მთავარი საზოგადოება ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

40
გააზიარეთ
ნათლისღება

მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ზეიმობს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. გილოცავთ! ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს სრულდება წყალთკურთხევა. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ. მხოლოდ ნათლისღების დღესასწაულზე, მდინარე იორდანე აღმა მიედინება. ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ყოველ ნათლისღების დღესასწაულზე. 19 იანვარს უფლის ნათლისღების დღეს, იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს, ჯვრის მესამედ შთაფვლისას მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება.

წმ. გადმოცემით, იესუმ ნათელ-იღო იქ, სადაც ისუ ნავესმა (მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი _ რედ.) ილოცა, გამოსახა ნიში პატიოსნისა ჯვრისა, უკუ იქცა იორდანე, გამოჩნდა ხმელეთი. პავლე მოციქული განმარტავს: ზღვის უკუქცევა და ისრაელი ერის მასში გავლა წინასახე იყო ქრისტიანული ნათლობის დაწყებისა.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ ნათლისღების, ნათლობის, რამდენიმე სახეს ვიცნობთ: ერთი _ მოსესგან დაწესებული, სჯულისმიერი განბანის წესი, რიტუალი; მერმე ნათლისმცემლის ნათლობა წყლითა სინანულად, ქრისტესი _ წყლითა და სულითა, ე.ი. აღმოშობა ახალი ადამიანისა. ხოლო ბასილი დიდი იტყვის: სამგვარ შობას ვიცნობთ: პირველი, როცა ღმერთმა არაფრისგან შექმნა ცანი და ქვეყანა და დაბადა ადამიანი; მეორე, როდესაც იორდანეს წყლებიდან და ემბაზიდან აღმოშობს ახალ ადამს; და მესამე არის საყოველთაო აღდგომა, მესამე და უკანასკნელი აღმოშობა და განახლება ადამიანისა, რომლის მიხედვით შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.

როდესაც ისუ ნავესის ლოცვითა და ჯვრის ნიშნით იორდანემ უკან დაიხია, თორმეტი ქვა ჩააწყო მასში მომასწავებლად ისრაელის თორმეტი ტომისა და წინასწარმეტყველურად ქრისტეს თორმეტ მოწაფეზე და მათზედ ფეხდადგმით გადაიარა მთელმა ბანაკმა ისრაილისა. აქ სწავლებაა, რომ მხოლოდ სამოციქულო ეკლესიის, სამოციქულო მოძღვრების მიერ არის შესაძლებელი, გაიარო ეს მღვრიე წყლები ჩვენი ცხოვრებისა, გადალახო ჩვენი უკუღმართი, ეგოისტური წინააღმდეგობებითა და უსიყვარულობით სავსე მდინარე და მიხვიდე მყუდრო ნავთსაყუდელში, დაიმკვიდრო “აღთქმის მიწები”, ანუ ზეციური სასუფეველი.

მათეს სახარების მიხედვით, იესუ გალილეიდან მოსულა იორდანესთან, რათა მასაც ეღო ნათელი.

რატომ მოვიდა ქრისტე იოანესთან, ქრისტე _ ძე ღვთისა და ჭეშმარიტი ღმერთი? რათა შთაფლას წყალში ძველი ადამი. მანამდის უნდა აკურთხოს იოანეც, უნდა აკურთხოს იორდანეც და მერმეღა უკვე აღმოშობოს ახალი ადამი, ახალი ადამიანი და ამას ჩვენ ვუწოდებთ წმ. მამათა მიერ მეორე შობას, მეორე დაბადებას.

