Home რუბრიკები საზოგადოება მცხეთის ჯვრის დღესასწაული

მცხეთის ჯვრის დღესასწაული

383
მცხეთის ჯვრის დღესასწაული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ივნისს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე სათავეს მეფე მირიანის მეფობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს. სულთმოფენობიდან პირველ ოთხშაბათ დღეს აღსრულდა ჯვრის გამოჩინება ამჯერად მცხეთაში, ჯვრის თავზე, და რადგანაც ეს გამოცხადება ყველა გამოცხადებაზე ზეაღმატებულია, ოთხშაბათს მოხდა, სწორედ კვირის ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ ჯვრის გამოჩინების დღესასწაულად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მცხეთის ჯვრის გამოჩინების მივიწყებული დღესასწაული 2007 წელს აღადგინა.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული

რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიას, ის ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მთაზე ააგო. ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ იქამდე ორი საუკუნით ადრე აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთხოვნებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ, რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე, სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია.

ჯვარი ტეტრაქონის ოთხაფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქანდაკებებს არსებითი ადგილი უკავია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება 1989 წლის იანვრიდან აღდგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here