძგა:

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ, დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობენ ერთგულებს, განა სხვისი, საკუთარი თავის, საკუთარი ხალხის მოღალატენი… მაგრამ მაინც გული გტკივა და ბრაზი გერევა, როდესაც ვიღაც უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული, ღვთისპირიდან გადავარდნილი ერისთვის წმინდას და სათაყვანებელს ტალახს ესვრის, იმ ტალახს, რომელშიც თავად ყელამდეა ჩაფლული. დღეს ხომ “სიტყვის თავისუფლებაა”, ვისაც რა უნდა, იმას ამბობს და კაცი არ არის მისი განმკითხავი, საკუთარი ნამუსის გარდა, მაგრამ, თუ ნამუსთანაც მწყრალად არის, მაშინ საამურია მისთვის ცხოვრება.

ჰეროსტრატემ, ეფესოს ახალგაზრდა მკვიდრმა, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა არტემიდას ტაძარს, მსოფლიოს რვა საოცრებიდან ერთ-ერთს, აღიარა, ეს იმითვის გააკეთა, რომ მისი სახელი თაობიდან თაობას გადასცემოდა და დარჩენილიყო შთამომავალთა მახსოვრობაში. “ჰეროსტრატეს დიდება” გახდა ფრთიანი ფრაზა, რომელიც ადამიანის მარადიული სირცხვილის ტოლ დიდებას ნიშნავს.

თქვენც მსგავსი დიდების წყურვილმა გაცდუნათ XXI საუკუნის გიგლა ბერბიჭაშვილებო?!

თუნდაც წამით მაინც თუ გაგივლიათ გულში, თავად რას წარმოადგენთ, რა შექმენით, რა გააკეთეთ ქვეყნისთვის ისეთი, რომ ერის მამად წოდებულ, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ მამულიშვილს ლანძღავთ, საქციელს უწუნებთ?!

როგორც პატრიარქი ამბობს, უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა ერთერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს ახასიათებთ.

ასე რომ, ილია მართალს ამპარტავანთა უმადურობამ ვერც მის ეპოქაში დააკლო რამე და ვერც XXI საუკუნეში დააკლებს, სულ ტყუილად ირჯებიან. ილიას მაგინებელნი კი, ისევე როგორც მის მკვლელებზე ამბობდა ვაჟა-ფშაველა, შესაბრალისნი, ყოვლად საწყალნი, ყოვლად გამოთაყვანებულნი, უვიცნი, ზნეობით გათახსირებულნი და ბრმანი უნდა იყვნენ, სატირელნი და სავალალონი ჩვენ ქართველებისგან. სხვა რა ვთქვათ?”

“საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა.

ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, _ იტყვის ვინმე, მაგრამ შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი და დროშა მისი?! განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი, ილია _ ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია, არა.

ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება.

ადამიანებს ბავშვობაში ვარსკვლავები ისეთი პატარები და ახლობელი გვეჩვენება, როგორადაც კიაფობენ და ჩანან ისინი ცის კაბადონზე. მხოლოდ შემდეგ, ბუნების კარს რომ შევაღებთ, ვხვდებით, თუ რაოდენ დიდია ყოველი მათგანი, რამხელა ენერგიას ინახავს, რა ვეებერთელა მაგნიტური ველი და რაოდენ დიდი მიზიდულობა გააჩნია თითოეულ მათგანს.

სწორედ ასეთი ვარსკვლავია ქართველი ერისთვის უკვდავი სახელი ილია ჭავჭავაძისა და მარადიულია სხივი გამომდინარე მისგან (ნოდარ დუმბაძე, “დიდი ილია”).

“ილია რო მოჰკლეს! _ მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა მწუხარე და თან გაკვირვების კილოთი. თავზარი დამცა ამ ამბის გაგონებამ და ათასი კითხვა აღმიძრა: ვინ მოჰკლავდა, ნეტავ, ილიას? განა შეიძლება ამისთანა ადამიანის მოკვლა? ნუთუ ქართველებმა შეახეს ხელი თავის მამას, ქართველთათვის თავდადებულს, თავის ერისთვის მოჭირნახულე ადამიანს? იქნებ უცხოელებს შეჰშურდათ ჩვენთვის ეს მართლაც ერთადერთი ბურჯი ჩვენის ქვეყნისა, ბურჯი ჭკუით, ნიჭით და გამოცდილებით? ათასი ამისთანა კითხვა დამებადა თავში და დღესაც კი, დღეს, როცა ეს სტრიქონები იწერება, არ ვიცი მიზეზი ილიას სიკვიდლისა. ვიცით მე და თქვენ, მკითხველო, მხოლოდ ფაქტი, რომ მოგვიკლეს საუკეთესო, პირველი ადამიანი, ჩვენის მწერლობის სულის ჩამდგმელი, მოღვაწე, დიდი მოამაგე ქართველ ერისა. რომელი ერთი ჩამოვთვალო ილიას ღვაწლთაგანი? ეს ყველამ კარგად უწყის. საშინელი, მეტისმეტად ბარბაროსული მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება! მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა… საზარელი ფაქტია, საზარელი მოქმედებაა, საშინელი აზრის პატრონნი უნდა იყვნენ ამ მკვლელობის ჩამდენნი. აშკარაა და აშკარად ვიტყვი: ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ.

აბა კარგად ჩაუკვირდით საქმეს, თუ ასე არ არის, დიაღ, ასეა და ეს არის კიდეც უბედურება, დიდი უბედურება, ჩვენს თავზე მოვლენილი. უგუნურთ ნუთუ არ იციან, რომ საუკეთესო ადამიანების ხოცვა, კვლა, მოკვლაა მთელის ქვეყნისა.