რატომ სწორედ წყალში უნდა მომხდარიყო ახალი ადამიანის აღმოშობა? ღმერთმა, როდესაც ქმნიდა ცასა და ქვეყანას, ინება და წყალიც შექმნა, ეს სტიქია. მერმე უბრძანა წყალს, უკან დაეხია და გამოჩნდა ხმელეთი და სხვ. მაშ, წყალში მოაწესრიგა ეს ქვეყანა, მანამდის კი ქვეყანა იყო განუმზადებელი და უფსკრულზედ იქცეოდა სული ღვთისა, ანუ სული წმიდა. ცოდვით დაცემის გამო საჭირო გახდა, განიწმიდოს წყლის სტიქია და ხელახლა, ეს მეორედ უკვე, მოწესრიგდეს ქვეყანა, ე.ი. აღმოიშობოს ახალი ადამი, განახლდეს კაცობრიობა და მის მიხედვით, როგორც შესაქმის გვირგვინისა, მთელი ქმნილება. თუმცა მეორედ მოსვლის ჟამს ცანი და ქვეყანა, როგორც პეტრე მოციქული წინასწარ-მეტყველებს, ცეცხლში დაიწვება და ახალ ცასა და ახალ ქვეყანას შექმნის ღმერთი, სადაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ, სადაც იქნება ზეიმი სიმართლისა (II პეტრე 3.12,13).

მაშ, ვიდრე დაჰფლავს ძველ ადამს, აკურთხებს იოანესაც და იორდანესაც და ამით წყლის სტიქიას, იესუ დაჟინებით მოითხოვს, რომ ნათელ სცეს იოანემ.

“მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღება და შენ ჩემდა მოხუალა?” (მათე 3.14) _ ეტყვის იოანე მაცხოვარს. “მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მაშინ მიუშუა მას” (მათე 3.15).

უფლის ნათლისღების დღეს იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს, ჯვრის მესამედ შთაფლვისას მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება

რომელ სიმართლეზეა ლაპარაკი? ბერძნულ ორიგინალში სიტყვა სიმართლე ამგვარად ჟღერს: “დიკაიოსუნე”, რაც ქართულად ნიშნავს იმგვარ სიმართლეს, რომელსაც მოითხოვს სჯული და კანონი. მაშასადამე, ამ კონტექსტში სიტყვა “სიმართლე” ნიშნავს შემდეგს: აღასრულო სჯულის კანონის ყოველი მოთხოვნილება, მაგრამ განა სჯულში ეწერა, რომ ქრისტე მოვიდოდა იორდანეში ნათლისღებისთვის? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რას გულისხმობს ქრისტე იესუ?

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ რაკი მე ხორცი შევისხი თქვენი გადარჩენისათვის, ცოდვათა გამოსყიდვისათვის საჭიროდ ჩავთვალე, რომ ხატი მონისა, სახე მონისა მიმეღო, მონანული მონის სახე, და დავმდაბლებულიყავი, ამიტომაც აცადე, იოანე. შენ უწყი, რომ მე ვარ მესია, მე ვარ ყოვლისა განმწმედელი, მე ვარ ახალი სიცოცხლის მომნიჭებელი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ არ იცის ამის შესახებ, მხოლოდ შენ იცი, აცადე, აწ მეც აღვასრულო ის, რაც ზეცაში გადაწყდა.

როდესაც ქრისტე იესუმ განუმარტა, იოანემაც მიიღო რა განმარტება და ამავე დროს განმარტებით _ ლოცვა-კურთხევა, “მიუშვა მას. და ნათელ-იღო იესუ, და მეყსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი” (მათე 3.15,16).

თუ თქვენ დაკვირვებიხართ ძველებურ ხატებს ან ფრესკებს ნათლისღებისა და ღვთისგანცხადებისა, ნახავდით, რომ ყველა, ვინც იქ მოსულია მონანული ნათლისღებად იოანესაგან, ან წელამდეა წყალში გამოსახული, ან თავამდე, ან მთლიანად შთაფლული, ხოლო ქრისტე ან წყალზედ მდგარია გამოხატული, ან კოჭებამდე წყალში. რას ნიშნავს ეს? იქ, სადაც ქრისტე იესუმ ნათელი იღო, იმ ადგილას (ის ადგილი დღესაც არის ცნობილი, იქ ტაძარი იყო ადრე აგებული, უფრო ზუსტად იქ, სადაც სამოსელი გაიხადა ქრისტემ და დააწყო) პატარა მცირე კუნძულია წარმოქმნილი, დინება აქ საკმაოდ ჩქარია, მდინარეც _ ღრმა და საშიში, რის გამოც მლოცველები, როდესაც წყალში შედიან მოსაგონებლად ქრისტეს ნათლისღებისა, ნაპირს არ შორდებიან, უმეტესობა მხოლოდ მუხლამდე შედის, რადგან უფრო იქით წყალი ბრუნავს და დახრჩობით ემუქრება თუნდაც ჩინებულ მცურავს. ნათლისღებისას ქრისტე, ძე კაცისა, ამ მიზეზით ვერ შევიდოდა წყალში; მეორეც, ის რომ არ შევიდა წელამდის ან ყელამდის წყალში, ამას თავისი უფრო დიდი და სულიერი აზრი ჰქონდა, რადგან ისინი, ვინც წელამდე ან შთაფვლამდე ჩადიოდნენ მდინარეში, ამით აღიარებდნენ, რომ დაფლულნი არიან თავიანთ ცოდვებში, ხოლო ქრისტეს არარა სჭირს განწმედისათვის, იგი თვითონ მიანიჭებს განწმედას წყლებს და იოანეს კურთხევას, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველმაც განგვიმარტა. ამიტომ არის წმინდა მამებთან ნათქვამი: იორდანეში მაცხოვარი კი არ შევიდა, არამედ გადავიდა იორდანეზე და დადგა თითქოს.