სოფელი ვინ და ერთი კაციო. ნუთუ იქამდის დავკნინდით, დავკარგეთ ადამიანობა, ნამუსი, დავიბრმავეთ გონება, რომ ამისთანა აზრები ღორძინდება საქართველოში? ნუთუ ვისმე ფანატიკოსებს ჰგონიათ, რომ ილიების ხოცვით მოჰკლავენ თვით იდეას, რომელიც უკვდავია და რომელსაც მხოლოდ ილიასთანა ადამიანებს შეუძლიანთ ემსახურონ და არა უძლურთ, უნიჭოთ, უვიცთ და საზოგადოების ნაძირლებს! ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებსსაბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!

რა ვთქვათ მკვლელებზე, ამ საცოდავს მეოცე საუკუნის ჰეროსტრატებზე? რა ადამიანები უნდა იყვნენ ილიას მკვლელები? როგორ მოვიხსენიოთ ისინი? როგორ მოვექცნეთ ამ უბადრუკებს? ნუთუ ისე, როგორც გვირჩევს ამ დღეებში დაბეჭდილი მოწოდება ქართველთადმი _ ცეცხლი და მახვილი მკვლელებსაო. ესღა გვაკლია, რომ ბარბაროსობას კიდევ სხვა ბარბაროსობა დავურთოთ ზედ, დავერივნეთ ერთმანეთს, ვხოცოთ, ვჟლიტოთ ერთმა მეორენი და გავახაროთ ისედაც ჩვენის უბადრუკობით გალაღებული მტერი? ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა გვაშოროს ამისთანა საქციელი… ნაღვლით და ბოღმით აღსავსე მე ასე ვსჯი, რომ ილიას მკვლელნი შესაბრალისნი, ყოვლად საწყალნი, ყოვლად გამოთაყვანებულნი, უვიცნი, ზნეობით გათახსირებულნი და ბრმანი უნდა იყვნენ, სატირელნი და სავალალონი ჩვენ ქართველებისგან. სხვა რა ვთქვათ? სხვა რა ვიფიქროთ? სისხლი სისხლისთვის? ცოდვა მივუმატოთ ცოდვას? სირცხვილს-სირცხვილი? განა იმათ ადამიანების ერთი ბეწო ნიშანწყალი რომ ჰქონდეთ, იზამდნენ ამას? მოჰკლავდნენ ამისთანა ადამიანს, რაც უნდა მისგან ნაწყენნიც იყვნენ? არა. არ არიან ისინი ადამიანები, უნდა შევრაცხოთ მხეცებად, პირუტყვებად, და პირუტყვებზე როგორ ვიძიოთ შური, ისე, როგორც ადამიანზე, ეს ხომ ჩვენივე სირცხვილია, ჩვენის ადამიანობის დამცირებაა? მოჰკლეს ილია!.. მაგრამ ვერ მოჰკლეს, ვერა! მისი ხსოვნა უკვდავია, ვიდრე საქართველო იქნება. დიაღ, ვერ მოჰკლეს, რადგან თუ რამდენიმე, თითებზე დასათვლელი ადამიანი ხარობს ილიას სიკვდილით, ასი ათასი მისტირის ამ ჩვენს სასიქადულო მამულიშვილს და რამდენიც ხანი გაივლის, მით უფრო, დაკლების მაგივრად, გრძნობა სიბრალულისა და სიყვარულისა მოიმატებს ერის გულში. “საწყალი ილია, საწყალი ილია!” _ მესმის გულსაკლავად წარმოთქმული აქეთ-იქიდან სიტყვები მამათა და დედათა მიერ.

საწყალი ილია? არ არის ილია საწყალი, ვინაიდან მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავისი ქვეყნისა. იბრძოლა, იღვაწა ჩვენს სასარგებლოდ და დაღლილ-დაქანცული მიებარა ცივს სამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი, დარდი თავისი ქვეყნისა… გაიყოლა თან ის ტყვიები, რომლითაც ჩვენ იმას გაუმასპინძლდით, წყლულები ჩვენ მიერ დაჩნეული. ჩაიყოლა თან ყველა ეს ჩვენ მიერ მიძღვნილი, სასიქადულო ძღვენი, მაგრამ ილია იმდენად ჭკვიანია, იმდენად უყვარს ქართველები და საქართველო, რომ მამა-პაპათა წინაშე დაჰმალავს ტყვიებსაც, წყლულებსაც, რომ ჩვენზე ცუდი არ ათქმევინოს და არ აფიქრებინოს, არ გააჯავროს ჩვენზე ისინი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ჩვენო იმედო, ჩვენო საყვარელო, ილიავ!” (ვაჟა-ფშაველა).

თუ დიდი ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ ილია ჩვენი მწერლობის სულის ჩამდგმელი, მოღვაწე და მოამაგე იყო ქართველ ერისაო, რომელი ერთი ჩამოვთვალო ილიას ღვაწლთაგანიო, ამ ბუმბერაზ ადამიანთა ჩრდილქვეშ ვინ ოხერია სამსონ ბალახაშვილი, ყველაზე სანდო წყაროდ რომ მიუჩნევია “თბილისური ამბების” ავტორს?! მისგან ნასროლი ტალახი, დიდ ერისკაცს არ მოხვედრია, აი თვითონ კი ყელამდე ჩაეფლო მასში, ილია კიიქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here