სადღესასწაულო წიგნებშიც დამოწმებულია, რომ ნათლისღებას, შუაღამისას, გადიოდნენ მორწმუნეები და წყაროებიდან თუ ღრმა უფსკრულებიდან წყლისა და მდინარეებიდან აღმოივსებდნენ წყალს და ზოგი შევიდოდა კიდეც წყალში განსაბანად, მოსაგონებლად უფლის ნათლისღებისა.

რატომ სწორედ შუაღამისას?

ქრისტე იესუმ როდესაც ნათელ-იღო, იყო შუაღამე. ისე, როგორც ქრისტეშობა მოხდა შუაღამიდან ცისკრის გარდასავალზე. რათა ამით ეჩვენებინა, რომ, ქრისტე როდესაც მოვიდა, წყვდიადი იყო ცოდვების გამო დედამიწაზე, ხოლო მან ნათელი მოჰფინა მთელს დედამიწას, მთელს ქვეყნიერებას როგორც შობით, ესრეთ ნათლისღებით.

მანამდე არ განიხვნა ცანი და არ გამოჩნდა სული წმიდა, ვიდრე ქრისტე იესუმ არ ილოცა. რაზედ ლოცულობდა? განბანდა რა ცოდვებისაგან იესუ კაცობრიობას იორდანეს წყლებში, ლოცულობდა მასზედ რომ განწმენდა მისი უცოდველი განბანვის გზით მთელ ცოდვილ კაცობრიობაზე გავრცელებულიყო და, შესაძლოა, ილოცვიდა იმაზეც, რომ მის ზეციურ მამას, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ადამიანური ბუნებისათვის მიენიჭებინა ძალა, რათა ნათლისღებით დაწყებული ღვაწლი კაცობრიობის განწმენდისა და გამოხსნისა ბოლომდის მიეყვანა (მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო. საკვირაო და სადღესასწაულო სახარებათა განმარტება. ნაწ. II. გვ.60).

…და სულმა გაიყვანა ის უდაბნოში, ორმოცი დღე და ღამე მიეცა უმკაცრეს, უზმო მარხვას და აი, ამის შემდეგ უკვე, გამოცდების შემდეგ, როცა სამი გამოცდა მოუწყო მაცდურმა სულმა, იწყება ქრისტეს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ე.ი. სასწაულთქმედება და ცათა სასუფევლის საიდუმლოებებზე ქადაგება.

რატომ ეწოდება დღევანდელ დღესასწაულს არა მხოლოდ ნალთისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არამედ ღვთისგანცხადებაც? ნათლისღებისას უფლისა გახდა აშკარა, რომ ღმერთი სამობით არის: ძე ნათელს იღებს, სული წმიდა გარდამოვალს, მამა ხმას მოსცემს ზეცით, რომელსა მხოლოსა ღმერთსა მამასა, ძესა და სულსა წმიდასა შვენის პატივი, დიდება, სიტკბოება და თაყვანისცემა აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

მომზადდა წიგნიდან “ქადაგებანი და თარგმანებანი”, თბილისი, 1997 წ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here